15 სექტემბერი, 2015
მაკო, ვასო და ტასო სცენაზე შეყვარებული ოჯახი
ცოლ-ქმარი მსახიობები იყვნენ, მათი ქალიშვილიც. ამ ადამიანების სახელები ქართული თეატრის ისტორიაში კარგადაა ცნობილი. მაკო საფაროვას, ვასო აბაშიძისა და მათი ქალიშვილის, ტასოს, ყოველდღიური თუ სცენაზე შექმნილი პერსონაჟების სახეები მხოლოდ შავ-თეთრ ფოტოებზეა შემორჩენილი...

დაოჯახება
წყვილმა ერთმანეთი მათთვის ჩვეულ გარემოში, თეატრში გაიცნო. პირველად ქართულ დასში მისულ მაკოს კაცი დაცინვით შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, ვასომ მაკოს ''ბავშვიც'' კი უწოდა. აზრი მალე შეეცვალა, გრძნობაც გაუჩნდა, მაგრამ ქალმა იმავეთი არ უპასუხა. როცა
ხელი სთხოვა, მაკომ უარით გაისტუმრა. ვასო უკან არ იხევდა, მაგრამ მაკო აზრს არ იცვლიდა.

Rating
ვასოს დაედევნა და ცოლობაზე თანხმობა განუცხადა


ერთხელაც გასტროლებზე წავიდნენ, იმ დღეს ძალიან ცხელოდა. ქალი სასეირნოდ წავიდა, ვასო უკან აედევნა და თხოვნა გაუმეორა. წინადადებას მაკო ახლაც ცივი უარით შეხვდა. ამის მერე ვასო გამოემშვიდობა და გეზი მტკვრისკენ აიღო, მაკომ იფიქრა, თავის დახრჩობას აპირებსო, ვასოს დაედევნა და ცოლობაზე თანხმობა განუცხადა.

ორი წლის შემდეგ ქალიშვილი გაუჩნდათ - ტასო, ერთ წელიწადში მეორე შვილის მშობლებიც გახდნენ, მაგრამ ბიჭი 11 თვის იყო, როცა დაიღუპა...

ვასო
ვასილ აბაშიძე ერთ-ერთია, ვის სახელსაც ქართული თეატრის აღორძინება უკავშირდება. მამამისი დუშეთიდან იყო, სადაც წარმოშობით უკრაინელ ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ვასო ჯერ თბილისში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისში, სადაც წარჩინებით დაამთავრა სკოლა და ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში მასწავლებლობა დაიწყო.

საშუალოზე ოდნავ დაბალი, ახალგაზრდობაში გამხდარი იყო. არც შემდეგ შეუწუხებია ჭარბ წონას, თუმცა ასაკში ძალიან გახდა და ''დაპატარავდა''.

ჯერ ქუთაისში სცენისმოყვარეთა წრის წარმოდგენებში მონაწილეობდა, ერთმანეთს უთავსებდა სასწავლებლის ზედამხედველისა და მსახიობის საქმეს. ბოლოს პირველს თავი დაანება და თავისი ცხოვრება მთლიანად სასცენო მოღვაწეობას დაუთმო.

ვასო აბაშიძე რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. სხვადასხვა სცე-ნაზე 500-მდე პერსონაჟის სახე შექმნა. ამას გარდა, მუშაობდა როგორც რეჟისორი და წერდა პიესებსაც. პირველი გაზეთი ''თეატრიც'' მისი ინიციატივით გამოიცა. თავიდან თავად რედაქტორობდა, შემდეგში ეს ადგილი ვალერიან გუნიას დაუთმო.
მსახიობების შემოსავალი არ იყო ბევრი. ერთხანს ვასო იძულებულიც კი გახდა, თეატრს ჩამოშორებოდა და ოჯახის შესანახად რკინიგზაზე დაეწყო მუშაობა. თეატრი მაინც თავისკენ ექაჩებოდა და ასე წლები წლებს მისდევდა სცენაზე. არ უყვარდა, როცა მისი სასცენო მოღვაწეობის სხვადასხვა თარიღს აღნიშნავდნენ, თუმცა რამდენიმე მრგვალ თარიღზე გრანდიოზული საღამოს მოწყობას მაინც ვერ ასცდა.

ვასო აბაშიძე იყო პირველი ქართველი მსახიობი, რომელსაც რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ეს მისი სასცენო მოღვაწეობიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ მოხდა. 50 წელი თეატრში არცთუ ისე მცირე დროა. ''ხალხის მსახიობის'' წოდებისა და მსახიობისათვის ფულადი ჯილდოს გადაცემაზე იმ დროის გაზეთები, მათ შორის ''კომუნისტი'' წერდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში ვასო აბაშიძე რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა, დროდადრო სპექტაკლებშიც მონაწილეობდა და დანიშნული ჰქონდა პერსონალური პენსიაც, რაც იმ დროისთვის ურიგო თანხა არ ყოფილა.

72 წლის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სამკურნალოდ წყალტუბოში გაემგზავრა. იქიდან შვილს წერილებს სწერდა, მაგრამ ერთ დღესაც დეპეშა მოვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ დაუძლურებული ვასო აბაშიძე თბილისში მოჰყავდათ. საავადმყოფოში 19 დღე იცოცხლა.

Rating
სამკურნალოდ წყალტუბოში გაემგზავრა


მისი ცხედარი ხელოვნების სასახლეში გადაასვენეს, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდიოდა. განსვენებულს დღე და ღამე იცავდა საპატიო ყარაული. ბოლო დღეს კი მთავრობის წევრებმა მისი სასახლე მსახიობის სახლიდან გამოასვენეს.

მუსიკალური კომედიის თეატრი, რომელიც დღეს მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრია, ვასო აბაშიძის სახელს ატარებს.

მაკო
მარიამს ბავშვობიდან ეძახდნენ მაკოს. შეიძლება ითქვას, რომ მისი სამსახიობო მონაცემები პირ-ველად რაფიელ ერისთავმა და აკაკი წერეთელმა შენიშნეს, როცა ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას მაკო ნახეს. ამბობდნენ, მაკომ ერისთავზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ სწორედ მისი სახის შესატყვისად გადააკეთა თავისი კომედია-ვოდევილი ''ბიძიასთან გამოხუმრება''.

მაკომ სასცენო მოღვაწეობა 1879 წელს დაიწყო ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში. ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ როლებს.

უკვე ვთქვით, რომ სწორედ მუდმივმოქმედი თეატრის შექმნისას შეხვდნენ ერთმანეთს მაკო და ვასო. 1979 წლის 5 სექტემბერს თეატრის პირველი სეზონი გაიხსნა და პირველ სპექტაკლებში სხვებთან ერთად იდგნენ სცენაზე ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა.
თეატრის დასში მაკო ასე მოიხსენიებოდა - პირველი კომიკური და ვოდევილური აქტრისა – მარიამ საფაროვა.

ორიოდ წელში ამ დასის წევრებიდან ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ორი თეატრალური ოჯახი - ავქსენტი ცაგარელი ნატო გაბუნიაზე დაქორწინდა, ვასო აბაშიძემ და მაკო საფაროვამ კი თეატრის ქუთაისში გასტროლისას იქორწინეს.
მაკოს თაყვანისმცემლები არც გათხოვებამდე აკლდა და არც მას შემდეგ. ამბობდნენ, რომ იმ დროის ქართული ინტელიგენციის რამდენიმე ცნობილი ადამიანი მაკოს ფარულად ეტრფოდა, ზოგიერთი კი მასთან თავის გრძნობებზე საუბარსაც არ ერიდებოდა. რასაკვირველია, უცნობია, იყო თუ არა ვასოს გარდა მის ცხოვრებაში ვინმე სხვა, არც ლიტერატორები და არც თეატრმცოდნეები ამ თემაზე ღიად არ ლაპარაკობენ...
მაკო საფაროვას ნიჭთან ერთად უბადლო სასცენო მეტყველებასაც უწონებდნენ.
''სიტყვის მკაფიო გამოთქმა, ბ-ნ საფაროვისა შეუდარებელია'' - წერდა ილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაკო საფაროვა იყო ქართულ სცენაზე ოპერეტების დადგმის ერთ-ერთი ინიციატორი. სიცოცხლის ბოლო პერიოდში სმენა დაუქვეითდა და სულ უფრო ნაკლებად ჩნდებოდა სცენაზე.

''სამშობლო''
XIX საუკუნის ქართულ თეატრში დავით ერისთავის პიესა ''სამშობლოს'' დადგმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევა, ის სათავეს უდებს ახალ სათეატროადმყოფოში
მაკოსტილისტიკას. 1882 წელს განხორციელებულ დადგმებს შორის მოხვდა: ''არსენა'', ''ხანუმა'' და ''სამშობლო''.

Rating
საამისოდ კი დაახლოებით 400-500 მანეთი იყო საჭირო, რაც მაშინდელ თეატრს არ გააჩნდა


ამ უკანასკნელ სპექტაკლში უნდა ყოფილიყო მასობრივი სცენები, მდიდარი კოსტიუმები, დეკორაცია. საამისოდ კი დაახლოებით 400-500 მანეთი იყო საჭირო, რაც მაშინდელ თეატრს არ გააჩნდა. დასადგმელი რესურსის მოსაპოვებლად ანტერპრენიორები, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი, მუხრან ბატონს მიადგნენ და სესხად 500 მანეთი სთხოვეს. მუხრან ბატონმა ვასო აბაშიძეს ღიმილით ჰკითხა:

- ''შენ არ იყავი, გუშინწინ წარმოდგენაში რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი აცინე?

- მე ვიყავი, - მიუგო ვასო აბაშიძემ.

- აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულს მოგცემთ''.

ვასოს ასეთი დამოკიდებულება ეწყინა, მაგრამ მუხრან ბატონი ერთხელ ნათქვამს კიდევ უმეორებდა. ვასო სიბრაზისაგან ცახცახებდა, მესხი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ როცა მიხვდა, მუხრან ბატონი არ გაჩერდებოდა, კოლეგისთვის ჩუმად გადაულაპარაკებია: ''რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავაძროთო''. ვასომაც შეუსრულა მასპინძელს თხოვნა. მუხრან ბატონმა დიდხანს იცინა და როცა დამშვიდდა, 500 მანეთი ამოიღო და მსახიობებს ''სამშობლოს'' დასადგმელად გამოატანა...

მსახიობების მემკვიდრე
მსახიობების ქალიშვილი, ტასო, ფიზიკურად ორივე მშობელს ჰგავდა. იმხანად სამსახიობო კარიერას ვინც ირჩევდა, მშობლების მხრიდან საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდა, მაგრამ ვინაიდან ცოლ-ქმარი თეატრზე უაღრესად იყო შეყვარებული, ტასოს პროფესიული არჩევანისას მათთან პრობლემა არ შეჰქმნია.

Rating

ტასო, იგივე ანასტასია აბაშიძე, თბილისის ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ მშობლებმა სასწავლებლად პარიზში გაგზავნეს. იქიდან დაბრუნებული ქართულ დრამატულ დასში ირიცხებოდა. მოგვიანებით ჯერ რუსთაველის, შემდეგ ჭიათურის თეატრში მოღვაწეობდა. ბოლოს კვლავ თბილისში დაბრუნდა და ყველაზე მეტი წელი მარჯანიშვილის თეატრში გაატარა. მამისა და დედის მსგავსად, ისიც სახასიათო და კომედიური როლების განსაკუთრებული შესრულებით იყო ცნობილი...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS