- თეა, თქვენ შესახებ მოგვიყევით...
- თბილისში დავიბადე, იურისტისა და პედაგოგის ოჯახში. ჩემზე ორი წლით უმცროსი ძმა მყავს, ბათუ წულუკიანი. ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, დედის მშობლებთან. ბაბუა, ალექსანდრე შანიძე, პოეტი გახლდათ. ბებია ლოტკინელი იყო და ახლა, როდესაც ახლოს გავიცანი ლოტკინის მოსახლეობა, მივხდი, რომ ყველას ერთი ხაზი გასდევს, სიმართლის თქმა უყვართ. ბებიაც სიმართლისთვის მებრძოლი ქალი იყო.
- პროფესია თავად შეარჩიეთ?
- ცხოვრებამ შემირჩია. საშუალო სკოლაში ბოლო წელს საფრანგეთში ვსწავლობდი და აქ დაბრუნებულმა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. დიპლომატობა მინდოდა და შემდეგ დამატებით დიპლომატიის აკადემიაში ვისწავლე. ერთი წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას მივხვდი, რომ ეს როლი ვერ მოვირგე. არ შემიძლია ფორმების მუდმივი დაცვა, პირდაპირობა მახასიათებს და ეს დიპლომატისთვის არც ისე კარგია. ძალიან მიტაცებდა თვითმმართველობის საკითხები, როგორ იმართებოდა სახელმწიფო და ოცნებად მექცა, საფრანგეთში დე გოლის მიერ დაარსებულ სახელწიფო მართვის სკოლაში მესწავლა. საფრანგეთის საელჩოში კონკურსი ჩატარდა, სადაც გავიმარჯვე და პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ამ სკოლაში სასწავლებლად წავედი. იქ სწავლისას მივხვდი, რომ ჩემი პროფესია ვიპოვე. ეს სკოლა ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს, მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადგილობრივ ჩინოვნიკებს კურირებენ, პრეფექტებს და მათი კაბინეტის ხელმძღვანელებს. ორი წელი ვსწავლობდი და სასწავლო პროცესი მთლიანად პრაქტიკულ კურსზე იყო დამყარებული. ლექტორები მაღალჩინოსნები და მოსამართლეები გახლდნენ. გარდა ამისა, სამთვიანი სამსახური უნდა გაგევლო პრეფექტურაში. მე სარტის დეპარტამენტის პრეფექტთან მოვხვდი და მისი კაბინეტის წევრი ვიყავი. სამი თვე დღე და ღამე ვაკვირდებოდი, როგორ მართავდა თავის რაიონს. პირადად მე პენსიონერთა სახლებში, ბავშვთა სახლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების საკითხების დაცვა მევალებოდა. რამდენიმე კვირა ერთ-ერთ რთულ უბანში ანტიკრიმინალურ ჯგუფთან ერთად ვიმუშავე.
- შეგიძლიათ, ერთი ისტორია გაიხსენოთ იმ პერიოდიდან?
- ყოველ ღამე ჩემს ბრიგადასთან ერთად წესრიგს ვიცავდი. ერთხელ, გვიან საღამოს, სამსახურიდან სუპერმარკეტში წავედი, იქიდან დაბრუნებისას მათი პატრულირების არეალში საბურავი გამისკდა და ხეს შევეჯახე. უცებ ვხედავ, ჩემი ეკიპაჟი მოდის. შორიდან ვერ მიცნეს, რადგან ჩემი პირადი მანქანით არ ვყავდი ნანახი. გადმოხტნენ და გარშემო შემომეხვივნენ. ნელ-ნელა გადმოვედი მანქანიდან, რომ მიცნეს, გაოცდნენ. ვიღაც მთვრალი მოზარდი ვეგონე, რომელიც საშიშ უბანში დანაშაულის ჩადენას აპირებდა და შემთხვევით ხეს შეეჯახა. მერე ხუმრობდნენ, როგორ გავაცდენინე დრო ჩემი საბურავის შეცვლაზე.
- ეს სამსახური ალბათ დიდ ენერგიას მოითხოვდა.
- ალბათ უფრო სულიერ ძალას. მე მოვხვდი სხვა სამყაროში, სადაც რეალურად სახელმწიფოს მართავდნენ. ორმაგი პასუხიმგებლობა მქონდა. გარდა იმისა, რომ საქმეს ვაკეთებდი, ქართველი ვიყავი. თორმეტი წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და სულ მქონდა ავადმყოფური განცდა, რომ არაფერი შემშლოდა.
- სწავლის დამთავრების შემდეგ სად დაიწყეთ მუშაობა?
- 2000 წლის თებერვალში საქართველოში დავბრუნდი იმ მოტივაციით, რომ სახელწიფო სტრუქტურაში სამსახურს ვიშოვიდი. პირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაკითხე, აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საქმე აღარ ჰქონდათ. შემდეგ ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე პარლამენტს მივაკითხე. დავინტერესდი, ხომ არ სჭირდებოდათ თვითმმართველობის დარგში სპეციალისტი. მითხრეს, თუ გინდა, იარე, შეგვხედე როგორ ვმუშაობთ და მერე ვილაპარაკოთო. მაშინ მივხვდი, რომ ხელი მომეცარა და ტყუილად სიარული არ მინდოდა. სწავლის გაგრძელებაზე არ მიფიქრია, მეცნიერებაში არ წავიდოდი და მაგისტრის წოდება მაკმაყოფილებდა.
ამასობაში ევროსაბჭოში კონკურსი გამოცხადდა, სტრასბურგის სასამართლოში იურისტის თანამდებობაზე. მუშაობა 2000 წლის პირველი სექტემბრიდან დავიწყე. მე ვიყავი სტრასბურგის სასამართლოს მიერ შერჩეული კადრი, მაგრამ საქართველოს არ წარმოვადგენდი. მათ სჭირდებოდათ იურისტი, რომელიც ქართულ საქმეებზე იმუშავებდა. მუშაობა რომ დავიწყე, სულ ორი საქმე იყო შემოსული, ჯაბა იოსელიანის და გურამ აბსნაძის. ამიტომ რუსული და ფრანგული საქმეები დამიმატეს. ასე გაგრძელდა ათი თვე და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო საქართველოდან საქმეების შემოსვლა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქმეთა ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
- გამორჩეულად რომელი საქმე გახსენდებათ?
- თენგიზ ასანიძის... ის იყო ევროსაბჭოს ისტორიაში პირველი გამართლებული პატიმარი, რომელსაც ციხიდან ასლან აბაშიძე არ უშვებდა. მეამაყება, რომ განაჩენი მე დავწერე და დღეს ყველა სამართლის წიგნშია მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი წამყვანი განაჩენი.
- ვარდების რევოლუციის შემდეგ რომელ გახმაურებულ საქმეებზე მუშაობდით?
- უამრავზე, რომელი გავიხსენო. სანდრო გირგვლიანის, კუხალაშვილის, რომელიც ორთაჭალის ციხეში ბუნტის დროს მოკლეს, გვანცა ყუფარაძის, რომელიც რისთვის იჯდა ხუთი წელი ციხეში და ახლა რატომ არის ხუთი წელი პრობაციონერი, გაუგებარია. სულხან მოლაშვილის, დავით მირცხულავასი. საქართველოს დავებზე სტრასბურგის სასამართლოშიც აღიარებდნენ, რომ ეს იყო იმ კატეგორიის საქმეები, რომელთა 90% დაუსაბუთებული გახლდათ. როდესაც ქვეყანას ამდენი დარღვევით ნაწარმოები საქმე აქვს, მისი განხილვის ვადა რთული და გრძელია. ამიტომ არის, ქართული საქმეები რომ წლები გრძელდება, თან იქ ქართულ საქმეებზე მხოლოდ ორი იურისტი მუშაობს.
- რატომ დატოვეთ სამსახური?
- ათი წელი ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და შემეძლო, კიდევ ოცდაათი წელი მემუშავა. მქონდა კარგი ხელფასი, თვეში რვა ათასი ევრო. იქ შევიძინე ბინა, თუმცა სესხი ჯერ კიდევ დასაფარი მაქვს. ახლა ბინა გავაქირავე. სტუდენტებს დავუთმე და ხანდახან ვნერვიულობ, გაზი ან უთო არ დარჩეთ ჩართული (იღიმება). საქართველოში იმიტომ დავბრუნდი, რომ ერთ რამეს მივხვდი, იმ საქმეებიდან, რომლებიც ჩემს მაგიდაზე იყრიდა თავს, ერთ მხარეს უპატრონოდ მივიწყებული პატიმრები, ქონებაწათმეული ადამიანები იდგნენ და მეორე მხარეს თავგასული ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს კი არა, ადამიანს აღარ სცემდა პატივს. ათი წელი იმ კაბინეტში გავატარე, ამ საქმეებთან პირისპირ და მივხვდი, რომ იქიდან, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთე. ერთი საქმის ერთი ფურცელი არ ყოფილა, რომ წაუკითხავად გადამეფურცლა. ვიცოდი, საქმეს რომ დავხურავდი, იქ კითხვის ნიშანი არასოდეს გაჩნდებოდა.
დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ან არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა შემექმნა ან პოლიტიკაში წავსულიყავი. მეგობარმა ირაკლი ალასანია გამაცნო და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ბოლოს მე და ირაკლი შევთანხმდით, რომ ჩამოვიდოდი და გადადგომაზე განცხადება დავწერე, მაგრამ ამისათვის მომენტი უნდა შემერჩია. იმ პერიოდში გირგვლიანის საქმის ღია განხილვაზე ვმუშაობდი. ეს სხდომა ქართული საზოგადოების სინდისის საქმე იყო და მანამ არ დავტოვე სტრასბურგი, სანამ ბოლომდე არ ჩატარდა.
ჩემი უცხოელი ხელმძღვანელები მაკრიტიკებდნენ, ერთმა მითხრა, რომ გავღარიბდებოდი, მეორემ, რა უნდა აკეთო საქართველოში, აქედან უფრო დიდ საქმეს აკეთებ შენი ქვეყნისთვისო. მივხვდი, 35 წლის ასაკში თუ არ წამოვიდოდი, ასაკის მატებასთან ერთად, ასეთ გაბედულ გადაწყვეტილებებს ვეღარ მივიღებდი. საქმე იმანაც გამიადვილა, რომ ოჯახი არ მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში წამოსვლის გადაწყვეტილებას მხოლოდ ოჯახის დანგრევის ხარჯზე მივიღებდი, მაგრამ შეიძლება, შვილების გამო უკან დამეხია.
- იმ კაბინეტმა შეგიშალათ ხელი დაოჯახებაში, სადაც ათი წელი გაატარეთ?
- დიახ, ჩემმა პროფესიონალურმა საქმიანობამ, მაგრამ მხოლოდ ამან არა. ჩემი პრინციპულობის მიუხედავად, პირად ცხოვრებაში მეტისმეტად დამთმობი ვარ. იყო დრო, როდესაც ოჯახის შექმნაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე. მივხვდი, ჩემს კომპრომისს მეორე მხარე ბოროტად იყენებდა, თუმცა ცხოვრება ამით არ დამთავრებულა, გამიმართლა და შევხვდი ადამიანს, რომელიც ახლა არ ჩანს, სხვა საქმიანობას ეწევა, მაგრამ იცის, რომ უნდა დავჭკვიანდე, თორემ შეიძლება ეს ადამიანიც დავკარგო და არ მინდა. ვნახოთ, როგორ წავა საქმე, ხანდახან მესიჯებს მწერს, მე მგონი, მართლა გიჟი ხარო (იღიმება). ახლა აღარ ვთმობ, ვიცი, რომ რასაც ფიქრობ, უნდა თქვა. საჯაროდ ყოველთვის ასე ვიქცეოდი, მაგრამ პირად ურთიერთობაში თავს ვარიდებდი.
- ერთი საინტერესო გატაცება გაქვთ, ალპინიზმით როდის დაინტერესდით?
- ალპინისტი არ ვარ, ამაზე გული მწყდება. ბავშვობაში ზაფხულს მესტიის რაიონში ბებია-ბაბუასთან ვატარებდი. შემდეგ ალპინისტებს დავუმეგობრდი და მათ ავეკიდებოდი ხოლმე. ამ საქმეში ყველაზე დიდ წარმატებას ორჯერ მივაღწიე. 2006 წელს ნეპალის ჰიმალაიზე ვიყავი. ჯგუფთან ერთად ჯომოლუნგმას საბაზო ბანაკში ავედი, საიდანაც ცოცვა იწყება. სამწუხაროდ, მე ცოცვა არ ვიცი. ეს ბანაკი ზღვის დონიდან 5000 მეტრზეა და ორი კვირა უნდა იარო, რომ იქამდე მიაღწიო. ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ შევძელი. რაც უფრო მაღლა ადიხარ, ბედნიერებისა და თავისუფლების განცდა გეუფლება. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნეპალის მოსახლეობამ მოახდინა, რომლებიც ჯომოლუნგმაზე ლოცულობენ, მათთვის ეს სიწმინდეა. ადრე ითვლებოდა, რომ ჯომოლუნგმაზე ასვლა სიწმინდის შებღალვას ნიშნავდა და დიდხანს თავადაც არ ადიოდნენ.
- მეორე წარმატებაზე მოგვიყევით.
- წელს კილიმანჯაროზე ვიყავი და უმაღლეს მწვერვალ უჰურუზე ასვლა მოვახერხე. ეს არის თავისუფლების პიკი. იქ ასვლას ერთი კვირა სჭირდება და მთელი აფრიკის დაბლობი ჩანს. ჩემს ჯგუფში მყოფი ალპინისტები ნერვიულობდნენ, რადგან ბოლო ღამეს 11 საათზე უნდა დაიძრა, რომ მზის ამოსვლას მწვერვალზე შეხვდე. კარვიდან გამოსასვლელად რომ ვემზადებოდი, მესმოდა, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, რომ არ ადგეს და გადაიფიქროს, ხომ ვერ მივატოვებთო. ერთი ქალი ვიყავი ექსპედიციაში და უარი რომ მეთქვა, ექსპედიცია იშლებოდა. თუმცა მერე კარგად ნახეს, ვინ ვის უსწრებდა. ბოლო საათ-ნახევარი ძალიან გამიჭირდა, ჟანგბადმა იკლო და გზას ვეღარ ვაგრძელებდი. არასოდეს მეშინოდა სიკვდილის, მაგრამ იქიდან გაცილებით უფრო მსუბუქი დავბრუნდი, რადგან ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ჩემ გვერდით ჰიპების ტომის ალპინისტი, პოლი მოდიოდა. სუნთქვა გამიჭირდა და იძულებული გავხდი, გავჩერებულიყავი, მაგრამ ქვაზე ჩამოჯდომის უფლება არ მომცა. მაიძულებდა, გზა გამეგრძელებინა. თურმე მიზეზი სხვა ყოფილა, ასეთ სიმაღლეზე, ყინვაში რომ დაჯდე, რვა წუთში ბედნიერი იყინები. გახურებული ხარ, არ გცივა, ჯდები, ისვენებ და ვერ გრძნობ, როგორ გარდაიცვლები. თურმე ეს არის ბედნიერი სიკვდილი. პოლს ვეუბნებოდი, რა კარგი რამე მასწავლე, სიკვდილის დრო რომ დადგება, აქ მოვალ, ბედნიერი დავჯდები და ისე მოვკვდები, რომ ვერ მივხვდები-მეთქი. ერთ ქალბატონს იალბუზზე თავი საძილე ტომრით დაუმაგრებია და ისე გარდაცვლილა. ალპინისტები ამბობდნენ, რომ დიდი დრო დასჭირდათ ცხედრის ჩამოსახსნელად. თურმე არსებობს ბედნიერი სიკვდილის რეცეპტი კილიმანჯაროზე... რაც, სხვათა შორის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გავაცანი და ძალიან დაინტერესდა. მითხრა, ტანზანიაში წასვლა ჩემი ოცნებააო (იღიმება).
- თეა, ალპინიზმი უფრო რთულია თუ პოლიტიკური მწვერვალების დაპყრობა?
- ალბათ პოლიტიკურის, თუმცა რეალური მწვერვალიც დიდ ფიზიკურ მომზადებასა და სულიერ სიმტკიცეს მოითხოვს. ყველა ადამიანს თავისი ტკივილი აქვს, ყოველთვის უნდა გქონდეს მათ მოსასმენად ენერგია და იფიქრო, როგორ მოუგვარო პრობლემები. პოლიტიკაში ხალხთან ურთიერთგაგების მწვერვალი უნდა დაიპყრო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“