- წარმატებულია ადამიანი, რომელიც საყვარელ საქმეს ემსახურება და შედეგს იღებს. წარმატება მომენტებით განისაზღვრება, ნებისმიერმა ჩვენ-განმა შეიძლება ჰკითხოს თავს: დღეს ვიყავი წარმატებული? ვის რა ვარგე? წარმატებული ხარ, როდესაც დროს გონივრულად იყენებ, სასარგებლო ნაბიჯებს დგამ საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის. შეიძლება დატვირთულ სამუშაო
- რას საქმიანობთ ამჟამად?
- დაკავებული ვარ ჩემს სტუდიაში, წინა კვირას დავასრულე ძალიან დიდი მასშტაბის კასტინგი სერიოზული ამერიკული ფილმისთვის. ტერენს მალიკის კასტინგასისტენტი იყო ჩამოსული, ოთხ უცხოელ მსახი-ობს ეძებდა. აქამდე უფლება არ მქონდა, რეჟისორის ვინაობა გამემხილა, ამიტომ ჩუმად ვმუშაობდი. ასამდე მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, თეატრებშიც გამოვაკარით მოთხოვნა. საკმაოდ შრომატევადი იყო ყველაფრის ორგანიზება. ამის პარალელურად ვარჩევთ მსახიობებს 2-3 რუსული პროექტისთვის. მალე მეწვევიან აზერბაიჯანელი სტუმრებიც. ისინი კონკრეტულად ქართველ არტისტებს ეძებენ, 30-მდე მსახიობი დაგვჭირდება. ასევე მაქვს სილამაზის სალონი, რომელიც დიდ ყურადღებას ითხოვს. ვფიქრობ ტელევიზიაში მუშაობაზე, სიამოვნებით წავიყვანდი რაიმე გადაცემას.
- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდით?
- თავიდან ექიმობა მსურდა, რეცეპტების წერა ჩემთვის საუკეთესო გასართობი იყო. მერე ხატვაზე გადავერთე. გაკვეთილებზე სულ ვხატავდი, ეს კონცენტრაციაში მეხმარებოდა. ჯერ მოდის დიზაინი მაინტერესებდა, მერე მთლიანად დიზაინის სფეროთი მოვიხიბლე. საბოლოოდ მოვხვდი ერთი-ორ სპექტაკლზე, რომელმაც მსახიობობა გადამაწყვეტინა.
- როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?
- სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად უყურებ საკუთარ მომავალს. სკოლის პერიოდში მთელი გულით, როგორც ადამიანი და არა კერპი, მიყვარდა მაიკლ ჯეკსონი, მეგონა, რომ გავიცნობდი, ამერიკაში კი ვიქნები რიგითი ნიჭიერი ქალი, რომელიც გზის გაკვალვას ცდილობს. ჩემი შვილის თაობას ვურჩევდი, რომ გარისკონ.
- გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ...
- მეშვიდე თუ მერვე კლასში ბიჭებმა კლასის ყველაზე ლამაზ გოგონად დამასახელეს. ამის შემდეგ ''მის თბილისი'' გავხდი, თექვსმეტი წლის ვიყავი. ახლა ვხვდები, რომ ეს ასაკი ძალიან პატარაა ამხელა ტიტულისთვის. არანაირი ჯილდო არ მიმიღია, მაგრამ ის შეგრძნება, რომ სხვა ლამაზი გოგონებისგან მე გამომარჩიეს, არაჩვეულებრივი იყო. მერე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. პირველ სპექტაკლში (''დარისპანის გასაჭირი'') მეორე კურსზე ვითამაშე და კაროჟნას როლი შევასრულე. ფარდის უკან, კულისებში, ვიდექი და ვფიქრობდი: რამ მაფიქრებინა თეატრალურში ჩაბარება, არ სჯობს, ახლა დარბაზში ვიჯდე და წარმოდგენის ყურებით სიამოვნებას ვიღებდე, ვიდრე ასე ვნერვიულობდე-მეთქი? მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მღელვარება სიამოვნებამ შეცვალა. D
დებიუტის შემდეგ ფილმებში გამოვჩნდი. თეატრში სიფრიფანა გოგონების პერსონაჟებს ვასრულებ, ხოლო კინოში უფრო სერიოზული ქალების თამაში მიწევს. ვისურვებდი, რომ თეატრშიც მოეცათ დრამატული როლები. ასაკის მატებასთან ერთად ტრაგიკული გმირების შესრულების მოთხოვნილებაც იზრდება.
- რა არის წარმატების ფორმულა?
- საქმის სიყვარული, როცა სამუშაო სიამოვნებას განიჭებს, 50%-ით წარმატებული ხარ. ადამიანმა ტექნიკასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მის გარეშე არაფერი გამოვა. ერთდროულად უნდა იყო ხელოვანი და ხელოსანი. უდიდეს როლს ასრულებს იღბალიც. იღბალი შეგიძლია მოიზიდო საკუთარი პოზიტივითა და რწმენით ან საჭირო სიტუაციაში მოხვედრას შეეცადო. პირველი შემთხვევის დროს მოიხედავ და კარი, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანს, ღიაა, მეორე შემთხვევაში კი - ეჯახირები, რამდენიმე გასაღებს მოსინჯავ, წვალობ, მაგრამ არ იცი, საბოლოოდ გააღებ თუ არა.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, კარგი მსახიობი იყოს კარგი დედა და ცოლი?
- რა თქმა უნდა! კარგი ცოლობა და დედობა პროფესიით არ განისაზღვრება! მე მყავს ნაცნობები, რომლებიც არაჩვეულებრივად უთავსებენ ერთმანეთს სამსახურებრივ მოვალეობებსა და დიასახლისობას. თუმცა, თუ მეუღლე სხვა პროფესიისაა, შეიძლება, ვერ გაიგოს, რამხელა შრომა სჭირდება რეპეტიციებსა და გადაღებებს. არც ის ესიამოვნება, რომ სახლში გვიან ბრუნდები. როდესაც მსახიობს ირთავ ცოლად, წინასწარ უნდა გააანალიზო ამ კავშირის სირთულე, ან უნდა შეეგუო, ან ურთიერთობა უნდა დათმო. ყველა მსახიობი ქალის საოცნებო როლია ჯულიეტა. ქმარმა მასზე უარი იმიტომ არ უნდა გათქმევინოს, რომ სიყვარულის ისტორიაში ინტიმური სცენებია. კაცს უნდა ესმოდეს, რომ ცოლი კი არ ღალატობს, გმირს ასახიერებს.
რაც შეეხება დედობას... ლუკა ხელში პირველად რომ ავიყვანე, დავპირდი, ყოველთვის შენ გვერდში ვიქნები-მეთქი. პირობას სიამოვნებით ვასრულებ. კარგი დედობა პამპერსის გამოცვლით კი არა, შვილთან სიახლოვით განისაზღვრება. მშობიარობიდან 20 დღის შემდეგ სპექტაკლის პრემიერა მქონდა. შვილის გაზრდაში დედა და ბებია მეხმარებოდნენ. ლუკა 3 წლის ასაკში პირველად დაესწრო ჩემს სპექტაკლს. ხელოვნებასთან სიახლოვე მასზე დადებითად აისახა, გონებრივად და სულიერად განვითარდა, კარგი გემოვნება აქვს.
- ლუკა თქვენს პირად ცხოვრებაში ერევა?
- არასდროს. სწორად ვცხოვრობ და ყოველთვის ვითვალისწინებ, რომ ბიჭის დედა ვარ.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''