ისედაც პატარა ერი ვართ და 24 საათი ერთი და იმავე ადამიანების ყურება ნამდვილად დამღლელია
ანუკი არეშიძე პოპულარული მოდელობით გახდა. ცნობილ ფეხბურთელ კახი კალაძეზე დაქორწინების შემდეგ მოდელობისადმი ინტერესი დაკარგა და თავისი ცხოვრების მთავარი საქმის, დიზაინის შესწავლას მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში შეუდგა. აქვს საკუთარი ბრენდი, რომელიც წარმატებით ვითარდება, ჰყავს სამი შვილი, რომელთაც მთელ თავისუფალ დროს უთმობს და მეუღლე, რომელიც წამოწყებებში გვერდით უდგას.დავინტერესდით, რა მოუტანა პოპულარობამ ანუკის და მისგან საინტერესო პასუხებიც მივიღეთ ამ თემაზე.
- ანუკი, თავად შენ პოპულარობა
- პარიზიდან რომ დავბრუნდი, მშობლებმა მცხეთაში წამიყვანეს და იქ სეირნობისას პატარა გოგონები მოვიდნენ, ფოტოების გადაღება მთხოვეს. მაშინ მივხვდი, რომ ქუჩაში მცნობდნენ. მახსოვს, იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ბავშვობაში ოცნებობდი პოპულარობაზე?
- იცი, ასე გააზრებულად, პოპულარობა რა იყო, 5 წლის ასაკში ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი, ჩემი შრომით მსოფლიო მენახა. სარკის წინ ვთამაშობდი, ვითომ ძალიან ცნობილი დიზაინერის ჩვენებაზე გამოვდიოდი, ეს 5, 6, 7 წლის ასაკში ხდებოდა.
- პოპულარული ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდები, უნდა აკონტროლო შენი თითოეული სიტყვა, ქცევა და ა.შ. შენს შემთხვევაშიც ასეა?
- მართალია. როდესაც ადამიანების გარკვეული ფენა გიცნობს, ეს უკვე პასუხისმგებლობაა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ შენს ქცევებს სხვანაირად უყურებენ, აკვირდებიან და ხანდახან არარეალურ ამბებსაც ჰყვებიან. ჩემს მაგალითზე გეტყვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ვისწავლე, ასე, ცხოვრებისეული პატარ-პატარა ტრავმებისგან. ამან უფრო გამზარდა და მივხვდი, რომ ხშირად ადამიანები, ზოგჯერ ჟურნალისტებიც, შენი გულახდილობით სარგებლობენ, მერე შენი ნათქვამი ხდება განსჯის თემა და ა.შ. მაგალითად, ბევრს მოსწონს, როცა მასზე ლაპარაკობენ, არ აქვს მნიშვნელობა - რას, მთავარია, ისაუბრონ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ''უყვარდება'' ხოლმე ყველას (იღიმის).
- შენი აზრით, ვინ არის საქართველოში დადებითად პოპულარული და რას ფიქრობ მათზე, ვისაც უარყოფითი პოპულარობა აქვს?
- დადებითად პოპულარული (იღიმის)? ყველას რომ უყვარდეს, მოსწონდეს და არავინ მასზე ცუდად არ ლაპარაკობდეს, ასეთი არ ვიცი, ვინ არის... ჩემთვის დადებითად ცნობილი ბევრი ადამიანია, რაც შეეხება უარყოფითს, მათაც ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები. ისეთი ხალხი, ვისაც მოსწონს სკანდალები და უხეში გამონათქვამები, რაც თავიანთი კერპებისგან ესმით, მაგრამ ეს ყველა ქვეყანაში ხდება და საქართველო არ არის გამონაკლისი.
- არის ისეთი რამ, რასაც პოპულარობისთვის არასდროს გააკეთებდი?
- კი, ასეთი რამ ბევრია, არ ზის ჩემში სკანდალები, სხეულის ნაწილების დემონსტრირება და მრავალი სხვა...
- ანუკი, რა მოგიტანა პოპულარობამ, დადებითი და უარყოფითიც.
- პოპულარობამ ჩემთვის მოიტანა ხალხის სიყვარული, სითბო, პატარა გოგონების წერილები, რომლებიც მხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში, მათზე მიწერილია ბევრი გული... მარტო ამისთვის ღირდა ჩემი შრომა. ყოფილა ასევე ნეგატიური ამბებიც, თუმცა სიმართლეს მოკლებული, ადამიანებს ყველაზე მეტად მაინც უფრო ცუდი ამახსოვრდებათ.
- ფასდაკლებები თუ გქონია იმის გამო, რომ გცნობენ?
- მარკეტშიც დავდივარ, აფთიაქშიც, მაგრამ ყველგან ფიქსირებული ფასებია და სურვილი რომც ჰქონდეთ, ვერ დამიკლებენ (იცინის). მიგრძნია ხოლმე, რესტორანში ან კაფეში, რომ ჩემი მომსახურებისას იბოჭებიან. მერე, როცა ხედავენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, თავისუფლდებიან. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მომხმარებელს თავად ვემსახურები. ხშირად შენაძენს მე ვუფუთავ და ვუდებ ჩანთაში. ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. სხვათა შორის, ევროპაში პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა, როდესაც კლიენტს თავად უფროსი ემსახურება - მაღაზიის ანრესტორნის მფლობელი, რომელიც კონსულტანტის ფუნქციას კისრულობს. ამას მივესალმები და ვცდილობ, იგივე გავაკეთო თბილისში. ერთგვარად პატივისცემა გამოვხატო იმ მომხმარებლის მიმართ, რომელმაც არჩევანი ჩემზე შეაჩერა (იღიმის).
- ვიცი, რომ შენი ბრენდის ინტერნეტმაღაზია ამოქმედდა, მისი პოპულარობისთვის რა ხერხებს მიმართავ?
- რაც შეეხება ანოუკის ონლაინმაღაზიას, ნელ-ნელა ვამატებთ ახალ რაღაცებს. მომხმარებელი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდანაა: საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია. მიხარია, რომ კომპანია, რომელიც მალე 1 წლის გახდება, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება. 24 საათის განმავლობაში ვფიქრობთ, რა დავამატოთ, რა გავაკეთოთ, რომ ეს პროგრესი თბილისის მაღაზიაში და ონლაინგვერდზეც აისახოს.
- ზოგი ფიქრობს, რომ პიარი ხალხის მოტყუების საშუალებაცაა. რას ფიქრობ ამაზე?
- სწორ და კარგ პიარს არაფერი სჯობს. აბსოლუტურად ყველა დიდი და წამყვანი ბრენდი, ბანკი თუ კომპანია თანამშრომლობს პიარსააგენტოებთან. სწორედ ისინი უგეგმავენ ყველაფერს ამ მიმართულებით, პრესასთან ურთიერთობა იქნება თუ ტელევიზიასთან. ''შანელს'' დაახლოებით მილიონი ევრო უჯდება ჩვენების გაკეთება. ასეთი თანხებია საჭირო სხვა დიდი ბრენდებისთვისაც. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ ხარჯავს ამხელა თანხას ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ისედაც ნომერი პირველია, მაგრამ ხალხმა მაინც უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ მაგალითად, ''შანელის'' ჩვენებისთვის სპეციალურად ჩაიტანეს აისბერგი, რომელმაც ჩვენების მიმდინარეობისას დნობა დაიწყო. თითქოს ''შანელს'' რეკლამა არ სჭირდება, არადა, მოგების დიდი ნაწილი სწორედ პიარს ხმარდება. სტივ ჯობსს ეკუთვნის ეს ძალიან საინტერესო ფრაზა - ''სანამ ადამიანებს არ აჩვენებ, მანამდე არ იციან, რა უნდათ...'' პიარის გარეშე ვერც ერთი პროდუქტი ვერ იქნება გაყიდვადი, წაკითხული მაქვს, რომ ''კოკა-კოლა'' მოგების 70%-ს რეკლამაში დებს.
- კახი ერთ-ერთი პოპულარული მინისტრია. მეუღლისგან თუ იღებს რჩევებს, როგორ შეინარჩუნოს პოპულარობა?
- კახას ჩემი რჩევა ნამდვილად არ სჭირდება. მას აქვს წარსული, რომელზეც დგას და სულ რომ არ იყოს მინისტრი, არ მგონია, მისი სახელი ვინმეს დაავიწყდეს. ამას განსაკუთრებით იტალიაში ყოფნისას ვგრძნობთ. ბოლოს, პატარა რომ შეგვეძინა, 2014 წლის 9 იანვარს, მახსოვს, როგორ ხვდებოდა ხალხი ქუჩაში. არადა, ორი წლის დანებებული ჰქონდა თავი ფეხბურთისთვის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლეა, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ სახელებს ნამდვილად ვერ ივიწყებენ, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომელთაც ფეხბურთი უყვართ.
რაც შეეხება მის, როგორც მინისტრის პოპულარობას, ამას, რასაც მე ვუყურებ, განაპირობებს მისი აქტიური შრომა და პროგრესი.
- ანუკი, როგორც ცნობილი სახე, თავს თუ არიდებ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დადიხარ თუ არა გასართობად?
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ძალიან ბევრი ხალხია, რომ არ მოგატყუოთ, სიარული არ მიყვარს. სიგარეტის კვამლი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მეორეა დრო, მირჩევნია, თავისუფალი დრო ბავშვებთან გავატარო. არის დღეები, როდესაც მე და კახა გავდივართ სადმე მარტოები, მეგობრებთან ერთად, თუმცა რომ გითხრათ, ეს ხშირად ხდება-მეთქი, მოვიტყუები (იღიმის).
- შენი შვილები უკვე არიან ცნობილები, მშობლებიდან გამომდინარე. გსურს, ისეთი პროფესიები ჰქონდეთ, რომ თავად მოიპოვონ პოპულარობა?
- არ მინდა, რომ როცა გაიზრდებიან, ისინი ჩვენი შვილების სტატუსით სარგებლობდნენ. მათ აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ ჩვენ გავხდეთ მათი მშობლები. პირველ რიგში, ძალიან მინდა, კარგად ისწავლონ. განათლების თემა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამას უფროს ბიჭთან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. პატარებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. მთავარია, შემდგარი ადამიანი იყვნენ და ყველაფერს თავად მიაღწიონ. არ ვარ იმის მომხრე, რომ ყველაფერი გამზადებული ჰქონდეთ. კახამ 17 წლის ასაკში პირველი მანქანა თავისი შრომით შეიძინა. გამიხარდება, სამი შვილიდან ერთი მაინც თუ დაემსგავსება მამას შრომისმოყვარეობაში.
- ანუკი, რა წილი აქვს, შენი აზრით, ''ფეისბუქს'' ადამიანის პოპულარობაში და თავად თუ იყენებ მას?
- ჟურნალისტების მხრიდან დღეს ძალიან პოპულარულია ცნობილი ადამიანების სტატუსების აღება და მათი სკანდალური სათაურებით საიტებზე განთავსება. მე ვცდილობ, ჩემი მოსაზრებები ჩემს მეგობრებს აღარ გავუზიარო სოციალური ქსელის საშუალებით, რადგან ხშირად საინფორმაციო სააგენტოები ამას იყენებენ, რაც ხალხს აღიზიანებს. არადა, თავის გვერდზე ყველა რაღაცას წერს, თუმცა პოპულარული ადამიანების უფრო ჩანს და უფრო ყვირის. ეს ბუნებრივიცაა, ამიტომ ჩვენ უფრო გააზრებული სტატუსების წერა მოგვეთხოვება.
- ერთი რჩევა შენგან მათ, ვისაც პოპულარობა სურს. ღირს ეს ყველაფერი საქართველოში?
- საქართველოში, ჩემი აზრით, პოპულარობის მიღწევა მარტივია, თუმცა არის ერთი რამ - ადვილად მოპოვებული პოპულარობა ადვილადვე იკარგება. როდესაც საზოგადოებისთვის რაღაც ნიშნით ხდები ცნობილი, შემდეგ, რაც უნდა გააკეთო, მაინც ისე ამახსოვრდები ხალხს, რითაც გაგიცნო.
მივესალმები ბევრ ახალ სახეს, ისედაც პატარა ერი ვართ და 24 საათი ერთი და იმავე ადამიანების ყურება ნამდვილად დამღლელია. ყოფილა მომენტი, როცა ჩემი თავის მომრიდებია, როდესაც ორზე მეტ ჟურნალში დაბეჭდილა ჩემზე რამე. ხალხს არ სიამოვნებს და ეს გასაგებიცაა...
პ.ს. ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით ნოდარ ცხვირაშვილს
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''