ხმაურით შეწუხებულმა მოცეკვავემ ჯერ დარბაზში მყოფთ სიჩუმისკენ მოუწოდა, მაგრამ მის თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. შემდეგ მაგიდასთან მყოფი ცისკარიძის გარშემო შეკრებილი ადამიანების წრე ნელ-ნელა შევიწროვდა და ბოლოს მოცეკვავე ალყაში ისე მოაქციეს, რომ გაუსაძლის სიცხეში თავისუფლად სუნთქვის
თუმცა მანამდე მან სოფო ნიჟარაძესთან ერთად სპონტანურად ორი სიმღერის შესრულება შეძლო. სოფო ნიჟარაძემ ნიკასთან შეხვედრა ასე გაიხსენა: ''პატარა გოგო ვიყავი, 17 წლის, როცა მოსკოვში მიუზიკლ ''რომეო და ჯულიეტაში''როლი მივიღე. მანამდე, რა თქმა უნდა, დიდ თეატრში ნანახი მქონდა ნიკას არაჩვეულებრივი არაერთი როლი. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა მითხრეს, რომ მექნებოდა ბედნიერება, მასთან ერთად ერთ სცენაზე ვმდგარიყავი. ორი წლის განმავლობაში მიდიოდა მიუზიკლი ''რომეო და ჯულიეტა''. ნიკა სიკვდილის როლს ასრულებდა. 200-ზე მეტი სპექტაკლი ვითამაშეთ და ნიკას ხელით 230-ჯერ მოვიკალი თავი. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ასეთ ვარსკვლავთან ერთად ვიდექი სცენაზე...''
მიუზიკლში სოფოს დუბლებიც ჰყავდა, თუმცა ნიკა ცისკარიძემ სოფო გამოარჩია: ''ჯულიეტას სხვაც თამაშობდა, მაგრამ იმ შემადგენლობიდან სოფიკო ჩემთვის უსაყვარლესი ჯულიეტა იყო. მისი ''მოკვლა''მიჭირდა, მაგრამ იმავდროუ
ლად განსაკუთრებით მსიამოვნებდა კიდეც (იღიმის). სპექტაკლის პრემიერა 2004 წელს შედგა, რის შემდეგაც ეს დიდი ქეიფით აღვნიშნეთ, მე და სოფიკომ ''თბილისო''და ''ციცინათელა''ვიმღერეთ''.
ახლაც სწორედ ეს ორი სიმღერა შეასრულეს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში. ვინაიდან ჩაშლილ შეხვედრაზე უკვე მოგახსენეთ, მოცეკვავეზე წიგნის მასალებიდან და სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი ინტერვიუებიდან თავად მოგითხრობთ. მოგეხსენებათ, მოცეკვავეები ადრე ასრულებენ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც _ 35 წლიდან ''პენსიაზეა''.
ბალეტის მოცეკვავეები ბავშვობიდან სწავლობენ ტკივილის იგნორირებას. ერთხელ, უმძიმესი ტრავმის მიღების მიუხედავად, რეპეტიციას კიდევ 20 წუთს აგრძელებდა და მუხლის გარშემო მთელი მყესები და კუნთები დაუწყდა. ეს კინაღამ დამღუპველი აღმოჩნდა _ ოპერაცია დასჭირდა, სტაფილოკოკით ინფიცირებული რამდენიმე კვირა სიკვდილს ებრძოდა, სეფსისი განუვითარდა. არათუ ფეხის შენარჩუნება, მისი სიცოცხლეც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ''გამოძვრა''და ცხრაჯერ ნაოპერაციევი ფეხით სცენას დაუბრუნდა.
საგრიმიოროში სარკის გვერდით წმინდა ნიკოლოზის ხატი ეკიდა, როცა ადგილს იცვლის, თან მიაქვს. ხოლო კითხვაზე, აქვს თუ არა რამე თილისმა, მისი პასუხი ასეთია: ''როცა წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გიკეთია, თილისმები აღარ გჭირდება''...
რამდენიმე წლის წინ დიდი თეატრის ვარსკვლავი დიდ სკანდალში გაეხვა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინს, თავს დაესხნენ და ქიმიური დამწვრობის შედეგად მხედველობა დააკარგვინეს. მან დამკვეთად ცისკარიძე დაასახელა. მოცეკვავეები ხშირად ყოფილან სპექტაკლებში ერთმანეთის დუბლი. წლების განმავლობაში ერთ საგრიმიოროშიც ისხდნენ. ამ ტრაგედიის დატრიალებაში ნიკოლოზ ცისკარიძეს სხვაც ადანაშაულებდა, თუმცა არ დაუმტკიცდა. დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებული არიან, მათი აღიარებითი ჩვენება ტელევიზიითაც გადაიცა, მაგრამ გამძაფრებული კონფლიქტის ფინალი ის იყო, რომ მოცეკვავეს დიდი თეატრი დაატოვებინეს.
ერთხელ უთქვამს, სიყვარული ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა უკიდურესად დაკავებული ვარო, ამიტომ დიდი თეატრიდან გამოძევებისა და სცენიდან წასვლის შემდეგ მის დაოჯახებას ვარაუდობდნენ, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა.
ნიკოლოზ ცისკარიძე 1973 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაიბადა მეცნიერ-ფიზიკოს ლამარა და მევიოლინე მაქსიმე ცისკარიძის ოჯახში. თუმცა ნიკა სომეხმა მამინაცვალმა გაზარდა, რომელიც დედამისზე გაცილებით ახალგაზრდა ყოფილა.
დედამ სიკვდილის წინაც არ ისურვა შვილთან მამამისზე საუბარი. საბურთალოზე ცხოვრობდნენ, დედა ვაკეში სკოლაში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად.
ხელოვნების მოყვარული დედა შვილს ადრეული ასაკიდან დაატარებდა ფილარმონიაში, კონცერტებზე და თეატრებში, რამაც, ბუნებრივია, ბავშვის ხელოვნებით დაინტერესებაზე იმოქმედა. დედამისს არ სურდა, შვილი ბალეტს გაჰყოლოდა, ამიტომ სუხიშვილებში მიიყვანეს, მაგრამ ქართული ცეკვა არ ჩაჯდა მისი ინტერესის სფეროში და ქალბატონ ნინოს პირველივე შეხვედრაზე განუცხადა, რომ მას ბალეტი მოსწონდა, მაგრამ დედამისი ამის წინააღმდეგი იყო. ცოლ-ქმარმა სუხიშვილებმა დედამისის გადარწმუნება შეძლეს და ურჩიეს, ასეთი მონაცემების შვილი აუცილებლად მიეყვანა ბალეტზე.
1984 წელს თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა, 1987 წელს კი სწავლა მოსკოვის აკადემიურ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. 1992 წლიდან დიდი თეატრის დასის წევრი გახდა და წამყვანი პარტიების სერიაც დაიწყო...
საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე დღით ადრე გადაეწერა თბილისიდან მოსკოვში. ამბობს: ''მე ეთნიკური ქართველი ვარ, მაგრამ რუსი ვარ აღზრდით და რუსულ ბალეტს წარმოვადგენ''. საჯარო გამოსვლებში ყოველთვის აღნიშნავს თბილისური გარემოს გავლენას მისი ფსიქიკის ფორმირებაზე, ოჯახსა და დედის როლზე მის ცხოვრებაში, იმავდროულად სიყვარულით საუბრობს რუსული კულტურის სიმდიდრესა და იმ გარემოზე, რასაც მისი კარიერა და ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდება.
19 წლის ასაკში ''რომეო და ჯულიეტაში''პირველი სოლო, მერკუციოს პარტია შეასრულა. ეს 1993 წლის 13 იანვარი იყო. მას შემდეგ თავის მეორე დაბადების დღედ 13 რიცხვს ასახელებს და ამბობს, რომ 13 მისი საყვარელი რიცხვია...
რუსული მასმედიის ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ და ენაწყლიან რესპონდენტად მიიჩნევა. ხშირად იწვევენ გადაცემებსა და შოუებში. უწყობენ შეხვედრებს და ბევრიც იზიარებს მის აზრს. ალბათ, ასე იქნებოდა ახლაც, მაგრამ... იმედია, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მომხდარის გამო მოსკოვში დაბრუნებულმა მოცეკვავემ წყენა არ გაიყოლა...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''