30 სექტემბერი, 2013
მეოთხედი საუკუნე ერთად - ანუ ლეგენდად ქცეული სინამდვილე...
მარიამობა დილით, გამთენიისას, ბელა იღვიძებს და კახის სთხოვს, ლოგინში წამოაჯინოს. და ამბობს საოცარ სიტყვებს მათ 26 წელი იცხოვრეს ერთად. მანამდე ორივემ განსხვავებული გზა გაიარა. ქალი კაცზე სამი წლით უმცროსი იყო და თავიდანვე წარმატებით დაიწყო სვლა თავის პროფესიაში, კაცს კი ამ მხრივ გვიან გაუმართლა... თუმცა ცხოვრებამ ისე ინება, რომ ქალის მშვენიერი სახე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მხატვრული ფილმების წყალობით შემოგვრჩა, კაცი კი სხვადასხვა წელს 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. რაც შეეხება თეატრს, ორივე
ერთი - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, თუმცა მანამდე, თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში, ერთ ''მშვენიერ დღეს'' შეხვდნენ ერთმანეთს...
კაცი ჩვეული რიხითა და იუმორით გამახსოვრდება, ქალი - ნატიფი სხეულით, სინაზით, შუქით სავსე და იმავდროულად მელანქოლიური მზერით... თუმცა მისი გარემოცვა საპირისპიროს ამტკიცებს, ამბობენ, შინაგანად საკმაოდ ძლიერი ქალი იყოო. მას განუმეორებელი სცენური და ეკრანული ხიბლი ჰქონდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობის პროფესიაში... მოდა

შესავლის მაგიერ...

კახი კავსაძეს ჯერ ცნობილი ლოტბარის, სანდრო კავსაძის შვილიშვილად მოიხსენიებდნენ, შემდეგ მის ბიოგრაფიაში მამამისის, დათაშკას სახელი ფიგურირებდა; მას შემდეგ, რაც კახი კინოსა და თეატრში გამოჩნდა, უკვე მისი როლები ამახსოვრდებოდათ. იყო კიდევ ერთი რამ, რამაც ამ ადამიანისადმი პატივისცემა საზოგადოებაში ერთი-ორად გაზარდა. სიყვარული ქალისადმი, ანუ ბელა მირიანაშვილთან ურთიერთობა. დღეს ამ ორი ადამიანის სახელი ისეა გაერთიანებული, რომ თუ ერთს ახსენებ, მაშინვე გონებაში მეორე ამოტივტივდება და პირიქით. ხშირად გვსმენია, კახი კარგი ქმარი იყოო, ავადმყოფ ცოლს ხელით დაატარებდა, ბავშვებს უვლიდა, ჭურჭელს რეცხავდა და გამუდმებით ახალი წამლის ძიებაში იყო, რომ ცოლისთვის ფიზიკური ტკივილი და ყოფა შეემსუბუქებინაო. მაგრამ თვითონ ამ შეფასებაზე ღიზიანდება და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავად ბელა იყო არაჩვეულებრივი და მის საქციელში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.

კახი

კახი კავსაძე ცნობილი მომღერლების, კავსაძეების შთამომავალია და თავადაც შესანიშნავად მღერის. ბაბუამისმა სანდრო კავსაძემ სალოტბარო ტექნიკა და ნოტები სიმონ გოგლიჩიძისგან ისწავლა. შემდეგში ქართულ სიმღერას გორის სასულიერო სემინარიაშიც ეუფლებოდა და იქვე ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი, რომელშიც სოსო ჯუღაშვილი, იგივე სტალინიც მღეროდა. სანდრო კავსაძე სიმღერისა და ცეკვის პირველი პროფესიონალური ანსამბლის დამაარსებლად მიიჩნევა.
მამა - დავით, იგივე დათაშკა კავსაძე, 14 წლიდან ლოტბარობდა ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს. თბილისის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩაირიცხა. წლების განმავლობაში არაერთ გუნდს ხელმძღვანელობდა და მუსიკისადმი სიყვარულს უღვივებდა თავის ორ შვილს: კახისა და იმერს.
კავსაძეები ვორონცოვზე ცხოვრობდნენ. იმავე სახლში ცხოვრობდნენ აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, თამარ ჭავჭავაძე, ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, ალიო მირცხულავა და სხვები.
კახი ექვსი წლის გახლდათ, მამა მეორე მსოფლიო ომში რომ გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდა, მაგრამ იქვე სიმღერისადმი სიყვარულმა საოცარი გზა აპოვნინა - ქართველ ტყვეთა შორის მომღერლები შეკრიბა და ეთნოგრაფიულ გუნდს ხელმძღვანელობდა.
1946 წლის ზამთარში შეატყობინეს, რომ მამა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. ცოლ-შვილი სადგურზე ელოდა. დათაშკა გზაში აუყვანიათ და არ დასცალდა ოჯახის მონახულება. საბჭოთა ხელისუფლების ბრალდების მიხედვით, ის სამშობლოს მოღალატედ ჩათვალეს.
მას შემდეგ მამა სულ ორჯერ ნახა - ''კა-გე-ბეში'' და ორთაჭალის ციხეში. ამით ამოიწურა მასთან ურთიერთობა...
ერთ დღესაც ციხეში ''პერედაჩი'' აღარ მიიღეს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მამა ციმბირში გადაასახლეს. რეპრესირებულის ოჯახში ბევრი ვერ ბედავდა მისვლას, დახმარებას, თანადგომასა და ელემენტარულად სტუმრობასაც კი. მაშინ ''მოღალატეების'' ოჯახებს შუა აზიაში ასახლებდნენ. დათაშკას ოჯახი გადასახლებიდან კანდიდ ჩარკვიანმა იხსნა, რომელიც მაშინ ''ცეკას'' პირველი მდივანი გახლდათ.
მას შემდეგ მთელი ბავშვობა ასეთია: ის, ძმა და დედა... დედა, თამარ ცაგარეიშვილი (კაკალა), ექიმი იყო, კარგად ხატავდა, მაგრამ ვერც იმ და ვერც შემდგომ წლებში ვერ შეძლო, ამ საქმიანობისთვის დრო გამოეყო. კახი ფორტეპიანოზე უკრავდა, იმერი – ვიოლინოზე. მარტოხელა ქალს უჭირდა ორი ბიჭის მოვლა და ლუკმა-პურზე ზრუნვა. იყო ასეთი ფაქტიც, როცა ძმებს სკოლის ფორმა არ ჰქონდათ, დათაშკას ჩოხის დაჭრა გადაწყდა და იქიდან ბიჭებს როგორღაც გამოუყვანეს სკოლისთვის შესაფერი სამოსი.
ერთადერთხელ შეძლო დედამ მეუღლის - დათაშკას ციმბირში მონახულება. მას შემდეგ აღარ უნახავს, კაცი იქვე გარდაიცვალა. 16 წლის შემდეგ, როდესაც ლოგინს მიჯაჭვული თამარი სიკვდილს ებრძოდა, უკანასკნელ სიტყვად ქმრის სახელი წარმოთქვა...
მუსიკისადმი სიყვარული კახის მთელ ცხოვრებას გასდევდა, მაგრამ პროფესიული არჩევანის დროს ''ვითარება'' შეიცვალა. კახი კავსაძე შემთხვევით მოხვდა თეატრალურ ინსტიტუტში, უფრო სწორად, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ფილმში - ''ისინი ჩამოვიდნენ მთიდან'' ვეფხია ხალიბაურის როლზე მიიწვიეს. ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას მდინარეში გადახტა და ნეკნები ჩაილეწა. სერიოზული ტრავმა მიიღო. ექვსი თვე მკურნალობდნენ და მომჯობინდა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა მსახიობობა.

ბელა

ბელა მირიანაშვილი თბილისში 1938 წლის პირველ აპრილს დაიბადა. მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა, უმაღლესი განათლება კი თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე მიიღო. ჯერ კიდევ სტუდენტი კინოში სათამაშოდ მიიწვიეს, ხოლო მეოთხე კურსიდან უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობების გვერდით იდგა, ამავე თეატრის სცენაზე სპექტაკლებში აკავებდნენ.
ბელას წინაპრებში რამდენიმე მსახიობი ერია: მაგალითად, მამის შალვა მირიანაშვილის მშობლები ლევან მირიანაშვილი და მარო მდივანი ლადო მესხიშვილის დასის წევრები იყვნენ. ლევანის და, მარიამ მირიანაშვილი- თუმანიშვილისა, მიხაი ზიჩის მიერ დასურათებულ ''ვეფხისტყაოსანში'' ფატმანის სახე იყო. დედის მხრიდან კი ბელას წინაპრებში 8 გენერალი ჰყავდა. ბელას დედის, ვარვარა მუსხელიშვილის მამა, გენერალი იაკობ მუსხელიშვილი, ბათუმის ციხესიმაგრის არტილერიის კომანდორი გახლდათ. ხოლო ვარვარას დედას - ნინო ზაგიუსს, წარმოშობით ფრანგ ქალს, დიდი წვლილი მიუძღვის შვილიშვილის ბელა მირიანაშვილის აღზრდაში.
ქალი სრულყოფილება - ასე იხსენებს ბევრი მისი თანამედროვე. ჰოდა, სწორედ ეს მანდილოსანი კახიმ მესამე კურსზე სწავლისას დერეფანში შენიშნა. მაშინ ბელა პირველკურსელი იყო. იდგა, იცინოდა და გურანდა გაბუნიას ესაუბრებოდა. ერთი ნახვით შეყვარება სწორედ ამას ჰქვია - მაშინვე მოიხიბლა და ქალზე ფიქრმა შეიპყრო. იმის მაგივრად, რომ ბელასთან დაახლოება ეცადა, პირიქით იქცეოდა, გაურბოდა, ერიდებოდა და, ასე ვთქვათ, ''შორით ეტრფოდა'' .
კახი კავსაძემ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. თავიდან მთავარი როლები არ ჰქონია, ეპიზოდებში აკავებდნენ.
იმავე პერიოდში რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის რეჟისორობით იდგმებოდა სპექტაკლები. მას თავისი რჩეული გუნდი ჰყავდა და მათ შორის ახალგაზრდა ბელაც ერია. მსახიობი ქალი უკვე წარმატებული იყო როგორც თეატრში, ისე კინოში. ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში ის რეჟისორმა შოთა მანაგაძემ ''საბუდარელ ჭაბუკში'' მთავარ როლში გადაიღო, 1958 წელს დავით რონდელის ''მამლუქში'' ეპიზოდური როლით გამოჩნდა. 1959 წელს სიკო დოლიძის ფილმში ''დღე უკანასკნელი, დღე პირველი'' ბელამ სერგო ზაქარიაძეს გაუწია პარტნიორობა. ამას 1961 წლის ლევან ხოტივარის ფილმი ''უდიპლომო სასიძო'' მოჰყვა და ა.შ.
თეატრში ერთმანეთს ისე ხვდებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი კოლეგები.კახი ისევ დუმდა, მაგრამ ბოლოს როგორღაც წლობით ნაგროვები სათქმელისთვის თავის მოყრა გადაწყვიტა და ქალს ''მიუახლოვდა'' ... მაინც არაფერი თქვა, ანუ გრძნობებზე არ ულაპარაკია, უბრალოდ დიდ ყურადღებას აქცევდა, გვერდიდან არ შორდებოდა, ერთი ადგილიდან მეორემდე აცილებდა.
მაშინ ბელას უკვე ჰყავდა შვილი - გოგონა, ნანუკა ხუსკივაძე. ბავშვის მამას კი გაშორებული იყო. თუ დროს ''დავითვლით'' , სანამ ბელა და კახი ერთად იქნებოდნენ, ანუ დერეფანში დანახვიდან თანაცხოვრების დაწყებამდე, 12 წელი გავიდა.
ბოლოს კახიმ ყოველგვარი სიყვარულის ახსნისა და სცენების გარეშე მეგობრების წრეში გამოაცხადა: ''გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლია'' და ბელაზე მიუთითა...
მაშინ ნანუკა წლინახევრის იყო. შეუღლდნენ ყოველგვარი ზედმეტი პომპეზურობის გარეშე. ეს ორი განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანი ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდა და საერთო შვილი - ირაკლიც გაჩნდა...
კახი საოცრად ემოციურია და ხმამაღალი ლაპარაკი უყვარს, თუმცა ცოლისთვის ხმა არ აუწევია. ბელა მშვიდი იყო, უთქმელი, ბევრს არ ლაპარაკობდა. იქნებ, სწორედ ამიტომაც იყო წყვილს შორის იდილია?! ისინი ერთმანეთს აბალანსებდნენ და სრული ჰარმონია ჰქონდათ.
ბელა მეორე შვილზე, ირაკლიზე იყო ფეხმძიმედ, როცა ვირუსი შეხვდა. სპექტაკლი დანიშნული იყო და მაღალი სიცხით მაინც ითამაშა ''ჭინჭრაქას'' ერთ-ერთ მორიგ წარმოდგენაში. მიხეილ თუმანიშვილის ამ სპექტაკლში გენიალურ არტისტთა შემადგენლობა იდგა სცენაზე: ჭინჭრაქას როლს კარლო საკანდელიძე ასრულებდა, მზიას - ბელა მირიანაშვილი; ლაშას როლი რეზო ჩხაიძეს ხვდა წილად. დიდმა მაესტრომ ტყის ბინადრების როლები ასე გადაანაწილა: მელა - მედეა ჩახავა, ტურა - ზინა კვერენჩხილაძე, დათვი - ეროსი მანჯგალაძე, მგელი - გოგი გეგეჭკორი. უკვდავების მზეთუნახავი სალომე ყანჩელი გახლდათ, ბაყბაყდევი - სერგო ზაქარიაძე, ქოსა მრჩეველი, ანუ ქოსიკო - რამაზ ჩხიკვაძე... მოკლედ, ეს იყო ქართულ თეატრში ერთ-ერთი გენიალური სპექტაკლი ასეთივე შემადგენლობით და სწორედ ამ დადგმით გაიხსნა რუსთაველის თეატრის შენობაში მცირე სცენა.
იმ წარმოდგენის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ავადმყოფობა გაურთულდა, თან ფილტვების ანთებაც დაერთო. ყველა ფიქრობდა, რომ მომჯობინდებოდა, მაგრამ მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა...
ირაკლი ჯანმრთელი დაიბადა. მის უფროს დასა და ბელას კახი უვლიდა.
ნანუკამ და ირაკლიმ მთელი ბავშვობა კულისებში გაატარეს და არავის გაჰკვირვებია, როცა მათაც მსახიობობა მოინდომეს. ნანუკას დედა სცენაზე თითქმის არ ახსოვს, რადგან ის უკვე ავადმყოფობდა და იშვიათად ჩნდებოდა თეატრში. უფრო მეტად კახის უყურებდა, ანუ მამინაცვალს, რომელსაც ''კახო'' შეარქვა და დღემდე ასე ეძახის. ნანუკას მშობლები ადრე გაიყარნენ, მაგრამ მას მამასთან ურთიერთობის დეფიციტი არ ჰქონია. იუზა ხუსკივაძეს ბელას შემდეგ ცოლი არ შეურთავს, ასე რომ, ნანუკას მხოლოდ დედის მხრიდან ჰყავს ერთი დედმამიშვილი.
1986 წლიდან დღემდე ნანუკა რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს. რამდენიმე წელი ირაკლიც ამავე თეატრში მუშაობდა, მაგრამ 2000 წელს ამერიკაში გაემგზავრა და იქ დარჩა. პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, მამას, მეგობრებს, ახლობლებს ნახულობს. კახიც ჩადის ხოლმე მასთან... ახლა ირაკლი ''სინეტიკ თეატრში'' მუშაობს და ოჯახთან ერთად ცხოვრობს. დღესდღეობით ეს თეატრი ამერიკის ათ საუკეთესო თეატრს შორის მოიხსენიება.

ისევ კახი და ბელა...

თანაცხოვრების 26-დან 23 წელი ქალი ავადმყოფობდა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე ბოლო პერიოდი გამოდგა. არ წუწუნებდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, მაგრამ ძველებურად ენერგიული რომ ვეღარ იყო, ამას ყველა ხედავდა.
1992 წლის აგვისტო ილეოდა. კახი მოსკოვში იყო გადაღებებზე. 25 აგვისტოს სატელეფონო საუბარში ბელა მეუღლეს თავისთან უხმობს და ჩამოსვლას სთხოვს. კახი გრძნობს, რომ აღსასრული ახლოა. კაცი მაშინვე თბილისში მოფრინავს და მეორე დღეს უკვე ერთად ატარებენ, მაგრამ... მარიამობა დილით, გამთენიისას, ბელა იღვიძებს და კახის სთხოვს, ლოგინში წამოაჯინოს. და ამბობს საოცარ სიტყვებს: ''მე ახლა ვგრძნობ სუბსტანციას, დამანებე თავი, ნუ მაწუხებ, ხელს ნუ მიშლი ნეტარებაში'' ...
ეს მისი უკანასკნელი ფრაზაა. ბელა მირიანაშვილი 54 წლის ასაკში 1992 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მარი
ვეთანხმები ზურას.ჯანმრთეელობა,დღეგრძელობა და დიდი მადლობა ბატონ კახის.
19:23 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კუსი
საოცრებაააა
18:39 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ესეტ სიყვარულს გაუმარჯოს,ეს მხოლოდ რჩეულტა ხვედრია.იქნებ ამის წაკიტხვის მერე მიხვდეს ერტი ადამიანი მაინც რომ ცხოვრება წამიერია და არ რირს ბოღმაში გატარება.გიყვარდეტ ერტმანეტი!
05:41 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბატუ
ტქვე დალოცვილებო ამისტანა ლამაზი სიყვარულის შესახებ წერა არ ჯობია ვიდრე ჭორების,ბოღმის და ერტმანეტის ლანძღვის მეტს რომ არაფერს ბეჭდავენ დღევანდელი ჟურნალ-გაზეტები?ტქვენც ისიამოვნეტ და ჩვენც გვასიამოვნეტ ეს უბედური მკიტხველები. რა დაგიშავეტ?დიდი მადლობა ქ-ნო ანა.
05:37 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
ქარტველებისთვის ორი საყვარელი ადამოანი
03:51 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
es sikvarulis xelovnebaa...
02:14 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ბელას სული.თქვენ კი ბატონო კახი გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს,რომ ბევრჯერ გაგეხარებინოთ ქართველი მაყურებელი.
20:34 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ნაბ.....რი ნინასა და სალომე გოგიაშვილის ყოველდღიური კაკან-ქოთქოთის კითხვას ყოველდღიურად ამათზე და ასეთებზე აკითხეთ საზოგადოებას. კუნძულებად ბელასა და კახისნაირებზე კი არ უნდა იყოს წერილები, ნინასა და სალომესნაირებზე, მაშინ იქნებით ჟურნალისტები და მართლა რეიტინგი. მოეშვით ამ "აზაბოჩენი" ქალ-კაცებს და ბელა-კახისნაირ ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ზ ე გველაპარაკეთ. ამჟამად მადლობა
19:06 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ეს მარადიული სიყვარულია. ასეთი სიყვარულისთვის ღირს თუნდაც ერთი დღე იცოცხლო ადამიანმა. ბელა და კახი უბედნიერესი ადამიანები არიან.
12:43 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
უსიყვარულოდ
ბელა დღესაც ცოცხალია... რადგან კახი დღესაც ბელას სიყვარულით ცოცხლობს
12:20 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS