ზაალ ჩიქობავა დღეს ახალ
ბავშვობა
- მამა - ვალერიან ჩიქობავა ფიზიკოს-ინჟინერი გახლდათ. ახალგაზრდობაში ამ სფეროში ბევრი რამ გააკეთა, მოგვიანებით ცოტათი შეიცვალა პროფილი და სამშენებლო ინჟინერიისკენ გადაინაცვლა. იყო ტრესტის მმართველი. მას ეკუთვნოდა მარნეულის რკინა-ბეტონის ქარხნის მშენებლობის იდეა, რომელიც განახორციელა და რამდენიმე გამოგონების ავტორიც გახლდათ. ის 1997 წელს გარდაიცვალა. სრულიად მოულოდნელად, იმდენად უცებ, რომ ვერც კი მოვახერხეთ იმის აღქმა, რომ ეს ადამიანი ჩვენ გვერდით აღარ იყო. მამის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი დატოვა. ძალიან მაკლია. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს გადაწყვეტილებებთან და ქცევასთან დაკავშირებით, ამა თუ იმ მომენტში, მამის შეფასებები და რჩევა მჭირდება.
რაც შეეხება დედას, ზანდა იოსელიანი მსახიობია. დედა ცხოვრებაში ბევრად მკაცრი და მომთხოვნია, მამა კი უფრო დემოკრატი გახლდათ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ დედა კლიშეებს გვიწესებდა და რამეს გვირთულებდა. საერთოდ, ორივე მშობელი ხელს გვიწყობდა, რომ თავისუფლად გვეცხოვრა და გვეაზროვნა და დამოუკიდებელი არჩევანი გაგვეკეთებინა.
სამ ძმას შორის შუათანა ვარ. უფროსი პროფესიით ისტორიკოსია, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაუთმო სპორტს და ახლაც ამ სფეროშია ჩართული. ის დღეს ქალაქის სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ოთხი შვილი ჰყავს. უმცროსმა ''გეპეი'' დაამთავრა, გამოთვლითი მანქანები და ტექნიკა, მაგრამ შემდეგ ''ტელეიმედში'' მუშაობა მოისურვა. მაშინ მე გიორგი თარგამაძეს ვთხოვე და მან ჩემს ძმას საშუალება მისცა, ოპერატორის პროფესიას დაუფლებოდა. სამსახურში სტაჟიორად მიიღო, ჯერ ოპერატორის ასისტენტი იყო, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და დღეს საკმაოდ კარგი და მოთხოვნადი ოპერატორია. ბევრს მუშაობს. სამი ძალიან კარგი შვილი ჰყავს.
დედის პროფესიის გამო, ბავშვობის დიდი ნაწილის მარჯანიშვილის თეატრში გატარებამ მომიწია. ალბათ, ამან განაპირობა ჩემი მომდევნო ნაბიჯები ცხოვრებაში და პროფესიული არჩევანიც. თუმცა ღრმა ბავშვობაში ცოტა აყოლილი ვიყავი ჩემს უფროს ძმას და მსურდა, მეხანძრე გამოვსულიყავი. საამისოდ 3-4 წლის ბავშვები ბევრს ვზრუნავდით და ვცდილობდით, ეს საქმე გვესწავლა.
დიდი ეზო გვქონდა. კერძო სახლი. ეზოს გალავანზე ვაწყობდით სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებს ცეცხლის ჩასაქრობად. შემდეგ ფარმაციამ დამაინტერესა და წამლების შექმნასაც ვცდილობდი.
- იმედია, ის წამლები საკუთარ თავზე არ გამოსცადეთ...
- არა, არ გამომიცდია (იღიმის). ამის შემდეგ ცოტათი ''შევიჭერი'' ქირურგიაში. მაცივრიდან ვიპარავდი ქათამს და ''ოპერაციას'' ვუტარებდი. მერე მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტელევიზორში რაღაც ოპერაციას მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ ამ პროცესს ვერანაირად ვერ გავუძლებდი. რაც შეეხება თეატრს, პირველი, რამაც გამიტაცა, სცენოგრაფია იყო.
- კარგად ხატავდით?
- არა, ასე ვერ ვიტყვი, უფრო მეტად მაკეტების შექმნა მეხერხებოდა. ჯერ ნანახი სპექტაკლების მაკეტებს ვქმნიდი, შემდეგ - ჩემი ფანტაზიითაც. მინდა გითხრათ, რომ დეკორაციების საკმაოდ საინტერესო ასლები გამომდიოდა.
- ალბათ, ეს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლების მაკეტები იყო...
- არა. სამწუხაროდ, არ არსებობს ამის მტკიცებულება, მაგრამ ერთ საინტერესო რამეს გეტყვით. ჩვენ რომ ჩემი ბავშვობის სახლი დავტოვეთ და საცხოვრებლად სხვაგან გადავედით, გადატანისას ძალიან ბევრი ნივთი დაიკარგა. მათ შორის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი - ბებიას ნაქონი ტანსაცმლის ხის სკივრი. ჩემი ყველა საყვარელი ნივთი იქ ჩავაწყვე, მათ შორის მაკეტები, წიგნები და ა.შ. დაუდევრობით დაიკარგა და ამაზე გული ძალიან მწყდება. შესაბამისად, სამხილი არ მაქვს, მაგრამ ვაკეთებდი ძირითადად რუსთაველის თეატრის მაკეტებს. ანუ იმ სპექტაკლებისას, რასაც მაშინ ვნახულობდი. ეს იყო: ''კავკასიური ცარცის წრის'' , ''რიჩარდ III'' -სა და ''მეფე ლირის'' მაკეტები...
სცენა
...თეატრალურ ინსტიტუტში ბატონი რეზო მირცხულავას ჯგუფში ვსწავლობდი. ძალიან საინტერესო და წარმატებული ჯგუფი გამოდგა. თითქმის 90-95% თეატრში, კინოში, გახმოვანებაზეა დაკავებული და აქტიური მსახიობია. სამწუხაროდ, ორი ადამიანი - ნიკო გომელაური და ვასიკო ძოწენიძე უკვე აღარ არიან ამქვეყნად და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია. ორივე ძალიან კარგი პიროვნება იყო.
- თეატრალურიდან რუსთაველის თეატრში მსახიობობის დაწყებას თქვენი კოლეგები ''თეატრალურიდან რუსთაველში ჩასვლას'' ეძახიან. ეს როდის მოხდა?
- რუსთაველის თეატრში საკმაოდ გვიან მივედი. თეატრალური ინსტიტუტი 1992-ში დავამთავრე და რუსთაველის თეატრში 2005 წელს მოვხვდი, ანუ 13 წლის მერე.
- და ის 13 წელი რა ხდებოდა?
- თავიდან ჩემი კურსის ნაწილი ბატონმა შალვა გაწერელიამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში წაიყვანა. მას იქ ახალგაზრდული სტუდიის ჩამოყალიბება სურდა. ეს პროცესი დროში ცოტათი გაიწელა. იმავდროულად მქონდა შემოთავაზება მარჯანიშვილის თეატრიდან, სადაც სათამაშოდ Oწავედი და ის ჩემი ძირითადი ნავსაყუდელი გახდა. პერიოდულად მქონდა გასვლები თეატრალურ სარდაფში, თავისუფალ და სამეფო უბნის თეატრებში. ეს უკანასკნელი კიდევ ცალკე თემაა, ძალიან დიდი და საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან სამეფო უბნის თეატრში ბევრი სპექტაკლი მაქვს ნათამაშები.
- მსოფლიო დრამატურგიაში თუ არსებობს პერსონაჟი, რომლის განსახიერების შემდეგ, თქვენი აზრით, მსახიობის კარიერა შემდგარია?
- მოდი, ამ საკითხს სხვაგვარად შევხედოთ. კი, მსახიობისთვის არსებობს გარკვეული როლები, რომლებიც ცხოვრებაში უნდა ითამაშოს. სტერეოტიპივითაა, მაგრამ ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა ჰამლეტის შესრულებაზე ოცნებობს. ჰამლეტი ერთ-ერთი ფანტასტიკური და ძლიერი პერსონაჟია. მაგრამ რატომღაც მე მაინტერესებდა ისეთი პერსონაჟი, როგორიც არის რიჩარდ III. საბედნიეროდ, საშუალება მომეცა, რომ ის შეგრძნებები, რომელიც მინდოდა გამჩენოდა და სცენაზე გადამეტანა, სხვა ნაწარმოებების შესრულებისას და სხვა პერსონაჟებიდან გამომდინარე ავისრულე. მომწონს ისიც, რომ საკმაოდ განსხვავებული ტიპები არიან ის პერსონაჟები, რომლებიც მე ვითამაშე. ყველა პერსონაჟთან ვცდილობ სიახლე ვიპოვო. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იმ პერსონაჟების მიმართ, რომლებიც ''მოვათვინიერე'' და მათ საკმაოდ თამამად ვექცევი. ასეთი შეგრძნება მქონდა, როცა ვთამაშობდი ''სალომეაში'' ტიგელინს, ხოლო ''ნუგზარი და მეფისტოფელში'' - მეფისტოფელს.
- პრემიერის შემდეგ, კულისებში რომ შედიხართ, ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ასეთი ბევრი ადამიანია. ყველას აზრი და რჩევა მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ ამ შემთხვევაში მთავარი მაინც რეჟისორია.

- ძალიან ლამაზი მეუღლე გყავთ...
- გმადლობ, მეც ასე ვფიქრობ (იღიმის).
- რამდენი წელია ერთად ხართ?
- აგერ უკვე თორმეტი წელია, მეცამეტე დაიწყო. 13 ჩვენი რიცხვია.
- თქვენი ტელეფონის ნომერშიც ფიგურირებს ეს რიცხვი...
- დიახ, ბევრი კარგი რამ მომხდარა ამ რიცხვში. თამარ სვანიძე კულტურის სამინისტროში, ღონისძიებათა დეპარტამენტში მუშაობს. თათას ვეძახით. ვაჟი ერეკლე პირველი კურსის სტუდენტია. ქალიშვილი ნიცა ათი წლისაა. სკოლაში დადის, სწავლობს ფორტეპიანოზე დაკვრას. ძალიან სპორტულია, კარგად ცურავს, მაგრამ უნდა, ახლა კიდევ მეტად დახვეწოს. ტანვარჯიში, ბალეტიც იტაცებს, მოკლედ, მისი სურვილები სულ აქეთ-იქით დახტის.
- სურვილი მსახიობობისკენაც ხომ არ ''ხტის'' ?
- არა, თუმცა ნიცას გარკვეული არტისტიზმი აქვს. მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში დადიოდა, სკოლის დადგმებსა და სპექტაკლებშიც მონაწილეობს.
- თქვენი ოჯახისათვის მნიშვნელოვანი თარიღები...
- ასეთი ბევრია. ჩემი და თათას მნიშვნელოვანი თარიღია 13 ივლისი, რომელსაც ''ჩვენს დღეს'' ვეძახით.
- ეს შეუღლების თარიღია?
- არა, ამ დღეს დავახლოვდით და მე ვიტყოდი, ჩვენი ბედიც გადაწყდა. ასევე მნიშვნელოვანი თარიღებია დაბადების დღეები, შობა, ახალი წელი, აღდგომა და სხვა დღესასწაულები. ჩვენს ოჯახში ახალი წელი განსაკუთრებით აღინიშნება. თათას ძალიან უყვარს ნაძვის ხის გაწყობა და ერთის მაგივრად ხუთი ნაძვის ხე გვიდგას. ყოველ წელს ახალ-ახალს ამატებს და ბოლოს რამდენი ნაძვის ხე იდგება ჩვენს ბინაში, ვერ გეტყვით (იღიმის).
რუსთაველის თეატრი - გუშინ და დღეს
...რუსთაველის თეატრის მმართველად 2007 წლის მარტში დავინიშნე, მანამდე ორი წელი დირექტორის მოადგილე გახლდით. მმართველის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისას, ამ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. არსებობდა გარკვეული საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც მითხრა, ბედი მეცადა. ვცადე და გავხდი რუსთაველის თეატრის მმართველი, რაც გრძელდებოდა 2013 წლის მარტამდე.
- იმავდროულად სპექტაკლებშიც თამაშობდით: ''ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი'' , ''დაბოლილი მთვარე, ''გონზაგოს მკვლელობა'' ... ეს სპექტაკლები კვლავ არის რეპერტუარში?
- არა, როცა მე რუსთაველის თეატრიდან წამოვედი, როგორც მმართველი, წამოვედი, როგორც მსახიობიც. ასე გადავწყვიტე, ასე მერჩივნა.
- იმ სპექტაკლებში, რომელშიც მონაწილეობდით, ვინმემ ჩაგანაცვლათ?
- არა, ჩემი წამოსვლის შემდეგ ეს სპექტაკლები არ გამართულა, მომავალში რას იზამენ, არ ვიცი.
- როგორ აფასებთ თქვენი მმართველობის პერიოდს?
- ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. დიდი გამოცდილება მივიღე. თან სიამოვნებაც ახლდა იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებდი. ერთდროულად ბევრი დადებითი და უარყოფითი ემოცია მოდიოდა, მაგრამ ეს არის ცხოვრება, ''დრაივი'' , ასე ხდება. იყო შეცდომებიც, მაგრამ ვინც არ მუშაობს, იმას არაფერი ეშლება.
- წამოხვედით როგორც მმართველი და მსახიობი, რუსთაველის თეატრის მაყურებლად რჩებით?
- რუსთაველის თეატრში არ ვყოფილვარ. შეიძლება, დროც არ მქონდა, არც რამე წარმოდგენას დავუინტერესებივარ, რომ წავსულიყავი.
- გულწრფელად მითხარით, დღეს რომ თეატრთან ჩაივლით, რა განცდა გიჩნდებათ?
- თეატრთან თუ ჩავივლი, შევხედავ ფასადს, აფიშებს. ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც სხვა თეატრების მიმართ.
- ხართ ვინმეზე გულნატკენი?
- არა. გულნატკენს ვერ ვიტყოდი... მმართველის თანამდებობა ჩემი განცხადებით დავტოვე.
ახალი სივრცე
...მუსიკისა და დრამის თეატრში მსახიობად დავით დოიაშვილმა რუსთაველის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ მიმიწვია. გამანაწილეს სპექტაკლში. ახალგაზრდა რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ჰენრიკ იბსენის ''მოჩვენებებს'' დგამს. საინტერესო პროცესი მიდის, ჩემი პარტნიორების გვერდით თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში ვართ და ნოემბერში სპექტაკლის პრემიერა შედგება.
- მმართველის თანამდებობის დატოვების შემდეგ, უამრავი ზარი, ინტერვიუ, საუბარი გქონდათ ამ თემის გარშემო. მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო?
- ბევრად უფრო რთული ეტაპი ის იყო, როცა რობერტ სტურუა თეატრიდან წავიდა და მე დავრჩი რუსთაველის თეატრში მარტო, პასუხისმგებელი მთელ თეატრზე. რთული იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ისე საქმის, გადაწყვეტილებების მიღების მხრივ. ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ იმ პერიოდში არ უნდა შეჩერებულიყო თეატრის მუშაობა, არადა, ამის საშიშროება იდგა და ეს იქნებოდა ყველაზე არასწორი ნაბიჯი თეატრთან მიმართებაში. ეს პერიოდი ისე გადავიტანეთ, რომ თეატრისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია.
- როცა ბატონი რობერტი დაბრუნდა, შეუძლებელი იყო თქვენი ერთად მუშაობა?
- როგორც აღმოჩნდა, წარმოუდგენელი.
- წამოსვლას არ ნანობთ?
- არა, არ ვნანობ, მივიჩნევ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. როცა მე ზეწოლაზე ვსაუბრობდი, არ იყო გაბუქებული. თვალნათელია, რომ სტურუა ზეწოლას ახდენდა სამინისტროზე, რომ მე წავსულიყავი და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაბრუნდებოდა თეატრში. და ასეც მოხდა.
- რა გახდა ამის მიზეზი, რომ მას თქვენი თეატრიდან წასვლა ასე სურდა?
- ასეთი დაპირისპირების მიზეზი?! მიზეზი შეიძლება ბევრნაირად აიხსნას. თუ შევხედავთ იმ თვალსაზრისით, თუ რა ხდებოდა რუსთაველის თეატრში იმ პერიოდში, როცა მე მმართველი ვიყავი, მაშინ ერთადერთი იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ის ხედვა, რომლითაც ვმუშაობდი, ანუ ყოფილიყო ბევრი წარმოდგენა, სავსე დარბაზები, ანუ რაც ჩემი მისწრაფება გახლდათ, არ ემთხვეოდა სტურუას ხედვას.
- რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს სავსე დარბაზი?
- არ ვიცი. მე და სტურუა როგორ ვხედავთ თეატრის აქტივობას, ეს სხვადასხვა თემაა. ეს ალბათ იმ ადამიანების გადასაწყვეტია, რომლებსაც აინტერესებთ და იციან რუსთაველის თეატრის მუშაობა.
- როგორც მაყურებელი, გეტყვით, რომ თქვენს დროს მართლა აქტიურად მუშაობდა თეატრი...
- ახლა არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ თეატრი უწინდელივით აქტიური აღარ არის.
- დაბოლოს, თქვენი ცხოვრების გზიდან, რომელ პერიოდს ''ამოაგდებდით'' და რომელ განუხორციელებელ ნაბიჯს ნანობთ?
- არც ერთ დღესა და საათს არ ამოვშლიდი. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ბევრ რამეზე ვფიქრობ, რომ ჯობდა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი. კარიერული თვალსაზრისით ბევრ საქმესთან მქონდა შეხება, გამიხმოვანებია სერიალები, ასევე კინო; მიცეკვია, მიმღერია, ვიყავი კლუბის მენეჯერი, მაგრამ ყველა მიმართულება, რომელიც არჩეული მქონდა, ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებას ეხმარებოდა.
- მიიჩნევთ, რომ თქვენი მთავარი მისწრაფება სცენაა?
- დიახ, სცენა და თეატრი ჩემი პირველი და უმთავრესი მისწრაფებაა.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















