26 ივლისი, 2013
რაში ჰბაძავს სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს
ათასობით პატიმარი, აქედან ბევრი ჯანმრთელობაშერყეული, ზოგი ფსიქიკურად აშლილი, პატიმრები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე ''შესვა'' და ძალიან რთულია ახლა მათი განკურნება ექიმი მამისა და პედაგოგი დედის ოჯახში გაიზარდა. სვანეთის მთებში ბალახიც მოუთიბავს და მიწაზეც უმუშავია. სანადირო იარაღიც მოუპარავს მამისთვის, ფრინველზე რომ ენადირა და მესტიის მთავარ გზატკეცილზეც გამოპარულა ველოსიპედით, ასფალტზე სიარულის სიამოვნება რომ შეეგრძნო. სიამოვნებას წიგნების კითხვითაც იღებდა. მეორე კლასში სკოლის სახელმძღვანელოს ქვეშ მხატვრულ ლიტერატურას მალავდა, დედა რომ არ გაბრაზებულიყო. სკოლის პერიოდში არქეოლოგიამ გაიტაცა, ჟურნალისტიკაშიც სცადა
ბედი, შემდეგ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის თანამდებობა. დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გახლავთ. სოზარ სუბარს დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- სვანეთში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. მესტიის რაიონში, სოფელ ჭუბერში. დედა სკოლის პედაგოგი იყო, მამა - სოფლის მთავარი ექიმი. ოღონდ მთავარი პირობითად ერქვა, რადგან ხუთშტატიან საავადმყოფოში მამა ერთადერთი ექიმი იყო. მეზობელ სოფლებშიც კი, სადაც საავადმყოფოებიც იყო და ექიმებიც ჰყავდათ, მამას ეძახდნენ. ამბობდნენ, მისი ერთი სიტყვაც საკმარისია განკურნებისთვის, წამალი არ სჭირდება პაციენტსო. არ ყოფილა შემთხვევა, მისი დასმული დაიგნოზი არასწორი აღმოჩენილიყო. ხელის დადებით სვამდა დიაგნოზს. სიყვარულიც დაიმსახურა. რომ გარდაიცვალა, მერე ვიგრძენი, რამხელა პატივს სცემდა სოფელი. 30 წელი გავიდა მას მერე, რაც მამა აღარ არის და დღემდე ავთოს შვილი ვარ სვანეთში და არა ყოფილი სახალხო დამცველი ან მინისტრი. დედა, როგორც გითხარით, პედაგოგი გახლდათ, სპორტსმენი. მის მიერ დამყარებული რეკორდი სიმაღლეში ხტომაში დღემდე ახსოვთ სვანებს.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?
- მამაჩემის პატიოსნებაზე ლეგენდები დადიოდა. 24 საათი მუშაობდა, ღამით ძილი არ იცოდა. ქრთამის გაგონება კი არა, ვინმეს ორი ლიტრი თაფლი რომ მოეტანა მადლობის ნიშ-ნად, ამას განიცდიდა. როცა სახლში არ ყოფილა და მადლიერ პაციენტებს ნობათი დაუტოვებიათ, აუცილებლად მოჰყვებოდა ერთთვიანი სკანდალი ოჯახში, როგორ გავბედეთ და როგორ დავიტოვეთ. ყველაზე დიდი რამ, რაც მამამ დამიტოვა, ის სიყვარული და სახელი იყო, რომელზეც ზემოთ გესაუბრებოდით. ესეც თუ შევძელი მე ჩემი შვილებისთვის, უფლის მადლიერი ვიქნები.
- ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი დაგამახსოვრდათ მამისგან?
- პირველი ველოსიპედი. მანამდე პედლებიანი მანქანა მყავდა. ჩემი სოფელი ცენტრალური, მესტიის გზიდან რვა კილომეტრითაა მოშორებული. ასფალტი მარტო ცენტრალურ გზაზე იყო. მამამ დამიჭირა ერთხელ ცენტრალურ გზაზე ველოსიპედით, ასფალტიანი გზის სიამოვნება მინდოდა შემეგრძნო. არადა, საკმაოდ სახიფათო გზაა. ძალიან გამიბრაზდა. უცნაურია, მაგრამ კითხვასაც მიკრძალავდნენ ზოგჯერ. მათემატიკის წიგნის ქვეშ მხატვრული ლიტერატურა მქონდა დამალული და ჩუმად ვკითხულობდი. დედას უნდოდა, მეტი დრო სასკოლო პროგრამისთვის დამეთმო.
- წიგნების კითხვა ვინ შეგაყვარათ?
- სანამ კითხვას ვისწავლიდი, დედა მიკითხავდა. მერე უკვე ჩემით დავიწყე. მეორე კლასში ავადმყოფობის გამო ორი კვირა საწოლში გავატარე და სწორედ ამ პერიოდში დავიწყე კითხვა აქტიურად... კიდევ ნადირობა მიყვარდა. სანადირო იარაღი გვქონდა სახლში, ვიპარავდი და ჩუმად მივდიოდი. ამაზეც მიბრაზდებოდნენ, რა თქმა უნდა. მიმალავდნენ იარაღს, ეგონათ ვერ ვიპოვიდი. ზუსტად ვიცოდი, სად ინახავდნენ. როცა სახლში არავინ იყო, ვიპარავდი და ვნადირობდი ფრინველზე.
- სკოლაში კარგად სწავლობდით?
- საკმაოდ. იყო საგნები, რომლებზეც მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი. ძირითადად ჰუმანიტარულ საგნებს ვიმახსოვრებდი კარგად. ზოგადად, ფანტასტიკურ სკოლაში ვსწავლობდი, ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლაში იმ პერიოდის საქართველოში. ჩვენი სკოლიდან ყოველწლიურად 5-10 ბავშვი ყოველგვარი რეპეტიტორების გარეშე ირიცხებოდა უმაღლეს სასწავლებლებში.
- პროფესიას გიწინასწარმეტყველებდნენ მასწავლებლები?
- არა, მამის სურვილი იყო, მისი გზა გამეგრძელებინა და ექიმი გავმხდარიყავი. ოღონდ ეს მხოლოდ სურვილი იყო და არა ძალდატანება. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი ჭუბერში. საკმაოდ საინტერესო გათხრები იყო, რამდენიმე საუკუნის სამაროვანი (სასაფლაო), სადაც ხდებოდა მიცვალებულთა კრემაცია-დაწვა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იმ ადგილზე მიცვალებულებს წვავდნენ. ეს იყო თითქმის ერთი მეტრის სიმაღლის ნაცრის ფენა, სადაც იყო ძვლებიც და ის ნივთებიც, რომლებსაც მიცვალებულებს ატანდნენ. იმ პერიოდიდან დავიწყე არქეოლოგიაზე ფიქრი.
- ეს იყო თქვენი პირველი სამსახური?
- ეს იყო ოფიციალური სამსახური. არაოფიციალურად ზაფხულშიც მქონდა ჩემი პატარა სამუშაო და ზამთარშიც. ზაფხულში ეს იყო სახერხ ქარხანაში მანქანების დატვირთვა, სადაც კარგ ფულს იხდიდნენ, ზამთარში კი სახელმწიფო შენობების ჩამოთოვლა. მე და ჩემს მეზობელს ორი შენობა გვქონდა `დათრეული~. დედამისი კლუბის გამგე იყო, მამაჩემი - საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ეს ორი შენობა გვებარა და რამდენჯერაც თოვლი მოვიდოდა, ჩვენ ვასუფთავებდით. 300 მანეთს გვიხდიდნენ ორივე შენობის გასუფთავებაში. ეს არ იყო ცოტა ფული, მით უმეტეს მეშვიდე-მერვეკლასელი ბავშვისთვის, თუ გაგვიმართლებდა და რამდენჯერმე მოვიდოდა თოვლი, მეტ ფულს ვშოულობდით (იცინის). 4
- ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?
- ხელფასი ჰქონდათ ჩემს მშობლებს, გვქონდა სოფლის მეურნეობაც. დღე არ გავიდოდა, სტუმარი არ მოსულიყო ჩვენთან. სოფელში ვინც ჩამოვიდოდა, საპატიო სტუმარი იყო თუ სოფლიდან ქალაქში გადაბარგებული მეზობელი, აუცილებლად უნდა შემოევლო ჩვენთან. მამაჩემიც თუ სადმე გადააწყდებოდა სრულიად უცხო ადამიანს, გამორიცხული იყო, სახლში არ მოეყვანა, პატივი არ ეცა. ურთიერთობებიც თბილი და შინაურული იყო. სოფელში სტუმარი რომ მოვიდოდა, ერთი მეზობელი ახალგამომცხვარ პურს მოარბენინებდა, მეორე - რაც ჰქონდა იმას და იყო ასეთი სიამტკბილობა. მამა ძალიან კარგი თამადა იყო, მე ამით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ.
- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ამ პერიოდმა რა მოგცათ გამოცდილების თვალსაზრისით?
- ჩემთვის ქუჩა იყო ის, რომ სტუდენტობის პერიოდში დავდიოდი ალპინიადებზე, მთაში ექსპედიციებში, „ჩაის სახლში“ უნივერსიტეტის წინ, ეს არ იყო სამყარო, რომელსაც ქუჩა ერქვა. გადაკვეთები ხდებოდა. ერთი წელი სტუდქალაქში ვიცხოვრე, სადაც ქუჩის ცხოვრება აქტიური იყო, მაგრამ არც იქ გამიტარებია ძველბიჭურად დრო.
- სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ.
- მყავს ცოლი და სამი შვილი, ეს არის ჩემი სიყვარული.
- რა ასაკში დაოჯახდით, როგორ გაიცანით მეუღლე?
- 2002-ში გავიცანით ერთმანეთი, 2003-ში დავოჯახდით, 2004-ში პირველი შვილი შეგვეძინა...
- ასე მგონია, ისტორიის გაკვეთილს მიყვებით.
- (იღიმის) 37 წლის ასაკში, საკმაოდ გვიან დავქორწინდი. ჩემი მეუღლე, თამთა ყუბანეიშვილი, თქვენი კოლეგაა, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. უნი-ვერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა გავიცანი. მე და ვახო კომახიძე მიგვიწვიეს, ჟურნალისტური გამოძიება უნდა გვესწავლებინა სტუდენტებისთვის. ლექციებს ვუკითხავდი.
- გამოდის, მისი ლექტორი ყოფილხართ. დიდია ასაკობრივი სხვაობა თქვენ შორის?
- სხვათა შორის, დიდი არ არის, სულ რაღაც 17 წელი. ზუსტად იმდენი, რამდენიც პრემიერსა და მის მეუღლეს შორის. ვბაძავ პრემიერს (იცინის).
- როგორ გგონიათ, რა სჭირდება წყვილს, ისეთივე მგზნებარე სიყვარული რომ შეინარჩუნონ, როგორიც ურთიერთობის პირველ ხანებში?
- სიყვარული და დათმობა ორივე მხრიდან. სულ შენს აზრზე თუ იდგები, არ გამოვა არაფერი.
- სვანის ცოლობა რთულია?
- არა მგონია. არ ვარ მძიმე არც ოჯახში და არც გარეთ, პრობლემა ის არის, რომ ცოტა დრო მაქვს ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ასე იყო სახალხო დამცველობის პერიოდში ხუთი წელი, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქტივობების დროს და ასე გრძელდება დღესაც. ჩემს ცხოვრებაში სულ 2-3 თვე თუ მახსენდება გადაბმულად, როცა ოჯახთან ერთად ყოფნის საშუალება მქონდა.
- ყველაზე რთული პერიოდი თქვენს ცხოვრებაში რომელ სამსახურს უკავშირდება?
- სირთულე ყველა საქმეს ახლავს და სიამოვნებაც ყველა საქმეშია. რთული იყო 2004 წელი, როცა სახალხო დამცველად ამირჩიეს. როცა მიშა სააკაშვილსა და ''ნაციონალურ მოძრაობას'' უზარმაზარი ნდობა ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ამ დროს უამრავ უკანონობას, საძაგლობას სჩადიოდნენ. იყო პერიოდი, როცა ამაზე ვწერდი, მოხსენებებს ვაკეთებდი და მქონდა შეგრძნება, რომ მარტო ვიყავი იმ ძალასთან ბრძოლაში, რომელიც თითქოს დიდხანს იქნებოდა ქვეყნის სათავეში. იმედიც კი არ იყო მაშინ, რომ მათი დამარცხება შეიძლებოდა. ხალხი მაძლევდა ძალას. ვგრძნობდი, სწორ გზაზე ვიდექი და წელში ვსწორდებოდი. მძიმეც იყო და სასიამოვნოც ეს ბრძოლა. იგივეა დღესაც. ყოველდღე შიმშილობა, ვიღაცამ თავი დაიჩეხა, კანონიერი ქურდები, ბალანსი უნდა დაიცვა. მთლად ხელსაც ვერ მოუჭერ, მაგრამ არც ზედმეტის უფლება უნდა მისცე. ორ დღეში 50 პრობლემა შემოდის. თითოეული საჩივარი უნდა შეისწავლო, უნდა გაერკვე, მართლა არღვევენ კანონს თუ პირიქით, ზედმეტად კანონმორჩილს უჩივიან პატიმრები. როცა ერთ საქმეს მაინც აკეთებ, ერთი ადამიანის სიცოცხლეს მაინც იცავ, უკვე სიამოვნებაა. ახლახან სტუდენტი გამოვიყვანეთ რამდენიმე საათით ციხიდან, დამამთავრებელი გამოცდა უნდა ჩაებარებინა, არც ელოდა. უმაღლესი ქულები მიიღო. ეს არის სიამოვნება ჩემს საქმეში.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ, კარიერაში, პირადში, რას ნანობთ ყველაზე მეტად?
- განსაკუთრებული არაფერი მახსენდება. ჩემი კარიერა რა იყო... ხშირად ვიცვლიდი სამუშაო ადგილებს, როცა იყო შემოთავაზება, ულაპარაკოდ ვთანხმდებოდი. ახლა ერთი შემთხვევა გამახსენდა, ჟურნალისტები მირეკავენ და მეუბნებიან, ელენე თევდორაძე გამოვიდა სააკაშვილის კაბინეტიდან და თქვენ დაუსახელებიხართ სახალხო დამცველის კანდიდატად, რას იტყვითო. რა უნდა ვთქვა, ელენეს ჩემთან არაფერი შეუთანხმებია, თუ ოფიციალურად შემომთავაზებენ, ულაპარაკოდ დავთანხმდები-მეთქი, ვუპასუხე. ყველა დაჩვეულია პოლიტიკოსების გაპრანჭვას, ასეთ ფრაზებს, იცით რა, ვიფიქრებ, გადავწყვეტ. გაუკვირდათ, ასე უცებ როგორ მიიღეთ გადაწყვეტილებაო. იგივე სიტუაცია იყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა მკითხა, სად ხედავ შენს თავს, რა თანამდებობაზეო, იქნებ თვითონ იფიქროო. 10-15 წუთში მივედი და ვუთხარი, სასჯელაღსრულება არის ის სფერო, სადაც გარკვეული გამოცდილებაც მაქვს და ბევრი რამ არის გასაკეთებელი-მეთქი. სწორედ ამ პოზიციაზე ვფიქრობდი მეც, უბრალოდ, იმდენად რთული სფეროა, მე ვერ შემოგთავაზეო, მითხრა. მეგონა ვიცოდი, სად მოვდიოდი, მაგრამ გაცილებით რთული ვითარება დამხვდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ათასობით პატიმარი, აქედან ბევრი ჯანმრთელობაშერყეული, ზოგი ფსიქიკურად აშლილი, პატიმრები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე ''შესვა'' და ძალიან რთულია ახლა მათი განკურნება. განადგურებული ინფრასტრუქტურა, ძალადობაზე დამყარებული სისტემა. ამ ყველაფრის დალაგება, გაადამიანურება, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, წესრიგის დამყარება - ურთულესი პროცესია. გზადაგზა ვხედავ შედეგსაც, ეს მამშვიდებს. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა პერიოდში მოგვარდება ესა თუ ის პრობლემა. ძალიან მალე საბოლოოდ დამყარდება წესრიგი. სფერო არ არსებობს, სადაც პრობლემები არ არის.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
...
არცერთი სიტყვა არ უთქვამს ტყუილი. ასეთი ბიოგრაფიის ადამიანს ნამდვილად შეიძლება ენდოს საზოგადოება.
14:27 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
გაიხარეთ ბატონო სოზარ.
16:46 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS