03 მარტი, 2015
''საქართველოში პირველად გათხოვება უფრო ჭირს, ვიდრე მეორედ და მესამედ''
ადრე მაჭანკლობა იმიტომ იყო საჭირო, რომ არ არსებობდა ტელეფონი ხატია ბრაჭულის გმირის ცხოვრება სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, თუმცა სიყვარულმა თამუნას მეძაობაზე უარი ათქმევინა და ოჯახსაც მოეკიდა. მაჭანკლობაზე, გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე, ღალატზე, ოჯახსა და სხვა თემებზე ვესაუბრეთ.

- ტრადიცია სხვადასხვა თაობის მიერ შენარჩუნებული ქმედება ან წეს-ჩვეულებაა. ოჯახიდან გამომდინარე გარკვეულ ტრადიციებს ვითვალისწინებ, თუნდაც ახალი წლის სახლში შეხვედრა იყოს. არ მაქვს მკვეთრად გამოხატული არასასიამოვნო დამოკიდებულება რომელიმე ტრადიციის მიმართ, მაგრამ არ მომწონს ქართული სუფრა, რომელიც გადადის ღრეობაში, გრძელი
სადღეგრძელოები, თამადის გაუთავებელი ლაპარაკი და ა.შ.

- მაჭანკლობასა და გარიგების თემას როგორ უყურებ?
- ადრე მაჭანკლობა იმიტომ იყო საჭირო, რომ არ არსებობდა ტელეფონი, სოციალური ქსელი, მაჭანკალი კი კომუნიკაციას უწყობდა ხელს, მაშინდელ დროს უხდებოდა კიდეც, დღევანდელ დღეს კი ეს ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება. დღესაც ხდება გარიგება, ოღონდ ცოტა სახე იცვალა, შეიძლება, მეგობარმა გითხრას, მინდა, კარგი ბიჭი გაგაცნოო, გაცნობის მერე კი ურთიერთობაც აეწყოს.

- როგორია შენი მოსაზრება გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე?
- ძალიან მომწონს, როცა ოჯახი ქართული ტრადიციებით, ქორწილითა და სხვა წესების დაცვით იქმნება, თუმცა ამასთანავე ვემხრობი გერლფრენდ-ბოიფრენდობის თემას. ჩვენ ისეთ ოჯახებში ვცხოვრობთ, ამას ჩვენი მშობლები ვერ გაიგებენ, ალბათ, ჩვენი შემდეგი თაობა უკვე შეძლებს ბოიფრენდთან ერთად თამამად ცხოვრებას.

- სერიალში შენს გმირს ქმრის ოჯახი უპირისპირდება, მისი წარსულის გამო ეს რეალობაშიც პრობლემა იქნებოდა ალბათ.
- კი, პრობლემა იქნებოდა, მაგრამ დაკვირვებული ვარ, საქართველოში პირველად გათხოვება უფრო ჭირს, ვიდრე მეორედ და მესამედ, თუნდაც შვილი გყავდეს. ფაქტია, რომ იქმნება ოჯახები, თხოვდებიან მეორედ, მესამედ და ბედნიერები არიან. ეს ყველაფერი არც ისე რთულია. გერლფრენდ-ბოიფრენდობა იმითაა კარგი, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს, უკეთ იცნობენ ერთმანეთს, თავდაპირველად არ აჩენენ შვილს, არ იჩენენ საყვარელს, ერთმანეთის ერთგულები არიან და წლების შემდეგ, როცა ხვდებიან, რომ ერთად კარგად გრძნობენ თავს, სიმბოლურად აკანონებენ ურთიერთობას, თორემ ცხოვრება ერთმანეთთან ისედაც დაკავშირებული აქვთ. საქართველოში ეს ყველაფერი პირიქითაა, ადრე მოჰყავთ ცოლები, მერე კაცები იჩენენ საყვარელს, რაც თითქოს აუცილებელი გახდა, ერთგულების შეგრძნება არ აქვთ, შედეგად კი ოჯახები ინგრევა. ძალიან სასაცილოები ვართ ქართველები, თითქოს გვინდა, ევროპას მივბაძოთ, მაგრამ ამას ნორმალურად ვერ ვაკეთებთ, ჩვენსასაც ვერ ვინარჩუნებთ და შუაში ვართ გაჭედილები.

- ქალიშვილობის ინსტიტუტს რა დადებითი და უარყოფითი მოაქვს ჩვენს რეალობაში?
- ამაზე საუბარი ცოტა მიჭირს. ტელევიზიით თუ სამეგობრო წრეში მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ქალიშვილობას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ჩემი აზრით, ქალი პატიოსანი უნდა იყოს, ოღონდ ეს მაინცდამაინც ქალიშვილობას არ ნიშნავს, პატიოსნება უფრო სხვა რაღაცაა. საამაყოა და მომწონს კიდეც, თუ ქალისთვის ქმარი იქნება პირველი მამაკაცი, მაგრამ ასე თუ არ მოხდება, ამით ქვეყანა არ ინგრევა და ესეც არაა დანაშაული.

- რაც შეეხება ღალატს, ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- კაცები, ალბათ, ღალატობენ ცოლებს... მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები საყვარლის ყოლას, მაგრამ ერთი ღამის გართობისთვის ოჯახი არ უნდა დაინგრეს, სისტემატურ სახეს რომ იღებს ეს ყველაფერი, მერე იქმნება პრობლემები და ინგრევა ოჯახი.

- ხატია, ოჯახში გენდერულ თანასწორობას როგორ უყურებ?
- ოჯახში უნდა იყოს გენდერული თანასწორობა, წყვილი ურთიერთშეთანხმებით უნდა მოქმედებდეს, არც ქალი და არც კაცი არ უნდა იყოს დომინანტი, მაგრამ მამაკაცი მაინც სხვა ძალაა, რომელსაც ოჯახი ეყრდნობა, ამიტომ მისი სიძლიერე უნდა ჩანდეს, მის სიტყვას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ქალებსაც ბევრი რამ შეგვიძლია, გაძლიერდა სუსტი სქესიც, მაგრამ კაცებს მაინც არ უნდა დავაკარგვინოთ სიძლიერე. ჩემთვის გენდერული თანასწორობა ასეთია, ორივე მხარე უნდა იყოს თანასწორუფლებიანი, მაგრამ კაცი მაინც ოდნავ მაღლა უნდა იდგეს (იღიმის).

- ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი თაობის მამაკაცები შეიცვალნენ, შესუსტდნენ და ა.შ. ეთანხმები?
- გარკვეულწილად, ასეა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მოდის მატერიალური მდგომარეობიდან, მამაკაცებს კომპლექსები გაუჩნდათ და ისეთი თამამები ვეღარ არიან. ადრე კაცებს უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა შეეძლოთ, უფრო ჯენტლმენები იყვნენ, სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ მანდილოსნების მიმართ, დღეს ეს ყველაფერი გაუფერულდა, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი, რომ კაცებმა სულ დაკარგეს ზემოჩამოთვლილი თვისებები.

- რას ფიქრობ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე?
- ჩემი დამოკიდებულბა მათ მიმართ ძალიან ნორმალურია, უბრალოდ, არ მომწონს ამ თემის აფიშირება, ეს საკითხი სააშკარაოზე გამოსატანი არ არის, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ყველა თვითონ ირჩევს გზას, მათ მიმართ აგრესია კი არ მომწონს. მეც მყავს არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები და ძალიან კომოფორტულად ვგრძნობ მათთან თავს, ერთადერთი, რაც მაღიზიანებს, პროპაგანდაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჯბლიყვ8ო6ტგ
მშინ ერთი ღამე მეც მივცემ ვიმეს მაგრა რომ დამევასება და მაპატიოას ქმარმა მე ხო ის მიყვარს...ვაი თქვენს პატრონს ამ გლეხ ქალებზე ვკაიფობ ერთი ღამე რა მოხდაო?ეგეთიერთი ღამეები არ მოგიშალოთ ღმერტმა დაიჯვით ბარემ თავზე
21:09 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
gamotsdili
Vetanxmebi,mtavaria pirvelad gatxovde DA mere rixinrixinit tsiva!ager bedia,parulava DA kidev bevri agarts itvlian qmrebs.ase ROM gogoebo mteli tqveni dzalebi pirvel gatxovebaze daxarjet,mere iqit shegexvetsebian uniato qartveli vajkatsebi!
18:45 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS