- ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ალბათ ჩემზე ითქმის, ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანიაო. პატარაობისას მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დავდიოდი. ხელს მიწყობდა ის, რომ მშობლები მსახიობები გახლდნენ და დამტოვებელი არავინ
- ნამდვილი გემით გიმოგზაურიათ?
- სამწუხაროდ, არასდროს მიმგზავრია გემით და ძალიან ვნანობ. კარგად რაც დამამახსოვრდა, პირველად ჩემი ნებით საზღვრები უნგრეთში საქორწინო მოგზაურობისთვის გადავკვეთე. ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ბუდაპეშტიც ულამაზესია. მაშინ ტურისტული სააგენტოები ზრუნავდნენ საზღვრებს გარეთ გასვლაზე, თუმცა, თუ არ ვცდები, ეს სააგენტოები სახელმწიფოსი იყო. ბუდაპეშტის გარდა სხვა ქალაქებიც მოვინახულეთ. 1989 წლის შემოდგომა იყო... მანამდე ჯარში ვიყავი 2 წელი და ბელორუსიის საზღვრებს ვიცავდი. ისევ უნგრეთს რომ დავუბრუნდეთ, ის ორი კვირა ჯადოსნურ ფერებში მახსოვს. ერთია, როცა ტელევიზიით უყურებ, რა ხდება საზღვარგარეთ, მეორეა, როცა თავად ნახავ, როგორ რაციონალურად არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. მაგალითად, მაღაზიაში რომ დავი-ნახე, ლუდის ბოთლებს მტვერი ედო, გამიკვირდა, ესენი გიჟები არიან, ჩვენთან რომ ასეთი კარგი ლუდი დადო, ასე ვინ გააჩერებს-მეთქი. მეჩვენებოდა, რომ ყველა ჩუმად იყო, წყნარად მიდი-მოდიოდა მანქანები. ნელ-ნელა დავიწყე იმის მიხვედრა, რომ საბჭოთა კავშირი მართლა არ იყო კარგი ქვეყანა (იღიმის).
- უნგრელებზე ამბობენ, რომ საუკეთესო სამზარეულო აქვთ.
- უამრავი რამ გავსინჯე, ხორცს ძალიან კარგად ამზადებენ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენსას სჯობს. უყვართ გემრიელად ჭამა, სანელებლებით. ჩვენ, მგონი, უფრო კარგი სამზარეულო გვაქვს. თანაც, მე მხოლოდ უნგრული სამზარეულო არ მინახავს, ბევრგან ვარ ნამყოფი და ბევრი რამ მაქვს გასინჯული. ეგზოტიკისთვის კარგია, მაგრამ მერე მაინც შენი გენატრება, მაგალითად, კარგი კახური მწვადი.
- ყველაზე საინტერესო რა გაგისინჯავთ და სად?
- ტოკიოში გახლავართ ნამყოფი. მოლუსკებს აქ ვერ ვჭამ, მაგრამ ბლომად ვჭამე ზღვის ათასნაირი პროდუქტი. გეახელით რვაფეხას, კიდევ რაღაცის კვერცხებს (იცინის), ტკბილი ლობიო გავსინჯე, დესერტივით არის, არის რა, დიდი არაფერია. თევზი ძალიან გემრიელი აქვთ, უმიც აქვთ, არა მხოლოდ სუშის სახით. უბრალოდ, რაღაცებით კმაზავენ, არც მოხარშულია, არც შემწვარი, თერმული დამუშავების გარეშე. რესტორნების უმეტესობაში იქვე ირჩევ, რა გინდა და იქვე წვავენ. ძაღლის, კატის ხორცი და ტარაკნები არ გამისინჯავს. ღმერთმა ამდენი კარგი საჭმელი მოგვცა და რაღა ტარაკნებს დავეძგეროთ?!. არ გამისინჯავს გველის ხორცი, სუფთა ქვეწარმავალია, მაგრამ რატომღაც არ მიზიდავს.
- ტოკიოში როგორ აღმოჩნდით?
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დოკუმენტური ციკლი „ოკუპაცია“ მიმყავდა. სულ 17 ფილმი გავაკეთეთ, მე წამყვანი გახლდით და სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევდა მოგზაურობა. გახლდით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე იაპონიასა და აზერბაიჯანში, ისრაელში. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა მოვიარეთ, ასევე ფინეთიც, მოლდოვეთიც, ვიყავი ჩემს „მშობლიურ“ ბელორუსიაშიც, უკრაინაში, რუმინეთში, სადაც ვნახეთ ყველაზე დიდი შენობა ევროპაში, ჩაუშესკუს დროს აშენებული უზარმაზარი სასახლე. მართლა უდიდესი შენობაა, მანქანით დიდხანს ვუვლიდით წრეს. ტიპური კომუნისტური არქიტექტურაა. პატარა გორაკზეა აღმართული და იქიდან უყურებს რამდენიმეკილომეტრიან შადრევნების ხეივანს. საინტერესო სანახავია, მაგრამ ცოტა დამთრგუნველი. მე მივიჩნევ, რომ ფაშიზმზე მეტი ბოროტება დედამიწაზე კომუნიზმმა დატოვა. შეიძლება, თამამი ნათქვამია. ორჯერ-სამჯერ მეტი ადამიანი კომუნიზმმა შეიწირა. ისევ რომ დავუბრუნდეთ ქვეყნებს, სადაც მომიწია გამგზავრებამ, ვიყავი ასევე გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში. საზღვარგარეთ დასასვენებლად არ ვყოფილვარ. ეს ქვეყნები საქმიანობისას მოვიარე. ძალიან მომეწონა პარიზი, რაც არავის გაუკვირდება, მაგრამ ალბათ, ახლა რასაც ვიტყვი, ის უფრო გაუკვირდებათ - პარიზზე მეტად ვენა მომეწონა. პარიზი თითქოს ინტიმურია და შენეულია, მაგრამ როცა პარიზის ქუჩებში დავდიოდი და გადაღებებისთვის ადგილებს ვარჩევდით, ვფიქრობდი, არქიტექტორი ოსმანი რომ არ ყოფილიყო, რა ეშველებოდა პარიზს? ლუვრის და მონმარტრის ამარა დარჩებოდა?!. ძალიან მომწონს ლონდონი, ედინბურგი. ყველაზე მეტად მაინც დიდი ბრიტანეთი მომწონს. იქ ვიცხოვრებდი ცოტა ხნით და ასევე მიუნხენში. ხანდახან თვე-ნახევარი მივდიოდით ხოლმე გადაღებებზე და ამ დიდმა მოგზაურობამ ნამდვილად დამარწმუნა იმაში, რომ საცხოვრებლად ყველაზე კარგი ადგილი ჩემთვის საქართველოა. თუმცა, მინდა ისიც აღEვნიშნო - ჩვენ ხომ ხშირად ვამბობთ, და არცთუ უსაფუძვლოდ, საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არ არსებობსო. ამას ვერ დავეთანხმები, ძალიან მომეწონა გზა, რომელიც ბავარიის მთებზე გადის. ენით აუწერელი სილამაზეა.
- საინტერესო ხალხს ალბათ შეხვედრიხართ მოგზაურობისას?
- ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის უამრავ ქართველს, არალეგალურად წასულებსაც და იმათაც, ვინც უცხო ქვეყანაში კარგ თანამდებობაზე მუშაობს. ცოტა ხანს ურთიერთობაც საკმარისი იყო, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების 99% შემცოდებოდა. უმეტესობას არაფერი აკლია, მაგრამ სამშობლოს მონატრება ყოველ წამს იგრძნობოდა. გახლდით ლევილშიც, შატო ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. სასაფლაოზეც ვიყავით, რაც დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. თითოეული საფლავი ერთი ადამიანის ისტორიას ასახავს. წარმოიდგინეთ, როგორ დაასრულეს სიცოცხლე სადღაც... ლევილი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, თორემ პატარა დასახლებაა, სოფელი.
- როგორ მოგზაურად მიიჩნევთ თავს?
- მე რა მოგზაურობამაც მომიწია, წინასწარ ვიცოდით, სად უნდა მივსულიყავით. ზოგადად არასდროს დავკარგულვარ, ორიენტაციის კარგი უნარი მაქვს. ერთ საინტერესო ადგილას გახლდით, კომპიენში, პატარა ქალაქია პარიზის მახლობლად. იქ მუზეუმში ინახება მატარებლის ვაგონი, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა, საფრანგეთის დაპყრობის შემდეგ, საფრანგეთს იმავე ვაგონში მოაწერინა ხელი კაპიტულაციაზე (იღიმის). გამიკვირდა, იმ ვაგონში რომ შეგვიშვეს, რადგან იქ, როგორც გავიგეთ, მხოლოდ დიდი თანამდებობის პირებს უშვებენ.
- სახალისო ამბებიც გადაგხდებოდათ თავს.
- ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში ვწერდი ე.წ. „სტენდაფებს“ , ანუ როცა კადრში ჩანხარ და რაღაცას ჰყვები. უმეტეს ქვეყანაში გამვლელები ხვდებოდნენ, რომ კამერის წინ რადგან ვიდექი, გადაღება იყო, ან კადრში შემოდიოდნენ და გაივლიდნენ ჩვეულებრივად, ეს კი კადრში კარგად ჩანდა, ან გარშემო უვლიდნენ კამერას, რათა ხელი არ შეეშალათ. რუსებს იცით, როგორ ვც-ნობდით? მხოლოდ ისინი გვიშლიდნენ ხელს. ერთ გადაღებაზე პერიფერიული მხედველობით შევამჩნიე ოთხი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც პირდაპირ ჩემკენ მოდიოდნენ და აშკარად კამერის წინ გავლას აპირებდნენ. მოგვიახლოვდნენ თუ არა, ორი კამერის წინ ვინც იყო, კამერას დაეჯღანა, ორიც - მე და დუბლი გამიფუჭეს, მაგარმა კმაყოფილებმა გაიარეს. რამდენჯერმე მოხდა ასეთი შემთხვევა. ერთ გადაღებაზე გავიხედე და დავინახე ქალი „ძროხისებრთა ოჯახიდან“ , რომელიც კამერისკენ ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა. ვიგრძენი, რომ რუსი იყო. ვიფიქრე, იქნებ, კამერას მოუაროს და გაიაროს-მეთქი, შემოყო თავი კადრში და კითხულობს: „იუთუბი“ ? ჩვენ ხომ გვეხუმრა და მერე თავისიანებს გახედა, ისინიც იხოცებოდნენ სიცილით. მე ვუპასუხე, „ნეტ, პორნო ჯი“ . ცივად გაიხედა კამერიდან (იცინის). მიხვდა, ცოტაც და ავფეთქდებოდი. მგონი, ქმარი ელოდებოდა. სხვა ვერაფრით მოვიფხანდი გულს, რუსული გინების მეტი რა ვიცი, მაგრამ ხომ არ შევაგინებდი?!..
ტოკიოში ყოფნისას ცალმხრივ ტროტუარზე აღმოვჩნდი. თურმე ტროტუარებიც აქვთ, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ყველა რომ მეჯახებოდა, თავიდან გამიკვირდა და მერე ტროტუარის მეორე მხარეს გავიხედე, იქ ყველა ჩემი მიმართულებით მოძრაობდა და იქით გადავედი (იცინის). ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში პარლამენტის წინ უნდა გადაგვეღო კადრები, გვეგონა მოგვაკითხავდნენ, ვინ ხართ და რატომ იღებთო, მაგრამ კაციშვილს არაფერი უთქვამს (იღიმის). ძალიან ბევრ ისეთ ადგილას ვიღებდით, სადაც ისტორიული ფაქტები მომხდარა. ერთ დღეს ჩავსხედით მანქანაში და ჰელსინკიდან წავედით, 750 კმ-ის დაშორებით ჩავედით ღირსშესანიშნავ ადგილას. ფინეთი საკმაოდ გრძელი ქვეყანაა, რუსეთმა მისი შუაზე გაჭრა მოინდომა და ორი არმია გაგზავნა. ფინელებმა ჭკუა იხმარეს, მხედართმთავარი ჰყავდათ მანენჰეიმი. შევიდნენ ფინეთში რუსები და მათ არავინ შეებრძოლა, შეუშვეს ორივე არმია, სასტიკი ყინვის დროს, ტყეში, გადაკეტეს შესასვლელი და ერთ თვეში აბსოლუტურად ყველა ამოხოცეს. 18 ტანკი ჰყავდა სულ ფინეთს და აქედან მხოლოდ სამი დაკარგა, თუ არ ვცდები. იქ 20 000 ლოდია გაბნეული უზარმაზარ მინდორზე, ფი-ნელების მტკიცებით, ამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა იმ ერთი თვის განმავლობაში.
- ყველაზე ლამაზი ქალები სად გინახავთ?
- საქართველოში (იცინის). ალბათ იმიტომ, რომ გარეგნობაში რაღაც მშობლიური აქვთ. თორემ უკრაინაში, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში ძალიან ლამაზი ქალები ჰყავთ. აღმოსავლეთ უკრაინაში უმეტესად რუსები ცხოვრობენ. მინსკში ღამის კლუბში რომ გახლდით, აბსოლუტური ჯოჯოხეთი იყო. გავშიფრო რატომ? მერე ვიღაცები წაიკითხავენ და არ მინდა (იცინის). გეტყვით მაინც, კარგი ქალები ჰყავთ იქაც. პოლონეთში ვნახე ასევე ძალიან ლამაზი გოგონები. არავის გაუკვირდება, რომ მე უფრო მეტად ქალებს ვუყურებდი და არ ვაფასებდი, როგორი კაცები ჰყავდათ. მოლდავეთში მქონდა ძალიან მშობლიური გრძნობა არა ხალხის, არამედ ბუნების მიმართ. შავი ყურძენი რომ დავინახე და ვენახები, ძალიან მესიამოვნა. ბავარიაში გავსინჯე ძალიან კარგი შავი ღვინო, იაპონიაში კი ისეთი ვისკი, როგორიც არსად დამილევია. იაპონური ვისკი უგემრიელესია, ფაქიზი გემოთი. სამზარეულოზე მეკითხებოდით და ისეთი გემრიელი ხორცი, როგორიც მიუნხენში ვჭამე, ბურვაკი, არსად გამისინჯავს. დიდი მჭამელი არ ვარ, მაგრამ ერთი ბარკალი გეახელით და ძალიან გემრიელი ლუდი დავლიე. „ჰაბე“ ის ლუდია, რომელიც ჰიტლერს უყვარდა. გერმანიაში მასზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ყველგან იგრძნობა.
- ბევრჯერ ახსენეთ ჰიტლერი.
- ბევრ ისეთ ადგილას გახლდით, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჰიტლერს. მაგალითად, საკონცენტრაციო ბანაკში და ვნახეთ ის დიდი ოთახი, სადაც ხალხი შეჰყავდათ და გაზით წამლავდნენ. თავიდან საკონცენტრაციო ბანაკების იდეა ნაცისტებმა ბოლშევიკებისგან აიღეს, სადაც მე გახლდით, ის ბანაკი ძალიან მოწესრიგებული იყო. დიდ ჭიშკარს ეწერა, „შრომა ათავისუფლებს“ . ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაჰყავდათ, 17-დან 40 წლამდე ადამიანებს ტოვებდნენ, დანარჩენებს ანადგურებდნენ. საშინელება იყო ამ ბარაკების ნახვა...
- ამდენი ქვეყნის ნახვის შემდეგ, სად გაქვთ კიდევ გამგზავრების სურვილი?
- არ ვარ ნამყოფი არც ესპანეთში, არც შვეიცარიაში. ძალიან მინდა აფრიკაში, ჩინეთში, ინდოეთში მოგზაურობა. დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი, ჩვენთან რომ იყოს არხი, „ნეშანალ ჯეოგრაფიკის“ მსგავსი, მოგზაურობის შესახებ გადაცემის წამყვანობას. როცა ქვეყანაში ჩავდივარ, მხოლოდ ტოპ-ადგილებისა და შენობების ნახვა არ მომწონს. მე და ჩემი მეგობარი, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ვენეციაში გახლდით და გვინდოდა, სან-მარკოს მოედნის გარდა გვენახა, სად ცხოვრობენ ნამდვილი ვენეციელები. ტელევიზიის პროექტის მიმდინარეობისას გვიწევდა არა მხოლოდ ტურისტულ მხარეებში მოგზაურობა. ალპები ზოგადად გადასარევია, გამჭვირვალე ჰაერია. ფოკუსს რომ ძალიან მაგრად გაასწორებ, ისე ჩანს ყველაფერი. ქვეყანა, სადაც ყველას ვურჩევდი გამგზავრებას, დიდი ბრიტანეთია. ლონდონში ები როუდზე მისვლა მინდოდა ძალიან. სურათიც მაქვს გადაღებული იმ გადასასვლელზე, სადაც „ბითლზის“ წევრები არიან გადაღებული. სხვადასხვა ქვეყანაში შეამჩნევ, რა არქიტექტურაა, გოთიკაა თუ სხვა რამ, ბრიტანეთში კი ბრიტანული არქიტექტურაა (იღიმის). ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ინგლისელებს ბევრი რამ შეუქმნიათ ამა თუ იმ სფეროში. ლონდონში რომ დავდიოდი, მეგონა, რომ ეს იყო მთავარი ადგილი დედამიწაზე.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“