02 აგვისტო, 2013
''ის ვაჟი'' ნინო ბაშარულმა ესპანეთში იპოვა
ბუნებით მთის ქალი ვარ და არაფერი დავთმე. ამანაც დამაკარგვინა პირველი სიყვარული. სამაგიეროდ, შემხვდა ადამიანი, რომელმაც დიდი გული და სიყვარული მაჩვენა, შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და გახდა ჩემი მეუღლე ''მთაში სხვანაირად მღერი, თავს გესხმიან მთები, ტყეები, მდინარეები, ჩანჩქერები, სულ სხვა შეგრძნებაა, სხვა სამყარო... მე მთის ქალი ვარ'' , - მითხრა მომღერალმა, ''ჯეოსტარი - 2009'' -ის მონაწილემ ნინო ბაშარულმა. გრძელი კაბების, შარფების, ჯინჯილების, გრძელი საყურის, შუაზე გადაყოფილი გრძელი შავი თმის
და ზოგადად, მისი გარეგნობის გამო მეგობრებმა ხუმრობით გვარი შეუცვალეს და ბოშარელად მონათლეს. გუდამაყრელი მთიული ფოლკის მოტრფიალე აღმოჩნდა. იმდენად, რომ სხვა ქვეყნების ეთნომუსიკასაც სწავლობს. უამრავ ენაზე მღერის. მისგან აფრიკულ იავნანასაც კი მოისმენთ. საინტერესო მუსიკალური ცხოვრების პარალელურად საინტერესო პირადი ცხოვრება სდევდა თან, თუმცა ჩვენი რესპონდენტი ამ ყველაფერს უკეთ ჰყვება. ფოტო, რომელიც მასალაში გამოვიყენეთ, ანა გოგუაძეს ეკუთვნის.

- არასდროს შემიწყვეტია საკუთარ თავზე მუშაობა, სიმღერების წერა. ყოველთვის ვაკეთებდი გარკვეულ პროექტებს. იყო ქართულ-ლაზური პროექტი, რომლითაც ჩავდიოდით ჩვენს ლაზ მეგობრებთან თურქეთში, ქალაქ არჰავში ლაზ მომღერლებთან ერთად სხვადასხვა ფესტივალში ვმონაწილეობდით.
- ეს ''ჩვენ'' ვინ იყავით?
- ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ლაზურ-ქართული ურთიერთობა აღადგინონ და ამის საუკეთესო საშუალება მუსიკაა. იქ ჩვენი დები და ძმები არიან. მათ ვჭირდებით, ისევე, როგორც ჩვენ - ისინი. არის ასეთი ადამიანი, იაშა თანდილავა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ამ ურთიერთობების დათბობასა და გაღრმავებაში. წერს ლექსებს ლაზურ ენაზე, პატრიარქის კურთხევით მუშაობს არაერთ პროექტზე ამ მიმართულებით. სხვათა შორის, აგვის-ტოშიც გვიწევს ჩასვლა ჩვენს იქაურ დებსა და ძმებთან. მალე ლაზური კულტურის დღეებიც გაიმართება საქართველოში. ულამაზესი ფოლკლორი აქვთ ლაზებს. უბრალოდ, მივიწყებული და გადასხვაფერებულია. ეს უნდა აღვადგინოთ.
- შენი დამოკიდებულება ფოლკთან უცხო არ არის შენი მსმენელისთვის. ვიცი, რომ არაერთი ქვეყნის ფოლკლორს იცნობ და მღერი. რომელი ქვეყნის ეთნომუსიკას გამოარჩევ?
- ქართველი ვარ და ქართული ფოლკლორი საწყისია ჩემთვის. მომწონს ინდური, ესპანური ფოლკლორი - ფლამენკო. მადრიდში რომ ვცხოვრობდი, პორტუგალიური ფოლკი მოვისმინე - ფადო. ძალიან დავინტერესდი მათი მუსიკით და შემდეგ ფადოს კონცერტები ჩავატარე საქართველოში ჩემს ბენდთან, ''პალიმასთან'' ერთად. მაშინ ცოტამ იცოდა, რა ჟანრი იყო ეს.
- ვიცი, რომ ოცნებად გქონდა ესპანეთის ნახვა...
- ეს ოცნება 2007 წელს ავიხდინე. ბევრი საინტერესო ქალაქი დავათვალიერე, შემთხვევით ჯაზფესტივალზეც მოვხვდი. ესპანელები ძალიან ჰგვანან ქართველებს, განსაკუთრებით ბასკები და არა მხოლოდ გარეგნულად, ხასიათითაც. იქაურებს ესპანელი ვეგონე. ხიტანააო, ჩემზე ამბობდნენ. ხიტანა - ესპანელ ბოშა ქალს ნიშნავს. 6 თვე ვიცხოვრე მადრიდში და დღემდე ტკბილ მოგონებად დამრჩა... ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, სხვადასხვა ქვეყნების ეთნომუსიკა რომ შეისწავლო. მე ეთნომუსიკოსი ვარ.
- აფრიკულ იავნანასაც მღერი, გავიგე...
- ჰო, ძალიან პატარა ვიყავი, რადიოთი რომ მოვისმინე მოზამბიკური იავნანა ''მალაიკა'' , სულ მქონდა ეს მუსიკა ჩარჩენილი მეხსიერებაში. შემდეგ, როცა სხვადასხვა კუთხის იავნანებზე ვმუშაობდი, გამახსენდა მირიამ მაკებას ნამღერი აფრიკული ნანა და შევიტანე ჩემს რეპერტუარში... იმდენად შევისისხლხორცე ესპანური, პორტუგალიური, ინდური ფოლკი, რომ ჩემს საავტორო სიმღერებშიც შეამჩნევთ მათ გავლენას.
- სიმღერების წერა რა ასაკიდან დაიწყე?
- 14 წლის ვიყავი, პირველი სიმღერა რომ დავწერე, სახელად ''მოვა'' , და მეგობრებს მივუძღვენი. მოთხრობების წერა უფრო ადრე დავიწყე, დღემდე გაბნეულია ჩემი ხელნაწერები ჩემს მეგობრებში.
- როდის წერ, როცა გტკივა თუ როცა გიხარია?
- ტკივილი და სიხარული და- ძმასავით არის, სულიერი განწყობა მონეტაა, ერთ მხარეს სიხარულია, მეორე მხარეს - ტკივილი. ორივე გრძნობა უნდა გქონდეს, რაიმე რომ შექმნა. მშობიარობას ჰგავს ეს პროცესი. თან გტკივა, თან გიხარია და იქმნება შედევრი.
- პირველი ქორწინებიდან 10 წლის ბიჭი გყავს, საბა. დაგყავს შენს კონცერტებზე?
- კი, საბა, შეიძლება ითქვას, კულისებში იზრდება. მგულშემატკივრობს. არ მღერის, მაგრამ მსახიობური ნიჭი აქვს. ჩემს ოცნებას აასრულებს, ასე მგონია. მსახიობობა მეც მინდოდა, მაგრამ... ვერ ავიხდინე ოცნება. ჩემი მისია ამ ქვეყანაზე სიმღერა ყოფილა.
- პირველი ქორწინება რატომ დამთავრდა?
- ეს ''ჯეოსტარამდე'' მოხდა. ორივენი ძალიან პრინციპულები და ჯიუტები ვიყავით, გამოუცდელები ურთიერთობებში. 22 წლის გახლდით, როცა დავოჯახდი, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ძალიან მკაცრ, აზიატურ ოჯახში გავიზარდე, ჩემთვის ეს პირველი სასიყვარულო ურთიერთობა იყო და ძალიან გამოუცდელი ვიყავი.
- მთის ქალი ხარ...
- ვარ, კი, ბუნებით მთის ქალი ვარ და არაფერი დავთმე. ამანაც დამაკარგვინა პირველი სიყვარული. სამაგიეროდ, შემხვდა ადამიანი, რომელმაც დიდი გული და სიყვარული მაჩვენა, შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და გახდა ჩემი მეუღლე.
- გაგვაცანი...
- 2 წელია, რაც მეორედ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე პოეტია, გელა კაციტაძე. არაჩვეულებრივ ლექსებს წერს. პარალელურად არის მშენებელი, ბიზნესმენი. კალმითა და ფურცლით დამდევს, თუ წავიღიღინებ. ჩემს მელოდიებზე ლექსებს სწორედ გელა წერს. საკმარისია, ჩემი ღიღინი გაიგოს და ყველაფერს გვერდით გადადებს, მაშინვე ლექსის წერას იწყებს.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ესპანეთში გავიცანი, მეგობრის ოჯახში, ოღონდ ''სკაიპით'' . გელა ბელგიაში ცხოვრობდა მაშინ. მალე საქართველოში დავბრუნდი და ძალიან მალე ჩამომაკითხა. თავიდან ვმეგობრობდით. როგორც თვითონ ამბობს, ერთი ნახვით შევუყვარდი, მაგრამ გრძნობას დიდხანს მალავდა. მაშინ დაშორებული ვიყავი, მაგრამ ჯერ ისევ მიყვარდა ჩემი პირველი ქმარი, მიყვარდა, მაგრამ არ ვთმობდი არაფერს. ასეთი ვარ.
- ახლა როგორი ხარ, რთულია შენთან ცხოვრება?
- მძიმე არ ვარ ურთიერთობაში, უბრალოდ, პრინციპული ვარ. თბილი ვარ მეგობრებთან, შვილებთან, ქმართან. ჩემი სიმღერებით იღვიძებს და იძინებს გელა. ეს მისთვის სამოთხეა.
- როგორ შეიქმნა სიმღერა ''ის ვაჟი'', რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო?
- ისეთი ბედნიერი ვარ, კომენტარებს რომ ვკითხულობ, ვერც ავხსნი. მივხვდი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ანგელოზივით შვილები მყავს და ლამაზი ოჯახი მაქვს და მეორეც, იმდენი ადამიანი უსმენს ჩემს სიმღერას, ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ვიჯექი და ვტიროდი, კომენტარებს რომ ვკითხულობდი. მარტო ვიყავი სახლში, ქმარს უკვე გაცილებული, სულიერი სიმარტოვის შეგრძნება მქონდა, არავინ აღარ მიყვარდა. ყველა ქალის ოცნებაა, გვერდით ჰყავდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც ფერხთით არნახულ ყვავილებს დაუყრის, ყვავილებისგან გვირგვინს შეუკრავს და ცისკრიდან წამოსულ წყალს დაალევინებს. თითქოს ყველა ქალი შემოვიდა ჩემში და ყველას სურვილი გამომათქმევინა. ტექსტიც და მუსიკაც დიდი ხნის წინ დავწერე. აქამდე ვფიქრობდი, რომ არ იყო დახვეწილი, რომ არანჟირება სჭირდებოდა, სტუდიაში მინდოდა ჩამეწერა და ისე მიმეწოდებინა მსმენელისთვის. როგორც აღმოჩნდა, ტყუილად ვინახავდი, არ იყო საჭირო, ასე, ცოცხლად, გიტარით ნამღერმაც მოხიბლა ხალხი. ვერც ავხსნი, როგორი ამაყი ვარ. ამის მერე გავთამამდი, ჩემი მეორე სიმღერაც მოვასმენინე ''ლაივში'' მაყურებელს, მესამე, რომელიც ''ალილოს'' ხელმძღ-ვანელთან, ზურა დათიკაშვილთან ერთად ჩავწერე დუეტში. ახლა იწერება ''თბილისო'' , რომელიც ძალიან ცნობილ, ყველასათვის საყვარელ ჯგუფთან ერთად შესრულდება. ოღონდ ჯერ მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ. სიმღერა ემიგრაციაზეა და ძალიან ახლობელია ჩემთვის, მეც მომიწია რამდენჯერმე სამშობლოდან შორს ყოფნამ და კარგად მესმის მათი, ვინც წლების განმავლობაში საკუთარ ქვეყანას, ოჯახის წევრებს ვერ ნახულობს. 3 თვეზე მეტს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვძლებდი. ამ სიმღერის ტექსტიც ჩემს მეუღლეს ეკუთვნის, მელოდია ჩემია.
- როგორ ცხოვრობ, კონცერტები გაქვს სადმე?
- ერთ-ერთ კლუბში ყოველ შაბათ-კვირას ვმღერი, აბსოლუტურად სხვა რეპერტუარს: ბრაზილიურ ბოსანოვას ვმღერი, პორტუგალიურ ფადოს, ცოტას ფლამენკოსაც. კიდევ მაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ ცნობილ სტუდიასთან, ვნახოთ რა იქნება.
- საყვარელი მომღერალი გყავს?
- ბავშვობაში ედიტ პიაფზე ვიყავი შეყვარებული, მომწონდა ბარბრა სტრაიზანდი, უიტნი ჰიუსტონი. მიყვარს ნინო ქათამაძე და მისი მუსიკა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ და არასდროს ჩავხუტებივარ მას. უდიდესი ენერგია მოდის მისგან.
Rating
- მეორე ქორწინებიდანაც გყავს ბიჭი, ლაზარე...
- ლაზარე ერთი წლის არის და უკვე ძალიან მუსიკალურია. ფეხმძიმობის დროს ვენის კლასიკოსებს ვასმენინებდი: შუბერტს, მოცარტს, ლისტს. ისე რეაგირებს დღეს ამ მუსიკაზე, გაოცდებით. მღერის კიდეც, გრძნობით, ხელის აწევით (იღიმება), რიტმის საოცარი შეგრძნება აქვს.
- უფროსი ვაჟი ხომ არ ეჭვიანობს უმცროსზე?
- ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას. ეჭვიანობს კი არა, მეხმარება კიდეც. ერთ დიდ სახლში ვცხოვრობთ ყველანი. ჩემს ქმარს პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი ჰყავს, 21 წლის და 15 წლის, ისინიც ჩვენთან ცხოვრობენ.
- დედა სად ჰყავთ?
- დედა საზღვარგარეთ არის, მუშაობს. კარგი ადამიანია. მადლობელი ვარ მისი, რომ ასეთი კარგი შვილები გაზარდა. მადლობა მათ მამასაც ეკუთვნის, შვილები რომ სამშობლოს დაუბრუნა, დედასთან იზრდებოდნენ, ესპანეთში. გელამ ჩამოიყვანა და ქართულ ფესვებს დაუბრუნა, ქართულ-ხალხურ კულტურას აზიარა. ''ალილოში'' მღერის ორივე, ზურა დათიკაშვილთან. უკვე ქართულადაც კითხულობენ, აზროვნებენ.
- ფაქტობრივად, ოთხი შვილის დედა ხარ, როგორ ახერხებ, ასეთი ლამაზი სიმღერებით გაგვანებივრო?
- მეუღლე მეხმარება, დედამთილი და დედა. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, არც ვიცი, რა მეშველებოდა.
- შენი სიმღერების სტუდიურ ვერსიას როდის მოვისმენთ?
- შემოდგომისთვის ვგეგმავ რამდენიმე სიმღერის ჩაწერას. ერთ-ერთი იქნება ''იბერიის გაბრწყინება'' , რომელშიც ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის და ხალხური ლექსებია გა-მოყენებული. სიმღერას არანჟირებას მიშა მდინარაძე უკეთებს... ალბომის გამოშვებაც მინდა. ვნახოთ, წინ ბევრი სამუშაო მაქვს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ლია
ნინო, მშვენიერი სიმღერაა "ის ვაჟი",უსასრულოდ შემიძლია ვუსმინო! გისურვებ წარმატებებს!!!
23:33 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
dzalian , dzalian , dzalian magari gogo.
19:58 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS