- ჯერ სამხედრო სამსახურში ვიყავი, შემდეგ პოლიციაში წავედი... დედა ფშავიდან მყავს და ჩემი სტიქია ყოველთვის მთები იყო. კვირაში ერთხელ თუ არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ მთაში. თავიდან მეგობრები დავდიოდით და ჩვენთვის ვერთობოდით. რამდენიმე დღით ავიდოდით და ღამე კარვებში ვრჩებოდით. მაშინ არ არსებობდა კლუბი ან ორგანიზაცია, რომელიც ასეთ რამეებს აკეთებდა, ამიტომ თავად ვგეგმავდით ყველაფერს. შემდეგ უკვე მსურველების აყვანაც დავიწყეთ, ოღონდ მხოლოდ ახლობლების, მეგობრებისა და ნაცნობების... თანდათან კი კლუბად ჩამოვყალიბდით. პირველად ლომისობას წავიყვანეთ ხალხი, ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან 38 მოლაშქრე გვყავდა. მთავარი სირთულე ის გახლდათ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველასთან უნდა იპოვო საერთო ენა. ამის გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ გაგვიმართლა და პირველი ჯგუფი ძალიან მეგობრული შეგვხვდა. ყველაფერი დაგვიჯერეს... შემდეგ სხვებიც მიჰყვა. ახლა ტრადიციად დავამკვიდრეთ და ლაშქრობების სეზონს ლომისაზე ასვლით ვხსნით და ვხურავთ... სხვა, ნაკლებად უცნობ ადგილებში წინასწარ ვსწავლობთ მარშრუტებს, ვკითხულობთ იმ ადგილების შესახებ ამბებსა და ლეგენდებს და რაც მთავარია, განვსაზღვრავთ სირთულეებს. ყველა დეტალი უნდა გათვალო, მით უმეტეს, თუ ქართველები მიგყავს, ისინი ყოველთვის გვერდზე მიძვრებიან, რაც არ შეიძლება.
- რა არის მოლაშქრისთვის აუცილებელი?
- გააჩნია მარშრუტს... ადამიანს ფიზიკური მომზადება უნდა ჰქონდეს, ფეხით სიარული უნდა შეეძლოს. აღმართზე სიარული ფეხის კუნთებს ძალიან ტვირთავს და თუ ნავარჯიშევი არ არის, იღლება და სიარულს ვეღარ აგრძელებს. მეორე აუცილებელი პირობაა მოხერხებული ფეხსაცმელი. ზოგი ლაშქრობისთვის ახალ ფეხსაცმელს ყიდულობს, რაც არასწორია. ასევე აუცილებელია ქუდი და საწვიმარი. გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, ორგანიზატორს ცალკე მიაქვს საჭირო ნივთები, საძილე ტომრები, კარვები... მოკლევადიან და გრძელვადიან ლაშქრობას სხვადასხვანაირი მომზადება სჭირდება. ჩვენ გვაქვს როგორც ერთდღიანი, ისე 12-დღიანი ლაშქრობები და ყველას ვეუბნებით, საკუთარი ძალები შეაფასონ. თუ ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია, ის გრძელვადიან ლაშქრობაზე არ უნდა წამოვიდეს. ეს ექსკურსია არ არის, თავის გამოცდაა. ადამიანის ორგანიზმი მაქსიმუმზე მუშაობს, ანუ ბოლომდე უნდა ამოწურო თავი.
- როგორც წესი, გოგონები წუწუნებენ?
- როგორც წესი, ბიჭები წუწუნებენ, რომ დაიღალნენ, დასვენება უნდათ, სუნთქვა არ ჰყოფნით, მოწევა უნდათ. სიგარეტი ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის, ამიტომ ყველას ვურჩევ, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს. ეს ნახევრად ხუმრობით... ისე კი, როდესაც ერთი წუწუნებს, ეს მთელ ჯგუფს გადაედება და ყველა ერთად იწყებს წუწუნს, დავიღალეთო. ჩვენც იძულებული ვხდებით, გავჩერდეთ. შესვენების შემდეგ კი უფრო მეტად უჭირთ ადგომა... ასეთი ადამიანები ჯგუფს აფერხებენ. მახსოვს ურჩი გოგონებიც, რომლებსაც არ დაუჯერებიათ და წამოუღიათ ძალიან ბევრი უაზრო ნივთი, რომელთა თრევა შემდეგ მე მომიხდა.
- ''უაზრო ნივთი'' რას ნიშნავს?
- უაზრო ნივთი ნიშნავს ლაშქრობაში გამოუსადეგარს, მაგალითად, ტონალური კრემი, თვალის ფანქარი, ტუში. ქალის ტვირთის მაქსიმალური წონაა 14-15 კილოგრამი, მამაკაცის - ცოტა უფრო მეტი. ბარგის წონა ქალისა და მამაკაცის ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით განისაზღვრება. ამ დროს ყველა გრამს აქვს მნიშვნელობა. მე, მაგალითად, ყველაფერს ვწონი და ისე ვალაგებ ჩანთაში და რაც შეიძლება ცოტას, მხოლოდ აუცილებელ ნივთებს ვდებ. გოგონები ზოგჯერ ისე მოდიან, რომ აცვიათ ოდნავ მაღალი, მაგრამ მაინც ქუსლიანი ფეხსაცმელი. მოაქვთ უამრავი ტანსაცმელი, რადგან ფოტოებში სხვადასხვა ტანსაცმლით უნდა იყვნენ. არადა, ლაშქრობის არსი სხვა რამეა... ამაზე შემდეგ კი ვხალისობ, მაგრამ მაშინ არ მეხალისება. ჯერჯერობით საქართველოში არ არის ლაშქრობის Qისეთი კულტურა, როგორიც ამერიკასა და რუსეთში. მათგან ბევრს ვსწავლობთ.
- ლაშქრობას ყველა სეზონზე აწყობთ?
- დიახ, ამის საშუალებას ჩვენი ქვეყნის ბუნება გვაძლევს. თუნდაც ერთსა და იმავე ადგილას მივდივართ, ოღონდ წელიწადის სხვადასხვა დროს. მაგალითად, ხადას ხეობა ყველა სეზონზე ლამაზია, მათ შორის ზამთარში. უბრალოდ, ამ დროს დიდი თოვლია და მეტად იღლები. იქ ასვლის შემდეგ იწყება დაბინავება, რა თქმა უნდა, თუ ორ ან მეტდღიან ლაშქრობაში მივდივართ. ყველას თავისი პატარა საქმე აქვს, შეშისა და წყლის მოტანა ყველას შეუძლია. ვშლით სუფრას, სადაც ყველა ერთად ვიყრით თავს, ეს აუცილებელია. არ შეიძლება, ვიღაცები განცალკევდნენ, ეს ყოფს ჯგუფს. ერთად ყოფნისას მეტი მხიარულებაა, ზოგს ფანდური მოაქვს, ზოგს გიტარა და ყველა ერთად ვიკრიბებით კოცონის გარშემო. ცეცხლის დანთების რამდენიმე ტიპი არსებობს. ხშირად გვიწევს ისეთი ცეცხლის დანთება, რომელიც ქარში არ ქრება; ორი ორმო ითხრება, შუაში პატარა გვირაბივით ვაკეთებთ, რათა ერთ ორმოში დანთებული ცეცხლის ალი, იქიდან გავიდეს, რაც ცეცხლს ჩაქრობის საშუალებას არ აძლევს...
- კარვის გაშლასაც ალბათ თავისი წესი აქვს, არა?
- დიახ, ბანაკი წესის მიხედვით იშლება, მაგრამ ამის ზედმიწევნით დაცვას ზოგჯერ ვერ ვახერხებთ, რადგან ადგილმდებარეობა გვიშლის ხელს. მაღალ მთაში გაშლილი და სწორი ადგილის პოვნა ძნელია. ისე კი, წესით, კარვებს შორის ადგილი უნდა იყოს დარჩენილი, ნადირის თავდასხმის ან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. საბედნიეროდ, ჩვენ არასდროს დაგვსხმია ნადირი. ძალიან ახლოდან გვინახავს დათვები და მგლები, ისინი ადამიანს ერიდებიან. ამასთან, სხივისი კარვიდან გამოსული საუბრის ხმამ სხვები არ უნდა შეაწუხოს. ასევე აუცილებელია კარვების გარშემო ღარების გაკეთება, რათა ძლიერი წვიმის დროს კარავში წყალი არ შევიდეს. ცეცხლი კარვებიდან მოშორებით უნდა დაინთოს. საპირფარეშოს მოწყობასაც თავისი წესი აქვს. და კიდევ, ბანაკი ტბასთან ახლოს არ უნდა გაიშალოს, რათა მოლაშქრეები კოღომ არ შეაწუხოს. ბევრი მარტივი წესია, რომელსაც მოლაშქრეს გამოცდილება აძლევს.
- ბუნებაში დატოვებული ნაგავი დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა..
- დიახ, სწორედ ეს არის ასეთი ტიპის კლუბის შექმნის მთავარი მიზანი, ზოგი ამას ასრულებს, ზოგი - არა. ჩვენ სხვების დატოვებულ ნაგავსაც ვაგროვებთ და ჩამოგვაქვს. დედოფლისწყაროს რაიონში, ხორნაბუჯის ციხესთან არის ულამაზესი არწივის ხეობა, რომელიც მართლა სულისშემძვრელად ლამაზია, მაგრამ საოცრად დაბინძურებული. მისი მოწესრიგება ჩვენს ძალებს აღემატებოდა. საქართველო მოქეიფეების ქვეყანაა და ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ბუნებაზე. იქვე არის დასახლებული პუნქტი და ესეც ''უწყობს ხელს'' იქაურობის დაბინძურებას...
ამას წინათ ვიყავით ყაზბეგში, არშის ხეობაში, სადაც არის ხელუხლებელი ციხე. ლეგენდის თანახმად, იქაურობა კლდოვანი ნაშენია და ადამიანის ხელი არ მიკარებია... გადმოცემის თანახმად, შემოსევების დროს მთელი ხევისა და აღმოსავლეთ საქართველოს საგანძური იქ ინახებოდა, რადგან ის იყო აუღებელი ციხესიმაგრე, მაგრამ შიდა ღალატის გამო გატყდა. ლეგენდებს მოვიძიებთ და მოლაშქრეებს ვუყვებით. ყველა თავის ბლოკნოტში ინიშნავს. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ უცხოელები. ამას წინათ ხევსურეთში ამერიკელი ტურისტი გვყავდა. მან ვერ დაიჯერა, რომ აკლდამებში ადამიანები თავისი სურვილით ადიოდნენ და იქ კვდებოდნენ. მოგონილი იქნებაო, გვითხრა. ეგონა, რომ ადამიანების ჩონჩხები მულაჟები იყო და ტურისტების მოსაზიდად იყო დალაგებული...
ერთხელ ჰოლანდიის სამეფო კარის წარმომადგენელი გვყავდა სამცხე-ჯავახეთში წაყვანილი. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ეს ადამიანი დღემდე საქართველოზეა შეყვარებული...
- ადგილობრივებისგან მომისმენია, რომ ბევრი ტურისტი იქაურ ადათებს არ იცავს...
- პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ უცხოელი უფრო დაიცავს, ვიდრე ქართველი. ყველას ვეუბნებით, რომ მუცოზე ასვლა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვნახულობ ახალ-ახალ ფოტოებს, სადაც ვიღაცები იმ ადგილას სხედან, სადაც ხევისბერი იჯდა. გარდა ამისა, მუცო ინგრევა და იქ ასვლა სახიფათოც არის. ქართველებს ფოტოების მიმართ ''განსაკუთრებული'' დამოკიდებულება აქვთ, მახსოვს ერთი მოლაშქრე გოგონა, რომელიც მთელი გზა ფოტოებს იღებდა, რათა შემდეგ სოციალურ ქსელში აეტვირთა...
როდესაც შორ გზაზე ვართ და ჯგუფის წევრებს დაღლას შევატყობ, ჩემი მეთოდი მაქვს, რომელიც წარმატებით მუშაობს. მაგალითად, ამას წინათ ძამას ხეობაში, ბატეთის ტბაზე ვიყავით, ძალიან დაიღალნენ და სულ ვატყუებდი, რომ ნახევარ საათში ავიდოდით. ეს ადგილი ულამაზესია შემოდგომაზე, ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც იქაურობა ფერადია და იმდენად არის ერთმანეთში შერწყმული, რომ ვერ გაიგებ, სად იწყება ტბა და ტყე... ის ტბა წითელ წიგნშია შეტანილი. ბატეთის ტბაში ულამაზესი ტრიტონები ბინადრობენ, მაგრამ იმდენად სწრაფები არიან, მათი დაჭერა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ასეთი ადგილების არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის...
- დათო, ვიცი, რომ ტობავარჩხილზე ლაშქრობის თანაორგანიზატორი იყავით. პრეზიდენტის იქ ყოფნას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა...
- დიახ, არადა, პრეზიდენტმა 42 კილომეტრი ნამდვილად ფეხით გაიარა. არანაირი ვერტმფრენი იქ არ ყოფილა. დიახ, ჩანთა არ ჰქონდა, რადგან ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტია და მისი ბარგი ცხენმა ატარა. ფესტივალის დასკვნით ნაწილში იყო ფეიერვერკი, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ ამაში ტრაგიკული არაფერი ყოფილა. იქ არაფერი გაგვიფუჭებია და სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ხე-ტყე გადავწვით, რადგან ის ალპური ზონაა. პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, ფეიერვერკი მაინც იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილის იქ ყოფნა პიარი იყო, რადგან ამ ულამაზესი ადგილის შესახებ სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ყველას ეგონა, იქაური ფოტოები შვეიცარიის ალპურ ზონაში იყო გადაღებული, ახლა კი მთელმა საქართველო იცის და ჩვენ მზად ვართ, ასეთ ადგილებში ნებისმიერი ადამიანი წავიყვანოთ, თუნდაც პრემიერ-მინისტრი ან სხვა ნებისმიერი მინისტრი, ოღონდ კი ის ადგილი გააპიაროს. მათ მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია.
- დათო, რაც შეეხება კვებას, ლაშქრობა ექსტრემია და ალბათ იყო ''საინტერესო საკვებიც...''
- დიახ, ჩვენთვის ჩვეულებრივი საკვებია გველი, რომლისგანაც კერძს იმის მიხედვით ვამზადებთ, რის საშუალებასაც გარემო პირობები გვაძლევს. უფრო ხშირად მწვადებს მივირთმევთ, თუმცა ზოგჯერ ''გრილიც'' მოგვიმზადებია. ძალიან გემრიელი ხორცი აქვს, უნდა გაატყავო და ხერხემალი ამოაცალო, დანარჩენი პრობლემა არ არის. შხამიანს ვარჩევთ ფიზიკურად, თავის მოყვანილობით და სხვადასხვა მახასიათებლით... გოგონები გველს არ ჭამენ, მაგრამ რამდენიმემ ბაყაყი სიამოვნებით მიირთვა. ბაყაყი და გველი ჩვენთვის ჩვეულებრივი საკვებია.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''