ბებია კი ვერ აღიქვამდა თავგასას სიძედ და მიიჩნევდა, რომ მისი შვილი იყო
''ქართული ხმების'' წევრის დავით გოგიაშვილის ხსოვნის საღამოზე, მოგეხსენებათ, დიდი ტრაგედია დატრიალდა. დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მომღერლის სიდედრი თრომბის შედეგად კონცერტის მიმდინარეობისას პარტერში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საკმაოდ მძიმეა გასახსენებლად, სალომე გოგიაშვილმა, ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თავისი ემოციები გაგვიზიარა და ისიც გაგვიმხილა, როგორი უნდა ყოფილიყო მამის, ''თავგასას'' ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო…- სალომე, როგორი უნდა ყოფილიყო მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო?
- საღამო
ყოველთვის მინდოდა, მამაჩემის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ძალიან განსხვავებული ყოფილიყო, მქონდა უამრავი იდეა, თუმცა ალბათ, ბილ გეიტსი უნდა იყო, რომ ამ ყველაფრისთვის ფინანსები გქონდეს. რასაკვირველია, სრული ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შევძელო, მაგრამ თბილი საღამო უნდა შემდგარიყო, ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ მამას, მონაწილეობაზე დამთანხმდნენ ჩემი მეგობარი მომღერლებიც, რომლებიც ქართულ სიმღერებს ასრულებენ.
ღონისძიება ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ შუამდეც არ ვიყავით მისულები, რომ ამ საოცარი მიზეზით, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, კონცერტი შეწყდა. დავამონტაჟე ფილმი მამაჩემის შესახებ, სადაც თავი მოვუყარე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ კადრებს, კოლორიტებს, რომლებიც მამას იცნობდნენ და მასზე საუბრობდნენ. ამ ფილმისთვის გადაღებებზეც თავად დავდიოდი. ფილმს საკმაოდ ემოციური ფინალი ჰქონდა, რისთვისაც განსაკუთრებულად მოვემზადეთ. საუბარი მაქვს ''ვკეცე, ვკეცეს'' შესრულებაზე, არსებობს კადრები, სადაც მაცაცო სებისკვერაძე უზის ინსტრუმენტს და სიმღერას ასრულებს ოთხი მომღერალი, მათ შორის მამაჩემიც და მათგან არც ერთი აღარ არის ცოცხალი. ამ დროს სცენაზე უნდა გამოსულიყო რამდენიმე ანსამბლი და ''ვკეცე, ვკეცე'' ამ ოთხ ადამიანთან ''ერთად'' უნდა შეესრულებინა, ერთ-ერთ მისამღერს უნდა აჰყოლოდნენ ცოცხლად…
- სალომე, რა გახდა ბებიას გარდაცვალების მიზეზი?
- თრომბი… მე ბებიას გაზრდილი ვიყავი. ჩემ დროს ძალიან თბილი ურთიერთობა და დამოკიდებულება იყო ბებიებსა და ბაბუებს და შვილიშვილებს შორის. ბებიაჩემს ბოლო წუთამდე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი, მასზე ვგიჟდებოდი. ის 76 წლის გახლდათ. ბოლო პერიოდში ცუდად იყო. მე და ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა დავაწვინეთ საავადმყოფოში, დედაჩემი თბილისში არ იყო. ღამე გავათენეთ და მაშინ პირველად გავიფიქრე, ახლა რომ გარდაიცვალოს, ვერ გადავიტან-მეთქი. სიყვარულის გარდა კიდევ ისიც იყო, რომ ამაზე მანამდე საერთოდ არ მიფიქრია. კარგ კლინიკაში მკურნალობდა და ამ სიტუაციიდან გამოვძვერით. ჰქონდა გულის და სხვა პრობლემებიც, ასაკიდან გამომდინარე. რეაბილიტაცია სახლში გაიარა და სულ ამბობდა, კარგი შვილიშვილი მყავსო. შინ სპეციალურად მისთვის სამნაირ კერძს ვამზადებდით. გამოკეთდა, კარგად გამოიყურებოდა და არაფერი აწუხებდა. კონცერტს რომ ვამზადებდით, გვთხოვა, აუცილებლად უნდა წამოვიდეო. დედაჩემი სასტიკი წინააღმდეგი იყო. მე განსაკუთრებულად მთხოვა და დავპირდი, რომ კონცერტზე წავიყვანდით. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, კულისებიდან გავიხედე, ჯერ არავინ იყო მოსული, მხოლოდ ბებია და მისი მეგობარი ისხდნენ. ხელი დავუქნიე, მანაც დამიქნია, ფარდა გადავწიე და მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს…
- მას და მამას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ?
- ხომ არსებობს მოსაზრება, რომ სიძე-სიდედრს ერთმანეთი არ უყვართ. ბებია კი ვერ აღიქვამდა თავგასას სიძედ და მიიჩნევდა, რომ მისი შვილი იყო. ბებიაჩემი მთელი ცხოვრება შრომობდა, კარგ თანამდებობებზე მუშაობდა და ოჯახსაც ის არჩენდა, მათ შორის, ჩვენც. მამა ახალგაზრდა იყო და არ ჰქონდა შემოსავალი. ბებიასთან ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს ყოფილა შეგრძნება, რომ თავგასა ჩასიძებული იყო. ბებია ამ ყველაფერს იმიტომ არ აკეთებდა, რომ შვილისთვის ოჯახი შეენარჩუნებინა. ძალიან უყვარდა მამა და მამაც სიყვარულით პასუხობდა. მახსოვს, ერთხელ იტალიური ტანსაცმლის ერთადერთი მაღაზიიდან ორი დიდი პარკით დაბრუნდა. მეგონა, საჩუქრები მე მომიტანა, მაგრამ სულ მამაჩემის სამოსი იდო. სულ იმას ამბობდა, ჩემს სიძეს კონცერტები აქვს და მინდა, ყველაზე კარგად გამოიყურებოდესო. პატარას დამამახსოვრდა ის ემოცია, როდესაც პარკებიდან ამოიღო შავი, ყავისფერი, ლურჯი შარვლები… როცა მამა გარდაიცვალა, ბებიაჩემი ერთი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. გასვენების დღეს გონება დაკარგა… დედაჩემი 18 წლის იყო, როცა გათხოვდა და მამას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთად ცხოვრობდნენ. მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედაჩემი და მამაჩემი რაღაცაზე რომ იკამათებდნენ და დედა მამას არ ელაპარაკებოდა, ბებია დედას აკრიტიკებდა და სულ მამის მხარეზე იყო. სულ მინდოდა, რომ ჩემს ქმარს დედაჩემთან ასეთივე ურთიერთობა ჰქონოდა. ვახოს დედაჩემთან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს ძალიან მახარებს.
- ზოგჯერ ადამიანები ასეთ უბედურებებს წინასწარ გრძნობენ, შენც ხომ არ გქონია რაიმე ცუდის მოლოდინი?
- ინტუიცია გამძაფრებული მაქვს, მაგრამ აქ არაფერი მიგრძნია და ვერც ვერაფერს მივხვდებოდი, რადგან ძალიან ვნერვიულობდი მამის კონცერტის წინ. სცენაზე რომ გავედი, ვიგრძენი, რომ ხმას ვეღარ ვიღებდი და არც ტექსტი მახსოვდა. ერთი სიტყვაც კი არ მოვიდა ჩემთან, კიდევ კარგი, კახა და ჯაბა მედგნენ გვერდით და ლაპარაკი მათ დაიწყეს. არ მიყვარს, როცა ემოცია წინ გისწრებს და არც სენტიმენტალური ვარ, მაგრამ ამდენი ხალხი რომ დავინახე, გავაცნობიერე, რომ ძალიან მეტირებოდა. მხოლოდ ორ სიტყვას მოვაბი თავი და მერე სცენაზე ვეღარ გავედი. სადისტი უნდა ვყოფილიყავი, რომ ასე მეწვალებინა თავი.
- ბებიას გადარჩენა არ იყო შესაძლებელი?
- თრომბის გამო არა. ჩემი ბავშვობის მეგობარია ირაკლი ფიფია, შესანიშნავი ქირურგი, თავის საქმეზე შეყვარებული, საოცარ ოპერაციებს აკეთებს. სხვათა შორის, ვინაიდან ერთად გავიზარდეთ, ამას აქამდე ვერ ვაცნობიერებდი. რომ დაიძახეს, ჩქარა, ექიმიო, ირაკლი მივარდა ბებიას, იმდენ ხანს უკეთა გულის სტიმულირება და ისეთი გამწარებით აკეთებდა ამას… ბებიას გვერდზე მეგობარი ეჯდა. მოგვიანებით იხსენებდა, ლეილა ძალიან გაღიმებული იჯდა, ხელი მოვკიდე და ცივი ხელები ჰქონდაო. რომ უკითხავს, თავს როგორ გრძნობო, უთქვამს, ძალიან ბედნიერი ვარო. მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან არ მიყვარს ჩემს ცუდ ემოციებზე საუბარი. რადგან საზოგადოების ინტერესი იყო, მხოლოდ ამიტომ დაგთანხმდით ამ თემაზე საუბარზე. ალბათ, ასეთი რთულად გადასატანი მამაჩემის გარდაცვალება იყო. ის ამბავიც კი დაჩრდილა. ისეთ შოკში ვიყავი, რომ მეგონა, გული ხომ არ წამივიდა და მეჩვენება ეს ამბავი-მეთქი. თანაც, რომ ჩავვარდი პარტერში, ჩემს მუხლებზე ედო თავი, ჩემს ხელებში დალია სული… მივხვდი, მეც ცუდად რომ გავხდე, დედასა და ჩემს შვილებზე ვინ იზრუნებს-მეთქი. ისე, როგორც მჩვევია, გადავკეტე ყველა ემოცია. შინ რომ დავბრუნდი, ვკანკალებდი, სამი დღე 40 მქონდა სიცხე.
სულ ვცდილობ, ხელმოსაჭიდი მოვძებნო გასაღიმებლად. მამაოც იყო ჩვენთან და ყურადღებით მოვუსმინე. მან მითხრა, შენი წუხილითა და დარდით მიცვალებულის სულსაც დაამძიმებ და შენს შვილებსაც. პატარები ხომ ვერ ხვდებიან ჩვენი წუხილის მიზეზს. ახლა არაფერი მახარებს, მაგრამ რადგან ცხოვრება გრძელდება, ვცდილობ, მაქსიმალურად პოზიტიურად ვიყო. მით უმეტეს, იმ უბედურებების ფონზე, რის შესახებაც ვიგებ ხოლმე. უხერხულადაც ვგრძნობ თავს, ასეთი ტრაგიკული ვიყო მაშინ, როცა ვხედავ დედას, რომელსაც ჩემხელა შვილი ჰყავს გარდაცვლილი… ეს უფრო ლოგიკურია, რომ ბებია შვილიშვილმა დაიტიროს. ნორმალური არ არის, რომ დედა ტირის შვილს. ღმერთმა ქნას, რომ სულ ასე იყოს, უფროსი თაობა შვილმა და შვილიშვილმა დაიტიროს. ამის მიუხედავად, ძალიან რთულია და ჩვენი ოჯახისთვის მძიმე გადასატანი იყო. თანაც, ეს ყველაფერი არანორმალურად მოხდა. შესაძლოა, ამით უფრო დიდი განსაცდელი ამცდა თავიდან. არ ვიცი, რა და როგორ ვიფიქრო. ყველას დაფიქრება ჰმართებს. ნუ ეჩხუბებიან მშობლებს, ბებია-ბაბუებს სისულელეების გამო და აგდებულად ნუ დაელაპარაკებიან. ჩემთვის ისინი ძალიან ძვირფასები იყვნენ. არ ვიცით, რა იქნება ხვალ. ერთადერთი, რაც მახარებს, ის არის, რომ ბებიის მიმართ დიდ სითბოსა და მაქსიმალურ ყურადღებას გამოვხატავდი, ამიტომ სინანულის გრძნობა არ მაქვს.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''