როდის ხდება კამიკაძე
- ვასაძეები წარმოშობით ასკანიდან ვართ. გურულები გახლავართ, მაგრამ მოხდა ისე, რომ
- მშობლებს რა პროფესია აქვთ?
- დედა და მამა ერთად სწავლობდნენ. დედა ძალიან ადრე, 17 წლის გათხოვდა. ბათუმში ბუღალტერიას ერთ ჯგუფში ეუფლებოდნენ. მამა 21 წლის იყო, დედა რომ მოიყვანა ცოლად. მშობლების ფოტო ქობულეთშია გადაღებული 1993 წელს.

- მშობლები მღერიან?
- ვასაძეების გვარი იმით გამოირჩევა, რომ ბევრი მღერის. მამაჩემი მოცეკვავე იყო. დედას ძალიან კარგი სმენა აქვს, ის ჩემი ყველაზე კარგი კრიტიკოსია ყოველთვის, მაგრამ ვერ მღერის.
- მომდევნო ფოტო, სავარაუდოდ, შენი პირველი ფოტოა. რამდენიმე თვის იქნები.
- ფოტოზე მე და ჩემი და ვართ. ჩემი და ორ მარტს დაიბადა. ჩვენ შორის განსხვავება სულ რაღაც თერთმეტი თვეა. ყოველთვის ტყუპივით გვეცვა. უბრალოდ, ტანსაცმელი სხვადასხვა ფერის იყო. როგორც ამბობენ, ძალიან ჭირვეული ბავშვი ვიყავი. სულ ვწუწუნებდი და ვტიროდი. ჩემ გამო სისხლი ჰქონდათ გამშრალი.

- დებს რა ჰქვიათ?
- ხათუნა და მარიტა.
- ალბათ, სამი და ძმაზე ოცნებობდით.
- სასურველი იქნებოდა, ძმა გვყოლოდა, მაგრამ დებს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს და ამ მხრივ რაიმე დანაკლისს არ განვიცდით. მომდევნო ფოტოზე მე და ჩემი უფროსი და ვართ.

- ზღვის პირას გაიზარდე და სავარაუდოდ, კარგად უნდა იცოდე ცურვა.
- ძალიან კარგად ვცურავ. როდესაც ქობულეთში დიდი ტალღები იყო, ზღვაში ყოველთვის ჩანდა ოთხი თავი. სამივე და და მამა ზღვაში ვიყავით და ტალღების არ გვეშინოდა. ზღვასთან დაკავშირებით ყოველთვის კამიკაძეები ვიყავით. დიდი ტალღების არ გვეშინოდა. დედას ძალიან უნდოდა, ზღვის არ შეგვშინებოდა. თვითონ ერთხელ ნავის ქვეშ მოყვა და მას მერე ეშინოდა ზღვაში შესვლის. ამიტომ გადაწყვიტა, მე რომ მეშინია, ჩემმა შვილებმა კარგად ცურვა უნდა იცოდნენო. ჩვენ რომ კარგად ვისწავლეთ ცურვა, დედასაც გავაბედვინეთ ზღვაში შესვლა.
- მითხარი, ტყუპივით ვიზრდებოდით მე და ჩემი დაო, მაგრამ, ჩემი აზრით, გარეგნულად დები ერთმანეთს არ ჰგავხართ.
- არც ერთი და არ ვგავართ. მე დედას ვგავარ, უფროსი და მამას ჰგავს. ბავშვობაში ვამბობდით, რომ მე ვითომ დედას მოვყევი, უფროსი და - მამას, მესამე და კი საერთო შვილი იყო.
- დებში ყველაზე ჭირვეული ვიყავიო, ამბობ, ასეთი ხასიათის გამო დანარჩენი დები გიჯერებდნენ?
- პატარა რომ ვიყავი - არა. ახლა ერთმანეთს ვუსმენთ და ერთმანეთის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვობაში სულ ვწუწუნებდი, მაგრამ ჩემი მაინც ვერ გამქონდა. დედა ყველას თანაბრად გვზრდიდა. არავისთვის არ დაუკლია ყურადღება.
- დებიც მღერიან?
- მე და უფროსი და სკოლის გუნდში ერთად ვმღეროდით. ორ ხმაში დღესაც ვმღერით, მაგრამ საბოლოოდ სიმღერას მარტო მე გავყევი.
- ოჯახური ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- ბაკურიანში მთელი ოჯახი ხშირად ვისვენებდით. ფოტო ერთ-ერთი დასვენების დროს გადავიღეთ.

- სად სწავლობდი?
- ქობულეთში დავამთავრე სკოლა და მერე სასწავლებლად ბათუმში წავედი. რევაზ ლაღიძის სამუსიკო კოლეჯი დავამთავრე. თავიდან კლასიკური მუსიკა ავირჩიე. წესით, ოპერის მომღერალი უნდა გამოვსულიყავი, მერე გადავიფიქრე. წლების მერე შეიძლება, ისევ დავუბრუნდე ოპერას. მამიდაჩემი, რომელიც ახლა ოპერის თეატრში მუშაობს, საგუნდო-სადირიჟოროზე სწავლობდა და 31 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. ბათუმში გავთხოვდი და ბათუმში დავიწყე მუშაობა.
''ახალი ცხოვრების დაწყების მეშინია...''
- ვიცი, რომ შენს სიყვარულს სევდიანი დასასრული აქვს. მაგრამ ცუდი დასასრულის მიუხედავად, ალბათ ლამაზი დასაწყისი იყო.
- ბათუმში სასწავლებლად რომ წავედი, თხუთმეტი წლის ვიყავი და თექვსმეტი წლის ასაკში ჩემს მეგობართან გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ასლან ბოლქვაძე. არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა. პირველივე დღიდან ორივეში რაღაც შეიცვალა. რაღაც პერიოდის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. მეც არ დამიმალავს მის მიმართ გრძნობა. ცხრამეტი წლის ასაკში გადავწყვიტე გათხოვება. გავიპარეთ.
- მომდევნო ფოტოზე შვილთან ერთად ხარ. მეუღლის ფოტო შენს ალბომებში ვერ ვნახე.
- ფოტო არ მაქვს, იმიტომ რომ ყოფილი მეუღლე მხოლოდ ჩემი შვილისთვისაა საჭირო. ოჯახში სხვისთვის აღარავისთვის აღარაა საინტერესო. ბავშვთან აქვს ურთიერთობა.

- ყოფილ მეუღლეს აქვს მეორე ოჯახი?
- არ ვიცი, ოფიციალურად აქვს თუ არა მასთან ხელი მოწერილი, ვიცი, რომ სხვა ქალთან ცხოვრობს.
- როგორც ვიცი, სხვა ქალი მან სოციალური ქსელით გაიცნო და შენ მათი მიმოწერა წაიკითხე.
- არ არსებობს, ქალი არ მიხვდეს, რომ ქმართან ურთიერთობა ცივდება. ყოველთვის ვეუბნებოდი, მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე, ვიდრე გაურკვევლობაში ვიყო-მეთქი. ამას ვეუბნებოდი, მაგრამ მისგან სიმართლე ვერ გავიგე. დღესაც დაჟინებით ცდილობს ჩემს დაბრუნებას. ცდილობს, რომ დაიბრუნოს ოჯახი, მაგრამ გრძნობა იმდენად გაცივდა, მისი არ მჯერა და არანაირი სურვილი აღარ მაქვს, რომ რაც იყო, დაბრუნდეს.
- არ გიფიქრია, ბავშვის გამო რომ დაუბრუნდე ყოფილ მეუღლეს?
- ბავშვის გამო ისევ ცუდი რაღაცები აიტანო და უნდობლობა გქონდეს?!.. ბავშვიც ითრგუნება, როცა ოჯახში ასეთ სიტუაციას ხედავს. როდესაც საქართველოში ჩამოდის, მის სანახავად ბავშვს ყოველთვის ვუშვებ. მამასთან ისეთი ურთიერთობა აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს და რომ გაიზრდება, თვითონ მიხვდება, რატომ არ შევურიგდი და არ გამინაწყენდება. ძალიან ჭკვიანი ბიჭია.
- შერიგებას მას შემდეგ გთხოვს, რაც ''ახალ ხმაში'' მიიღე მონაწილეობა? მომდევნო სურათი სწორედ ამ პროექტში ყოფნის დროსაა გადაღებული. როგორ ფიქრობ, შენთან შერიგების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პოპულარული გახდი?
- სანამ პროექტში მოვხვდებოდი, მანამდეც სცადა ჩემთან დაბრუნება, მაგრამ მე მაშინვე ვერ ვეტყოდი, მოდი, ისევ ერთად ვიყოთ-მეთქი. ეს ნაბიჯი რომ გადავდგა, ადამიანის მიმართ ნდობა უნდა დამიბრუნდეს. ამის გაკეთებას არც ცდილობდა. ამბობდა, მე შენ მიყვარხარ და წამოდი, ისევ ცოლი იყავიო. ''ახალ ხმაში'' მონაწილეობამ უფრო გააღრმავა მისი მხრიდან შერიგების სურვილი. ბევრი ჭორი მისდის, ეუბნებიან, მგონი, ვიღაცას მოსწონსო, ეს ყველაფერი კიდევ უფრო შლის ჭკუიდან და ბოლოს, სულ ორი კვირის წინ, სანამ საქართველოდან ისევ წავიდოდა, შეეცადა, ყველაფერი დაებრუნებინა.

- როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს, რომ მის მიმართ ნდობა დაგიბრუნდეს?
- უკვე არაფერი. ჩვენ უკვე სამი წელია, დაშორებული ვართ. სამი წლის მერე ადამიანი ჩამოდის, გეუბნება მიყვარხარო და ისევ მიდის. აქედან გამომდინარე, მასთან შერიგების არანაირი სურვილი არ მაქვს. მის მიმართ გული გამიცივდა. არ მეგონა, რომ ასე მოხდებოდა. მართლა ძალიან მიყვარდა. მასზე ლაპარაკისას დიდი ხნის განმავლობაში ცრემლები მადგებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ აღარ მიყვარს. არ არის ღირსი, რომ შევურიგდე და არაა ღირსი იმ სიყვარულის, რაც მე მის მიმართ მქონდა.
- არის შენს ცხოვრებაში სხვა ადამიანი?
- არიან ჩემ მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანები. მეც, რა თქმა უნდა, მაქვს რაღაც სიმპათიები, მაგრამ ჩემს ყოფილ მეუღლესთან შერიგებაზე უარის თქმა ამ ყველაფერს არ გადაუწყვეტია. რა თქმა უნდა, არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება, თავი კარგად ვიგრძნო, მაგრამ იმდენად მაქვს გული რაღაცებზე ნატკენი, რომ ახალი ცხოვრების დაწყების ცოტა მეშინია.
- ვის გამოც დაშორდით, იმ ქალთან შვილი შეეძინა?
- შვილი არ ჰყავთ, ის ქალი მასზე ასაკით უფროსია. ორმოც წლამდეა. უკრაინელია. ერთად ცხოვრობენ.
- მოკლედ, ყოფილი მეუღლე საქართველოში ჩამოდის, შერიგებას გთხოვს და შემდეგ ისევ მასთან ბრუნდება.
- ასეა და ამიტომ არ ღირს მასთან შერიგება. ორი კურდღლის ძებნის ვარიანტი გამოსდის. საქართველოში ხომ მისი ფესვებია და ალბათ ნიადაგს იმზადებს, რომ საბოლოოდ აქ დაბრუნდეს. ნიადაგის შექმნა კი აღარ გამოსდის. მე მას ძალიან დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. არ ვარ მის მიმართ აგრესიულად განწყობილი. თავიდან ასე იყო, მაღიზიანებდა და ვცდილობდი, რაღაცებში ხელი შემეშალა და უკან დამებრუნებინა. მაგრამ ახლა პირიქით ხდება. უკვე რამდენჯერმე ხელი ვკარი. მირჩევნია, ასე იყოს. მარტო ძალიან კარგად ვცხოვრობ.
''ცუდი ყოველთვის კარგით იცვლება!..''
- ალბათ, ''ახალი ხმის'' დამსახურებაცაა, რომ კარგად ხარ.
- როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება, ის აუცილებლად კარგით იცვლება. ამას ვამბობდი ყოველთვის და ჩემმა ცხოვრებამ რამდენჯერმე დამარწმუნა ამ ნათქვამის სიმართლეში. სულ რაღაც ერთი წელი იყო გასული, რაც ჩემს მეუღლეს დავშორდი და''ახალ ხმაში'' მოვხვდი. ზოგადად ინტერნეტში სულ ვადევნებდი თვალს ამერიკულ ''ახალ ხმას'' . ვამბობდი, ნეტავ, ეს პროექტი საქართველოშიც დაიწყოს-მეთქი და რომ დაიწყო, ძალიან გამიხარდა. დედამ მთხოვა, იქნებ, რეგისტრაცია გაიაროო. მანამდე რამდენჯერმე მქონდა კონკურსში მოხვედრის მცდელობა. ერთხელ ''ჯეოსტარში'' გავედი და არ გამიმართლა. ახლაც არ მჯეროდა გამართლების და ვამბობდი, ჯობს, სადაც ვმღერი, იქ ვიყო-მეთქი. დედამ აზრი შემაცვლევინა და შოუში მოვხვდი. ''ახალმა ხმამ'' ბევრი რამ მომცა. ფინალამდე მივედი. ხალხის სიმპათიაც დავიმსახურე. ვიმღერე ისეთი სიმღერები, რაც ჩემთვის ძალიან ახალი იყო. ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დამეხმარნენ მაია დარსმელიძე და სტეფანე მღებრიშვილი. პროექტის მადლობელი ვარ.

- რაც ახლა ხდება ''ახალ ხმაში'' , ალბათ ადევნებ თვალს და იცი, რომ მწვრთნელებს შორის ძალიან დაიძაბა სიტუაცია.
- მწვრთნელებს შორის ყოველთვის დაძაბულია სიტუაცია. პროექტის შიდა სამზარეულოში რა ხდება, არც ვკითხულობ. ვიცი, რომ დათოს, სტიოპას და მაოს რაღაც არეულობა აქვთ. კონკურენცია დიდია და ყველას უნდა მოგება. მაოს და სტიოპას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ყველაფერს კარგად და სამართლიანად აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ახლაც, თუკი რაიმესთვის იბრძვის მაია დარსმელიძე, იბრძვის იმიტომ, რომ იყოს სამართლიანობა. მაოსთან ერთად სურათი ''ახალ ხმაში'' მონაწილეობისას გადავიღე. ჩემს მწვრთნელს ძალიან დავუმეგობრდი და ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანია.
- ცოტა ხნის წინ შეიქმნა ''გუფი ლენდი'' . რომლის წევრიც გახდი. სურათი თქვენი პირველი ფოტოსესიის დროს არის გადაღებული.
- ბათუმში სახელმწიფო ჯაზბენდში ვმუშაობდი. ბენდის წევრობა რომ შემომთავაზეს, რასაკვირველია, დავთანხმდი. ახალი ბენდის გამო ბათუმში რაღაცებზე უარის თქმა მომიხდა. რამდენიმე დღით ვიყავი ჩამოსული თბილისში. დამირეკა ბენდის მენეჯერმა დათო გაგუამ. არ ვიცი, მათ შიდა სამზარეულოში რა მოხდა. ვიცი, რომ გუფი ''ბანდეროლიდან'' წამოვიდა. ''ღამის შოუმ'' ოთარ ტატიშვილის შოუში ''ბანდეროლი'' არ დატოვა და გუფის სთხოვეს, ახალი ჯგუფი შეეკრიბა. გუფიმ სულ რაღაც ოთხ დღეში შეკრიბა ბიჭები. იმეცადინეს, რამდენიმე სიმღერა გააკეთეს და მთხოვეს, რომ მათი ბენდის სოლისტი გავმხდარიყავი. შემოთავაზება ძალიან გამიხარდა. ''ღამის შოუში'' უკვე რეპერტუარზე ვმუშაობთ.

- თეა დანელიას იცნობ?
- რასაკვირველია.
- მასთან ურთიერთობა ხომ არ დაგეძაბა მას შემდეგ, რაც გადაცემაში შეცვალე?
- თეას ძალიან კარგად არ ვიცნობ. მასთან ამ ყველაფერზე არ მისაუბრია. გუფი მარტო დარჩა, გააკეთა ახალი ბენდი და მე სოლისტად მიმიწვიეს. თეას დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. მართლა ძალიან ნიჭიერი გოგოა. ''ბანდეროლი'' არ დაშლილა. ისინი ძველებურად აგრძელებენ მუშაობას.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















