ბაჩო ოდიშარია ერთ-ერთი ქართული ონლაინ
- საკვირველია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნის კინემატოგრაფში, ბოლო ათ-წლეული, იდეების შიმშილია.
- ზოგადად, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს იდეების შიმშილი. როდესაც ცდილობ სცენარის დაწერას, უნდა გაწუხებდეს ესა თუ ის სოციალური თემა. ფილმი, რომელსაც არ აქვს სოციალური ან პოლიტიკური კონტექსტი, კარგი არ გამოდის.
სამი მთავარი საკითხი, რაზეც ბოლო წლებია, ჩვენს ქვეყანაში აქტიურად იღებენ ფილმებს, არის - ქუჩის ინსტიტუტი, აფხაზეთის ომი და ნარკომანია. შესაძლოა, რეჟისორებს არ ჰქონიათ ასეთი ჩანაფიქრი, მაგრამ მათ ფილმებში ქუჩის სკოლა ძალიან რომანტიზებულია. შესაძლოა, მოზარდზე, რომელიც ამ ფილმს უყურებს, ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახლახან ამ თემატიკაზე ვნახე ფილმი ''ძმა'', რომელმაც შემზარა. ორმაგად ცუდია, რომ ასეთი ფილმების ავტორები რაღაცნაირად პოულობენ დაფინანსებას. ქართული საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ ნარკომანია არ არის კარგი, რაც უკვე არასწორია, მაგრამ ფილმები, რომლებიც ამ თემაზე გადაუღიათ, არ უსვამს ხაზს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აფხაზეთის თემას, არც ერთ ფილმში არ არის კარგი ბატალური სცენა. ომზე ფილმში ყველა ვარიანტში საჭიროა, ერთმა ადამიანმა მეორეს ესროლოს მაინც. ზოგადად, ასეთი ტიპის ფილმებში მწირია რეალობის შეგრძნება, მეორე კი ისაა, რომ ჩვენს თაობას აღარც ადარდებს ეს თემა, აღარც ახსოვს და აფხაზეთს რომანტიკა აღარ უკავშირდება. მგონი, უნდა მიხვდნენ, რომ თემა ამოწურულია. მეორე მსოფლიო ომზეც აღარ იღებენ ფილმებს. რომ შევაჯამოთ, ბოლო წლების ფილმები არ ეხმაურება იმ თემებს, რაც რეალურად აწუხებს ქართულ საზოგადოებას.
- კარგი ქართული ფილმი დამისახელე, რაც ბოლო დროს მოგეწონა.
- ზაზა ურუშაძის ''სამი სახლი'', ''მანდარინებით'' კი იმედგაცრუებული დავრჩი. ჯერ პირველზე გეტყვით - სამ სხვადასხვა ამბავს ჰყვება და მიუხედავად იმისა, რომ დიდად რეალისტური პერფორმანსებით არც ერთი მსახიობი არ გამოირჩევა, არის თემები, რაც იქამდე ქართულ კინოში არ გვინახავს. მეორე ნოველას გამოვარჩევდი, სადაც გარდაცვლილი გენერლის ცოლი მიდის თავისი ქმრის საყვარელთან. რაღაც ლიტერატურული მედიუმივითაა ეს სეგმენტი. ქართული კინოსივრცისთვის ახალია, რომ ცოლი და საყვარელი დგანან და საუბრობენ გარდაცვლილ მეორე ნახევარზე. კარგია, რომ ძლიერი ქალი პერსონაჟი გამოჩნდა. ამავე ფილმში არის გეების თემა და მგონი, პირველად ვნახე გეები ქართულ ფილმში (იღიმის).
ბოლოდროინდელი ქართული ფილმებიდან კიდევ დავასახელებდი ფილმს ''მე ვარ ბესო''. თუმცა, ის ქართულ მენტალიტეტზე ძალიან მორგებული ნამუშევარია და უცხოურ აუდიტორიაში ვერ გამოიწვევს იმ ავთენტურობის შეგრძნებას, რასაც ქართველებში იწვევს. სუფთა სოციალური დრამაა. იმედია, ის იქნება საეტაპო ფილმი ქართულ კინემატოგრაფში. დასავლური პრესა, ალბათ, რევერანსს გაუკეთებდა ამ ფილმს იმის გამო, რომ გეის პერსონაჟს რეალური გეი თამაშობს. ეს ისეთი იშვიათი შემთხვევაა, რაც ჩვენთან კი არა, ევროპულ და ამერიკულ კინოშიც იშვიათად ხდება.
ასევე შემიძლია გამოვყო ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი ''ქალები საქართველოდან''. ზოგადად, დოკუმენტური ფილმები არ მიყვარს, მაგრამ ეს განსხვავებულია და იშვიათი შემთხვევაა, როცა ქართული ფილმის ყურებისას ვიტირე. მნიშვნელოვანი ნამუშევარია, იქნებ, ვინმემ ამის ნახვის შემდეგ მიაქციოს ყურადღება ქართველ ქალებს, რომლებიც სამუშაოდ უცხოეთში გაემგზავრნენ. მთელი სიცხადით მოდის ის სიბინძურე, რაშიც გვიწევს ცხოვრება. ძალიან მიღებულია ჩვენი კულტურული სივრცისთვის, რომ შვილი დედას, მამა - შვილს და ქმარი - ცოლს უშვებს სამუშაოდ საზღვარგარეთ. მუშაობა სირცხვილი არ არის, მაგრამ მე პირადად, ჩავთვალე, რომ ეს იყო ყველაზე კარგი ალიყური, რომელიც ვიზუალურ ხელოვნებას შეეძლო მიეყენებინა მამაკაცებისთვის, რომლებიც ასე იქცევიან და ქალებისთვის, რომლებიც ამას თანხმდებიან.
- ზემოთ ''მანდარინები'' ახსენე. რით არ მოგწონს და დასავლეთში რატომ მოეწონათ?
- ისევ და ისევ აფხაზეთი-რუსეთი-საქართველოს კონფლიქტზეა გადაღებული. ''მანდარინები'' არის კლიშეებით ყველაზე მეტად სავსე ფილმი მათ შორის, რაც ამ თემაზე გადაღებულა. პერსონაჟების განვითარებაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ეს ყოველთვის იყო ჩვენი სუსტი წერტილი, გარდამტეხი მონაკვეთის წარმოჩენა მუდამ დიდ პრობლემას წარმოადგენს ქართულ კინოში. ცუდი ისაა, რომ ამ ერთგანზომილებიან პერსონაჟებს ემატება პრობლემები, უფრო სწორად, ის, რასაც რეჟისორი მიიჩნევს პრობლემად.… ფილმის პირდაპირ სლოგანად შეიძლება დავასახელოთ ''პუტინ ხუილო'', ეს კი ძალიან სასაცილოა. გარდა ამისა, არ არის კარგად შესრულებული ერთ სახლში მოხვედრილი მტრების მოყვრებად გადაქცევა. საერთოდ არ ჩანს ის მომენტი, სად აცნობიერებენ პერსონაჟები ამ ყველაფერს. ძალიან ბანალურ შეგრძნებებს იწვევს. ვფიქრობ, ძალიან ზედაპირული და ბოროტი საქციელია, როცა საათნახევრიანი ფილმი გამომატარე იმისთვის, რომ გეთქვა, რუსეთი მტერიაო. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მესიჯის გაგზავნა შეიძლებოდა ამ ფილმით თუნდაც ჩვენი აფხაზი მეზობლებისთვის. ეს ფილმი უნდა ყოფილიყო მესიჯი, რომ მათთვის ჩვენი კარი ღიაა, საბოლოოდ კი გამოვიდა ტრივიალური რუსეთი ბოროტებაა.
- ფილმს თუ ამდენი მინუსი აქვს, როგორ მოხვდა პლანეტის ცნობილი კინოფორუმების ჩამონათვალში?
- იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს. ეს იმას გულისხმობს, რომ რუსეთი ყველა მხრივ უნდა იყოს გაკრიტიკებული. ''მანდარინების'' ნომინირება, პირველ რიგში, ამითაა გამოწვეული და მისი მთავარი სლოგანით, რომელზეც ზე-მოთ მოგახსენეთ (იცინის).
ერთი მხრივ, კარგია, რომ ქართული პროდუქტი არის წარდგენილი, მაგრამ ბანალური სიხარულის მიღმა იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ, სამწუხაროდ, ''მანდარინები'' იქნება ფილმი, რომლითაც ქართულ კინემატოგრაფს დასავლეთში გაიცნობენ. ნათქვამის მიუხედავად, ''მანდარინებს'' აქვს ნომინირების შანსი. თუ ''ოსკარზე'' წარადგინეს, ნაცია გაიხარებს, მაგრამ კარგი იქნება, რომ რეჟისორი გმირად არ შევრაცხოთ. თუკი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტის დამსახურება იქნება. ''სიმინდის კუნძულის'' შესვლაც ''ოსკარის'' შვიდეულში იმავე მიზეზით არის განპირობებული.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''