27 ოქტომბერი, 2013
როგორ დაიკლო ზედმეტი 10 კილოგრამი ქეთი ორჯონიკიძემ
ტორტსაც ვაცხობდი ადრე მათთვის, ვინც განსაკუთრებულად მიყვარდა. თან სულ ღიმილით, რადგან დღემდე მჯერა, რომ საკვების მომზადების დროს აუცილებელია ღიმილი და კარგი განწყობა მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე მზარეულის დიდი ნიჭით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, ამბობს, რომ თუკი რამე მოუმზადებია, გემრიელი გამოსულა. უყვარს ექსპერიმენტები, ეგზოტიკური კერძები და შოკოლადები. სამზარეულოში ფუსფუსი ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაუწყია. მათთვის, ვინც განსაკუთრებით უყვარდა, ტორტებსაც კი აცხობდა თურმე. რამდენიმე ოჯახური კერძისა და დესერტის რეცეპტი ქეთიმ ჩვენც გაგვანდო.

- ქეთი, გურმანი თუ ხარ და რაში გამოიხატება
შენი გურმანობა, მხოლოდ გემრიელი კერძები გიყვარს თუ მომზადებაც გეხერხება?
- ძალიან მიყვარს კარგად კვება, გემრიელი საჭმელები. ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებაზეც არ ვამბობ უარს.
- სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვარს?
- რაც შეეხება კერძების მომზადებას, დიდი მზარეული არ ვარ, თუმცა ამბობენ, რომ თუ ვამზადებ, გემრიელი გამომდის.
- გახსოვს პირველი კერძი, რომელიც მოამზადე?
- ბავშვობაში ორცხობილებს ვაცხობდით მე და ჩემი ბიძაშვილი. რაც იყო სახლში, ყველაფერს თასში ვყრიდით. სხვათა შორის, გემრიელი გამოდიოდა, ან გულს არ გვიტეხდნენ უფროსები და მიირთმევდნენ (იცინის).
- დედა სად იყო ამ დროს, არ გკარნახობდა?
- დედა სამსახურში იყო და ჩვენ ფქვილით „ვომობდით“. ტორტსაც ვაცხობდი ადრე მათთვის, ვინც განსაკუთრებულად მიყვარდა. თან სულ ღიმილით, რადგან დღემდე მჯერა, რომ საკვების მომზადების დროს აუცილებელია ღიმილი და კარგი განწყობა.
- ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება მიყვარსო, მითხარი, რა გაგისინჯავს ყველაზე უცნაური და რომელ ქვეყანაში?
- დღეს, მგონი, გველები და ბაყაყები აღარავის უკვირს, თუმცა 14 წლის წინ, როცა მე გავსინჯე, ეგზოტიკა იყო. მომეწონა. ძალიან მინდა ტაილანდში წასვლა და მათი უცნაური გემრიელობების გასინჯვა.
- შენი საყვარელი პროდუქტი რომელია?
- ხორცი. მიყვარს მწვადი, ხინკალი, ოსტრი, ყველაფერი, რაც ხორცით მზადდება. ერთადერთი, კუპატზე არ ვგიჟდები. მიყვარს შემწვარი ქათამი ამერიკულად, პურის ორცხობილაში. ასევე მომწონს ჩინური სამზარეულო. რომ მკითხო, თევზი არ მიყვარს, მაგრამ ხიზილალაზე ვგიჟდები. მიყვარს სუში და „ასატრინა“ . ალბათ, მარტო ცოცხალი რომ ჰქვია, ის თევზი არ მიყვარს.
- თავად რისი მომზადება შეგიძლია?
- ჩვენს ოჯახში კერძებს დედა ამზადებს. სახლშიც რომ არ იყოს, საჭმელი მაინც არის მზად. თუ მოხდა საოცრება და საჭმელი არ დამხვდა, მიყვარს ექსპერიმენტები, ვიგონებ კერძებს. შედეგით კმაყოფილი ვარ ხოლმე. თითქოს გაკეთების პროცესში ვხვდები, რა გემო უნდა ჰქონდეს. ჯერ უგემური არაფერი გამომსვლია.
- მაშინ ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის შედეგი ჩვენც გაგვანდე.
- მაცივარში ყველას გვაქვს კვერცხი, ყველი, ძეხვი. ავთქვიფოთ კვერცხი და თუ ალუბლის სეზონია, დავამატოთ გამოწურული ალუბლის წვენი, დავასხათ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ ისე, როგორც ერბოკვერცხს ვწვავთ. ალუბლის წვენი ძალიან უხდება შემწვარ კვერცხს, ოღონდ ალუბლის კომპოტი არ დაასხათ (იცინის). კიდევ ძალიან მომწონს სოიის სოუსი, თითქმის ყველაფერს ვასხამ. ერთადერთი, ნამცხვართან არ გამისინჯავს (იცინის).
- რადგან ალუბალი ვახსენეთ, რაიმე ტკბილი დესერტის რეცეპტსაც ხომ არ გაგვიმხელ?
- შემიძლია გასწავლოთ ტკბილი ნამცხვრის მომზადება. დედა აკეთებს ხშირად და ძალიან მიყვარს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 კვერცხი, 1 ქილა მაწონი, 250 გრამი მარგარინი, სამი მეოთხედი ჭიქა ქიშმიში, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 2 პაკეტი ვანილი და ერთი ჩაის კოვზი სოდა. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი და შაქარი, დავასხათ გამდნარი მარგარინი და კარგად ავთქვიფოთ. ამ მასას მოვაკლოთ ერთი ჩაის ჭიქა და დავდგათ ცალკე. დარჩენილ მასაში ჩავუმატოთ ორი კვერცხი და მაწონი, რომელშიც გახსნილია ერთი ჩაის
კოვზი სოდა. დავუმატოთ ვანილი, ქიშმიში და მიღებული მასა დავასხათ ღრმა, დიდ, ოთხკუთხედ აჩმის ტაფაზე. ზემოდან მოვაყაროთ გადანახული ერთი ჩაის ჭიქა მასა და გადავანაწილოთ ზედაპირზე. ზემოდან შეგვიძლია დავაყაროთ გახეხილი ანტონოვკა ან შინდი. შევდგათ ღუმელში დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გამოცხვება.
- ხორცით რისი მომზადება შეგიძლია?
- ახლა ჩემი საყვარელი კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ, ხბოს ნეკნებისგან მზადდება. ავიღოთ ხბოს ან ბატკნის მინი-მუმ 1 კგ. ნეკნები, დავჭრათ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი სამი თავი ხახვი და მოვშუშოთ ზეთმოსხმულ ტაფაზე. ნახევრად მოშუშულს დავამატოთ 3 ცალი გარჩეული ბროწეულის მარცვლები, გავაგრძელოთ მოშუშვა ნელ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში. მოვაყაროთ ცოტა მარილი და მზად არის. უგემრიელესია და თან ადვილად მზადდება.
- ტკბილეულთან როგორ ხარ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვგიჟდები. არის პერიოდები, როდესაც უზომოდ ვჭამ, ხან კი საერთოდ არ ვეკარები. თუმცა, თუ მშია და სადმე ტკბილეული მეგულება, მუსრს ვავლებ. ჩემს საწოლთან ყოველთვის დევს შოკოლადი, რადგან ზოგჯერ შიმშილი მაღვიძებს (იცინის) და ახლოს მინდა მქონდეს რაიმე ტკბილი.
- გემრიელი კერძები გიყვარს, შოკოლადებსა და სხვა ტკბილეულზეც არ ამბობ უარს და ასეთი გამხდარი ხარ მაინც, როგორ ახერხებ?
- ყველა მაგას მეკითხება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთად მოვხვდით სუფრასთან და მნახეს, როგორ ვიკვებები (იცინის). არ ვიცი, არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ ფორმის შესანარჩუნებლად. ერთხელ ვიყავი 10 კილოთი მეტი, ანუ, სადღაც, 55 კილოგრამი და თავი ყველაზე მსუქანი მეგონა. როცა შეჩვეული არ ხარ ზედმეტ კილოგრამებს, რთული სათრევია, რამდენი კილოც უნდა იყო.
- დიეტა დაიცავი?
- არა, რას ამბობ, ერთი ნერვიულობა და წონა ისე მცვივა, როგორც ცას წვიმა (იცინის).
- რაზე ინერვიულე?
- არც მახსოვს, თუმცა მახსოვს, რომ 3-4 დღეში დავიკელი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS