ცოტა ხანში მიკროფონთან ნუგზარ ერგემლიძე მივიდა და დამსვენებლებს გვაუწყა, ჩვენთან ბარში პატივსაცემი სტუმარი გვყავს, არჩილ კბილაშვილის ვაჟი, და ახლა მისი თხოვნით შევასრულებ სიმღერასო.
კბილაშვილის ვაჟი ფეხზე წამოდგა და თავის დაკვრით მოგვესალმა. მეგობრებთან ერთად იყო. მალე ეს ''ვაჟი'' ისე გათამამდა, მიმღერლებთან
ჩვენს მაგიდასთანაც მოახერხა მოსვლა, ჩემს მეგობარს ელაპარაკებოდა, ''კომედი შოუში'' ვმუშაობდი სცენარისტად, ყველას ვიცნობ მანდო. ჩვენმა ჟურნალმა ეს საინტერესო თემად მიიჩნია და გადაწყვიტა, კბილაშვილის თავმომწონე ბიჭი თქვენთვის გაეცნო.
ინტერვიუზე უარი გვითხრა, ვერიდები ინტერვიუებს, არ მინდა ხალხში გამოჩენაო. მაშინაც, იმ ბარში, და ახლაც, ამ უარის შემდეგაც, ეჭვი გაგვიძლიერდა, რომ ეს ბიჭი იტყუებოდა და დავიწყეთ გამოძიება.
ჯერ ალეკო მალხაზიშვილს გავუგზავნეთ მისი ფოტო და ვკითხეთ, როდის მუშაობდა კოკი ჭაჭანიძე მასთან სცენარისტად, მერე - გიორგი აფციაურს.
ალეკო მალხაზიშვილი:
- ეს ბიჭი ჩემთან არ ყოფილა, ალბათ, ძალიან უნდოდა (იცინის). იქნებ, აფციაურთან იყო, ცალკე როცა გავუშვით, მაშინ.
გიორგი აფციაური:
- ჩვენთან მსუქანი არავინ მუშაობდა. ვიღაც გატყუებს.
ჩვენ არჩილ კბილაშვილის პრესსამსახურს დავუკავშირდით და მათთანაც გადავამოწმეთ ეს ამბავი.
- ბატონი არჩილი კარგ განწყობაზე დადგა, ბევრი იცინა, ცოლთან ხომ არ გადავამოწმოთო, - გვითხრა კბილაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ და თან დასძინა, არჩილს არასრულწლოვანი შვილები ჰყავსო.
კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი, ჩვენი მთავარი გმირი, კოკი, ''ფეისბუქზე'' გვარად ჭაჭანიძეა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავურეკეთ კოკის.
- კოკი, გამარჯობა, ''რეიტინგიდან'' გაწუხებ, ორი კვირის წინ გესაუბრე ინტერვიუს თაობაზე, ბატონ არჩილთან დაკავშირებით.
- კი, მახსოვს.
- ხომ არ გადაიფიქრეთ, იქნებ, მაინც გვესაუბრო მამაშენზე?
- არა, არა, ვერ მოგცემთ ინტერვიუს. უბრალოდ, არ შემიძლია. ვუთხარი და არაო.
- ანუ მამაშენი, ბატონი არჩილი წინააღმდეგია?
- არა, არავინ არ არის წინააღმდეგი. მე არ მსიამოვნებს უბრალოდ.
- აბა, ვუთხარი და არაო, რას ნიშნავდა?
- რა მნიშვნელობა აქვს, მე არ მიყვარს გამოჩენა.
- ''ფეისბუქზე'' შენი გვარი არის ჭაჭანიძე. ამან ცოტა დამაეჭვა.
- (იცინის) ჰო, არსად არ ფიგურირებს ჩემი სახელი და გვარი.
- რატომ მალავ, კბილაშვილის ბიჭი რომ ხარ?
- რა მნიშვნელობა აქვს, დაკითხვაა? ეს რა იცით ხოლმე?! მძინავს თან, ვერ გელაპარაკები.
- დაკითხვა არ არის, კითხვაა. ჩვენ ბატონი არჩილის პრესსამსახურთან გადავამოწმეთ ეს ამბავი და ბატონ არჩილსაც არ ეცნობა შენი გარეგნობა. როგორც წესი, შვილებს ცნობენ მამები.

ტელეფონი გაითიშა. ხელმეორე ზარის შემდეგ ჩვენ შორის შემდეგი საუბარი შედგა:
- კოკი, გაითიშა ტელეფონი თუ გამითიშე?
- გაითიშა.
- იმის თქმა მინდოდა, რომ ბატონი არჩილის პრესსამსახურთან გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. პასუხად მივიღეთ ის, რომ ბატონ არჩილს არასრულწლოვანი შვილები ჰყავს. ადამიანების სახელების უკან ამოფარება შენი ჰობია?
- რა შუაშია? ვერ მივხვდი. მე სრულწლოვანი ვარ?
- რამდენი წლის ხარ?
- 17-ის.
- და ამტკიცებ, რომ არჩილ კბილაშვილის შვილი ხარ?
- აუუ, ჰო, კარგი, არ ვარ. ვიღაცა ვარ მე!
- ვინ ხარ და რატომ იბრალებ კბილაშვილის შვილობას?
- არ გეუბნებით არაფერს, მორჩა, მოკვდა საუბარი!
რისთვის სჭირდებოდა კოკის კბილაშვილის შვილობა, გაურკვეველი დარჩა, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირებთან ფოტოების გადაღება რომ ჰობიდ აქვს, ამაში მისმა ერთ-ერთმა ფოტომაც დაგვარწმუნა, რომელიც ''ფეისბუქზე'' მისი გვერდის დათვალიერებისას ვნახეთ. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში პრეზიდენტ სააკაშვილთან გადაუღია ფოტო.

აი, ჰობი! ხან კბილაშვილის ბიჭი იქნები, ხან - ალასანიასი, ხან - ივანიშვილის. მთავარია, ჟურნალისტი არ გადაგეყაროს სადმე. თორემ როგორც ჩვენი გმირი კოკი იტყოდა, ''ეს რა იცით ხოლმე'' დაიწყება.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''