06 ოქტომბერი, 2015
ილია ჭავჭავაძე და მისი ''ტრფობის'' ობიექტები
ნატო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მრგვალი პირისახის ქალი იყო იმხანად საქართველოში მის საქმესა და პროფესიას ხალხის დიდ ნაწილში არცთუ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ქალი სცენაზე ასვლით პატიოსნებას ''კარგავდა'' და ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. ''სწორი გზიდან გადახვეულებს''
არათუ ოჯახი, ზოგჯერ ნათესავები და მეგობრებ-ახლობლებიც უნაწყენდებოდნენ.

მიუხედავად ამისა, ნატო გაბუნია იყო ერთ-ერთი მსახიობთაგანი, რომელიც ხალხის აზრს
არ შეუშინდა. მან მოღვაწეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში გორის სახალხო თეატრში დაიწყო. სწორედ იქ იხილა დავით ერისთავმა და 1879 წელს თბილისის ქართულ
პროფესიულ თეატრში სამუშაოდ მიიწვია...

მანამდე კი... ნატო ლექსებს წერდა და სურდა სადმე დაბეჭდილიყო. რამდენიმე მათგანი თბილისში ანტონ ფურცელაძეს გამოუგზავნა. მწერალი იმხანად რამდენიმე პერიოდულ გამოცემასთან თანამშრომლობდა, რამდენიმე წელი მისი თაოსნობით გამოდიოდა ჟურნალი ''მნათობი''. ალბათ სწორედ აქ ან რომელიმე სხვა გამოცემაში სურდა ნატოს თავისი ლექსები ეხილა, მაგრამ ფურცელაძემ მისი ''შემოქმედება'' დაიწუნა და ლექსები ავტორს სხვაზე გადაბრალებით უკან დაუბრუნა - ცენზორმა არ გაუშვაო.

Rating
ნატო გაბუნია


16 წლის იყო ნატო, როცა ანტონ ფურცელაძემ ის ერთ-ერთ პირველ საქველმოქმედო წარმოდგენაში იხილა. რამდენიმე დღეში იქვე, გორში შეხვდნენ ერთმანეთს
და ფურცელაძემ ნატოს ურჩია - პოეტობას თავი დაანებე, სწორედ სასცენო ქალი ხარო.

ნატოს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და მამას თავისი სურვილი გაანდო. ოჯახის უფროსი შვილის განზრახვას აღფრთოვანებული არ შეხვედრია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნატოს უკან არ დაუხევია, გორიდან თბილისში გაიპარა და მშობელი გაანაწყენა. რამდენიმე წელი მამა არ ურიგდებოდა ქალიშვილს, მხოლოდ მაშინ ''აპატია'', როცა ნატო დაოჯახდა და ჯვარი დაიწერა. ნატო 23 წლის იყო, როცა თავისზე 2 წლით უფროს დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს გაჰყვა ცოლად. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, მათ შორის უპირველესი თეატრი იყო...

***
ნატო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მრგვალი პირისახის ქალი იყო, ხშირი წარბებითა და დახრილი თვალებით, ჰქონდა ოდნავ კეხიანი ცხვირი და სქელი ტუჩები. პერიფერიიდან დედაქალაქში გამომგზავრებული, ერთი შეხედვით გარეგნულად არაფრით გამორჩეული ქალი მალე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. უკრავდა, მღეროდა და მაყურებელთა
მოთხოვნით არაერთხელ წარმდგარა ბისზე. მაშინდელი არისტოკრატების სამოსს უკვე ეტყობოდა ევროპული გავლენა, ნატო კი მუდმივად ქართული სამოსითა და ჩიხტიკოპით დადიოდა.

Rating
ოლღა გურამიშვილი


20 წლის ასაკში ის იმ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ მსახიობთა სიაში მოხვდა, რომლებზეც ილიას მიერ აღდგენილი თეატრის რეპერტუარი დაეყრდნო. ნატო გაბუნიას პირველი ბენეფისი მაშინ გადაუხადეს, როცა მსახიობი 21 წლის შესრულდა. ძალიან მალე ნატო არა მხოლოდ წამყვანი მსახიობი, არამედ ელიტის საპატიო სახე გახდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მსახიობები მატერიალურ კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ. დარგისა და ქართული თეატრის პოპულარიზაციის მიზნით ისინი ბევრს მუშაობდნენ, სოფელ-სოფელ წარმოდგენებს მართავდნენ, რომელთა დიდი ნაწილი საქველმოქმედო იყო.
სპეციალურად ნატოსთვის წერდნენ პიესებს ილია ჭავჭავაძე, ავქსენტი ცაგარელი, აკაკი წერეთელი...

მიუხედავად უამრავი როლისა, მისი სახელი მაინც სპექტაკლ ''ხანუმასთან'' ასოცირდება, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერა ავქსენტი ცაგარელმა.
23 წლის იყო ნატო, როცა 50 წლის მაჭანკლის როლი მოირგო და თითქმის 30 წლის განმავლობაში თამაშობდა. ზოგადად, თეატრალურ სამყაროში იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს პერსონაჟის ამდენი წელი ''სიცოცხლე''. როგორც ჩანს, დრამატურგთა ''მუზობა'' შეიფერა, ერთხელაც, როცა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი აღტაცებული დარჩა მისი ხანუმას ხილვით და მსახიობს შთაბეჭდილებები გაუზიარა, ნატო გაბუნიამ პირობა დაადებინა, რომ სპეციალურად მისთვის დაწერდა რამეს. იუჟინი დაჰპირდა და დაწერა კიდეც ''ღალატი''.

***
ნატო გაბუნიას ბიოგრაფიაში თითქოს ყველა ფერი ცხადზე ცხადია, იმხანად მხოლოდ რამდენიმე მსახიობს ჰქონდა ისეთი დიდი წარმატება, როგორიც მას, თუმცა მის ცხოვრებაში არის ერთი ბუნდოვანი გარემოება, რომელზეც ღიად და ხმამაღლა ლაპარაკს მაშინაც გაურბოდნენ და ახლაც გაურბიან...

ისევე როგორც ბევრი სხვა, ნატოს ნიჭით, გარეგნობითა და სასიმღერო მონაცემებით ილია ჭავჭავაძეც მალე აღფრთოვანდა. ძველ თბილისში ამ ორ ცნობილ ადამიანს შორის გაჩაღებულ ფარულ რომანზე ჩურჩული მაშინ დაიწყეს, როცა ილია მსახიობი ქალით აღფრთოვანებას საჯაროდ გამოხატავდა და ამის საფუძველს მსახიობისადმი მიძღვნილი ქება-დიდებით აღსავსე სათეატრო რეცენზიებიც იძლეოდა. თავიდან რამდენიმე წერილში ილია თითქოს მაკო საფაროვასა და ნატო გაბუნიას მეტყველებას უწუნებს, სპექტაკლის მსვლელობისას ზოგან სიტყვებს ყლაპავდნენო, მაგრამ შემდეგ წერილების ტონი იცვლება და ძირითადად მხოლოდ ნატოსადმი დადებითი შეფასებები გვხვდება.

''..უკეთესი თამაშობა აღარ შეიძლება, ამას ზევით ხელოვნება ვერ წავა''... - წერდა ილია, როცა ნატოს მიერ განსახიერებულ ''ხანუმა'' იხილა.

***
ილია ბავშვობაში დაობლდა, 10 წლისას დედა გარდაეცვალა, 15 წლის ასაკში - მამა. ბავშვი მამიდა მაკრინემ გაზარდა. დედის გარდაცვალებამ ბავშვზე იმდენად იმოქმედა, რომ ეს მის გიმნაზიაში სწავლის ხარისხსაც დაეტყო. ერთ წელს კლასშიც ჩატოვეს, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. კოხტა აფხაზი, რომელმაც ილიას გვერდით გაატარა გიმნაზიისა და სტუდენტობის წლები, ერთგან ილიას ბავშვობის გატაცებაზე წერდა: ''ილიას პირველი სატრფო იყო ვინმე ტერ-ასატუროვისა. ილია იქნებოდა ესე 13-14 წლისა. მისი სატრფოს მშობლები სცხოვოლღა თამაშევის ქარვასლის მე-2 სართულში. ხშირად მივუახლოვდებოდით ხოლმე მე და ილია მისი ღვთაების სარკმელს და იქიდანაც ღიმილით გადმოგვხედამდა ხოლმე პატარა ქალი. ეს სიყვარული, თუკი სიყვარულად ჩაითვლებოდა, იყო ნამდვილი პლატონური. საზოგადოდ ილია მეტად ადვილად ''აინთებოდა'' ხოლმე, მაგრამ გულის ცეცხლი არც ისე ხანგრძლივი იყო''...

შესაძლოა, მრავალი წლის შემდეგ ილიას ნატოსადმი სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდა და მათი რომანი ჭორების მოყვარული საზოგადოების ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ისტორიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ამბავი რეალობასთან ახლო იყოს...

სწორედ კოხტა აფხაზისგან ვიგებთ ილიას ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლების სხვა სატრფიალო გატაცებების შესახებაც. როგორც ითქვა, ერთი თბილისის მოქალაქის - ტერ-ასატუროვის ასული გახლდათ, მეორე - გიმნაზიის მასწავლებლის - დემენტიევისა, ხოლო მესამე - ყვარელში ილიას მეზობლად მოსახლე სოლომონ ჭავჭავაძის შვილი.

სოლომონი ბიძაშვილად ეკუთვნოდა ილიას მამას, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია არც ილიასათვის ელისაბედით, ანუ ლიზათი მოხიბლულიყო და არც გოგონას მამისთვის, რომელმაც სერიოზულად განიზრახა ახალგაზრდების დაქორწინება. სოლომონმა
ილიას ზურგს უკან მამიდამისთან მოილაპარაკა და როგორც მომავალ სიძეს, ილიას სწავლის ფულს უგზავნიდა პეტერბურგში.

არავინ იცის, ამ ზურგს უკან მოლაპარაკებამ გაანელა ილიას ტრფობა თუ იყო კიდევ სხვა რამ მიზეზი, მაგრამ ილიას აღმზრდელი მამიდა მაკრინე, ძმისშვილის დაჟინებული თხოვნით, სოლომონს გასტუმრებული ვალით დაემშვიდობა, ხოლო თავად ილია ლიზას - თავისი ერთ-ერთი ლირიკული ლექსით...

***
ილიას განსაკუთრებით მოსწონდა ნატო გაბუნიას სიმღერა დაირის თანხლებით. დავით კასრაძის მოგონებებში ერთი ასეთი ფაქტია მოყვანილი - ელისაბედ ჩერქეზიშვილთან გამართულ ერთ-ერთ მორიგ წვეულებაზე ილიას თავისი ხელით გადაუცია ნატო ილია ჭავჭავაძეს დაირა  და სიმღერა უთხოვია. მსახიობსაც გული არ დაუწყვეტია და ''ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია'' შეუსრულებია. ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმამ თავი გაუხსენა და თავი ცუდად იგრძნო. ''ბატონო ილია, ბატონო ილია!'' - გაისმა ნატოს ხმა, დაირა გვერდით მიაგდო და პატარა ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა...

ნატოსა და ილიას შორის 22-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ნატო აქტიურად ტრიალებდა ილიას გარემოცვაში და იმ პერიოდის ''მაღალი წრის'' წარმომადგენლების
გვერდით საპატიო ადგილსაც იკავებდა...

***
ილიამ და ოლღამ ჯვარი 1863 წლის გაზაფხულზე დაიწერეს. ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა პეტერბურგიდან
ახალდაბრუნებული ილია ჭავჭავაძე სამშობლოში
საკუთარ ადგილს იმკვიდრებდა. ოლღა გურამიშვილი თბილისის მაშინდელი მაღალი საზოგადოების
წრეში ტრიალებდა და ყურადღებით ადევნებდა
თვალს ''ცისკრის'' გამოცემაში გაჩაღებულ ''მამათა და შვილთა'' ბრძოლას. ურთიერთსიმპათიაც მაშინ გაჩნდა და მიმოწერაც გაჩაღდა. მაშინ ილია და ოლღა 25 და 20 წლისანი იყვნენ...

ქალმა მსახიობი ნატო გაბუნია პირველად სცენაზე იხილა და მოიხიბლა. 21 წლის ნატოს ბენეფისი რომ გადაუხადეს, იმ დღეს დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს
ეტლით თეატრიდან თავის პატარა ბინაში. სწორედ იქ ესტუმრა ოლღა ვანო მაჩაბელთან ერთად და ახალგაზრდა მსახიობი თავისთან სადილად დაპატიჟა. რასაკვირველია, ნატოც გაჰყვა და საღამო ჭავჭავაძეების სახლში გაატარა. ერთი კვირის შემდეგ კი, მორიგი რეპეტიციისას, ნატოს ვანო მაჩაბელი ესტუმრა და უთხრა: კნეინას ძალიან ეწყინა, პატარა ოთახი რომ გაქვს და თანაც რკინის ფეჩი გიდგას, შეიძლება ხმა წაგიხდეს. ნათბილარევი რომ გამოხვალ იმ პატარა ოთახიდან. კნეინას სურს თავისთან ახლოს დაგაყენოს. ოთახი უკვე დაიქირავა...

''მეორე დღეს გადამიყვანეს კნ. ოლღას მახლობლად
იმავე ეზოში. სადილი, ჩაი მათთან მქონდა, რასაკვირველია
უზრუნველად'', - წერდა ნატო გაბუნია.
კარიერის პირველ ეტაპზე, ნატოს კარიერული თვალსაზრისით და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ოლღას ამგვარი მხარდაჭერა. გათხოვების შემდეგ კი ნატომ მეუღლესთან, ავქსენტი ცაგარელთან ერთად დაიწყო ცხოვრება.

***
ილია ჭავჭავაძე წიწამურთან 1907 წელს მოკლეს. მართალია, თეატრში გარდამტეხი პერიოდი იდგა, ბევრი რამ იცვლებოდა, მაგრამ ილიას მკვლელობიდან
ერთ წელიწადში ნატო დასში აღარ ირიცხებოდა. თეატრი თავად დატოვა,
გარემოებების მსხვერპლი გახდა თუ კიდევ სხვა მიზეზი იყო, ეს რთული დასადგენია...
იმხანად მისი მეუღლეც უკვე აღარ იყო ცოცხალი. ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებებმა თავიდანვე მოიპოვა წარმატება იმ პერიოდის საქართველოში და მწერალი საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული ლიტერატურულ
პროცესებში, თუმცა ასაკში შესული, სასმელს მიეძალა. იმდენად ხშირად სვამდა და თან ალკოჰოლს
ყოველგვარი მისატანებლის გარეშე იღებდა, რომ ჯანმრთელობა შეერყა, გახდა. მეგობრებმა ''ცნობის ფურცელში'' დაასაქმეს, იქნებ ამგვარად მაინც ჩამოვაშოროთ სასმელსო, ერთხანს თითქოს უკლო კიდეც სმას, მაგრამ მერე, როგორც კი ავქსენტი მარტო რჩებოდა და საშუალება მიეცემოდა, ჩუმად გადაკრავდა ხოლმე.

Rating
ილია და მაჩაბელი


''1902 წელს, მარიამობისთვის 12-ს შემატყობინეს, რომ ნატო შინ არ არის, ასიკო (ასე მოიხსენიებდნენ ავქსენტის მეგობრები), ავად არის და მიჰხედეო, _წერდა მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი, - მაშინ ის ავჭალის ქუჩის დასაწყისში იდგა. მე ძალიან ახლოს
ვიდექი. მაშინვე გავქანდი. ასიკოს დამართვოდა საშინელი ხურვება. ბოდავდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა.
ეამა ჩემი ნახვა. მაშინვე მოვიწვიეთ ექიმი ექვთიმე ვაშაკიძე. უიმედობა მითხრა. ნატო პროვინციაში იყო წასული. დეპეშა დავკარით გორსა და სურამში, რომ ჩამოსულიყო. მე ასიკო გულზედ მივისვენე: ჭირის ოფლი ღვარად სდიოდა, ოხუნჯობას მაინც არ იშლიდა...
ამოხვნეშით სთქვა: ''ოჰ, ხანუმავ, სადა ხარ?!'' (ასე უწოდებდა თავის მეუღლეს). მე ვანუგეშებდი. დილიდან მოკიდებული ორ საათამდე აქეთ-იქით აწყდებოდა. შუადღის სამი საათი იქნებოდა, როცა ჩემს მკლავზედ განუტევა ასიკომ სული. საღამოს ნატოც
მოვიდა''...

მიუხედავად იმისა, რომ ნატო თავის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღარ მოღვაწეობდა, მაინც ჩანდა სხვადასხვა სცენაზე, სოფელსა და ქალაქში დადიოდა, მონაწილეობდა საქველმოქმედო სპექტაკლებში.

1910 წელს ქარელში მორიგი კეთილი განზრახვით
დადგა სცენაზე, ითამაშა ''ხანუმა'', რათა შემოსული თანხით გლეხებისთვის აბანოს
აშენება შეძლებოდა. უმძიმეს პირობებში მოუწია მუშაობამ, გაცივდა და ფილტვების ანთება
დაემართა. ავადმყოფობის შემდეგ ნატო მალევე გარდაიცვალა...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS