21 დეკემბერი, 2016
კრისტი ყიფშიძეს ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი უსრულდება -''მკითხველს ვურჩევ ''...
წარმოიდგინეთ, თოვს, სახლში ნაძვის ხეა გაწყობილი, სუფრა დატვირთულია უგემრიელესი კერძებითა და ტრადიციული ტკბილეულით, საცივი, ჩურჩხელები, გოზინაყი, გოჭი, საშობაო მუსიკა, გარეთ ფეიერვერკი და თქვენ ამ დროს შორს, ძალიან შორს, სანაპიროზე ირუჯებით. უცნაურია, არა? სწორედ ასეთ განსხვავებულ გარემოში სურს ქრისტი ყიფშიძეს ახალი წლის გატარება. 

რა მოგწონთ ახალი წლის ყველაზე მეტად?
- რომ გითხრათ, განსაკუთრებულად მიყვარს ახალი წელი-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მომწონს ეს დღესასწაული არის ის, რომ იწყება რაღაც ახალი. რასაც ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრებ,
ყველაფერი მისრულდება. ერთი პერიოდი, სახლში ვხვდებოდი ახალ წელს და მერე გავდიოდი გარეთ. უკვე მომბეზრდა კონცერტებზე და გასართობ ადგილებში სიარული, ალბათ იმიტომ, რომ ერთ დროს ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. ერთი ტრადიცია მაქვს, ახალ წელს ყოველთვის ახალი სამოსით ვხვდები.

არ ვიცი დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ბედობა დღეს თუ მივფინავ სადმე, მთელი წელი ვმოგზაურობ. შარშან თუ 2 იანვარსაც სამოგზაუროდ წავედი და 15- შიც.

ახალ წელს, თითქოს ყველაფერი ახალი იწყება, ახალი წელიწადი, ახალი გეგმები... მკითხველს ვურჩევ, რომ ყოველთვის ჯობია წარსული დაივიწყონ და სიახლეებით დატკბენ, ვიდრე წარსულს მისტირონ.

თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდათ?
- არ მახსოვს კარგად, ვფიქრობდი, რომ თოვლის ბაბუა იყო ადამიანი, თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი.
ნატალია 3- 4 წლის იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ თოვლის ბაბუის არ სჯეროდა და გვატყუებდა, თითქოს სჯეროდა (იცინის). ჩემს მეგობარს ჩავაცვი თოვლის ბაბუის ფორმა, ამ ფორმაში მან დაყარა საჩუქრები და გაიქცა. მოგვიანებით ნატალიამ მითხრა, ბოტასებით ვიცანი, მაგრამ არ უთხრა, რომ მივხვდი, არ ეწყინოსო (იცინის).

საუკეთესო ახალი წელი როდის იყო თქვენს ცხოვრებაში?
- ასე ვერ გეტყვით, რომელი იყო საუკეთესო, თუმცა უკეთესად მახსენდება სკოლის პერიოდი. ტარდებოდა კარნავალები, რამდენიმე სკოლა ერთად იკრიბებოდა და იყო სხვადასხვა ღონისძიებები.

როგორია თქვენი საახალწლო სუფრა?
- თბილისური. ძირითადად დედა ამზადებს საჭმელებს, მე ვრეცხავ რაღაცებს, ვჭრი, მიმაქვს და ა.შ. ის არის მთავარი შეფ- მზარეული, მე - ვეხმარები.

ნაძვის ხეს ვინ აწყობს?
- დედა და ნატალია. ადრე ნატალიას უზარმაზარი ნაძვის ხე ვუყიდეთ და დღესაც ის ნაძვის ხე გვაქვს, მრავალფეროვანი სათამაშოებით. რამდენიმე სათამაშო შეიძლება ითქვას ანტიკვარულია, დედაჩემის ბავშვობის დროინდელი. ყოველ წელიწადს ორ სათამაშოს ვამატებთ.

პირველ იანვარს როგორ ატარებთ?
- ადრე ვერთობოდი, ახლა ვისვენებ. ძირითადად სახლში მოდიან სტუმრები, სუფრას ვუსხდებით და ასე მშვიდად ავღნიშნავ ამ დღეს. ძალიან მინდა ახალ წელს შევხვდე სადმე, ზღვაზე. წელს არა მგონია, მოვახერხო, მაგრამ მომავალ წელს, იმედია განვახორციელებ ჩანაფიქრს.

ნატალიაც ოჯახში ატარებს ამ დღესასწაულს თუ მეგობრებთან ერთად მიდის სადმე?
- ოჯახში ხვდება ახალ წელს და შემდეგ, ხანდახან მასთან მოდიან მეგობრები, ხანდახან თვითონ მიდის. ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ხშირად აქვს კარნავალი, ხან ჟასმინია ხან - კარმენი, წელს - არ ვიცი ვინ იქნება.

გიორგის მეორე შვილთან, ალექსანდრესთან აქვს ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა?! ის მისი ძმაა, ახლაც მასთანაა.

ახალ წლებს საჩუქრებს ჩუქნიან ერთმანეთს?
- ეს უკვე ნატალიას ჰკითხეთ (იცინის), ახალ წელს ჩემთან იქნება და მერე ალბათ, წავა ძმასთან.

რომ შეგეძლოთ, თოვლის ბაბუას მისწეროთ წერილი, რას მიწერდით?
- შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძალიან გლობალური სურვილი მაქვს. ყოველ დღე საშინელება ხდება. მინდა, მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს და აღარ გავიგო ამდენი სიკვდილი და ცუდი ამბები. მთავარი ესაა.

ეს, რომ მოხდება, მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS