გარდა ამისა, ფესტივალ ''საჩუქრის'' ფარგლებში სამი ქართული წარმოდგენა მოექცა: ბათუმის მცირე თეატრის სპექტაკლი: ''ღამის პორტიე'' (რეჟისორი ზაზა სიხარულიძე), თუმანიშვილის თეატრის ''ტრამვაი სურვილი'' (რეჟისორი ქეთი დოლიძე) და ამავე თეატრის დასთან განხორციელებული ბრიტანელი რეჟისორის ჰილარი ვუდის სპექტაკლი ''ჭირვეულის მორჯულება''.
''საჩუქრის'' პროგრამის მიხედვით მაყურებელი განსაკუთრებელი
რუსთაველის თეატრში გაიმართა გერმანელი ქორეოგრაფის საშა ვალცის სპექტაკლის ''დღიური I - რვას აკლია ოცი წუთი'' ჩვენება. საგნები, დეკორაცია, კინემატოგრაფიული ხერხები და მუნჯი კინოსათვიოს დამახასიათებელი გროტესკული მოძრაობები, ვალცის ნამუშევრის ძირითადი ელემენტებია. სხეულის ენით გადმოცემული ყოველდღიურობა, ვალცის მოცეკვავებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს სცენაზე არა ხუთი მსახიობი, არამედ მილიონობით იყვნენ.
მოლოდინი არ გაამართლა დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლმა ''რუსული ბლუზი. სიკოზე წასვლა''. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი ეს დადგმა, ხარისხის მიხედვით არ ჰგავდა რეჟისორის სხვა სპექტაკლებს.
მაყურებლისათვის გამორჩეულად საინტერესო გამოდგა ლიტველი რეჟისორის რიმას ტუმინასის ორი სპექტაკლი ''მადაგასკარი'' და ''ევგენი ონეგინი''. პირველი ადგილობრივი წარმოების, ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრის პრუდუქციაა, ხოლო მეორე, მოსკოვის ვახტანგოვის აკადემიური თეატრის. ორივე საკმაოდ კარგი რეჟისორული და სამსახიობი ნამუშევარია, მაგრამ ''მადაგასკარმა'' ''ევგენი ონეგინის'' ''რეკორდი'' მაინც ვერ მოხსნა.
ამ უკანასკნელს ''საჩუქრის'' მსვლელობის სამი დღე დაეთმო და ფესტივალზე ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ მას მოჰყვა. სამივე დღეს იყო ანშლაგები და ორმოქმედებიან სპექტაკლს მაყურებელი ფეხზე მდგომიც კი ადევნებდა თვალს.
ალექსანდრე პუშკინის მსოფლიოში ცნობილი პოემის სათეატრო ნაწარმოებად ქცევა, მისი ტექსტის ფორმატიდან გამომიდნარე, რეჟისორებისთვის იოლი სულაც არ არის. არც მსახიობებისთვისაა ტექსტის ათვისება მარტივი. ტუმინასის სამსაათიანი სპექტაკლი, რომელიც სავსეა სიმბოლოებითა და მინიშნებებით, რეჟისორის ნიჭისა და ვახტანგოვის თეატრის მაღალი დონის სამსახიობო დასის წყალობით, ერთ ამოსუნთქვად აღიქმება და სპექტაკლიდან გამოყოლილი ემოცია, მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება...
ანა კალანდაძე