- ამ ბოლო დროს აღარ ჩანხარ და სიურპრიზებითაც აღარ ანებივრებ საზოგადოებას...
- რატომ არ ვჩანვარ? უბრალოდ, ეს თვეები პირადად ჩემი შემოქმედებით არ ვიყავი დაკავებული. ასე მიეწყო საქმე.
- ეს პოლიტიკურ ცვლილებებს ხომ არ უკავშირდება? შოუბიზნესის დიდი ნაწილი ამჟამად უმოქმედოდაა.
- ეს მიდგომა საერთოდ არ მომწონს, რატომ არიან უმოქმედოდ?!. უმოქმედობას თუ ეძახიან იმას, რომ ორი სახელმწიფო დაფინანსების კონცერტი მოგვაკლდა შოუბიზნესს და ამ ორ კონცერტს ეძახდნენ მოქმედებას, თავი ჰქონიათ მოსაჭრელი. მაშინ არ ყოფილა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო თბილისობის კონცერტი, რომელშიც მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა და არც ახალი წლის კონცერტები, რომლებშიც სულ ვმონაწილეობდი.
- ერთი კონცერტის მაგალითზე შეგიძლია გაგვიმხილო, რა ჰონორარი აგიღია?
- ერთ სიმღერაში - 2000 ლარი. ეს ნორმალური ჰონორარია ჩემი რანგის მომღერლისთვის, ბევრი გაცილებით ცოტას იღებდა, ზოგიერთი კი, რომელიც გაცილებით დიდ ფავორში იყო - უფრო მეტს. გააჩნია, ვინ როგორ აფასებს მომღერლის ღირებულებას.
- იყო მოსაზრება, რომ ძალიან დიდ ჰონორარებს იღებდით.
- ასე არ ყოფილა. საზოგადოებამ იცის ხოლმე გაბუქება, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია, რომ ეს ღია ღონისძიებები წელს არ გაიმართა. ფრთიანი გამონათქვამია, რომ საზოგადოებისთვის პური და სანახაობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, პური ჯერ არ გვაქვს და სანახაობა მაინც არ მოვაკლოთ ხალხს.
- შენ პოლიტიკისა და შოუბიზნესის სინთეზის კუთხით აქტიურობდი. დღეს არ ფიქრობ, რომ გაქვს რაიმე სათქმელი?
- არა, რადგან ჯერ საქართველოში საინტერესო ძვრები არ მომხდარა. მე არ ვარ შემოქმედი, რომელიც პოლიტიკოსებს უსაფრდება, კლიპებს აცხობს და ამით იწერს რეიტინგს. ამას მტერი ვერ დამწამებს, უბრალოდ, პოლიტიკაში დღეს არაფერი საინტერესო არ ხდება. პოლიტიკოსები ყველაზე ცუდი ტიპები არიან მსოფლიოში. საერთოდ, დაბალი სულის ადამიანებად მივიჩნევ იმ ხალხს, რომლებიც სხვებს ასწავლიან ცხოვრებას. ეს ამორალურად მიმაჩნია. პოლიტიკოსებს, საუბედუროდ, ეს ამბიცია აქვთ. პოლიტიკა და პოლიტიკოსობა რა არის? ადამიანს ჰგონია, რომ უკეთესობისკენ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მსოფლიოში კი ასეთი ლიდერი მხოლოდ რამდენიმე იყო, რომელმაც თავისი ერის ცხოვრება უკეთესობისკენ წაიყვანა. საქართველოში ასეთი ლიდერი არ ყოფილა.
პოლიტიკურ შარჟებში რასაც ვაკეთებ, ეს იუმორის თვალით დანახული რეალობაა. მე არ ვუღრმავდები თემებს და არ ვუყურებ გლობალურად, ასე მხოლოდ „ბედნიერი ერის“ შემთხვევაში შევხედე მოვლენებს. დანარჩენი კი პორნოგრაფიის დონეზე დავიყვანე და ბევრი ვიცინე ამაზე. ჩემი პოზიცია არ იქნებოდა სწორი, რომ ვინმესთვის რაიმე მიმეთითებინა, უბრალოდ, გამოვხატავ, მე როგორ ვხედავ ამა თუ იმ მოვლენას.
- ახლა რას საქმიანობ?
- იანვარში მინდოდა საამაყო პროექტის განხორციელება, თუმცა არ დამცალდა. მსახიობ გურამ საღარაძესთან მინდოდა დუეტის შექმნა. ჩვენ შევთანხმდით, ქალბატონი მარინა საღარაძეც ჩაერთო ამ საქმეში. სტუდიაში დათქმული გვქონდა შეხვედრა და ბატონ გურამს უნდა წაეკითხა შანდორ პეტეფის „მიყვარხარ“, მე კი მემღერა. იანვარში ბატონი გურამ საღარაძე გარდაიცვალა და, ფაქტობრივად, ეს პროექტი ხელიდან გამომეცალა. საბედნიეროდ, შევძელი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რადიოს არქივში მომეძიებინა ლექსის სუფთა ჩანაწერი, სადაც რადიოეთერში ნათქვამი ეს ლექსია შემონახული. დიდი მადლობა მათ ამისთვის. მაია ასათიანთან სტუმრობისას გურამ საღარაძემ სწორედ ეს ლექსი წაიკითხა და ვინაიდან კლიპისთვის ვიზუალიც მჭირდებოდა, მაიას ვთხოვე და გამოვართვი. მგონია, რომ ეს პროექტი ძალიან მაღალ დონეზე შედგება.
- „ფეისბუქზე“ ამ კლიპისთვის უწვერულვაშო გოგონების კასტინგი გამოაცხადე. ეპილაცია საქართველოში ფართოდ გავრცელებულია და ულვაშებიანი გოგონების თემა აღარ არის აქტუალური...
- (იღიმის) მამაკაცს წვერი უხდება, ქალს, მოგეხსენებათ - არა. როდესაც გადავხედე ჩვენს მოდელა გოგონებს, სიტყვა მოდელას რბილი ლ-თი ვამბობ და ეს აუცილებლად აღნიშნე, უმრავლესობას წვერ-ულვაში ჰქონდა, ამას იმიჯის თვალსაზრისით ვამბობ, ან ძალიან უმარილოები არიან და კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ გახდნენ ეს გოგონები პოპულარულები. მომინდა ამ ყველაფრის „ფეისბუქზე“ დაწერა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ფანტასტიკური გარეგნობის გოგონა ვიპოვე უკვე. დავეკონტაქტე „ფეისბუქზე“ და აუცილებლად გადავიღებ.
- შენთვის ვერ იპოვე ასეთი ფანტასტიკური გარეგნობის გოგონა?
- არ ვიცი, შეიძლება, კლიპის კასტინგის დროს შევარჩიო (იცინის). ჯერ მაგისთვის არ მცხელა. რა დროს ეგ არის (იღიმება).
- კარგი. სხვა თემებზე გადავიდეთ. „ევროვიზიაზე“ რა შანსები გვაქვს? დიდი კრიტიკა გამოიარე „ევროვიზიაზე“ გამოსვლის შემდგომ.
- მე რა კრიტიკაც გამოვიარე, ამაზე აუცილებლად ვიტყვი, - ახლა გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ვინ გახსოვთ „ევროვიზიაზე“ გასული ქართველებიდანო, აუცილებლად დაგისახელებენ ანრი ჯოხაძეს და სიმღერასაც წაგიღიღინებენ. მთავარია, თავი დაამახსოვრო...
- და როგორ, ამას არ აქვს მნიშვნელობა?
- ცუდად არ დამიმახსოვრებია თავი. ნიფხავი არ ჩამიხდია (იღიმის). წლევანდელი სიმღერა მოვისმინე, სტანდარტული ფორმატია, ბალადის ჟანრში, წელს ასეთი ბევრი სიმღერაა. თქვენთან ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მომღერლების ზურგზე გადაივლის ყველაფერი. თუკი ბოლომდე დაიხარჯებიან, ეს ისეთი სიმღერაა, როგორიც ფინალში აუცილებლად ხვდება, თავად უნდა ივაჟკაცონ სცენაზე. არ იცით, იქ რა შრომა ელოდებათ, შეიძლება, ნერვული სისტემა მოეშალოს ადამიანს. მე საერთოდ არ მომშლია ნერვები და იქით ვამშვიდებდი მთელ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რასაც ნათია უზნაძეც დაადასტურებს (იღიმის).
- იურმალაში რომ დავბრუნდით, ამაზე რას ფიქრობ?
- არ შემიძლია ეს იურმალა... ობიექტურ მიზეზებს დაგისახელებთ, რატომ არ არის ეს კონკურსი ჩემთვის ავტორიტეტული, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე მასშტაბი აქვს. წლების შემდეგ, როცა მე უკვე გავიარე რაღაც ეტაპები, შემიძლია, ასპროცენტიანი დამაჯერებლობით გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. იქ, სადაც მე არ დამიშვეს და დაუშვეს ისეთი მომღერალი საქართველოდან, რომელიც მე-16 ადგილზე ძლივს მოხვდა, რომელ ობიექტურობაზე მელაპარაკებიან?!.
- ამას წინათ ნატო დუმბაძე იხსენებდა შენს ამბავს და როგორც მან თქვა, მაშინ მიზეზად ის დაასახელეს, რომ შენ შემდგარი მომღერალი ხარ და ისინი ახალ სახეებს ეძებდნენ.
- მე კი მითხრეს, რომ ჩემი გარეგნობა არ მოეწონათ... „ახალი ტალღა“ კანტორის ტიპის კონკურსია. მეცინება ვინმე რევზინზე. რაღა დროს რევზინი, აგუტინები და იგორ ნიკოლაევია ჟიურიში?!. არ მინდა, ვინმეს გული ეტკინოს, მაგრამ რაღა დროს ნიკოლაევია? შენი ჭირიმე!.. მე საერთოდ მაგიჟებს ქართველების ისტერიკა - იმ დარბაზში, სადაც რაშელ ფერელი და „take 6“ გყავდა სტუმრად, აგუტინზე და ვარუმზე რომ დაიპუტავ ღერა-ღერა თმას, ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია. „ახალ ტალღაში“ რაც უფრო მეტი ქართველი გაიმარჯვებს, მით უფრო გამიხარდება, მაგრამ ეს არ არის ავტორიტეტული კონკურსი. რამდენიმე ჩამოწერილი მომღერალი და კომპოზიტორი საეჭვო მუსიკალური ღირებულებებით მოაჯდა ამ კონკურსს და აკეთებენ.
- უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა?
- რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს, მაგრამ მეორე საკითხია, თუკი იქ ქართველი გაიმარჯვებს, ეს უნდა იყოს ორგანიზატორთა კეთილი ნება და მხოლოდ ეს არის. კასტინგზე მოსკოვში ისეთი მომღერლები ვნახე, გული გაგისკდება, ისე მღერიან და არც ერთი მათგანი კონკურსზე აღარ მინახავს. თავად ადგენენ პრიორიტეტებს, ვინ სჭირდებათ იმ წელს და ძალებს აბალანსებენ. ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა ამას არავინ ამბობს. რაღა დროს რუსული ესტრადაა, ხალხო?!.
- რატომ, უყვარს ხალხს საქართველოში და უსმენენ.
- მეც მიყვარს ზემფირა, ალა პუგაჩოვა. აგუტინისა და ვარუმის ერთი-ორი სიმღერაც მომწონს, მაგრამ ასეთი ისტერიკა რა საჭირო იყო? ისეთმა ხალხმა დადო ამ კონცერტის შემდეგ სტატუსები, გაკვირვებული ვიყავი, კაი ტიპებად მიმაჩნდა, აგუტინზე უნდოდათ წასვლა და ვარუმი ენატრებოდათ... რა სჭირს ამ ხალხს? მათი ჩამოსვლის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ქართველებს რა დაემართათ, რა ნერვული აშლილობა იყო ეს?!. თორემ აქაც უნდა ჩამოვიდნენ და აქედანაც უნდა წავიდნენ მომღერლები და იმღერონ იქ, სადაც „დაშვებულია“.
- შენ იმღერებ?
- მე ამის უფლებას პატრიოტულ-მამულიშვილური გრძნობა არ მაძლევს. შესაძლოა, ქართველმა მომღერლებმა რუსეთში იმღერონ კორპორატიულ საღამოებზე, მაგრამ არის ადგილები, სადაც არ უნდა გამოვიდნენ, მაგალითად, კრემლის დარბაზში. დამიჯერეთ, ეს ასეა!..
- „ნაციონალისტობას“ დაგაბრალებენ.
- არაფერ შუაშია პოლიტიკა. შესაძლოა, წავიდე რუსეთში და ვიმღერო არასახელმწიფო მასშტაბის დარბაზებში, საიდანაც ჩემი ქართველობა ცუდად არ გამოჩნდება. ვიღაცას ალბათ არ ჰგონია, რომ მე შეიძლება ასე ვფიქრობდე, მაგრამ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი თემაა.
- რამდენიმე წლის წინ შენი კოლეგა რუსული სამხედრო სიმღერის შესრულებისთვის საქართველოში მწარედ გააკრიტიკეს, ქეთა თოფურიას ვგულისხმობ.
- მე მაშინაც ვთქვი „მაესტროს“ ეთერში, რომ ქეთას აქვს კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც აუცილებლად უნდა მოექცეს და დარწმუნებული ვარ, ასეთ დროს დიდი უფლებები არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, მას შეეძლო, ის ფორმა მაინც არ ჩაეცვა ამ კონცერტზე.
მე ჩემი აზრი მაქვს, ვერაფრით გავაკრიტიკებ სოსო პავლიაშვილს, რომელიც იქ მოღვაწეობს. ეს ადამიანები იქ არიან დაფუძნებული, უბრალოდ, ჩემი გადასახედიდან ვლაპარაკობ. მე გამიჭირდებოდა რუსეთში გამოსვლა. სხვათა შორის, „ევროვიზიის“ წინ დამპატიჟეს სომხების გრანდიოზულ დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთში. არ მინდოდა უარის თქმა, მაგრამ მომიწია. ეს სომხების ორგანიზებული ღონისძიება იყო, სადაც ჩამოდიოდნენ შერი და სხვა ცნობილი სომხური წარმოშობის ადამიანები. ევა რივასთან ერთად უნდა მემღერა. „ევროვიზიაზე“ რომ მივდიოდი, გარკვეულწილად სახელმწიფო კონიუნქტურის ქვეშ ვიყავი და რადგან „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სახელმწიფო ტელევიზიაა და არავის ჰქონდა ილუზია მის დამოუკიდებლობაზე, პირდაპირ მითხრეს - არა - და ვერ წავედი. მიმაჩნია, რომ ძალიან შევცდი და უნდა წავსულიყავი. ეს არ იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან. ეს იყო მეგობრული შემოთავაზება სომხებისგან და უნდა დავთანხმებოდი. ეპატიჟებოდნენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სომხებთან ურთიერთობები აკავშირებდათ, ჩემ შემთხვევაში ეს ჩემი და ევა რივასის დუეტის გამო მოხდა.
- ანრი, მუსიკალურ კონკურსებზე მინდა გკითხო. თუ მოგწონს ის, რასაც უყურებ?
- მე მაქვს კითხვა ყველა არხის მესვეურთან, რომლებიც ამ პროექტებს ამზადებენ. ძალიან მომწონს ყველა პროექტი, მაგრამ სად მიგვყავს ამდენი მომღერალი? ეს ბავშვები მერე რესტორნებშიც ვერ საქმდებიან. ვფიქრობ, საზოგადოება დათვურ სამსახურს უწევს მათ, რეიტინგული შოუების პერიოდში პოპულარული ხდებიან, გლადიატორთა არენას ჰგავს ეს ყველაფერი, საზოგადოება სეირს უყურებს და მერე აღარც ახსოვს მონაწილეები. შემოქმედი თუ ხარ, ხომ უნდა გააგრძელო სადღაც რაღაც?!.
კიდევ ერთი რამ, რაზეც ყურადღებას გავამახვილებ, არის ჩხავილის ტენდენცია. დღეს საქართველოში თუკი ვინმეს შეუძლია ვოკალისტობაზე პრეტენზია გამოთქვას, პირველ ხუთეულში მოვიაზრები ალბათ და მაინტერესებს - რა აჩხავლებს ამ ახალგაზრდობას?!. მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები არ ჩხავიან, ძირითადად ასრულებენ ადელის, „Maroon 5“-ის, ჯესი ჯეის, ფინქის და სხვათა რეპერტუარს და სად მოგისმენიათ მათი ჩხავილი? ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა.
- თუ გყავს ფავორიტი, რომელიც ახლა აღმოაჩინე?
- აღმოჩენას ვერ დავარქმევ, რადგან ხმალამოღებული ვამტკიცებ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი დაიბადა საქართველოში. საქართველო უკვე ფეხზე დაუდგა ამ გოგონას, ნუკა გვალიას. მე მიმაჩნია, რომ ამით ეკა კვალიაშვილს დაუდგნენ ფეხზე, ეკა არ მიწყენს, მაგრამ მასზე უკეთესი მომღერალი მოდის. ეკაზე მაგარი ვოკალისტი ჩვენ არ გვყოლია, ეკა არის ჩვენი სახელმძღვანელო და ის დღეს ზრდის თავისზე უკეთეს მომღერალს. ერთი წელი აქამდე სულ დავა და კამათი მქონდა ჩემს ბევრ კოლეგასთან, მათ ვუმტკიცებდი, რომ ნუკა მაგარია, ისინი კი მპასუხობდნენ, რომ ნუკა ვერაფერს მიაღწევდა. რატომ? ამაზე პასუხი არ ჰქონდათ. უბრალოდ, ეს მათი სურვილი იყო. მეც ამაყი ვიყავი, როცა ის ფილარმონიაში გამოვიდა. მას ხომ „ჭრელო პეპელა“ არ შეუსრულებია, გენიოსი მომღერლის ურთულესი სიმღერა შეასრულა. გარდა ამისა, გარეგნობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან სასიამოვნო გარეგნობის გოგონაა. მაგრამ ჩვენთან დაკორტვნის ტენდენციაა. თვითონ არაფერს აკეთებდე მომღერალი და სხვის სიკარგეს ვერ იტანდე, ეს მაგიჟებს. ისეთი მომღერლები მეუბნებოდნენ ნუკაზე, ვერაფერს მიაღწევსო, რომელთაც ხუთი წლის განმავლობაში ორი სიმღერაც არ ჩაუწერიათ. შესაძლოა, ვიღაცას ნუკა არ მოსწონს, მაგრამ როგორ შეიძლება, მის შესრულებაში ვერაფერი დაინახო?!. ეს ბოღმა მაცოფებს. ეს ჩემთვის ნაცნობია და ამიტომ შემიძლია, დავეტაკო ვიღაცას და დავიცვა ნუკასნაირი ნიჭიერი ადამიანები. მე რომ დავიწყე სიმღერა, მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიცავდნენ.
- ბევრი ნაბიჯი გადადგი შენი კარიერისთვის. როგორ ფიქრობ, კიდევ გაქვს პოტენციალი, რაიმე ახალი გააკეთო?
- რა თქმა უნდა!.. ახლა ყველაზე კრეატიული პერიოდი მაქვს. ყველაფერს დამაბრალებთ და იდეები არასდროს მეწურება. ახლა ვარ შემოქმედებითად მომწიფებული. რაც გავაკეთე ბოლო პერიოდში, ყველაფერს შესანიშნავი შედეგი ჰქონდა. დავიწყოთ ვერიკოსთან ერთად ჩაწერილი „ჰავა ნაგილათი“, რამდენი ნახვა აქვს „იუთუბზე“, შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ. რაც შეეხება რესურსს, ძალიან მეეჭვება, დღეს შოუბიზნესში ჩემზე მეტად გამოავლინოს ვინმემ თავი. დამისახელეთ მომღერალი, რომელიც კლიპებს აკეთებს, წერს და აჰიტებს სიმღერებს.
- ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე...
- ლელას ბოლო ჰიტი ჰქონდა, როცა მისი ფილმი გამოვიდა. ნინო კლიპებს არ იღებს, არადა, სჭირდება, კარგი გარეგნობის ქალია და უნდა გამოაჩინოს (იღიმება). როცა შენ ჩემს ახალ კლიპს ნახავ, დარწმუნდები, რომ კვლავ მრავალი საინტერესო იდეა მაქვს.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“