03 იანვარი, 2015
''ნიჭიერი'' მრბოლელი მანქანასავით ვერც ერთ კაცს ვერ შეიყვარებს
ბებიაჩემს ჰყავდა მძღოლი, სკოლის მერე ბებიასთან პროკურატურაში მივდიოდით. სულ წინ ვჯდებოდი, რომ მენახა, როგორ მართავდა, უამრავ კითხვას ვუსვამდი 29 წლის მერი გვასალია საქართველოში პირველი ლიცენზირებული ავტომრბოლელი ქალია წრიულ რბოლაში. ის საზოგადოებამ პროექტ ''ნიჭიერიდან'' გაიცნო. წარმოუდგენელია, მაგრამ გოგონას, რომელმაც მანქანით საოცრებები მოახდინა, საკუთარი მანქანა არასდროს ჰყოლია...

- მანქანებით ძალიან პატარა ასაკიდან დავინტერესდი. ჩემი ტოლი გოგონები თოჯინებით რომ ერთობოდნენ, მე ჩემი ძმის მანქანებით ვთამაშობდი. ამის გამო მე და ჩემი ძმა ხშირად ვჩხუბობდით. ვშლიდი მანქანებს, მაინტერესებდა, როგორი მექანიზმი
ჰქონდა, რას დაჰყავდა. მერე ისევ ვაწყობდი, ესეც მეხერხებოდა. ჩემმა ძმამ მანქანის მართვაც არ იცის. სახლში მანქანა არავის ჰყავს. ცოტა რომ წამოვიზარდე, ბებიაჩემმა მომიყვანა ისეთი მანქანა, რომელშიც ვჯდებოდი და პედლებით ვმართავდი. იმ მანქანაში ვცხოვრობდი, სულ რომ არ გამეტარებინა, შიგნით უნდა ვმჯდარიყავი. სარდაფში ინახავდნენ და რომ ამოიყვანდნენ, ჩემთვის დღესასწაული იყო.
10-11 წლის ვიყავი, როცა ნამდვილი მანქანა მომინდა. ბებიაჩემს ჰყავდა მძღოლი, სკოლის მერე ბებიასთან პროკურატურაში მივდიოდით. სულ წინ ვჯდებოდი, რომ მენახა, როგორ მართავდა, უამრავ კითხვას ვუსვამდი. ერთხელ ვთხოვე, დამსვი-მეთქი და უარი მითხრა. მერე ნათესავმა დამსვა 0-24 მარკის ავტომობილზე. მარცხენა სანაპიროზე გავატარე, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ამ დებიუტის შემდეგ კიდევ უფრო დავინტერესდი მანქანით.
- მართვის მოწმობა როგორ აიღე?
- იმ პერიოდში მართვის მოწმობებს 100 დოლარად ყიდულობდნენ, მაგრამ მე არ მინდოდა ასეთი მართვის მოწმობა, ორი დღე და ღამე გავათენე სწავლაში და ყველაფერი პატიოსნად ჩავაბარე. პრაქტიკას რომ ვაბარებდი, სამი მანქანა იდგა, ორი უცხოური მარკის და ერთიც - 0-7. უცხოურ მანქანებთან რიგში იდგნენ მართვის მოწმობის აღების მსურველები. 0-7 მიგდებული იყო სადღაც კუთხეში, ვერავინ ბედავდა მასზე დაჯდომას. გამომცდელებს ვთხოვე, რიგში დგომა არ მინდა, ამაზე დავჯდები-მეთქი, გაოცებულებმა შემომხედეს, არ გინდა მართვის მოწმობაო? დავჯექი და ჩავაბარე. ისე გამიხარდა, ხელის მოხრუჭი ამოვწიე, საგამოცდო მანქანით ვიცელქე. ცოტა მეჩხუბნენ კიდეც.
- საკუთარი მანქანა რა ასაკიდან გყავს?
- საკუთარი მანქანა არასდროს მყოლია. არც ახლა მყავს.
- მაშ, როგორ დაეუფლე ასე კარგად?
- ვერ აგიხსნით, ეტყობა, იმდენად მინდოდა, მეგობრების წყალობით, დახმარებით დავეუფლე. ჩემია ავტომობილი, მას როგორც საგანს, არ ვუყურებ, ზოგჯერ ველაპარაკები კიდეც. ერთმანეთს კარგად ვუგებთ.
- ''ნიჭიერის'' ჟიურიმ გკითხა, შეყვარებული თუ გყავსო და მანქანაზე მიუთითე. რა გამოდის, ბევრი შეყვარებული გყავს?
- (იცინის) ჰო, ასე გამოდის, მეგობრების მანქანები არიან ჩემი შეყვარებულები. ბევრი მანქანაა, რომელიც მიყვარს. მანქანა ძალიან დიდი ხარჯია, მისი მოვლა-პატრონობა მხოლოდ საწვავით არ შემოიფარგლება. ჯერჯერობით ამის საშუალება არ მაქვს.
- ქალაქში როგორი მძღოლი ხარ?
- ჩვეულებრივი, სულ არ ვსარგებლობ ჩემი სტატუსით, სულ არ მგონია, რომ ქალაქშიც ისე უნდა ვიარო, როგორც რბოლაზე, რა სისულელეა. მშვიდი, გაწონასწორებული მძღოლი ვარ. ისედაც რთული მოძრაობაა ქალაქში, ჩემი დრიფტაობაღა აკლია.
- ''ნიჭიერში'' ვისი მანქანით გამოხვედი?
- ამ პროექტში ჩემი მეგობრის, გიორგი პირველის მანქანით გამოვედი, რომელმაც სპეციალურად ამ პროექტისთვის იყიდა მანქანა და მათხოვა. ის რომ არა, ''ნიჭიერში'' ვერ მოვხვდებოდი.
- ნახევარფინალის ნომერზე რას გვეტყვი?
- ამ ნომერს ვუძღვნი მანდილოსნებს. ქალები ამ მხრივ დაჩაგრულები ვართ, სულ გვაკრიტიკებენ, მამაკაც მძღოლებს სტრესში ვყავართ. მინდა, კიდევ ერთხელ, აბსოლუტურად განსხვავებულად დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ ქალები საჭეს ვერ ფლობენ.
- ბევრმა მამაკაცმა გამოაქვეყნა შენი პირველი ნომერი ''ნიჭიერში'' და ერთხმად აღიარეს, რომ ძალიან მაგარი მძღოლი ხარ. თაყვანისმცემელთა რიცხვმა მოიმატა?
- ასეა. იმ პერიოდში ორი კვირის განმავლობაში ''ფეისბუქის'' მომხმარებელი, ფაქტობრივად, აღარ ვიყავი. იმდენი გზავნილი მომდიოდა, პასუხის გაცემას ვერ ვასწრებდი. ამის გამო ჩემს პოსტებში მუდმივად ბოდიშს ვიხდიდი. ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები დღემდე მწერენ.
- უფრო აქტიურებიც არიან, რომლებიც შენით, როგორც მხოლოდ მრბოლელით, არ დაინტერესებულან?
- არიან, მაგრამ ჩემთვის სოციალური ქსელით გაცნობილ ადამიანებთან ასეთი ტიპის ურთიერთობა ცოტა მიუღებელია.
- შეყვარებული ყოფილხარ?
- კი, ვყოფილვარ.
- ახლა?
- ახლა არ ვარ შეყვარებული.
- ე.ი. მერის გული თავისუფალია? და ვინც მანქანას უყიდის...…
- შეიყვარებს მანქანასავით (იცინის). არა, მანქანასავით მაინც ვერ შევიყვარებ. მანქანა ჩემთვის სხვა ფენომენია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლავრენტი (უკა) ონოფრიშვილი
და გასაკვირი რაა ამ სათაურში ვერ ვხვდები, აბა მერიმ თუ კაცი მანქანასავით შეიყვარა კარგად ყოფილა მაშ იმ კაცის საქმე, ღმერთმა დამიფაროს ვინმემ მანქანასავით შემიყვაროს
11:24 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
3 3
3 3 უნიჭიერესი მერი "ავტოსამყაროში"
02:12 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS