- ნინო, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გამოჩნდი, დაბრუნდი მონასტრიდან?
- დავბრუნდი და პატარა სიურპრიზიც ჩამოვიტანე.
- განახლდება თქვენი რომანი, კვლავ აუჩქროლებ ლევან ყოჩიაშვილის გმირს გულს?
- სიმართლე გითხრათ,
- ვის შვილს ატარებს მუცლით ნათია?
- რა თქმა უნდა, დათოს შვილს.
- შენი გმირი ნამდვილ, ახალ სიყვარულს ხომ არ იპოვის?
- არ ვიცი... მე მგონი, მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდება.
- კარგი, სცენარისტებს დაველოდოთ, მანამდე ჩვენს ბლიცკითხვებზე გამეცი პასუხი. პირობები ასეთია: მე ვიწყებ წინადადებას, შენ - ამთავრებ...
- აბა, გისმენ.
- საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი...
- როგორც მსახიობს, უფრო მაღალი ანაზღაურება მექნებოდა. ვიცი, რომ ჩემს პროფესიას არასდროს ვუღალატებდი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და დიდი სიამოვნებით ვასრულებ მას საქართველოში. უბრალოდ, იმ ფაქტში, რომ საქართველოში ხელოვანი ადამიანის შრომა შესაბამისად არ ფასდება, ვერავინ შემედავება. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, დღეს ყველა ქართველი მსახიობი ამაზე წუწუნებს.
- ჩემს დაბადებას...
- ძალიან ელოდა ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, გრიგოლ ქსოვრელი, მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი, სწორედ მან დამარქვა თავისი მეუღლის სახელი - ნინო. იმ მომენტში, როცა დავიბადე, ბაბუაჩემი ედუარდ შევარდნაძესა და იმდროინდელ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ქეიფობდა. დაურეკეს და შვილიშვილის დაბადება ახარეს. გახარებულმა გრიშამ სუფრაზე დაბრუნებისთანავე ყველას ფეხზე წამოდგომა მოსთხოვა, ჭიქა ააწევინა და მხოლოდ ამის შემდეგ ხმამაღლა გამოაცხადა, ცუნცულა შემეძინაო. სულ ამბობდა, ნინო სასახელო გოგო გაიზრდებაო.
- არასდროს ვსწავლობდი...
- საერთოდ, ძალიან კარგად ვსწავლობდი. სპორტი და ფიზკულტურა არ მიყვარდა, მაგრამ რასაც ტვინი სჭირდება, ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვეუფლებოდი, ქიმიას თუ არ ჩავთვლით.
- კოსმეტიკა რომ არ არსებობდეს...
- უფრო გულდასმით მოვუვლიდი სახის კანს.
- არ გავდივარ სახლიდან, თუ...
- ''ხალათის დღე'' მაქვს. ეს ჩემი გამოგონილი ტერმინია, რომელიც ჩემმა მეგობრებმა კარგად აიტაცეს. ეს არის დღე, როცა მხოლოდ ფუმფულა და რბილი ხალათი მაცვია. ამ დღეს ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ, ხელში მიჭირავს დიდი ჭიქა, რომელშიც სულ მისხია ან ცხელი ჩაი, ან რძიანი ყავა და ბომბიც რომ აფეთქდეს, გარეთ არ გავდივარ. არანაირი ივენთი, ღონისძიება, ვინმეს ხათრი... მოკლედ, არანაირი მიზეზი ამ დღეს ჩემზე არ ჭრის.
- სიამოვნებით ვიცეკვებდი...
- საერთოდ, მიყვარს ცეკვა და იყო დრო, როცა სცენაზეც ძალიან აქტიურად ვცეკვავდი. ახლა - მხოლოდ მეგობრების წრეში. ისე, ყველანაირი ცეკვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- ყოველთვის ვარიდებ თვალს...
- ცხოველებზე ან ბავშვებზე გადაღებულ საზარელ კადრებს. ცხოვრებაში თუ ვხედავ, რომ ცხოველს რაღაც სჭირს, გიჟივით გავრბივარ იმ ადგილიდან. ძალიან ცუდად მხდის ასეთი სანახაობა. ბავშვების შემთხვევაში კიდევ ვაძალებ თავს და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოვუჩინო... ზრდასრული ადამიანების მიმართ ასეთი მგრძნობიარე არ ვარ, ასეთ შემთხვევაში უფრო მობილიზებულად ვახერხებ მოქმედებას.
- ვცდილობ, არ მოვისმინო...
- ზედმეტი ნეგატიური პოლიტიკური ინფორმაცია. ვფიქრობ, ყოველდღიურად საჭიროზე მეტ პოლიტიკურ ინფორმაციას ვიღებთ და ამის გამო დრო არ გვრჩება, უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს მივაქციოთ ყურადღება, მაგალითად, პირად ურთიერთობებს, საკუთარი საქმიანობის ხარისხს, კულტურას და ა.შ.
- ვერ ვიტან ზედმეტად მოწესრიგებულ...
- ზედმეტად მოწესრიგებულს ვერაფერს ვიტან. პატარა შემოქმედებითი ქაოსი ყოველთვის უკეთეს ხასიათზე მაყენებს.
- სრული კომფორტისთვის მჭირდება...
- საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც არაფრით არ შეუძლია დისკომფორტში ყოფნა. ვერაფრით ვხვდები, როგორ ისვენებენ კარავში ან საძილე ტომრებში... იქ, სადაც კომფორტი არ არის, მე უბრალოდ ვიტანჯები. ყოველთვის და ყველგან ვცდილობ, შევიქმნა კომფორტული სიტუაცია და ყველგან ვითხოვ კომფორტულ პირობებს: ურთიერთობებში, სახლში, სამსახურში, მგზავრობისას... რა ვიცი, ყველგან....
- არ მომწონს, როცა მამაკაცი...
- არ არის ჯენტლმენი. ვაფასებ მამაკაცებს, რომლებმაც ნამდვილად იციან, რას ნიშნავს ქალთან სწორად მოქცევა.
- კაცი რომ ვიყო...
- სულაც არ მინდა, კაცი რომ ვიყო... მით უმეტეს ახლა, 21-ე საუკუნეში. ვფიქრობ, რომ კაცს არანაირი განსაკუთრებული უპირატესობა აღარ აქვს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''