08 ნოემბერი, 2016
რა გამოხმაურება მოჰყვა ინგლისური ენის გაუმჯობესების ინოვაციურ მეთოდს მოსწავლეებში?
როგორ დავხვეწოთ და გავიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა? - ალბათ, ამ კითხვის მოსმენისას ბევრს მოსაწყენი სავარჯიშოების კრებული ან სქელტანიანი ლექსიკონის დაუსრულებელი ქექვის პროცესი გიტივტივდებათ, თუმცა წინასწარ ნურც დასკვნების გამოტანისგან იჩქარებთ და ნურც ხელს ჩაიქნევთ იმის გამო, რომ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საკმაოდ დამღლელი მეთოდებისა და პროცესების გავლა გიწევთ - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის 12-ტომიანი სერია შესაძლებლობას გაძლევთ მსოფლიო კლასიკა ორიგინალში წაიკითხოთ და ტექსტთან დაკავშირებულ ნებისმიერ გაჩენილ კითხვაზე პასუხი იქვე, პარალელურ ქართულ თარგმანში ამოიკითხოთ. მეტიც, მსოფლიო დონის ლიტერატურის ორენოვან
გამოცემასთან ერთად, "პალიტრა L"-ი საშუალებას გაძლევთ, უნიკალური კოდით გადმოიწეროთ და მოისმინოთ წიგნის აუდიოჩანაწერიც, რაც ინგლისური სიტყვების სწორად გამოთქმაშიც დაგეხმარებათ. კოდი მოთავსებულია წიგნის­ უკანა ყდაზე, რომელიც უნდა შეიყვანოთ "პალიტრა L"-ის საიტზე აუდიოწიგნების სექციაში და ავტომატურად შეძლებთ MP3 ფაილის ჩამოწერას.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად დააინტერესებთ ან გამოადგებათ სწავლის პროცესში ახალგაზრდებს გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული ორენოვანი წიგნი, "პალიტრა L"-მა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გამოცემის ერთგვარი ტესტირებაც მოაწყო, სადაც ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება. მეათე კლასელები ინგლისურად და ქართულად გაეცნენ ჩარლზ დიკენსის "აჩრდილებიან სახლს", ართურ კონან დოილის უკვდავ რომანს - "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს", რის შემდეგაც სპეციალური კოდის დახმარებით, მსოფლიო ლიტერატურის ამ კლასიკური ნაწარმოებების აუდიოვერსიასაც მოუსმინეს. წიგნის გატესტვის პროცესს "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის ქართულისა და ასევე, ინგლისური ენის მასწავლებლებიც ესწრებოდნენ და მოსწავლეებს რეაქციასა და შეფასებებს მოუთმენლად ელოდნენ. წიგნის არსში გარკვევის შემდეგ, თითოეული მათგანი ერთმანეთთან აღფრთოვანებას ვერ მალავდა: მაგარია!

დათო აფხაზავა, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლე: პირადად მე, 12 წელია ინგლისურ ენას ვსწავლობ, წიგნებს ინგლისურადაც ხშირად ვკითხულობ - შესაბამისად, კარგად ვიცი, რამდენად დიდია სხვაობა ნაწარმოების თარგმანსა და ორიგინალ ტექსტს შორის. "პალიტრა L"-ის წიგნს დეტალურად გავეცანი, ქართული და ინგლისური ტექსტიც ერთმანეთს შევადარე და გაოცებული ვარ იმით, რომ სიტყვები ერთმანეთს მაქსიმალურად ემთხვევა. მსგავსი ორენოვანი წიგნის გამოცემა ნიშნავს, რომ კლასიკის ორიგინალში კითხვისას სქელტანიანი ლექსიკონის ინტენსიური ფურცვლა არ მოგვიწევს და სასურველ კითხვაზე პასუხს ადგილზევე ვიპოვით. საინტერესოა ისიც, რომ აუდიოჩანაწერის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, ეს ინგლისური ენის სწორად გამოთქმაშიც მაქსიმალურად ხელს შეგვიწყობს.

ირაკლი წიქარიშვილი, მეათე კლასის მოსწავლე: არ ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მხოლოდ ჩვენ და ჩვენ თანატოლებს დაეხმარება ინგლისური ენის შესწავლაში. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქართულად და ინგლისურად კითხულობს, ამ ორენოვანი გამოცემის დახმარებით საერთაშორისო ენის შესწავლა მარტივად შეუძლია. მიხარია, რომ ინგლისური ენა ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე ამ ფორმატში გვეძლევა შანსი მსოფლიო კლასიკა ორიგინალში ვიკითხოთ.

"პალიტრა L"-ის ორენოვანი გამოცემა მნიშვნელოვან წამოწყებად შეაფასეს წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლებმაც. როგორც ინგლისური ენის პედაგოგმა, სოფო გურგენიძემ აღნიშნა, ადაპტირებული ტექსტის ნაცვლად ახალგაზრდებისთვის ორიგინალი ტექსტის მიწოდება ინგლისური ენის მაქსიმალურად დახვეწას შეუწყობს ხელს.

Rating

სოფო გურგენიძე, ინგლისური ენის პედაგოგი: ბუნებრივია, ადაპტირებულ ინგლისურ ტექსტსა და მსოფლიო კლასიკის ორიგინალ ნაწარმოებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. ერთი შეხედვით, შესაძლოა "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის" ორიგინალში წაკითხვა ვინმეს დიდ სირთულედ მოეჩვენოს, თუმცა როცა "პალიტრა ლ"-ის მიერ წარმოდგენილი წიგნი დავათვალიერე, მივხვდი, რომ სწავლით დაინტერესებული ადამაინებისთვის ეს სირთულე, ფაქტობრივად, მოხსნილია.
ტექსტის პარალელური თარგმანი თუნდაც ინგლისური ენის შდარებით დაბალ დონეზე მცოდნეებს ენის ათვისებაში მაქსიმალურად დაეხმარება - მათ არ მოუწევთ ცალკე დამხმარე წიგნების ძიება და სიტყვების დაოუკიდებლად თარგმნის საკმაოდ დამღლელი პროცესის გავლა. "პალიტრა ლ" ინგლისური ენის სწავლის მართლაც ინოვაციურ და რაც მთავარია, სასარგებლო მეთოდის გვთავაზობს - ვსწავლობთ ინგლისურს და პარალელურად, ვკითხულობთ მსოფლიო კლასიკას.

ირინა იაშვილი, ქართული ენის პედაგოგი: დღესაც დავრწმუინდით, რომ წიგნების ამ სერიის არსი ენობრივი თვალსაზრისით ახალგაზრდებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. რაც მთავარია, მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ ქართულად ნათარგმნი ტექსტი დედანს შეადარონ. დიდი ფუფუნებაა, როდესაც წინგს ორიგინალში კითხულობ და ნათარგკნი ტექსტიც იქვე მზა სახით გაქვს მოცემული. ეს მოხერხებულიცაა - ახალგაზრდები დროსა და ენერგიას მაქსიმალურად ზოგავენ. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა თაობა უკვე ეტანება უცხოენოვან ლიტერატურას, შესაბამისად, ეს პირველი სიტყვა იქნება მათთვის ამ საკმაოდ მნიშვნელოვან გზაზე.

პ.ს სერიის პირველი წიგნი 29 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS