01 სექტემბერი, 2013
როდის ჰყავდა ვირი ძიძის როლში კობა დავითაშვილს
თვეში 2000 დოლარამდე ადიოდა ჩემი შემოსავალი, რაც საკმაოდ ბევრი იყო იმ დროისთვის. პარლამენტში ჩემი ხელფასი დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა „ცელქი და ხულიგანი ნამდვილად არ ვყოფილვარ, პირდაპირ ეთერში ვჩხუბობ მარტო, ეტყობა კამერები მოქმედებს ცუდად“ , - მითხრა ინტერვიუს დროს კობა დავითაშვილმა. ხუთი ბიჭის მამას უფროსი, 15 წლის ვაჟი „მაესტროს“ ეთერში სერგო რატიანთან დაპირისპირების დროს თურმე ტელეეკრანთან გულშემატკივრობდა. ერთი თვის წინ პარლამენტარმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა და საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინა. თუმცა დღეს მასთან პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. ამჯერად კობა
დავითაშვილის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გადავავლეთ თვალი.

- დავიბადე 1971 წელს თბილისში, ნაძალადევში, პირველ სამშობიაროში. 5 წლის ასაკამდე ნაძალადევში ვცხოვრობდი, პატარა ბაზრის უკან, ჩაპაევის პირველ შესახვევში. მამაჩემი, რომან დავითაშვილი, რკინიგზის მემანქანე იყო, ბინა მივიღეთ დიდუბეში და მას მერე იქ ვცხოვრობთ. თავიდან ვიწროდ ვცხოვრობდით, საერთო სამზარეულო და აბაზანა გვქონდა მეზობლებს. მერე ერთი მეზობელი რუსეთში წავიდა და მისი ბინა შევიერთეთ, მეორე მეზობლის ბინაც შევიძინეთ და ასე გავფართოვდით. ბოლოს ხუთოთახიანი ბინა გამოვიდა. მამაჩემს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. პოლიტიკაში იყო ჩართული. ამის გამო მეც საპარლამენტო ცხოვრებაში სტუდენტობიდან ჩავერთე. დედაჩემი, ნელი ჯანეზაშვილი, ეკონომისტი გახლავთ. დასუფთავების სამსახურში მუშაობდა ეკონომისტად. ჩემი დაბადება ფრიად რთული საქმე აღმოჩნდა. ქორწინებიდან 7 წლის თავზე გავჩნდი. სამი თვის ასაკში ერთდროულად შემხვდა ყივანახველა, ყბაყურა. კლინიკური სიკვდილი გადავიტანე, ენა მივარდებოდა, ვლურჯდებოდი. ეტყობა, აცრა ვერ მოასწრეს ჩემმა მშობლებმა. პირველად მაშინ გადავურჩი სიკვდილს. ვირის რძემ მიშველა. მერე ჯანდაცვის მინისტრსაც ვკითხე ამ წამლის შესახებ და გამომიტყდა, ზოგჯერ სახალხო მეთოდი უკეთ ჭრის, ვიდრე მედიკამენტებიო. მოკლედ ვირი მყავდა ძიძის როლში. აი, შედეგიც (იცინის), ეს აისახა ჩემი ხასიათის თვისებებშიც.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან, რომელი უფრო იჩენდა სიმკაცრეს?
- დედა უფრო მკაცრი იყო, თუმცა მე ჯიუტი ვიყავი და არ ვეპუებოდი. ვირის დამსახურებაა, რომ მასმევდნენ რძეს, აბა რა ეგონათ?! თქვენ გგონიათ, დღეს დამანებეს თავი? დღესაც მარიგებენ ჩემი მშობლები, რაც მაშინაც ნერვებს მიშლიდა და დღესაც.
- დღეს რაღას გარიგებენ?
- ყველაფერს. პოლიტიკური ცხოვრებიდან დაწყებული, ოჯახით დამთავრებული.
- საპრეზიდენტო კანდიდატობაც დაგიწუნეს?
- თავიდან კი. ახალ შარში ყოფ თავს, წყნარად გეცხოვრა ჯობდაო, მითხრეს, ინერვიულეს.
- ბავშვობას დავუბრუნდეთ...
- კითხვა მიყვარდა, ძალიან ცელქი ბავშვი არ ვყოფილვარ. სკოლის ბიბლიოთეკას ხშირად ვაკითხავდი. თუმცა სკოლის პროგრამა არ მაინტერესებდა. სექტემბერში წიგნებს რომ დაგვირიგებდნენ, ორ კვირაში ყველა წიგნი წაკითხული მქონდა, როგორც საკი-თხავი წიგნი და ხელახლა წაკითხვა მეზარებოდა.
- ვის ჰგავხართ ხასიათით?
- ორივეს. სიმართლის პირში თქმა დედისგან მაქვს. მამაჩემი უფრო დიპლომატიურია ურთიერთობაში. მამისგან ალბათ პოლიტიკისკენ, საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მიდრეკილება გამომყვა. მაშინ მამა დეპუტატი იყო. მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მალე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე გადავედი. პარალელურად ბიზნესის უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდი. ეროვნული მოძრაობის დასში მოვხვდი. ამ დასში იყვნენ ვახტანგ ხმალაძე, დავით უსუფაშვილი, ლადო ჭანტურია, რეზო შავიშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი. ეს იყო პირველი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ მიტინგებს კი არ მართავდა, კანონპროექტებსაც წერდა. იყო დრო, როცა მამაჩემს პარლამენტში გამოსვლის წესებს ვუწერდი.
- პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ჩემს მშობლებს უნდოდათ, ექიმი გავმხდარიყავი. მე ბავშვობიდან ამბიციური ვიყავი. პოლიტიკა თავიდანვე მაინტერესებდა. ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, ბიოგრაფიებს ვეცნობოდი. ექიმობა არ მინდოდა, სისხლის მეშინია, კბილის ექიმის დღემდე მეშინია...
- დედას არ ეწყინა, სურვილი რომ არ შეუსრულეთ?
- არა, რატომ უნდა სწყენოდა... ჩემმა ამბიციებმა წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა. თავიდან სკოლაში ანბანის ყველა ასო რომ ვისწავლე, დავწერე, რომ მინდოდა გამოვსულიყავი გენერალისიმუსი, უმაღლეს წოდებას ვუმიზნებდი. მესამე კლასში მივხვდი, რომ ეს სამხედრო წოდება გაუქმებული იყო და მარშლობაზე ჩამოვედი. ასაკის ზრდასთან ერთად უფრო მოკრძალებული ხდებოდა ჩემი შეხედულებები...
- ვერ ვიტყოდი...
- (იცინის) ბოლოს გაიზარდა ისევ, ბავშვობაში გადავვარდი ისევ... დეტექტივები მიყვარდა ძალიან, გამომძიებლობა მინდოდა. ვიოლინოზე არ ვუკრავდი, მაგრამ მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით დამთავრებული მაქვს. მუსიკალურმა სკოლამ საბოლოოდ შემაძულა ფორტეპიანო. პიანისტი არ გამოვიდა ჩემგან, მაგრამ „გამოიცანი მელოდია“ რომ გადიოდა „პირველ არხზე“ , იქ სუპერთამაში მოვიგე.
- ხომ არ მღერით კიდეც?
- არა, გარშემო მყოფებს ვინდობ (იცინის).
- ე.წ. ქუჩის აკადემია იყო თქვენს ცხოვრებაში?
- ქუჩის ცხოვრება არ მიზიდავდა, არ მომწონდა. ჩემს ბავშვობაში ქურდული ტრადიციები საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო. მე, როგორც მომავალ იურისტს, მაინტერესებდა ქურდული სამართლის პრინციპი. მალე დავრწმუნდი ამ სისტემის უსამართლობაში. კორუფცია იქაც იყო. ბევრი ქურდი ახლობლის სასარგებლოდ არჩევდა საქმეს. ასე რომ, სამართლის ამ დარგმა არ მიმიზიდა და კამათიც არაერთგზის მომსვლია სკოლაში ამ თემაზე. მოჩხუბრის რეპუტაცია კი მაქვს, მაგრამ სკოლაში სულ 1-2-ჯერ მაქვს ხელი გაქნეული. ჩემთან ჩხუბს ერიდებოდნენ. თუ დამიჯერებთ, სახეში არადსროს დამირტყამს ადამიანისთვის, არ შემიძლია, მეცოდება, უფრო ჭიდაობის ილეთებს ვიყენებდი. ჭიდაობაზეც დავდიოდი, ჯერ კლასიკურზე, ახლა ბერძნულ-რომაულს რომ ეძახიან, და მერე ძიუდოზე. უნივერსიტეტის პირველობაზე მესამე ადგილი ავიღე აბსოლუტურ წონაში. ცურვაზეც დავდიოდი, წყალბურთზეც, მძლეოსნობაზეც.
- პირდაპირ ეთერში ჩხუბობთ მარტო, ისე გამოდის.
- ასე გამოდის, ეტყობა, კამერები ცუდად მოქმედებს ჩემზე (იღიმის).
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვით?
- პირველად ბიჭვინთაში რუსი გოგონა შემყვარებია, ფოტოებიც მაქვს გადაღებული, სამი წლის ვიყავი მაშინ. სულ შეყვარებული ვიყავი. ძირითადად საკუთარი კლასელები მიყვარდა. პირველად ოქროსფერთმიანი გოგონა შემიყვარდა. ჩემ წინ იჯდა. ჩუმად ვეპარებოდი და თმაზე ვკოცნიდი. მეორედ ჩემი კლასელის შეყვარებული შემიყვარდა. ვიფიქრე, იმას რადგან უყვარს, კარგი უნდა იყოს-მეთქი და... „რაჭა ჩემი სიყვარული“ ხომ გახსოვთ, მეგობარმა რომ სთხოვა ძმაკაცს, გოგოს თანდასწრებით თავი მაცემინეო, ზუსტად ეს მთხოვა ამ ბიჭმა და არ წავიქეცი, ხელი შევუბრუნე. როგორც იტყვიან, სიყვარულსა და ომში ყველა გზა მისაღებია.
- ის ერთი და მთავარი როდის მოვიდა, ხუთი ბიჭის მამად რომ გაქციათ?
- ინგა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გავიცანი. როგორ მოვახერხე მისი მოხიბვლა, არ ვიცი, ეს დღემდე გამოცანაა ჩემთვის. საერთო ინტერესი გვქონდა, არასტანდარტულად აზროვნებდა, ლამაზი იყო და მომეწონა. საერთოდ ძალიან უცნაური ადამიანი ვარ ასეთ ურთიერთობებში. ყველა ხომ ცდილობს, საპირისპირო სქესს გაეპრანჭოს, თავი მოაწონოს. ეს წინასაარჩევნო, სარეკლამო კამპანიას ჰგავს. მე საპირისპირო ადამიანი ვარ. პირველ რიგში, ცუდ თვისებებს ვამზეურებ და ბევრი გარბის. მინდოდა ისეთი შევყვარებოდი, როგორიც სინამდვილეში ვიყავი. ინგა პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ.
- მაინც როგორი ხართ?
- ალბათ, მძიმე. ბევრი სტრესი მაქვს, პროფესიიდან გამომდინარე. ეს სტრესი ზოგჯერ დეპრესიაში გადადის. დეპრესია ზოგჯერ წლობით გრძელდება. ასე რომ, რთულია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხუთი შვილი ჰყავს ჩემს მეუღლეს, ჩემი ჩათვლით - ექვსი, სირთულის მეტი არაფერი მომიტანია. უძლებს!
- სულ ქალები რატომ უძლებენ? მამაკაცებს რატომ არ გაქვთ მსგავსი მდგომარეობა?
- ჩვენ სუსტი არსებები ვართ. ცრურწმენაა, რომ მამაკაცები ძლიერი სქესი ვართ და ქალები - სუსტი. ფიზიკურადაც სუსტები ვართ. ავადმყოფობასაც თქვენ უკეთ უმკლავდებით, ვიდრე ჩვენ.
- პირველი ხელფასი, პირველი სამსახური...
- სტუდენტობისას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დავიწყე მუშაობა. პირველი შემოსავალი ჩემი სტიპენდია იყო, 60 მანეთი. არ მახსოვს, რა ვიყიდე. არ ვთვლიდი, რომ ისტორიული ფიგურა ვარ და უნდა ჩამენიშნა. არც ის ვიცოდი, ამას თუ მკითხავდით.
- ფინანსურად ძლიერი ოჯახი გქონდათ?
- რკინიგზელებს მეჩაიეებისა და მეშახტეების შემდეგ ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდათ. მამა 350 მანეთს იღებდა, ამას დეპუტატის 100 მანეთი ემატებოდა. დედაც მუშაობდა. საშუალო ოჯახი ვიყავით. არც გვილხინდა და არც გვიჭირდა. ბინაც გავადიდეთ და მამაჩემმა ვოლგაც იყიდა. მაშინ ვოლგის ყიდვა მარტო ფულზე არ იყო დამოკიდებული. ხელფასიც უნდა გქონოდა და ამ მანქანის ყიდვის უფლებაც. მამაჩემის უფროსს არ ჰქონდა ვოლგის ყიდვის უფლება, მამაჩემს, როგორც მუშათა კლასის წარმომადგენელს, ჰქონდა უფლება. საბჭოთა კავშირში იყო ასეთი კლასობრივი დაყოფა. ჩემი პირველი მანქანა საკუთარი ფულით ვიყიდე, „09“ , ადვოკატი ვიყავი მაშინ.
- თვითონ რა გამოცდილებას უზიარებთ შვილებს ან თუ გრჩებათ დრო მათთან ურთიერთობისთვის?
- თავიდან უფრო მქონდა დრო, კინოშიც დავდიოდით ერთად. რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი საქმე კარგად არ წავიდა. ფინანსურადაც გაგვიჭირდა. პარლამენტიდანაც წამოვედი 2006 წელს, საკრებულოში გადავედი, იქ ბევრად ნაკლები ხელფასი მქონდა. პარლამენტამდე უკეთ ვცხოვრობდით. როცა საკმაოდ ცნობილი ადვოკატი ვიყავი, პროცესებზე ძირითადად უფასოდ გამოვდიოდი, ამით კლიენტურას ვიხვეჭდი. ხელშეკრულებით ვმუშაობდი ფირმებში. თვეში 2000 დოლარამდე ადიოდა ჩემი შემოსავალი, რაც საკმაოდ ბევრი იყო იმ დროისთვის. პარლამენტში ჩემი ხელფასი დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა. შვილებს რაც შეეხება, ძირითადად ჩემი მეუღლე კურირებს მათი აღზრდა-განათლების საკითხებს. მე მაგალითი ვარ მათთვის, ცხოვრებისეული მაგალითი.
- უფროსი ბიჭი 15 წლის გყავთ, პირდაპირ ეთერში თქვენი ჩხუბი რომ ნახა, რა გითხრათ?
- გგულშემატკივრობდიო, მითხრა, მიდი, მიდიო, გეძახდიო. მეუღლეც მგულშემატკივრობდა და დედაჩემიც. დედაჩემისგან გამიკვირდა, ბავშვობაში ეზოში რომ ვიჩხუბებდი, სულ მამტყუნებდა. ეს იყო მისი აღზრდის მეთოდი, ეტყობა ახლა გული დაეწვა (იღიმება).
- შეცდომებზე რას მეტყვით, ყველაზე ხშირად რომელი გახსენდებათ, თქვენს რომელ ნაბიჯს ნანობთ?
- ეს შეცდომა ყოველდღე მახსენებს თავს ტელეეკრანიდან, მიხეილ სააკაშვილის სახით. მაგას რა დამავიწყებს, ყველაზე მძიმე შეცდომაა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, გვერდით რომ ვედექი, ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS