07 ივლისი, 2013
„არ შემიძლია , ერთ ადამიანთან დავგეგმო მთელი ცხოვრება...“
ერთ დღეს მისთვის გავიპრანჭე, დავდექი ფანჯარასთან და ველოდებოდი ვინმე დათო ჯანდიერს, რომელსაც ჰყავდა, არც მეტი, არც ნაკლები, ჯიპი „ჩეროკი“ 
9 წლის ასაკში მიხვდა, რომ მულტფილმებით ვერაფერს ისწავლიდა და მუსიკის გაკვეთილებს მიუბრუნდა. არქეოლოგობაც უნდოდა, ისეთი ნივთის პოვნა, რაც სხვას არ ჰქონდა. შემდეგ ეს ნივთი აბსტრაქტული გახდა, მუსიკის სახე მიიღო და კომფორტი შეუქმნა. დღეს სწორედ ხელოვნების ამ დარგში გრძნობს თავს კომფორტულად. მისი ახალი საქმიანობა, ტელეწამყვანობაც მუსიკალურ პროექტს უკავშირდება - „მაგთიფანს“ .
მძიმე სოციალური ფონი, ეზოში ფიჩხზე მომზადებული
სადილი, ლატარიაში მოგებული არაერთი 5 მანეთი, პირველი ჰონორარი, პრეზიდენტის სტიპენდია... ამ და სხვა საინტერესო ეპიზოდებზე ქეთი ორჯონიკიძე თავად გიამბობთ. მას დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და გუშინ ვამბობდი ზუსტად, ნეტავ ახალგაზრდობაც ასეთი მქონდეს-მეთქი. ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი. დედა მათემატიკოსია, უმაღლეს მათემატიკას ასწავლის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მამა მეტყევეა, წლების განმავლობაში სატყეო სამინისტროში მუშაობდა. ამჟამად უმუშევარია.
- რომლის სამსახური უფრო გაინტერესებდა ბავშვობაში?
- მათემატიკა მიყვარს. ბუნება ახლა უფრო შემიყვარდა. ჩვენს ეზოში ნუშის ხეები დავრგე. პიტნას ვუვლი და „მოჰიტოს“ კოქტეილისთვის ჩემი ხელით ვკრეფ ხოლმე სახლის პიტნას. მამის მხრიდან მაქვს სოფელი, ტეზერი. ბავშვობაში სკოლის არდადეგებზე საჩხერეში ვისვენებდი, ნათესავებთან. ვთამაშობდი ფეხბურთს, ტყემლის ხეებზე ავდიოდი. ერთი სიტყვით, ემოციური და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში ექვს საათს ფორტეპიანოსთან ვატარებდი და სკოლაშიც მაღალ ნიშნებზე ვსწავლობდი, მაინც მრჩებოდა დრო გართობისთვის.
- თუ გქონია პერიოდი, როცა მშობლები შენი მტრები გეგონა?
- არა, გარდატეხის ასაკში ყველა ვაფრენთ და პერიოდულად გარკვეული ტიკები გვაქვს, მაგრამ მითითებები, აკრძალვა, როგორც ასეთი, მშობლების მხრიდან არ მახსენდება. შესაბამისად, მათზე გულაცრუებული არასდროს ვყოფილვარ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდი.
- ვის ჰგავხარ ხასიათით?
- ბებიას, დედაჩემის დედას. ძალიან მიყვარდა ბებია. რომ მეკითხებოდნენ, დედა გიყვარს თუ მამაო, ბებია-მეთქი, ვპასუხობდი. დედაჩემი ძალიან აქტიური და ენერგიულია. მამაჩემი რადიკალურად განსხვავებულია მისგან, მშვიდი, წყნარი, შეუძლია 24 საათი ჩუმად იყოს. მე სადღაც შუაში ვარ აქტიურობის თვალსაზრისით. ამით ვგავარ ბებიას. თუმცა ვფიქრობ, რომ დედაჩემის ხასიათი ბევრად მომგებიანია დღეს, აქტიური ადამიანები ბევრს აღწევენ. მე ზოგჯერ ორი დღე და ღამე მძინებია... ბებიას რაც შეეხება, ძალიან მაგარი ადამიანი იყო, თითქოს არ არსებობდა ასაკობრივი ზღვარი ჩვენ შორის. ჩემს მეგობრებთანაც ბევრ საერთოს პოულობდა. ის იჯდა შუაგულში, ჩვენ გარშემო და ჰყვებოდა ომის ამბებს. სულგანაბულნი ვუსმენდით. ბებიას საიდუმლო საბუთები ებარა, იბრძოდა კიდეც. თავიდან მოხალისედ წავიდა და დარჩა. ორჯერ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ერთხელ გემზე დააგვიანდა, რომელიც აფეთქდა. ბებიას თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. საკუთარი თვალით უყურებდა შუაზე გაპობილ გემს... როგორც საუკეთესო მუშაკი, ბებია ომში 6 ნაჭერი სარეცხი საპნითა და ორნაირი ჩითის ნაჭრით დაასაჩუქრეს. იმ დროს ერთი ქართველი მოდიოდა თბილისში, ბებიაჩემს ეს საჩუქრები თავისი წერილით გამოუტანებია ოჯახში, იმის ნიშნად, რომ ცოცხალი იყო. 1941 წლის ამბავს ვყვები. შემდეგ მალარია შეჰყრია ბებიაჩემს, საწყლები, წყალს ძროხის ნაფეხურებში ჩამდგარი წვიმის გუბეებიდან სვამდნენ თურმე, აბა რა დაემართებოდა. წითელი ჯვრის სამხედრო ეშელონით ჩამოიყვანეს თბილისში. რადგან სამკურნალო იყო, ბებიაჩემი დატოვეს თბილისში, დანარჩენები უკან გაბრუნდნენ. იმ ეშელონიდან ერთადერთი კაცი გადარჩა, ტუაფსესთან მთელი ეშელონი დაბომბეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თბილისში დაბრუნებულმა მშობლებს ჰკითხა, ჩემი საჩუქრები თუ მიიღეთო. აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი მიუტანია და ოჯახს ბებია მკვდარი ეგონა. ამ ამბის მერე 30 წელი გავიდა. ბებიამ სამინისტროში კათედრის სპეცგანყოფილების უფროსის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. მის თანამშრომელთან „ნაფრონტალი“ ძმაკაცი მივიდა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ის ადამიანი, ვისაც ბებიამ ჩითის ნაჭრები და საპონი გამოატანა. ოფლი წამოუვიდა თურმე შუბლიდან იმ კაცს ბებიაჩემის დანახვაზე, გატრიალებულა და გასულა კაბინეტიდან. თანამშრომელს უკითხავს, რა დაემართაო, არაფერი, ეტყობა, კუჭის პრობლემები ჰქონდაო, უთქვამს ბებიას. ომში ყველაფერი ხდება, შეიძლება დაკარგა, შეიძლება მოჰპარეს, მაგრამ იმ ოჯახში მაინც ხომ უნდა მისულიყო და ეთქვა, რომ მათი ოჯახის წევრი ცოცხალი იყო. ბებიის ისტორიები დღემდე ზედმიწევნით მახსოვს. მგონია, რომ მისი და ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ, ჩვენ ომში არ ვართ, ესაა განსხვავება.
- ქეთი, მუსიკა პროფესიად იმიტომ აირჩიე, რომ დედას სურ ვილი იყო თუ თავადაც მოგწონდა?
- პირველ კლასში არავინ იცის, ვინ უნდა გამოვიდეს. დედამ შეამჩნია ჩემი მონაცემები და ფორტეპიანოზე შემიყვანეს. 8 წლის ასაკში საფრანგეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე. ამ ამბავმა დედაჩემისა და ბებიაჩემის ვარაუდები გაამართლა. მას მერე აქტიური მუშაობა დავიწყე ფორტეპიანოს განხრით. მე-9 კლასში მივხვდი, რომ ყელში ამომივიდა ფორტეპიანო, აღარ მინდოდა დაკვრა. შევეშვი. არქეოლოგობა მინდოდა. სულ რაღაცებს ვჩიჩქნიდი ეზოში, სადაც წავიდოდი, ყველგან ნიჩაბი დამქონდა. ისეთი რამ მინდოდა მეპოვა, რაც სხვას არ ჰქონდა. მერე მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი მიწიდან ამოთხარო ასეთი რამ. შეიძლება, საკუთარ თავში იპოვო ის, რაც სხვას არ აქვს და ეს ჩათვალო დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენად.
- იპოვე?
- ვიპოვე მდგომარეობა, რომელშიც მე კომფორტს ვპოულობ. ეს არის მუსიკა. თუ აქაც შეიცვალა რამე, ისევ დავიწყებ ძიებას... დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი საფორტეპიანო განხრით, პირველი მუსიკალური სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო და ვოკალის განხრით, მეცოსოპრანო გახლავართ. ბოლოს „ვარსკვლავების აკადემიის“ წყალობით ლონდონში ვისწავლე პირველი ორი კურსი, სამწუხაროდ, ვეღარ გავაგრძელე, ფინანსების გამო.
- სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში, ამ მხრივ რთული ბავშვობა გქონდა?
- საკმაოდ. მახსოვს ამოტრიალებული ტაშტი, რომლის ქვეშაც ცეცხლი ენთო ფიჩხებით და ზედ შემომდგარი ქვაბი, რომელშიც დედა სადილს ამზადებდა. დღის ბოლოს სახლის უკან ეზოში ყველას ის გამოჰქონდა, რაც ჰქონდა და ასე მოვილხენდით ხოლმე. დღეს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს ყველას, მაგრამ ასეთი მეზობლობა, სამწუხაროდ, აღარ არსებობს... მახსოვს ჩემი დაბადების დღეები, ბებიას რეცეპტით გაკეთებული შოკოლადის კრემით მორთული პეჩენიები, რომელსაც ტორტის ფორმას ვაძლევდით და გვიხაროდა ბავშვებს. სუნიც კი მახსოვს იმ პერიოდის. შებოლილი ძეხვის და სწრაფი გულისცემის სუნი იდგა.
- რა უცნაურობას ამბობ, როგორია სწრაფი გულისცემის სუნი?
- რთული ასახსნელია. სწრაფად რომ გიცემს გული, ჰაერიც ცივი ხდება და ამას განსხვავებული, თავისებური სუნი აქვს... დიდად არ განვიცდიდი ამ გაჭირვებას. არ მახსოვს, ოდესმე ფეხები გამეფიჩინებინოს, რამე მიყიდეთ-მეთქი, იმას აქვს და მე რატომ არ მაქვს-მეთქი, არასოდეს მითქვამს იმის მიუხედავად, რომ დედისერთა ვარ. ზარალს მარტო მაშინ ვაყენებდი ოჯახს, როცა პარკში მივდიოდით, ყველა კარუსელზე მინდოდა დაჯდომა და თანაც, ბევრჯერ. იმას ვაცნობიერებდი, რომ დედაჩემი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩამეყენებინა და ამიტომ მაღაზიაში არაფერს ვითხოვდი... 12 წლის ასაკში პრეზიდენტის სტიპენდია მქონდა, 100 ლარი. ეს ის პერიოდი იყო, ხალხს 20 ლარი რომ ჰქონდა პენსია.
- თუ გახსოვს, პირველი ჰონორარი როდის აიღე?
- 8 მარტს, საბურთალოს გამგეობამ თბილისის ცნობილ ქალებს საჩუქარი გაუკეთა და რესტორანში შეკრიბა. მარიკა კვალიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ლეილა აბაშიძე, ასეთ ქალებში მოვხვდი მეც. ვიმღერე. კონვერტებით დაგვირიგეს ფული. 50 ლარი იდო ჩემს კონვერტში... ლატარიაშიც მომიგია ფული, რაღაც სპრინტები რომ იყო, იმას ვთამაშობდი. ყოველდღე 5 ლარს ვიგებდი. სახლში ამოვდიოდი, დედაჩემს ვუტოვებდი 2 ლარს და 3 ლარად სკოლაში ვგუგუნებდი. „დიროლის“ საღეჭი რეზინები მოდაში იყო და მთელ კლასს ვპატიჟებდი (იცინის).
- გახსოვს ის ასაკი, როცა პირველად სარკის წინ საწინააღმდეგო სქესისთვის გაიპრანჭე?
- პირველად კაბა მეხუთე კლასში ჩავიცვი. ტყავის ქვედაბოლო და ზედა მქონდა. რატომ, არ ვიცი. კოლჰოტი, ლაქის ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და წავედი სკოლაში. გამოგონილი შეყვარებული მყავდა, ვინმე დათო ჯანდიერი.
- სახელი და გვარიც გამოიგონე?
- ჰო, ერთ დღეს მისთვის გავიპრანჭე, დავდექი ფანჯარასთან და ველოდებოდი ვინმე დათო ჯანდიერს, რომელსაც ჰყავდა, არც მეტი, არც ნაკლები, ჯიპი „ჩეროკი“ . დედამ რომ დამიძახა საჭმელად, ჩემი ბიძაშვილი დავსვი ფანჯარასთან, თუ მოვა, დამიძახე-მეთქი. მეორე დღეს აღარც მახსოვდა ეს დათო ჯანდიერი.
- რეალური სიყვარული როდის გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
- 15 წლის ასაკში. ინტერნეტით გავიცანი ბიჭი. ისიც ლექსებს წერდა და ძირითადად ლექსებით ვლაპარაკობდით. მერე კონცერტი მქონდა ლოკომოტივის სტადიონზე და იქ მოვიდა. წელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად. კარგად მახსენდება ის პერიოდი. ღამეებს ვათენებდით ტელეფონზე.
- ისეთი სიყვარული თუ გქონია, ოჯახის შექმნაზე რომ დაფიქრებულიყავი?
- არა, არ ვარ ისეთი ტიპი, რომელსაც შეუძლია, ერთ ადამიანთან დაგეგმოს მთელი ცხოვრება. რომ ვაკვირდები, ოჯახი ურთიერთობებს ცვლის, ცეცხლი ქრება. ჩემთვის ცეცხლი აუცილებელია. ეს თუ არ მაქვს, სხვა დანარჩენი უინტერესოა. ბოლო დროს მივხვდი, თუ ჩემთვის პირადი ამბები წინა პლანზე არ დგას და კარიერა ჯაბნის, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარულში პრობლემა მაქვს.
- გამოდის, ოჯახის შექმნას არ აპირებ?
- ჩემთვის მთავარია ბედნიერი ვიყო და ბედნიერი იყოს ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება. ოჯახი ერქმევა ამას თუ სხვა რამ, რა მნიშვნელობა აქვს?
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, რას ნანობ ყველაზე მეტად?
- ზოგადად ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და მით უფრო, დაშვებული შეცდომების კუთხით. ვერ მიპატიებია თავისთვის, რაც სხვამ უკვე მაპატია. მოვათრევ ამ განწყობას მთელი ცხოვრება და რაში მჭირდება, არ ვიცი. არის რაღაც, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნინი
ეს გოგო მახსოვს რომ გატხოვადა, ვარსკვლავების აკადემიის ბექას გაყვა მგონი ტუ რაღაც ამდაგვარი
11:25 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ვამაყობ რომ ქართველი ხარ..გენიალურ მომღერლობასთან ერთად ჭკვიანი გოგო და კარგი ადამიანიც ყოფილხარ.ყველაფერ საუკეტესოს გისურვებ ღმერთმა დაგლოცოს.
21:12 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ვგიჟდები ამ ადამიანზე
18:45 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ფანი
მახსოვს გატხოვილი იკო, რატო არაფერს ამბობს
20:38 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
შალიკო
ნამეტანი ჭკვიანია ეტყობა
19:49 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS