07 თებერვალი, 2015
ზაზა ურუშაძემ ჰოლივუდიდან შეთავაზება მიიღო
დანარჩენი ხარჯი - სამოცი ათასი დოლარი - ესტონეთის მხარემ გაიღო 22 თებერვალს ''ოსკარის'' დაჯილდოების 67-ე ცერემონია გაიმართება, რომელზეც ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძისფილმი ''მანდარინები'' უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ზაზა რეჟისურასთან ერთად ამ ფილმის სცენარის ავტორია. ქართულ-ესტონური კოპროდუქცია ჯილდოზე ესტონეთის სახელითაა წარდგენილი.

- ზაზა, ''ოქროს გლობუსის'' ნომინანტებს შორის დასახელებისას სოციალურ ქსელში დაწერეთ: ''გავგიჟდები!'', ხოლო ''ოსკარზე'' - ''გავგიჟდები კიდევ!''. რამდენიმე დღეში ''ფეისბუქიდან'' გაქრით...
- გვერდით სარგებლობა დროებით შევაჩერე, რადგან ძალიან ბევრი მწერდა. ყველას პასუხს ვერ ვცემდი, ეს
კი უხერხული იყო.
- ამის მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ სოციალურ ქსელში ფილმის გარშემო ბევრი ნეგატივი წამოვიდა?
- ასეთ დროს ყოველთვის მოდის ნეგატივი და ეს ბუნებრივია, მაგრამ პოზიტიური უფრო მეტი იყო. არა, ეს არ ყოფილა მიზეზი.
- საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დღემდე ვერ გაიგო, რატომ წარადგინეს თქვენი ფილმი ''ოსკარზე'' ესტონეთის სახელით...
- ეს დღემდე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ავხსნი: ''ოქროს გლობუსსა'' და ''ოსკარზე'' ყველა ქვეყანა წარადგენს მხოლოდ ერთ ფილმს. ფესტივალებზე ერთი ქვეყნიდან შეიძლება 2-3 ფილმი მოხვდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ხვდება. ყველა ფილმი კოპროდუქციაა, უბრალოდ, ფილმს ''ოქროს გლობუსსა'' და ''ოსკარზე'' წარადგენს ის ქვეყანა, რომელმაც მისთვის მეტი დაფინანსება გამოყო და მთავარი პროდიუსერი იყო. ''მანდარი-ნების'' შემთხვევაში ეს იყო ესტონეთი. ''მანდარინები'' ყველა სხვა ფესტივალზე გამოცხადდა როგორც ქართულ-ესტონური კოპროდუქცია, მაგრამ ფილმი ''ოქროს გლობუსსა'' და ''ოსკარზე'' წარდგება მხოლოდ ესტონეთის სახელით. ეს მხოლოდ ''მანდარინების'' შემთხვევაში კი არ ხდება, ყველა კოპროდუქცია ასეა და ჩვეულებრივი ამბავია.
- კრიტიკის თემასაც უნდა შევეხოთ. ნომინანტების გამოვლენის შემდეგ ბევრი წერილი დაიწერა ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელში...
- მე არ მაინტერესებს სოციალურ ქსელში დაწერილი რაღაცები და ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა.
- მაინც უნდა გკითხოთ რამდენიმეზე, ერთერთი შეფასებაა: ''ანტიქართული ფილმი''...
- ორი ფილმის შინაარსი რომ ეშლებათ, თქვენ ვერ მიხვდით? ეშლებათ ''მანდარინები'' და ''სიმინდის კუნძული''. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მივიჩნევ, ''სიმინდის კუნძულში'' რამე ცუდია, უბრალოდ, შინაარსი ეშლებათ. წერენ ''სიმინდის კუნძულის'' შინაარსზე და ამბობენ ''მანდარი-ნებიო''. ეს მათ ეშლებათ, ვისაც ფილმი ნანახი არ აქვს. იქ ქართველები არიან, ჩვენს ფილმში კი ერთი ქართველია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და კვდება. როცა შინაარსზე სწორად დაწერენ, პასუხს მერე გაგცემთ.
- ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა ესტონელი კაცის წერილი, რომელიც წერდა, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილ ფილმში ბევრი უზუსტობაა. მათ შორის ისიც, რომ ესტონელებს არასდროს უბრძოლიათ ქართველების წინააღმდეგო.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო, თქვენ რა გგონიათ, ესტონეთში რა დამოკიდებულებაა ''მანდარინების'' მიმართ (იცინის). ეს სასაცილოა, ჩემთვის ჭორის დონეზე თემებია და ამ შემთხვევაში პასუხებს არ გაგცემთ. შეფასება, რომ ესტონელები არ იბრძოდნენ იმ ომში, არასერიოზულია. ეს ხომ არ არის დოკუმენტური კინო, მხატვრული ფილმია. თუ ამ შეკითხვებს მისვამთ და სხვა არაფერი გაინტერესებთ, მაშინ სასაცილო შეკითხვებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა.
- ამ კითხვებს საზოგადოების ნაწილი სვამს. კარგი, ვისთან ერთად მიემგ-ზავრებით ''ოსკარის'' დაჯილდოების ცერემონიაზე?
- საქართველოდან გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი მოდიან, ხოლო ესტონეთიდან - ჩემი პროდიუსერი და მსახიობები.
- ვინ აფინანსებს თქვენს გამგზავრებას?
- პირადად მე სამ თებერვალს მივდივარ, მერე ბიჭები ჩამოვლენ და ცერემონიას ერთად დავესწრებით. ყველაფერს ესტონეთის მხარე აფინანსებს. ჩვენი მსახიობების ბილეთების ფული საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო, დანარჩენი ხარჯი - სამოცი ათასი დოლარი - ესტონეთის მხარემ გაიღო.
- ჰოლივუდიდან სამუშაოდ სერიოზული შემოთავაზებები გქონიათ...
- ჰოლივუდიდან ძალიან სერიოზული შემოთავაზებები მაქვს პროფესიონალი პროდიუსერებისგან და შეიძლება, იქ ერთი ფილმი გადავიღო. კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი.
- თქვენი სცენარები გაქვთ, რომელთა რეალიზება შესაძლებელია უცხოეთში?
- მაქვს, ამაზეც მიდის საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით მათი მხრიდან ველოდები სცენარების გამოგზავნას, რადგან ასე მოვილაპარაკეთ. რამდენიმე ჟანრის სცენარს გამომიგზავნიან, კომედიის გარდა, რადგან ვუთხარი, რომ ეს ჟანრი არ მაინტერესებს. წავიკითხავ და თუ შევარჩევ, მუშაობას დავიწყებ.
- ბუნებრივია, ნანახი გექნებათ ამავე ნომინაციაში ''ოსკარზე'' წარდგენილი ფილმები, თქვენი აზრი მათ შესახებ...
- ''ოქროს გლობუსის'' ნომინანტი ფილმებიდან ჩემი ჩათვლით სამმა ''ოსკარის'' ნომინაციაში გადმოინაცვლა. ესაა ''ლევიათანი'', ''იდა'' და ''მანდარინები''. ''ტიმბუქტუ'' ნანახი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაღალი დონის ფილმია. ''ველური ზღაპრები'' არ მინახავს, მაგრამ ვიცი, კომედიაა და არაერთს მოეწონა, თუმცა არა მგონია, ისეთი სერიოზული იყოს, როგორიცაა ''ლევიათანი'' და ''იდა''. ჩემს ფილმზე არ ვილაპარაკებ. ეს ორი ფილმი სხვადასხვა კუთხით ძალიან საინტერესოა. ''იდა'' ბევრს მოსწონს და ბევრსაც არა, მაგრამ ეს ბუნებრივია. შავ-თეთრი ფილმია და მე მიყვარს ასეთი ფილმები. ''იდა'' კინემატოგრაფიულად ძალიან საინტერესოა. ფილმში არაპროფესიონალი გოგონა მონაწილეობს, რომელიც ეკრანზე ძალიან მომგებიანი და კარგია. რაც შეეხება ''ლევიათანის'' რეჟისორს, პირადად მე ანდრეი ზვიაგინცევი, როგორც რეჟისორი, ძალიან მომწონს. მისი ''ლევიათანი'', რა თქმა უნდა, კარგი და საინტერესო ფილმია, მაგრამ მე მაინც მის ძველ ფილმ ''დაბრუნებას'' ვანიჭებ უპირატესობას.
მეტსაც ვიტყვი, ''ოქროს გლობუსის'' ხუთი ნომინანტი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე ''ოსკარის''. რაც დღემდე მინახავს, ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიმაჩნია წლევანდელ ''ოქროს გლობუსზე'' ნომინირებული ისრაელის ფილმი, რომელმაც, სამწუხაროდ, ''ოსკარზე'' ვერ გადმოინაცვლა. მაგრამ საერთოდ, ასეა, კინო მეცნიერება არაა და ყველას ხედვა სუბიექტურია.
- ხშირად აღნიშნავენ, დღეს, როცა ეკრანზე უამრავი ბლოკბასტერი გამოდის, შეფასებების დროს უპირატესობა ენიჭება ისეთ კინოს, სადაც აქცენტი ადამიანურ ურთიერთობებსა და განცდებზეა გადატანილი...
- კი, არის ეს ტენდენცია და კარგია, რომ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკული კინო განსხვავებულია ევროპულისგან. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციები როცა სახელდება, ამ ნომინაციებში, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოდან ხვდება ფილმები, ამერიკისა და ინგლისის გარდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ამერიკაშიც არის ტენდენცია, როგორც თქვით, ადამიანურ ფილმებზე. ''კარგი კინო'' ყველგან უყვართ (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
shorena
Rogor sheidzleba Ar gixarodes eset doneze qartul gvarebs ROM gamoatsxadeben,vamakob DA mixaria.did madloba zaza urushadzes DA kvela monatsiles,gparavdet upali.
02:43 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS