- ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა და მაქვს. ბევრი წიგნი ჩავაბარე ბიბლიოთეკაში, რადგან სახლში ვერ ვატევდი.
- ვინმეს რჩევით წაიკითხეთ თუ საკუთარი არჩევანი იყო?
- არ მახსოვს, უბრალოდ, სულ მეუბნებოდნენ, რომ ბევრი უნდა მეკითხა და როცა ხელში წიგნი მეკავა, გარშემო ყველას უხაროდა. ეს დიდი დოზით ჩემი მხრიდან მეტიჩრობა იყო, პატარა ასაკში ასე წავიკითხე გოლზუორთისა და დრაიზერის ტომები. ახლა კი ვამბობ, რომ ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ის განმარტოება და წიგნის კითხვა თავის კვალს მაინც ტოვებს და დაკარგულ დროდ არ მიმაჩნია.
- ბევრი ამბობს, რომ წიგნის კითხვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი სკოლის მოსწავლეობისას ჰქონდა, ზოგიც სტუდენტობას ასახელებს...
- ჩემს შემთხვევაში ეს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი იყო. მიშა თუმანიშვილი გვეუბნებოდა, რომ ბევრი უნდა გვეკითხა და ასეც ვიქცეოდით. თან მაშინ კითხვა მოდაშიც იყო. ჟურნალში „ინასტრანნაია ლიტერატურა“ , რომელსაც „ინასტრანკას“ ვეძახდით, რომანები გაგრძელებებით იბეჭდებოდა. იმ ფურცლებს შემდეგ წიგნებად ვკინძავდით და ხელიდან ხელში გადადიოდა. ბატონი მიშა დაგვცინოდა კიდეც, თქვენ კი არ კითხულობთ, ნაგვის ყუთი გაქვთ თავშიო. ალბათ ნაწილობრივ მართალიც იყო, რადგან ათასგვარი ინფორმაციით გვეტენებოდა თავი და მერე ამაზე ვმსჯელობდით და ვლაპარაკობდით.
- ბატონი მიშას წიგნებსაც კითხულობდით?
- რა თქმა უნდა, მიშა თუმანიშვილის „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ სამაგიდო წიგნი გახლდათ და ასეთად დარჩება. ისევე, როგორც სტანისლავსკის „ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში“ . ეს წიგნები მსახიობებისა და რეჟისორებისათვის „დედა ენაა“ , გამრავლებისა და „მენდელეევის ტაბულა“ .
- წიგნების ჩუქების ტრადიცია...
- ჩემი ახალგაზრდობის დროს არ იყო. ამის კულტურა უფრო მეტად ბოლო წლებში გაჩნდა, რაც ძალიან მახარებს. წიგნი შესანიშნავი საჩუქარია, ფასითაც და ისედაც ძვირფასია. ჩემი შვილიდან გამომდინარე, თუ ვინმესთვის საჩუქრის გაკეთება გვინდა, დაბადების დღეზე ან სხვა დროს, წიგნებს ვყიდულობთ. ვფიქრობ, წიგნის ჩუქება მოდაშია და ამ თვალსაზრისით ჩვევაში გადასული მოდა ნამდვილად კარგი ფაქტია.
- როგორ შეაჩვიეთ თქვენი პატარა წიგნებს?
- ჯერ ცოტა ადრეა ვთქვა, რამდენად შეეჩვია წიგნებს. დღეს საბავშო წიგნები ვიზუალურად იმდენად მიმზიდველია, რომ ბავშვი ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დღეს ისეთი არჩევანია და წიგნები ისეა გაფორმებული, რომ მეც სიამოვნებით ვკითხულობ, ვათვალიერებ და მერე არის ჭიდაობა, მომეცი და მათხოვეო. ვნახოთ, მაკრინე შემდეგში რას იზამს. ახლა შვიდი წლის ხდება, მეორე კლასში გადავიდა.
- ბოლო ხანს ვის რა წიგნი აჩუქეთ და თავად რა მიიღეთ საჩუქრად?
- მეგობარს „უმანკოების მუზეუმი“ ვაჩუქე და ძალიან გაუხარდა. მე დათო ტურაშვილმა მაჩუქა სტივენ კინგის რომანი. ახლა ვკითხულობ და პირველად მივხვდი, რომ აუცილებელია ქინდლი. ამ წიგნმა გადამაწყვეტინა მისი შეძენა. ადრე ვწვები, რომ რომანი „უძილობა“ ვიკითხო, ტვინის შერყევას აცდენილი ვარ. თუ სადმე ნახავთ, გამიხსენებთ და დარწმუნდებით, ეს წიგნი რაოდენ წარმოუდგენელი სისქისაა და ცუდი ხელმოსაკიდია. კიდევ კარგი, თხელი ყდა აქვს, იმდენჯერ ვირტყამ თავში, რომ ტვინის შერყევა დამემართებოდა (იცინის).
- სტივენ კინგმა რატომ გაგიტაცათ?
- აქამდე მხოლოდ მისი სცენარები მქონდა წაკითხული და ფილმები ნანახი. თან, არაჩვეულებრივი თარგმანია. გითხარით, „უძილობას“ ვკითხულობ-მეთქი და ისე წერს ეს კაცი, რომ უკვე მერამდენე დღეა, უძილობა ამკიდა. ვფიქრობ, ახლა მეყოფა, აღარ წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ ვერ ვჩერდები. არაჩვეულებრივად წერს, მონუსხული ვარ. კინგს კიდევ ერთი წიგნი აქვს, ოთხი მცირე რომანისგან შედგენილი რომანი „წელიწადის დრონი“ , რომელიც ფილმებად არის გაკეთებული. ისიც მომეწონა და ახლა „უძილობას“ შეჭიდებულმა „ქინდლის“ ყიდვა გადამაწყვეტინა. სტივენ კინგი კარგად კი წერს, მაგრამ ეს არ არის მაღალი ლიტერატურა. ჩემს ბავშვობაში ოთარ იოსელიანმა თქვა და დამამახსოვრდა, როცა „ექიმი ჟივაგო“ ვნახე, ასეთი მაღალი ლიტერატურის ფილმად ქცევა რთულია და ხელი არ უნდა მოჰკიდოო. შეიძლება მართალიცაა, თუმცა, არსებობს გამონაკლისები. სტივენ კინგის შემთხვევაში ეს პირდაპირ კინოსცენარებია და როცა კითხულობ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმს უყურებ. ბოლო დროს ფამუქზე ვარ შეყვარებული და ჩემთვის ეს ავტორი აღმოჩენა იყო, მაგრამ ვინ უნდა გადაიღოს ან როგორ „მე მქვია წითელი“, ან „უმანკოების მუზეუმის“ რვა წელი კინოში როგორ უნდა გააკეთო?!
- საქართველოში ფამუქის მოდაა...
- დიახ, ასეა, რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ მოდა რომ არ ყოფილიყო, რომ არ ეთარგმნათ, ფამუქის შესახებ ხომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა?! კაცი იმსახურებს, რომ წაიკითხო და ამით გაბედნიერდე. რაც გინდათ ის დაარქვით, მთავარია, ვკითხულობ და კითხულობენ.
- თქვენს ბიბლიოთეკაში ავტორის მიერ ნაჩუქარი, ხელმოწერილი წიგნიც ბევრი გექნებათ...
- ბევრი ასეთი წიგნი მაქვს. ამას წინათ წიგნი, გოგლა ლეონიძის წარწერით, დამიკარგეს. კიდევ ერთ წიგნზე მწყდება გული. გარსია ლორკას ლექსები და პიესები ითხოვეს და არ დამიბრუნეს. ნანა ხატისკაცის თარგმანი იყო. პატარა ტირაჟი იყო და მას მერე არც გამოცემულა, რომ კიდევ შემეძინა. ძალიან რთულია წიგნების ასე დაკარგვა...
მაქვს წიგნები კონსტანტინეს, გრიშაშვილის წარწერებით. საერთოდ, ძალიან მიჭირს წიგნების გათხოვება, რაც გინდა მთხოვე, ოღონდ ეს არა. ერთხელ დედაჩემმა ბავშვობაში მითხრა და დამამახსოვრდა, თუკი ადამიანს გინდა გააგებინო, როგორ პატივს სცემ, წიგნს რომ გათხოვებს, დროზე უნდა დაუბრუნოო. წიგნს თუ მოუფრთხილდები და მოუვლი, შენი დამოკიდებულება იმ ადამიანისადმი ამაში გამოჩნდებაო. ეს გონებაში ჩამრჩა და ვინც ჩემგან წაღებულ წიგნს ივიწყებს და არ მიბრუნებს, სულ ვფიქრობ, რომ პატივს არ მცემს, არ ვუყვარვარ, ფეხებზე ვკიდივარ. ის, ვინც წიგნს დროულად მიბრუნებს, ჩემს თვალში ერთიორად მაღლდება.
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“