- საშინელებაა, პროფკავშირები რომ აღარ არსებობს. შვილიშვილები ქალაქიდან ვერ გამიყვანია. არ მაქვს იმის საშუალება, რომ
ჩემს ძმისშვილს ინფარქტი დაემართა და დღეს ჩვენს გამგებელს კინაღამ დავუჩოქე იმის გამო, რომ რამდენიმე თვე წამალი შეღავათით მიეცათ, უმუშევარია და რვა წელიწადია, სამსახური ვერ იშოვა. გამგებელმა პირობა მომცა, დავეხმარებიო. ვნახოთ. პესიმისტურ განწყობაზე ვარ. აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. ნეტავ თვითონ თუ იცხოვრებენ 150 ლარად. არადა, რა იმედი მქონდა ამ მთავრობის. აი, ნახეთ, სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება. ნახეთ, ასე თუ არ მოხდეს. ხალხი დასაქმებული არაა, მშენებლობები არ მიმდინარეობს. ხალხი უმუშევარი და მშიერია. თუ ბანდიტები იყვნენ ხელისუფლებაში, რატომ არ ასამართლებენ და თუ არ იყვნენ ბანდიტები, რას იჭერდნენ. ქვეყანაში ქაოსია. არ ვიცი, რა იქნება. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ვზივარ ახლა სახლში მარტო და ცრემლები ღაპა- ღუპით ჩამომდის. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი გამწარებული სიბერე მექნებოდა. კიდევ კარგი, სერიალში ვარ დაკავებული. მადლობელი ვარ ''რუსთავი 2~-ის. ყოველთვე შემოსავალი მქონდა. ახლა ბოლო ორი თვეა შვებულებაში ვარ... ოოო, გავბრდღვნი ახლა ყველაფერს, ისეთ ხასიათზე ვარ (იცინის). გულიც აღარ მოვიოხო?
როგორ შეიძლება, ხუთ წლამდე ბავშვს დაზღვევა არ ჰქონდეს. თერთმეტი ექიმი მოვიარეთ და ვერ გაიგეს, ჩემს ერთი წლის შვილიშვილს რა მოუვიდა. ბავშვს ორი თვეა მაღალი სიცხეები აქვს. რა ვქნა, არ ვიცი, ბავშვი მეღუპება, ორმოცი აქვს სიცხე და ვერ გაუგიათ, როგორ ვუმკურნალოთ. რა ჭკუაზე ვიქნები, ხომ წარმოგიდგენიათ. ერთი ანალიზიც კი ძვირი ღირს. მე დღეს გადავიღე ხელზე რენტგენი. საოპერაციო ვარ. რამდენიმე თვის წინ სერიალის გადაღების დროს კიბე დამეცა. ჩემი ბრალია. გადაღების დროს ფეხი წამოვკარი. თავზე მეცემოდა და ხელი შევაშველე. თურმე ძვალი გამტეხია. ძალიან შევწუხდი ტკივილებისგან და დღეს, როგორც იქნა, წავედი. გაგიჟდა ექიმი. ლამის ერთი წელი ამას როგორ უძლებო. ვუძლებ, აბა, რა ვქნა. ზოგი მეუბნება, შენ რა გიჭირს, სერიალში ხარო. მართალია, სერიალში რომ არ ვიყო, ჭკუიდან შევიშლებოდი. კარგი კოლექტივია, ცოტას გაიცინებ და კარგ ხასიათზე დადგები. მაგრამ ეს ორი თვეა, სახლში რომ დავჯექი, მარტოობამ გამაგიჟა. ერთი სული მაქვს, სერიალის გადაღებები როდის დაიწყება. ყველანაირად ხელს გიწყობენ. ზოგი მოგეფერება, ზოგი ტკბილ სიტყვას გეტყვის და თავს მშვიდად გრძნობ.
- ისე კარგად თამაშობთ, ყველას თავი შეგვაყვარეთ.
- კი, მაგრამ თამაშსაც ხომ ხალისი უნდა?! ხან ხელი მტკიოდა, ხან ფეხი. ერთხელ მავთულებს ფეხი გამოვდე და წავიქეცი. როცა ფიქრებით სხვაგან ხარ, როცა ფიქრობ, ნეტავ, ჩემი შვილიშვილი როგორაა, ან ჩემი ძმისშვილი როგორაა ამ ყველაფრის მერე როლზე ვეღარ ფიქრობ. გიორგი ლიფონავა ძალიან მიწყობდა ხელს. მეუბნებოდა, თუ ცუდად ხართ, დაისვენეთ და მერე თავიდან გადავიღოთო.
- ადრე სად გიყვარდათ დასვენება?
- სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა, გამორიცხული იყო, წელიწადში სულ მცირე, ორჯერ არ დამესვენა. მთელი ევროპა და საბჭოთა კავშირი მოვლილი მაქვს. სოხუმში აგარაკი მქონდა. წელიწადში სამ კურორტზე მივდიოდი. ზღვაზე რომ დავისვენებდით, მერე ლიკანში მივდიოდით ხოლმე. ჩვენთან ერთად ისვენებდა ედუარდ შევარდნაძეც.
- პირადად იცნობდით ედუარდ შევარდნაძეს?
- როგორ არ ვიცნობდი, ჩემი კომკავშირის მდივანი იყო ქუთაისში. მისი ცოლი ჩემი რუსულის მასწავლებელი გახლდათ. შევარდნაძე და მისი მეუღლე ქუჩაში რომ გამოივლიდნენ, პირდაფჩენილები ვუყურებდით.
- რატომ უყურებდით პირდაფჩენილები?
- საოცრად ლამაზები იყვნენ. ნანული ბოლოს გასუქდა, თორემ, იცით, რა კარგი გოგო იყო? ედუარდი ხომ ულამაზესი იყო, ქუთაისში გამორჩეული ბიჭი. რომ გითხრათ, გადაბრდღვიალებული ქონება ჰქონდა-მეთქი, ტყუილი იქნება. მაშინ ძალიან მდიდარი არავინ იყო.
- ეს ყველაფერი რომელ წლებში ხდებოდა?
- 1957-1958 წლებში.
- ედუარდ შევარდნაძის მეუღლე მკაცრი მასწავლებელი იყო?
- ვაიმე, ნანული ისეთი საყვარელი იყო, რომელ სიმკაცრეზეა საუბარი. მერე თბილისში რომ ჩამოვედი, არ მივსულვარ მათთან და თავი არ გამიხსენებია. არ მიყვარს მსგავსი რაღაცები. კარგი პედაგოგი იყო, სულ გვიცინოდა და გვეფერებოდა.
- მისი წყალობით, რუსული ალბათ კარგად იცით.
- რუსული კარგად ვიცი. ''მოსფილმშიც'' ვითამაშე. მონაწილეობა მაქვს მიღებული სერგო ფარაჯანოვის ფილმში ''ყველა წავიდა~. რატომღაც ეს ფილმი საქართველოში არ აჩვენეს. ბევრი ქართველი მსახიობი თამაშობს. მათ შორის ზურა ყიფშიძე, ფილმში გადაღებულია მაკა ძაგანიაც. დედამისი ამ ფილმის მეორე რეჟისორია. ძალიან მკაცრი რეჟისორი იყო. მთელი მსახიობები ''ჩესტზე'' იდგნენ. მაკას დედა, მარინა კულუმბეგაშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მაგრამ ისეთი წესრიგი უყვარდა, ვერ გაინძრეოდი. გადაღებაზე ვერც ერთი ვერ დავიგვიანებდით.
- ნანული შევარდნაძემ რა ნიშანი დაგიწერათ?
- სკოლა ხუთებზე დავამთავრე. მხოლოდ ერთი სამიანი მივიღე ქართულ გრამატიკაში. წინადადება მორფოლოგიურად კი გავარჩიე, მაგრამ სინტაქსურად - ვეღარ. საშინლად გავბრაზდი, მასწავლებელს ვუთხარი,Y თქვენი გრამატიკა სულ არ მჭირდება, თეატრალურში უნდა ჩავაბარო-მეთქი. ქართულის მასწავლებელი სულ გადაირია. მსახიობმა ქართული გრამატიკა როგორ არ უნდა იცოდე, წევიდა-მევიდათი უნდა ილაპარაკოო? სექტემბრისთვის მოემზადე და ნიშანს მაშინ დაგიწერო. თავი მოვიკალი, იმდენი ვიმეცადინე და ახლა რომ გამაღვიძო, ყველანაირ წინადადებას უპრობლემოდ გავარჩევ. რთულსაც, გავრცობილსაც, გაუვრცობელსაც. აწმყოშიც ჩავსვამ და მოწყვეტილშიც (იცინის).
- მოგვიანებით რუსულის მასწავლებელს აღარ შეხვედრიხართ?
- არ მინახავს. ბატონი ედუარდი კი ცეკას პირველი მდივანი რომ იყო, მარჯანიშვილის თეატრში ვნახე. მომერიდა მასთან მისვლა და თვითონ რომ მომესალმა, გადავირიე სიხარულით. ყველა მოტრიალდა და მე მიყურებდა. ედუარდ შევარდნაძე ჩემს მშობლებს გადასარევად იცნობდა. თეატრის მოყვარული კაცია, მამაჩემი რეჟისორი იყო, დედა - მსახიობი. შევარდნაძე მთელ ქუთაისს იცნობდა. თეატრი ძალიან უყვარდა. სპექტაკლს არ აცდენდა. ყამირზე სტუდენტები წაგვიყვანეს და ედუარდ შევარდნაძე თავისი ინიციატივით წამოვიდა კარტოფილის სათხრელად და ხორბლის ასაღებად.
- ედუარდ შევარდნაძე თქვენთან ერთად მუშაობდა?
- რასაკვირველია. კარგად მახსოვს, კრემისფერი შარვალი ეცვა ხოლმე, რომ მუშაობდა. ანზორ ბურჯანაძეც მაშინ ჩვენთან ერთად იყო წამოსული ყამირზე. ანზორ ბურჯანაძე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის კომკავშირის პარტორგანიზაციის მდივანი იყო. ნინო ჩვენს ხელში დაიბადა და გაიზარდა, ანზორის დამ და მე ერთად დავამთავრეთ ინსტიტუტი. მათ სოფელშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი. მაშინ ხალხს სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა. სითბო და სიყვარული იგრძნობოდა, ერთმანეთს პატივს სცემდნენ. ახლა სტუმრად ვერ მიხვალ, ვაიმე, არ შევაწუხო და ხელცარიელი როგორ მივიდეო. ან სტუმარი რომ მოვა, ნერვიულობ, არაფერი რომ არ მაქვს, პატივი როგორ ვცეო. გახვალ კაფეებსა და რესტორნებში და ახალგაზრდა გოგონები წამოხდილი კაბებით თავზე იმხობენ ყველაფერს, ჭიპებზე საყურე უკეთიათ. თუმცა ახლა კაცებსაც საყურეები უკეთიათ. აღარაფერი მიკვირს.
- მართალია, ამ ზაფხულს ვერ დაისვენეთ, მაგრამ იმდენი რამ გაქვთ გასახსენებელი, ბევრს შეშურდება.
- ვაიმე, მე რომ ახლა დავიწყო მოყოლა, სად დამისვენია და რა გადამხდენია, დავიღლები ლაპარაკით. ვამბობ ხოლმე, მემუარების წერა უნდა დავიწყო-მეთქი. ''საბუდარელი ჭაბუკის'' გადაღებები რომ მიმდინარეობდა, ჩემთან ცხოვრობდა ბელა მირიანაშვილი. კარგად ვიცნობ იმედა კახიანს. იმედა კახიანის ძმამ და მე ერთად დავამთავრეთ სკოლა. ეეჰ, კარგი ცხოვრება მომენატრა, იცი, რა კარგი ცხოვრება მქონდა? არაფერი მადარდებდა. საოცრად ტკბილი და წესიერი ქმარი მყავდა. როგორ წარმოვიდგენდი, სიბერეში იმაზე დავიწყებდი ფიქრს, ხვალ რა ვჭამო-მეთქი? ეეჰ, ესაა ცხოვრება?
- მთავარია, გული არ გაიტეხოთ. აი, ნახეთ, მიგიწვევენ სხვა როლებზე და მოახერხებთ, ზამთარში და ზაფხულში კვლავ დაისვენოთ.
- აწი მე რაღას დავისვენებ. ალბათ მარტო მიწაში დავისვენებ. 76 წელი შემისრულდება მალე.
- ეს არაა ის ასაკი, ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოთ.
- ისე, მართალია, საქმის კეთება არ მეზარება. მარტო სახლიდან გასვლა რომ მიწევს, ის მეზარება. ტრანსპორტში ჩაჯდები და ვიღაცები რომ ჭორაობენ და ვიღაცებს აგინებენ, ვერ ვიტან. ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. მე არ ვერევი პოლიტიკაში. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი. მთავარია, ხალხს მიხედოს. როცა ვხედავ, რომ ხუთი შვილის პატრონი კარავში ცხოვრობს, ამის ატანა არ შემიძლია. გაჭირვებულის დანახვისას პატარა ბავშვივით ვტირი. გუშინ ქუჩაში გავიარე და ვიღაც ქალი სანაგვიდან რაღაცებს იღებდა. კინაღამ გავგიჟდი. წამოვიყვანე ეს ქალი სახლში, აქ რას ეძებ-მეთქი - ვკითხე. ბოთლებსო, მიპასუხა. წამოდი, იმდენი ქილა და ბოთლი მაქვს, არ ვიცი სად წავიღო, წელს ვერ გავაკეთე-მეთქი. მოვიყვანე სახლში, ვაჭამე საჭმელი. ასეთი გაჭირვებულებისთვის ერთი ჩანთა ტანსაცმელი მაქვს ცალკე შენახული და ვაძლევ ხოლმე. აბა, რა ვქნა. სხვანაირად არ შემიძლია. დიდი ტომრით დააქვს კარტოფილი ერთ ქალს. ვერ ვიტან კარტოფილს. არანაირად გაკეთებულს არ ვჭამ. რომ გავაღებ კარს და კარტოფილის გამყიდველს დავინახავ, ვყიდულობ ყოველთვის. ქალს უზარმაზარი ტომრით აქვს ზურგზე კარტოფილი მოგდებული და არ ვიყიდო?
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''