01 მაისი, 2015
გივი სიხარულიძის შვილის ამერიკული ცხოვრება
სულ მინდოდა, ჩემი პირველი ფილმი მამაჩემის ნოველების მიხედვით გადამეღო და ამის შესახებ ჩემს მეუღლეს ვუთხარი ბექა სიხარულიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. 1998 წლიდან დღემდე მის ცხოვრებაში, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ისე პირადშიც, ბევრი რამ მოხდა.
მსახიობმა ახლახან თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ''ბაბუს მევალე'' გადაიღო. კალიფორნიის კინოფესტივალის პრიზიორმა ფილმმა მოწონება ტექნიკურად განსხვავებული გადაღების გამო დაიმსახურა. რეჟისორმა ფილმის სიუჟეტი მამის, გივი სიხარულიძის ნოველებზე ააგო...

- 19 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში ჩამოვედი და ჩემს გამგზავრებას, შეიძლება ითქვას, ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი
ის, რომ მსახიობობა მინდოდა და მეორე - ცოტა ფიცხი ვიყავი და სულ შარში ვეხვეოდი. აქ გავიზარდე... კინგ-ბოქსიორი და კარატისტი ვიყავი, ტაილანდურ კრივში ვვარჯიშობდი. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ვან დამი. მისი გავლენით ტრიუკებს ვაკეთებდი. საქართველოში არ მისწავლია. მადლობელი ვარ ქართველი მსახიობის დათო ბახტაძის, რომელიც ჩემი მეგობარია და ამერიკაში მისგან მივიღე მსახიობისთვის აუცილებელი პირველი გაკვეთილები. შემდეგ დათო საქართველოში დაბრუნდა, მე დავიწყე შესაბამისი ლიტერატურის კითხვა, თეატრალურში ვისწავლე, მცირე ხანს სახლში ჩავიკეტე, შინ ვმეცადინეობდი და მერე ისევ თეატრალურში დავბრუნდი. მოკლედ, ვიპოვე ის გზა, რასაც ვეძებდი.

- საუბრის მანერით და ფიზიკურად, მგონია, რომ მამას ძალიან ჰგავხართ. როგორია თქვენი თვალით დანახული მშობლების პორტრეტები?
- გივი სიხარულიძეს ხალხი იცნობს, როგორც მსახიობსა და მწერალს, მაგრამ ყველა არ იცნობს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. ოჯახში სულ სხვა ადამიანია და ჩვენც, ძმები, სხვაგვარად აღგვზარდა. დღემდე მარიგებს და მისი მადლობელი ვარ. იმედია, მის დარიგებასა და აზროვნებას ჩემს შვილს გადავცემ.
დედაჩემი ექიმი იყო. სიმსივნით გარდაიცვალა, მისი სული აცხონოს ღმერთმა. ორი სიტყვით გეტყვით, როგორი იყო. რუსუდანი ავად რომ გახდა, დამხმარედ მომვლელი ქალი ავიყვანეთ, რომელსაც ორი თუ ოთხი შვილი ჰყავდა. ეს ამბავი დედაჩემმა რომ გაიგო, ''ჩულანში'' შევიდა, გამოიტანა ძველი გადასაფარებელი და დაიწყო მასზე სხვადასხვა ნივთის დაწყობა. საჩუქრებით გაავსო და მომვლელი უდიდესი ბოღჩით გაუშვა ჩვენი სახლიდან.
სამი ძმა ვიყავით. უფროსი, ლაშა, გარდაგვეცვალა. ჩემზე ცხრა წლით უფროსია ჯაბა, რომელიც უნიჭიერესი ადამიანია. ძალიან მაგარი მოცეკვავე იყო და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმაა. ერთმანეთთან სულ ვკამათობთ, მაგრამ დიდი სიყვარული გვაკავშირებს. აქამდე ამის თქმა ვერ მოვახერხე და მინდა აღვნიშნო, როცა ჩემი ფილმის გადაღებებზე თბილისში ვიყავი ჩამოსული, ის ყველანაირად გვერდში დამიდგა. ჯაბას სამი ულამაზესი შვილი ჰყავს.

- ბექა, თქვენს ფილმზეც გვიამბეთ...
- სულ მინდოდა, ჩემი პირველი ფილმი მამაჩემის ნოველების მიხედვით გადამეღო და ამის შესახებ ჩემს მეუღლეს ვუთხარი. წიგნს ჩავუჯდები, რამეს ამოვარჩევ და მერე სცენარისტთან ერთად ვიმუშავებ-მეთქი. ამასობაში წიგნი ჩემმა მეუღლემ წაიკითხა და მითხრა, რომ სამი ნოველა გამოარჩია. ვთხოვე, წაეკითხა. შეიძლება, ცოტა უცნაურია, მაგრამ როცა ლაპარაკობენ, ან რამეს ვისმენ, იმ დროს მიყვარს სიარული. ასე ვმუშაობ. წამიკითხა და სამიდან ერთ-ერთი მომეწონა. ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სცენარს დავწერდი, მაგრამ ასე მოხდა. ნოველა არაერთხელ წავაკითხე, მერე ჩემს მეუღლეს ვთხოვე, კომპიუტერთან დამჯდარიყო, მე დავდიოდი და ვეუბნებოდი, რა უნდა დაეწერა. დაახლოებით ორ საათში სცენარი მზად იყო. იმავდროულად, მამასაც ვეკითხებოდი აზრს, ტელეფონით ვკონტაქტობდი და ის თბილისიდან მეხმარებოდა. სცენარი ჩემს მეგობარ ამერიკელ პროდიუსერს რომ ვანახვე, ძალიან მოეწონა, მაგრამ მითხრა, რომ სცენარისთვის დამახასიათებელი არანაირი წესი დაცული არ მქონდა. მეორე დღესვე ერთად გადავაწყვეთ სცენარი და მუშაობაც დაიწყო.

- როგორ შეასხით ჩანაფიქრს ხორცი?
- ფილმს ''ბაბუს მევალე'' ჰქვია, შარშან აგვისტოში თბილისში ჩამოვედი, რომ დეკემბერში უკვე გადაღებები დამეწყო, თუმცა ზაფხულშივე ყველაფერი მზად მქონდა და აღარ გადავდე. ფილმში თამაშობენ: ლიკა ქობულაძე, ცოტნე ნაკაშიძე, დონარა გვრიტიშვილი... მამაჩემმა მითხრა, რომ ამ ფილმისთვის ცოტნე კარგი ტიპაჟი იქნებოდა. მოგეხსენებათ, ის გიორგი ნაკაშიძის მამაა, ექვთიმე თაყაიშვილის როლი აქვს ნათამაშები. ჩემს ფილმში აფერისტის როლი უნდა შემეთავაზებინა იმ კაცისთვის, რომელმაც წმინდანი განასახიერა. ფილმს რომ ვუყურე, ტიპაჟურად ვერანაირი კავშირი ვერ დავინახე ჩემი ფილმის პერსონაჟთან. მეორედაც ვუყურე. იქ ერთი მომენტია, სადაც ცოტნე ფანჯარასთან დგას, შემოტრიალდება და ცოლს რაღაცას ეუბნება თვალებით. აი, იმ თვალებზე ''ჩავავლე'' და მივხვდი, ზუსტად ის ტიპაჟი იყო, რაც მჭირდებოდა და ჩემს ფილმში სათამაშოდ მოვიწვიე.

- ფილმს უკვე ხვდა წარმატება...
- ფილმი სამ ფესტივალზე მოხვდა. პირველზე გაიმარჯვა, მეორეზე ჩემი ფილმი ექვს საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ანახვეს და ამ ფესტივალს მეუღლესთან ერთად დავესწარი. მესამე ძალიან პრესტიჟული სანდენსის კინოფესტივალია, რომელიც აღმოსავლეთ ამერიკაში აგვისტოში გაიმართება. შეიძლება, მამაჩემიც ჩამოვიდეს და იქ შევხვდეთ ერთმანეთს. საერთოდ, მთავარი ეს არაა, არამედ ის, რომ ტიტრებში და ყველგან წერენ ''ბექა სიხარულიძე, საქართველო''. ამგვარად მსოფლიო ჩვენს ქვეყანას არა როგორც საბჭოთა კავშირს, არამედ როგორც საქართველოს და ნიჭიერი ხალხის ქვეყანას, ისე იცნობს. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ფილმს ამერიკელები გაიგებდნენ. მეთვრამეტე წელი დაიწყო, რაც აქ ვცხოვრობ და ვიცი, ვინ როგორ აზროვნებს, ფილმი ჩემთვის და ჩემი ქართველებისთვის გადავიღე. ''ბაბუს მევალე'' უკვე გავიდა ქართულ არხზე და მომავალშიც უჩვენებენ ქართული ტელევიზიები.

- ალბათ, კვლავ გექნებათ ჩაფიქრებული გადაღება.
- დიახ, დაახლოებით ოცი წელია, თავში მიტრიალებს ერთი სიუჟეტი, რომელზეც მინდა, სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩაიდება და გამოჩნდება: ქართული ტრადიცია, სული, ვაჟკაცობა, პატიოსნება, სიყვარული…. ჩემს მეგობრებს, პროფესიონალ ადამიანებს ვკითხე რჩევა, საერთოდ უნდა გავაგრძელო თუ არა რეჟისორობა. ოთხიდან სამმა მირჩია, გამეგრძელებინა მუშაობა და მითხრეს, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებასაც დავძლევ. გადაღების დაწყებას დეკემბერში ვგეგმავ.

- მეუღლეც გაგვაცანით...
- მაია გუშარაშვილი და მე ამერიკაში ერთმანეთს ახლობლებმა გაგვაცნეს. პროფესიით ფინანსისტია. წლებია, აქ ცხოვრობს და მუშაობს.

- შვილი?..
- შვილი მუცელში ''ზის'' (იღიმის). ცოლი მყავს პატარა პანდასავით (იღიმის). ღვთის წყალობით, მალე ბავშვი მეყოლება და ვფიქრობ, რასაც ჩვენ ახლა შევქმნით, იმ ფილმებზე გაიზრდებიან ჩვენი შვილები. აღარ არის საჭირო, კინო გადავიღოთ ნარკოტიკებზე, სექსზე, ძალადობაზე. ქართველი ხალხს უმეტესწილად ძალიან კარგი და ძლიერი ტრადიციები გვაქვს. უნიჭიერესი ერია, განათლებული და რატომ უნდა ვანახვოთ მსოფლიოს მხოლოდ სისაძაგლე, ვერ ვხვდები. მინდა, ჩემს ფილმში ქართული ტრადიცია, ნაღდი ჯიგარი ჩანდეს. თუ ჩემს ხალხს მოეწონება და მსოფლიოც ნახავს ჩვენს კულტურას, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ანა
ამერიკა უნდატ იმატ ვისაც ზალიან ბევრი პულის პატრონია და ასეტები ერტეულებია საკარტველოსი.90 პროცენტი გაწორვებულია საკარტველოსი.როგორ კადრულობტ და ტამასობტ ადამიანების დედასვილის სიკვარულსა და ხალხტა სორის ურტიერტ პატივისცემასა და სიკვარულზე,რატომ ახვევტ ტკვენს გარდა ყველადანარცენს ვინმეს სიკვარულს ან სიზულვილს!აი ასეტ საქციელს ტქვენი მხრიდან ქვია რომ ნამდვილად ხორციელდება საქარტველოსი ხალხზე ზეწოლა და ზალმომრეობ
19:13 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
გაიხარე ქართველო!
22:18 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
მეამაყებით სიხარულიძეებო...
22:50 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
Irakli
გაიხარე! ნიჭიერი კაცი ხარ და ღირსეული ადამიანი, ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის შენზე, და მიხარია. კარგი იქნება მრავლად გამოჩნდეს შენნაირი ქართველები, რომ იმედი გაძლიერდეს და მომავალი თაობისთვისაც სანიმუშო მაგალითი იყოს. გაიხარე ძმაო!
20:22 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
shako
შენ გადაცემას ვუყურე საზოგადოებრივ არხზე, მაგარი კაცი ხარ;)
11:31 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS