- პირადად მე ტრადიციების მიმდევარი ვარ. ოჯახური კერა, სტუმართმოყვარეობა - ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, თუმცა მაშფოთებს მომავალი თაობების ცოტა ზედაპირული დამოკიდებულება, თუნდაც სტუმართმოყვარეობის მიმართ. ჩემთვის სტუმრის
აქ ის ტრადიციები ჩამოგითვალეთ, რომლებსაც საუკეთესოდ მივიჩნევ, მაგრამ არის ისეთი ტრადიციებიც, რომელთაც თავად უარვყოფ. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია და ჩემთვის მიუღებელია დედამთილისთვის დედის აუცილებლად დაძახების ტრადიცია, რომელიც დღემდე ბევრ ბნელ ოჯახს გადაეცემა. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამას - დედა არის ერთი და განუმეორებელი, შეიძლება, დედამთილს უდიდესი პატივი სცე, მაგრამ რატომ უნდა დაუძახო დედა, ვერ ვხვდები და თუ ეს ძალდატანებით ხდება, ხომ საერთოდ, საუბარი ზედმეტია. სუფრასთან სასმლის დაძალებაც არ მომწონს, რატომღაც სტუმარს რაც უფრო მეტ სასმელს დაალევინებენ და რაც უფრო მთვრალს გაუშვებენ, მით უფრო ვაჟკაცობა ჰგონიათ, რაც დიდი უგუნურებაა. ასევე, ბევრ ოჯახს აქვს ახალდაქორწინებული წყვილის უფროს თაობასთან გარდაუვლად ცხოვრების ტრადიცია. თუ არის საშუალება, რასაკვირველია, ჯობს, ახალმა ოჯახმა ცალკე იცხოვროს, განსაკუთრებით პირველ პერიოდში...
- რას ფიქრობთ ქორწინებამდე თანაცხოვრების საკითხზე?
- ეს ცოტა მძიმე საკითხია, მაგრამ რეალობამ დაგვანახვა, რომ ქორწინებამდე თანაცხოვრებაში ცუდი არაფერია. ჩემთვის ოჯახის დანგრევა იმდენად მტკივნეულია, ამას მირჩევნია, ის ურთიერთობა დაინგრეს, სადაც არ არის ბავშვი და რასაც არ მოჰყვება ადამიანების ტრავმირება. ამიტომაც მინდა, შევეგუო აზრს, რომ ქორწინებამდე თანაცხოვრებაში მიუღებელი არაფერია. უნდა ვაღიარო, 25-26 წლის წინ ასე არ ვფიქრობდი. ჩემი შვილების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ კოკომ და ანიმ ჯერ ერთად დაიწყეს ცხოვრება, რაშიც მე შევუწყვე ხელი და შემდეგ იქორწინეს. არც ჯვარი ჰქონდათ დაწერილი და არც ხელი ჰქონდათ მოწერილი, როცა ჩემ გვერდით სადარბაზოში ბინა ვუქირავე და ცოლქმრული თანაცხოვრება დაიწყეს. მაპატიოს უფალმა, თუ დავაშავე, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ დამიშავებია, რადგან ისინი უფრო კარგად დარწმუნდნენ ერთმანეთში და იმაში, რომ ერთად ცხოვრება არამცთუ უნდოდათ, არამედ შეეძლოთ, რაც საბოლოო ჯამში ჯვრისწერითა და იურიდიული დაფიქსირებით დაგვირგვინდა, დღეს კი გვყავს ძალიან კარგი მარიამი.
- ჩვენს რეალობაში რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქალიშვილობის ინსტიტუტს?
- წინა კითხვას გარკვეულწილად უკავშირდება ქალიშვილობის ინსტიტუტი. ადამიანი, რომელიც თვეში რამდენიმე პარტნიორს იცვლის, ჩემთვის მეძავია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშ-ვნელობით, მაგრამ თუკი ვიღაცას ერთხელ არ გაუმართლა და მეორედ ეწია ბედს, რა არის ამაში ცუდი?! დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვების გამო ოპონენტებს გავიჩენ. რასაკვირველია, ძალიან ლამაზი და კარგია, თუ გოგო ქალიშვილია და პირველად ექნება ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისაც ცხოვრებას უკავშირებს, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დანგრევა უწერია, მირჩე-ვნია, არ იყოს ქალიშვილი და იპოვოს მეორე ნახევარი, რომელთანაც ბედნიერი იქნება. მთავარია, მეორე ადამიანი როგორ შეხვდება მის არაქალიშვილობას. მგონია, რომ დადგა დრო, ამას ცოტა უფრო ჯანსაღად შევხედოთ. ღირს ამდენი ოჯახის დანგრევა მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ქალიშვილი ჩაჰბარდეს ქმარს? რამდენი ქალი დადის ფსიქიკადამახინჯებული, გულნატკენი, არავისი და აღარაფრის რომ არ სჯერა.
- კაცების შესუსტების მიზეზად ქალების გაძლიერება სახელდება. რას ფიქრობთ ჩვენი დროის მამაკაცებზე?
- კაცები მართლაც შეიცვალნენ, დღეს პირდაპირ სანატრელია, რომ კაცმა კაცს წინააღმდეგობა ფიზიკურად გაუწიოს, პირდაპირ დანასა და უარეს რაღაცებზე გადადიან. ქალებისთვის კი იმაზე რთული არაფერია, როცა მამაკაცის გვერდით თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ადამიანებში თავიდანვე უნდა ჩაიდოს სწორი მიმართულება, როდესაც ბავშვობაში ძმა დას ურტყამს, ეს მშობელმა მაშინვე თუ არ აღმოფხვრა, ბავშვი არასწორად განვითარდება და მის ცხოვრებაში ძალადობა იქნება, ამიტომ პრობლემა აღზრდაშია.
ბევრი კაცი ატლიკინდა, ზოგჯერ ქალებს ჯობნიან, ვუყურებ დებატებს და ხანდახან მრცხვენია, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქვეყანაშიც ასეთი მოტლიკინე მამაკაცები ცხოვრობენ. ადამიანს სურვილი გიჩნდება, ამა თუ იმ საკითხში, შეჯიბრებაში მამაკაცმა გარკვეული მორიდება გამოავლინოს ქალის მიმართ. ვუყურებ კონკურსებს და ვხედავ, მამაკაცებს სრულიად დაკარგული აქვთ იმის შეგრძნება, რომ კონკურენტი ქალი ჰყავთ. ამას რომ ვამბობ, კონკრეტულად არავის ვგულისხმობ.
როდესაც მარიამს პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს, ვუთხარი, ესაა კონკურსი ესემესებით, რომელმაც არ იცის სამართლიანობა, ნიჭიერების დაფასება, სქესი, მეგობრობა და კიდევ ბევრი რამ. მარიამმა მიპასუხა, იმდენად მიყვარს ცეკვა, ამისთვის მზად ვარო, მართალია, იმაზე მეტად ეტკინა, ვიდრე უნდა სტკენოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.
- ოჯახის დანგრევის შემდეგ რამდენად შესაძლებელია მეგობრობა და ცივილიზებული ურთიერთობა?
- ამის ნათელი მაგალითი ვარ მე. ძალიან ბევრი ამბობს, რით ვერ გადახარშე შენი პირადი ცხოვრების დანგრევაო?! როდესაც შენ თვითონ ძირძველ, ფესვგამდგარ და სიყვარულით გაჟღენთილ ოჯახში ხარ გაზრდილი, ძალიან ძნელი გადასახარშია... იძულებული გავხდი, ოჯახი-დან წამოვსულიყავი, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. იყო წლები, როცა ჩემსა და გიას შორის კამათიც მეტი იყო და წყენაც, მაგრამ ნელ-ნელა ყურადღება გადაგაქვს შვილებზე, პრობლემებზე, რომლებიც ისევ შვილებს, მათ აღზრდას, ფსიქიკის სწორად ჩამოყალიბებას უკავშირდება. ოჯახის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე მქონდა აღებული, ბავშვების სწავლა, ჩაცმა და ა.შ. მაგრამ ამას არავის ვამადლი.
როდესაც მჭირდებოდა კოკოსთვის იმის თქმა, მე და მამამ ერთად გადავწყვიტეთ ესა თუ ის საკითხი-მეთქი, ხშირ შემთხვევაში, ვაღიარებ, ვიტყუებოდი, მაგრამ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ბევრ საკითხს ერთად ვწყვეტდით. თავის დროზე ვერ მივაღწიე ისეთ ურთიერთობებს, რომ მე და გიას სხვადასხვა საკითხი ერთად გადაგვეწყვიტა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. წლებმა თავისი მოიტანა, ალბათ, შეგნებაც უფრო გაღრმავდა ჩემშიც და გიაშიც და ახლა ეს ურთიერთობები ძალიან ჩვეულებრივია. მით უმეტეს, როცა შვილი ოჯახს ეკიდება, ძნელია მარტო ''გამკლავება'', გამიჭირდებოდა მარტო ამის გაკეთება, ამიტომაც შევეცადე, გიაც ჩამერთო და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობაც დალაგდა.
- დასასრულ, გია როინიშვილის თუმანიშვილის თეატრიდან გამოშვების შესახებაც გკითხავთ. აქ პოლიტიკურ სარჩულს ხედავთ?
- იმას, რომ გია როინიშვილს წაართვეს როლები, რომლებიც დიდმა მიშა თუმანიშვილმა მიაკუთვნა და საერთოდ, მოხსნეს თეატრიდან, პოლიტიკური საფუძველი აქვს, რაც ძალიან მწყვეტს გულს. კარგად იცით, რომ ვარ ''ქართული ოცნების'' მომხრე და არაერთ აქციაზე ვმდგარვარ, იმიტომ, რომ იმ 9 წლის განმავლობაში ბევრი რამ არ მომწონდა, ერთ-ერთი კი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა იყო. დღეს თუ ამას ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები გაიმეორებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი... ძალიან მწყდება გული. ვსვამ კითხვას, აღარ დადგა დრო, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთმანეთს ძალიან ვტკენთ გულს?!
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''