03 ოქტომბერი, 2013
ქალი, რომელმაც ბენდუქიძე გააქცია
ჩემს მეუღლეს წლები დასჭირდა გაეთავისებინა, რომ ჟურნალისტიკა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და დიდი სიყვარულია უკვე თორმეტი წელია ''პალიტრა მედიაში'' მუშაობს, მაგრამ მთელმა საქართველომ რამდენიმე თვის წინ კახა ბენდუქიძესთან ჩაწერილი ინტერვიუთი გაიცნო. მაშინ ''პალიტრა ტივის'' ეთერში ''ემას შოუ'' ახალი დაწყებული გახლდათ. ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც ჟურნალისტმა ბენდუქიძეს დაუსვა, ბატონმა კახამ მისთვის დამახასიათებელი უცენზურობით უპასუხა. ემა აღმოჩნდა ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც კახა ბენდუქიძეს მისი ტონის შესაბამისად დაუბრუნა პასუხი, რაზეც ყოფილ ჩინოვნიკს მძიმე რეაქცია ჰქონდა, მიკროფონი მოიგლიჯა და სტუდია დატოვა.
სკანდალური იყო ემას გადაცემა მაშინდელ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან. ინტერვიუში ნათქვამი მინისტრის ფრაზა - ''პლასტელინივით ვარ, სადაც მიაგდებ, იმ ფორმას ვიღებ'' - მარგველაშვილს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში გაუხსენეს. წარმატებული სატელევიზიო გადაცემების გარდა, ემა ტუხიაშვილს პრესაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. როგორ დაიწყო სატელევიზიო კარიერა მეათე კლასში, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

- ბავშვობიდან ვოცნებობდი ტელეჟურნალისტობაზე. სახლში გვქონდა ჯოხი, რომელიც საბჭოთადროინდელი დიქტორების მიკროფონს ჰგავდა. დავიჭერდი ხელში და გადაცემები მიმყავდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს აუსრულებელი ოცნება იყო. მეათე კლასში ვიყავი, როცა, მასწავლებლების სიყვარულის წყალობით, ''კავეენში'' მოვხვდი. ძალიან მარტივი როლი მქონდა. დასასრულს სცენაზე უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა: ''მოიცათ, მოიცათ, სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას'' . ეს ერთი ფრაზა ისეთი ემოციით ვთქვი, რომ პუბლიკამ მქუხარე ტაშით მიპასუხა. ამ შემთხვევის შემდეგ ''კავეენზე'' ყველა მთავარი როლი მე მქონდა. მალე სკოლის დირექტორის კაბინეტში დამიბარეს, სადაც უცხო ადამიანები დამხვდნენ და მითხრეს, რომ საყმაწვილო გადაცემაში წამყვანად დამამტკიცეს. შოკში ჩავვარდი. გადაცემა კასპის ტელევიზიაში გადიოდა (იცინის). შემდეგ საყმაწვილო გადაცემები შეწყდა, მაგრამ ხელმძღვანელობას იმდენად მოვწონდი, რომ დამტოვეს და სხვადასხვა თემაზე განცხადებებს ვკითხულობდი. მათ შორის ნეკროლოგებსაც (იცინის). სკოლის შემდეგ გავივლიდი ტელევიზიაში და გადაცემას ვწერდი, რომ საღამოს ეთერში გასულიყო. ქუჩაში ხალხი მცნობდა. ტელევიზიის დირექტორს რომ ხვდებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ტელევიზიას ჩემ გამო უყურებდნენ. მაშინ დავიჯერე, რომ ოცნებები სრულდებოდა. რა ვიცოდი, რომ 35 წლის ასაკში უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა!..
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება ალბათ მაშინ გადაწყვიტე...
- ძალიან კარგი ფიზიკის მასწავლებელი მყავდა, ელზა დაბრუნდაშვილი. იცოდა, რომ ჩემგან ფიზიკოსი არ გამოვიდოდა და გაკვეთილზე თავისუფალ თემებს მაწერინებდა. რეალურად მან დაინახა ჩემი ნიჭი. მაშინ არც ვიცოდი, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად თავისუფალი თემების წერა დამჭირდებოდა. რაიონულ გაზეთში პატრიოტულ თემაზე წერილებს ვაქვეყნებდი. მახსოვს, ჰონორარი იმდენი კუპონი მომცეს, ერთი ჩანთა გავავსე. სერიოზული შოპინგი მოვიწყვე. სამკაულები, ტანსაცმელი ვიყიდე. სკოლის დამთავრების პირველივე წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მოვეწყვე. მანამდე სამი თვე ოთახში ჩავიკეტე და ჩემით ვემზადებოდი. ერთადერთი, რაშიც მშობლებმა მომამზადეს, იყო ფრანგული ენა და უმაღლესი შეფასება, ათი ქულა მივიღე.
- სტუდენტობის პარალელურად მუშაობდი?
- ცოტა ხანს ''პირველ არხზე'' შემოქმედებით გაერთიანება ''კავკასიაში'' ვმუშაობდი, პატარა სიუჟეტები მქონდა, მაგრამ საკუთარი თავი ვერ ვიპოვე და მალე წამოვედი. შემდეგ გავთხოვდი და შვილი შემეძინა. ამას ჩემს სწავლაზე არ უმოქმედია. დღე-დღეზე სამშობიარო ვიყავი და წიგნები მეჭირა ხელში. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, მაგრამ შემდეგ ორი წელი ანას მივუძღვენი. გადარეული დედა აღმოვჩნდი. თვითონ ვზრდიდი ბავშვს. შემდეგ დავიწყე ფიქრი, სად შეიძლებოდა მუშაობის დაწყება. ერთ დღეს მეზობელი შემოვიდა და ჟურნალი ''გზა'' შემომიტანა, სადაც ჟურნალისტებზე ვაკანსია იყო გამოცხადებული. ეს იყო 2001 წელს.
- პირველივე გასაუბრებაზე აგიყვანეს?
- არა, მომისმინეს და დავალება მომცეს, რომ რამე მასალა მომემზადებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ინტერვიუ იზა გიგოშვილთან ჩამეწერა. ეს იყო უკანასკნელი ინტერვიუ და ძალიან მალე ქალბატონი იზა გარდაიცვალა. ამ თორმეტი წლის განმავლობაში, რაც ''კვირის პალიტრის'' ჰოლდინგში ვმუშაობ, ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი ჟურნალისტური ფეიერვერკი. ჯერ კიდევ ჟურნალ ''გზაში'' ვმუშაობდი, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩავწერე, როგორ იცავდნენ ედუარდ შევარდნაძეს. ის ისეთ დეტალებს მომიყვა, რომლის შესახებ მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა.
- შეგიძლია, ერთი დეტალი გაიხსენო?
- ერთხელ შევარდნაძე ნათესავის პანაშვიდზე მივიდა. დაცვა პერიმეტრს აკონტროლებდა. უცებ ერთ-ერთი სახლის სხვენზე საეჭვო მოძრაობები შენიშნეს და სნაიპერს უკვე მიზანში ჰყავდა მსხვერპლი ამოღებული, თუმცა დაცვამ მაინც ადგილზე შემოწმება გადაწყვიტა. სხვენზე რომ ავიდნენ, ნახეს, რომ ბავშვები სათამაშო თოფებით თამაშობდნენ. მაშინ წამებმა გადაწყვიტა ყველაფერი. ჟურნალის გამოსვლის დღეს რედაქციაში დარეკეს, სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩემგან ითხოვდა, რომ წყარო დამესახელებინა, რაზეც, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. იმ პერიოდში ერთადერთი ჩემი შვილის კეთილდღეობის მეშინოდა. მახსოვს, ზაფხული იყო, მაგრამ ღამე ფანჯრებს ვკეტავდი. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ჩემი შეშინება გადაეწყვიტათ, ოღონდ კი ჩემი ინფორმატორი გამეცა.
კიდევ ერთი მასალა, რომელიც, ჩემი აზრით, ასევე ფეიერვერკი აღმოჩნდა, იყო ჩემი შეპარვა გორის ჰოსპიტალში. 2011 წელს გავიგე, რომ ავღანეთში მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც უხელფეხოდ დარჩნენ, გორის ჰოსპიტალში იწვნენ და მათი პროთეზირება გვიანდებოდა. მაშინ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო.
- როგორ მოხვდი ჰოსპიტალში?
- ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან მქონდა და ვინც მითხრა, იმ ადამიანს ვთხოვე, რომ ჰოსპიტალში შევეპარებინე. გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ვერ შემაპარა. მაინც არ მოვისვენე, ერთ-ერთი ექიმის სახელი და გვარი ვკითხე და მარტო წავედი გორში. მისაღებიდან დავურეკე ექიმს და ვთხოვე, ჩემზე საშვი დაეშვა, რადგან ჩემი ჯანმრთელობის პრობლემას მხოლოდ ის მოაგვარებდა. შემიშვა... როგორც კი ჰოსპიტალში შევაღწიე, ავღანეთიდან დაბრუნებული დაჭრილი ჯარისკაცების ძებნა დავიწყე.
თუმცა ამ ამბავს ერთი საინტერესო ისტორია უძღვოდა წინ. მასალის მოსამზადებლად სოციალური ქსელის საშუალებით ავღანეთში ნამყოფ ყველა ჯარისკაცს ვეძებდი, რომლებსაც ამ დაჭრილ ბიჭებზე ინფორმაცია ექნებოდათ. ყველა უარს მეუბნებოდა და ერთადერთი, ვინც დამელაპარაკა, იყო მორის საბაშვილი. ეს ადამიანი ავღანეთში გახლდათ ნაომარი, მაგრამ ჟურნალისტის პროფესიას ცუდად უყურებდა, მწერდა, რომ ჩვენ მხოლოდ სენსაცია გვაინტერესებდა. ბოლოს ვიჩხუბეთ და ჩვენი საუბარი ასე შეწყდა.
გავიდა დრო... მე უკვე გორის ჰოსპიტალში ვარ. დერეფანში... სანიტარს ვკითხე, სად იწვნენ ავღანეთში დაჭრილი ბიჭები და ერთ-ერთ კარზე დავაკაკუნე. პალატაში შევედი და შოკში ჩავვარდი. იქ დამხვდა კაპიტანი ალუდა სეთურიძე, რომელიც ფოტოებიდან ვიცანი. ის ჯარისკაცი გახლდათ, ანჯელინა ჯოლიმ დაჭრილი რომ მოინახულა. მას არც ერთი ქვედა კიდური არ ჰქონდა და ხელებზეც თითები აკლდა. დიდხანს ვისაუბრეთ, ყველაფერს მომიყვა. არც ერთი წამით არ ნანობდა მომხდარს და იმედი ჰქონდა, რომ მისი პროთეზირება დროულად მოხერხდებოდა. ბოლოს ჩემი და ვინმე მორის საბაშვილის ნაცნობობის შესახებ მოვუყევი, თან ვტიროდი... ვუთხარი, როგორ ვიკამათეთ. ალუდა გაოგნდა... მითხრა, მორისი ჩემ გვერდით პალატაში წევს და ის ჩვენ შორის ყველაზე მძიმედ არის დაჭრილი, მას არც ერთი ფეხი და ერთი ხელი არ აქვსო. გავგიჟდი, ადამიანი, რომელსაც ''ფეისბუქით'' ველაპარაკებოდი ამდენ ხანს, თვითონ აღმოჩნდა ის, ვისაც ვეძებდი...
ალუდამ დაურეკა, შემოდიო და პალატაში ეტლით შემოიყვანეს. არ ვიცი, ეტყობა, ძალიან ძლიერი ვარ, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს. ალუდამ ჩემზე ჰკითხა, იცანიო? - ვერ მიცნო, რომ გაიგო, ვინ ვიყავი, გადაირია, როგორ მომაგენიო. ეს ემოცია ცხოვრებაში არ დამავიწყდება. სასწაული ინფორმაცია მოვისმინე, რომ მას ჰყავდა შეყვარებული, რომელიც ყოველდღე აკითხავდა.
იმავე დღეს ჩავწერე ექიმები, რატომ გვიანდებოდა მათი პროთეზირება. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, შეიძლება, ეს მართლა დაგეგმილი იყო, მაგრამ ამ მასალის შემდეგ ისინი ძალიან მალე წავიდნენ პროთეზირებაზე და დღეს ყველა მათგანს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მორის საბაშვილმა კი თავის შეყვარებულ თაკოზე იქორწინა და ჩემი ბოლო ინტერვიუ, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათთან ჩავწერე. მასალას ასე დავარქვი: ''როდესაც სიყვარულს ხელ-ფეხი არ სჭირდება'' .
- გადაცემა ''ემას შოუ'' როგორ გაკეთდა?
- ''პალიტრა ტივის'' ეთერში ხანდახან გიორგი კალანდაძეს გადაცემა ''საქმეში'' ვანაცვლებდი. ერთ დღეს დიანა ტრაპაიძემ გადაცემა ''პრეს-პრესში'' მიმიწვია. სტუმრად ცეზარ ჩოჩელი ჰყავდათ. ძალიან მწვავე კითხვები დავსვი. თურმე პარალელურად ''პალიტრა ტივიში'' გადაცემისთვის წამყვან ქალბატონს ეძებდნენ, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში კარგად ერკვეოდა და თან სექსუალურიც იქნებოდა. სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც ტელევიზიის შექმნაზე მუშაობდნენ, ნახეს ''პრეს-პრესი'' და თქვეს, რატომ ვეძებთ სხვაგან კადრს, ეს გოგო აქ ყოფილაო. მეორე დღეს დამიბარეს და პილოტის ჩაწერა მთხოვეს. პირველი სტუმარი ჯაბა სამუშია გახლდათ. მოეწონათ და ასე შეიქმნა ''ემას შოუ'' .
Rating
- შენი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებზე ვისაუბრეთ, არაფერი მიკითხავს პირადზე. შენი პირადი ისეთივე სკანდალურია, როგორიც ხშირად შენი ეთერი აღმოჩნდება ხოლმე?
- არა, პირადი ცხოვრება საკმაოდ დალაგებული მაქვს. ვარ კარგი დიასახლისი, კულინარი და დედა. ორი შვილი მყავს, გოგონა და ვაჟი. ჩემმა კოლეგებმა იციან, მედიატურებზე ხშირად იმიტომ ვამბობ უარს, რომ უქმეები ოჯახში გავატარო. მეუღლე, გია გელოვანი, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ერთმანეთი სტუდენტობის დროს გავიცანით. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო და სახალისო ისტორიაა (იცინის). ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად ძველი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამოვიარე. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. უცებ ერთ-ერთი იტალიური ეზოდან მუსიკის ხმა შემოგვესმა. გოგონებმა თქვეს, ეს გია იქნება, ალბათ თავის მანქანაში ზის და მუსიკას უსმენსო. ისინი გიას იცნობდნენ, მე - ჯერ არა. მთხოვეს, გამეშაყირებინა, თვითონ კი დაიმალნენ. მივედი და მანქანის მინაზე დავუკაკუნე. გადმოვიდა, გაოცებული მიყურებდა. ვუთხარი, გია, შენ არ იცი, რა პრობლემა მაქვს, მშობლებს ვეჩხუბე, არსად წასასვლელი არ მაქვს და ამაღამ შენთან დავრჩები-მეთქი. გაოგნდა (იცინის). რა თქმა უნდა, იმ ღამეს მასთან არ დავრჩენილვარ, მაგრამ იმ დღიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დავქორწინდით.
Rating
- თქვენს ურთიერთობას სირთულეები თუ ახლდა? დამეთანხმები, რთულია, იყო ჟურნალისტის მეორე ნახევარი.
- მე და გიას დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა პრობლემა. ჩვენს ცხოვრებაში იყო ძალიან რთული პერიოდიც, როცა ერთი წელი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მერე მივხვდით, რომ ასე გაგრძელება არ შეგვეძლო. ადრე ვფიქრობდი, რომ ჩვენს დაშორებას სხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ახლა ჩემს ახალგათხოვილ კოლეგებს რომ ვუყურებ, ვხვდები, ძალიან ძნელია, იყო კარგი ჟურნალისტი და ამავე დროს კარგი მეუღლე. ჩემს მეუღლეს წლები დასჭირდა გაეთავისებინა, რომ ჟურნალისტიკა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და დიდი სიყვარულია. სამაგიეროდ, ახლა ამაყობს, რომ ემა ტუხიაშვილი მისი მეუღლეა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნინო
ამ უსახელო აუუ და მეე-ბის ვერ გავიგე, სახელი მაინც არ გაგაჩნიათ, დიახაც არის კარგი ჟურნალისტი, ნეტა თქვენ ვინ ხართ? წარმატებებს გისურვებ ემა.
11:10 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დარეჯან
გილოცავთ, თქვენ ეტყობა პირველ რიგში შესანიშნავი ადამიანი ხართ, შემდგომ რა თქმა უნდა კარგი ჟურნალისტი, წარმატებებს გისურვებთ :)
00:27 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიმერი
ემა გილოცავ და გისურვებ ისეთ წარმატებას, რომელიც ქართულ ჟურნალისტიკას არ ახსოვს. შენ ამას იმსახურებ. მე ხომ ვიცი როგორი თავდაუზოგავი შრომის ფასად მოაღწიე აქამდე. ასე გააგრძელე ჩემო გოგო. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და ვამაყობთ შენით. უდიდეს ბედნიერებას გისურვებ შენს ლამაზ და საყვარელ ოჯახთან ერთად.
21:16 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
ემა გილოცავ წარმატებებს და გისურვებ კიდე უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას ,ძალიამ გვიყვარხარ და გვეამაყები
20:20 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კიდევ რამდენჯერ მოვისმენთ ერთიდაიგივეს/?
14:51 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS