- იცით, ალბათ, რამდენად მძიმე იყო საქართველოში ჩემი ცხოვრება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო წავედი ამერიკაში, თუმცა იქაც მუდმივად ქართული ტკივილითა და პრობლემებით ვცხოვრობდი. სხვანაირად არც შემეძლო. ახლა ხშირად მეკითხებიან, რაში გრძნობ განსხვავებასო, რაზეც მეღიმება...
- რატომ?
- იმიტომ, რომ უკვე აღარ ვიცი, ოდესმე რეალური ცვლილება მოხდება თუ არა ქვეყანაში. ბოლო ცხრა წელი სააკაშვილის ხმის მეტი არაფერი გვესმოდა. მანამდე იყო მისი ''მამობილი'' ... ლამის ოცი წელი საქართველოში ერთხმიანი სიმღერა ჟღერდა. არადა, ჩვენ, ქართველი საზოგადოება, მრავალხმიანობისთვის ვიბრძვით, რადგან ეს გენში გვაქვს... არც ეს ხელისუფლება განსხვავდება მათგან ბევრად. ბევრ საკითხში მსგავსებაც კი არის.
მწერალი ირაკლი კაკაბაძე პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს, თუმცა საზოგადოებრივ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება და ბევრ რამეს გააპროტესტებს, როგორც ამას წინა ხელისუფლების პერიოდში აკეთებდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სააკაშვილის ტერორისტული და ძალადობრივი ეპოქა დასრულდა, მაგრამ რეალურად, ჩემთვის და სხვა, უბრალოდ ადამიანებისთვის არაფერი შეცვლილა. წამოდით, ერთად გავიდეთ ქუჩაში და ვიკითხოთ, რამდენი ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდა. მხოლოდ ლაპარაკის დონეზე ცვლილებები არ გვაწყობს, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ახალი მთავრობა საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეს და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე იფიქროს. სოციალური კუთხით ისევ გაჭირვებაა. ხალხს ელემენტარული ჯანდაცვისა და განათლების მიღების საშუალება არ აქვს და ამ სისტემებში რეფორმებია გასატარებელი. თავის მართლებაა, რომ ჯერ სამართლის აღდგენის პროცესი უნდა დასრულდეს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მაღალ პროფესიონალიზმს ვერც სამართალდამცავ სტრუქტურებში ვხედავ, არ ვიცი, ეს სუსტი კადრების ბრალია, თუ ისევ იმ სისტემიდან გადმოყოლილ კადრებს უნდა ''ვუმადლოდეთ'' . ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირებებით. რეალური ცვლილებები სჭირდებათ, ოღონდ სიტყვით კი არა - საქმით.
- როგორ ფიქრობთ, რომელი სფეროდან უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ რადიკალური ცვლილებები?
- ყველა უწყებამ იქიდან უნდა დაიწყოს, რომელიც მას ეხება, რადგან ლოდინის დრო არ გვაქვს... უპირველესი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაა, რადგან იქ ჩვენი ბიჭები სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვზე გადიან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ჯარებმა ავღანეთი უნდა დატოვონ. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს ოპერაცია გავაგრძელოთ.
- უკვე გადაწყდა, რომ ორი სამხედრო ბაზა იხურება და მათი ადგილსამყოფელი იცვლება.
- დიახ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კარგად მესმის, რომ ჯარების გამოყვანა ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ჩვენ არ უნდა ჩავებათ ისეთ ომში, სადაც უპილოტო თვითმფრინავები ანადგურებენ უდანაშაულო ბავშვებსა და ქალებს. ''აისაფის'' მისია, რომელსაც ე.წ. სამშვიდობოს უწოდებენ, სინამდვილეში არ არის სამშვიდობო მისია, ეს ბარბაროსობაა... ის ბოლო ტრაგედია რომ მახსენდება, ტკივილისგან გული მეკუმშება. ისედაც ემოციური კაცი ვარ და ბოლო შემთხვევამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. წლების წინ, ჩვენ ყველანი, ქართველ მოაზროვნე საზოგადოებას ვგულისხმობ, წინააღმდეგი ვიყავით საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების. მაშინ ვამბობდით, რომ ეს უსინდისობა იყო. დღესაც იგივე ხდება და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს არის სრული უსინდისობა, ძალადობა, ბარბაროსობა. შედიხარ სხვის მიწაზე და მშვიდობის სახელით უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს ხოცავ. და მერე, მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ძალაუფლება გაქვს და მსოფლიო, როგორც ცივილიზაციის პიკს, მეტ ანგარიშს გიწევს, გამოდიხარ და უსინდისოდ აცხადებ, რომ ეს არის სამშვიდობო მისია. სინამდვილეში, ჩემო ბატონებო, ეს არის ოკუპაცია. არის ავღანეთის ოკუპაცია და ეს ყველამ კარგად იცის. ბარაკ ობამამაც აღიარა ეს და თქვა, რომ მომავალ წელს ავღანეთიდან ამერიკის ჯარი გამოვა, რასაც ორივე ხელით მივესალმები.
- იქიდან ჯარების გამოყვანაზე არსებული ხელისუფლებაც თავს იკავებს...
- დიახ, იმიტომ, რომ არსებობს ხელშეკრულება, რომელსაც თავისი ვადები აქვს და რომელსაც თავის დროზე სააკაშვილმა მოაწერა ხელი... ბოლო წლების განმავლობაში თუ რამე ჭირი გვჭირს, ყველაფრის საწყისი სააკაშვილი და მისი გუნდია. მიმიფურთხებია ყველა კარიერისტულ-მანიაკური მიდრეკილებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს და ამით თავისი დაუკმაყოფილებელი ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობს... ისე, ცნობისთვის, მასა და მის გუნდს მინდა ვუთხრა, რომ საუდის არაბეთი, რომელიც დასავლეთის მოკავშირეა, ბევრად ფუნდამენტალისტური ქვეყანაა, ''ალ-ქაიდას'' აფინანსებს, მაგრამ ამის შესახებ ხმას ვერავინ იღებს. იმიტომ კი არა, რომ არ იციან, უბრალოდ, ერთი ტრილიონი დოლარი აქვთ არაბებს ჩადებული ''უოლ სთრითზე'' .ოსამა ბინ ლადენი პაკისტანში იცით რომელ ქალაქში ცხოვრობდა? - რომელიც ინგლისელების მიერ იყო დაფინანსებული და აშენებული... მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. გუანტანამოს ციხეშია ჰალიდ შეიჰ მუჰამედი, მაგრამ მისი საქმიანობა და სასამართლო პროცესები გულმოდგინედ არის გასაიდუმლოებული. არადა, ეს კაცი ტერორისტობას სწავლობდა, რათა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა, დავებომბეთ... სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას და ამიტომაც გიყვებით ამ დეტალებს. ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, მონაწილეობა მივიღოთ სხვა ერის წინააღმდეგ ოკუპაციაში. არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ოკუპაციის მსხვერპლი... ახლა სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში და თავადაც წაჰყვეს... მორჩა, საკმარისია! ის მოსაზრება, რომ ავღანეთი დედამიწაზე ყველანაირი უბედურების საწყისია, არ არის სწორი...
- როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდნენ ისინი ბოლო დროს?
- იმიტომ, რომ ავღანეთიდან საერთაშორისო კონტინგენტის გამოსვლას საშველი არ დაადგა. იქ კოალიციის ჯარების დარჩენის საფუძველი არ არსებობს და ამაზე ამერიკაშიც ლაპარაკობენ... იცით, წლებია ავღანეთის სხვადასხვა პროვინცია უპილოტო თვითმფრინავებით იბომბება, რასაც ასობით უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვება. როდესაც ამა თუ იმ ავღანურ სოფელში ქორწილია, ან ადგილობრივები რაიმე მიზეზით იყრიან თავს, იქაურობას ბომბავენ. არ გინახავთ დახოცილი, ერთმანეთის გვერდით დაწყობილი ბავშვები?.. მერე ამბობენ, გვეგონა, იქ ტერორისტი იმალებოდაო... აბა, ჰკითხონ იმ ადამიანებს, რომლებმაც იმ დროს შვილები, ძმები და ოჯახის წევრები დაკარგეს, ანუგეშებთ მათ ამერიკის თავის მართლება, იქ ტერორისტს ვეძებდითო?.. ამხელა ტრაგედიის შემდეგ გამწარდება და შურს იძიებს, აბა, რა იქნება? წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია ადამიანი, რომელიც თავს იფეთქებს მხოლოდ იმიტომ, რომ მტერთან ბრძოლის მხოლოდ ეს გზაღა დარჩა?.. მათთვის ყველა იქ მყოფი ამერიკული ჯარის წარმომადგენელია.
- თქვენ ხომ ამერიკის მოქალაქე ხართ?
- დიახ, მერე რა? სიმართლის თქმა სულაც არ მიქმნის უხერხულობას. როგორც ამერიკელი, ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ამერიკის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და შემდეგ სხვა დანარჩენებისაც. ჩვენ რუსებზე გამწარებული ვართ 2008 წლის ომის გამო, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც ავღანეთში კოალიციის ჯარები აკეთებენ, რუსებს ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ. 3-დღიან ომს დღემდე ენით აუწერელი ტრაგიზმით ვიხსენებთ და ავღანეთი 12 წელია იბომბება... არ ვიცი, რა დავაშავეთ და რა შევცოდეთ ქართველმა ერმა ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილი გვყავს პრეზიდენტად. ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი და ამ სასჯელის თავი და თავია, რაც ყოველდღიურად შინ და გარეთ გვემართება. ეს ადამიანი დიდი გონებაგახსნილობითა და გონებამახვილობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ის, რაც ახლა გააკეთა, დანაშაულია, რომლისთვისაც პასუხი უნდა აგოს და მისი თანამდებობა არ უნდა გახდეს მისთვის იმუნიტეტი. ეს კაცი ყოველთვის აკეთებდა პროვოკაციულ განცხადებებს. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ მიწაზე მყოფ შენს ჯარისკაცებს ეკითხები, რამდენი ადამიანი მოკალიო, ეს უბრალოდ უტვინობით გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს. კარგი იქნებოდა, თუ ქართველები მიშას ხალხის თანდასწრებით გაწკეპლავდნენ... არ ვხუმრობ, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
- ბატონო ირაკლი, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდით. პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებთ. პოლიტიკაში წასვლაზე რომ არ ფიქრობთ?
- არა, გმადლობთ... სულ რაღაც 20 წლის ვიყავი, როდესაც ''ქრისტიან-დემოკრატიული'' პარტია დავაარსე და მისი პირველი თავმჯდომარე ვიყავი, მაგრამ ერთ წელიწადში გადავდექი. მას მერე არაერთი არჩევნების დროს შემოუთავაზებიათ, საპარლამენტო სიაში ჩაგსვამთო. 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმაც შემომთავაზა. თავად სანდრა იყო მოსული ჩემთან არჩევნების წინა დღეს... მე და გია მაისაშვილს გვეხვეწებოდნენ, პირველი ათი ადგილი თქვენი იყოს, ოღონდ ჩვენ გვერდით იყავითო, მაგრამ უარი ვთქვი.
- რა გახდა უარის თქმის საფუძველი?
- ის, რომ მათსავით უსაქმური არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ...
- პოლიტიკაში საქმიანობა უსაქმურობად მიგაჩნიათ?
- ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ცხოვრების გარკვეული ნაწილი პარლამენტში ადგილის მოპოვებაში, შემდეგ კი წილების გადანაწილებაში უნდა დავხარჯო. ახლაც ასე მიმაჩნია, რადგან საზოგადოებას ისედაც კარგად ვემსახურები... მადლობელი ვარ მაშინდელი ჩემი კეთილგონიერების, რადგან ვხედავთ, რა ''ჩაქცეულები'' , მაგრამ ადამიანის სახედაკარგულები არიან ''ნაციონალები'' , რომლებმაც საზოგადოების ამხელა სიძულვილი დაიმსახურეს... ''ნაციონალები'' ჯერ კიდევ ინერციით მიდიან და სხვადასხვა ადგილას არიან შემძვრალი, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რა დროც უნდა გავიდეს, მათ ქუჩაში გამოსვლისა და თავისუფლად სეირნობის საშუალება არასდროს მიეცემათ.
- ამერიკაში ცხოვრება ახსენეთ, იქ თავის დამკვიდრება ძნელი იყო?
- ამ ცხოვრებაში ადვილი არაფერია. შავი სამუშაოც შემისრულებია, მაგრამ ეს სულაც არ მეთაკილება. პირველად მაღაზიაში გამყიდველის მოადგილედ ვმუშაობდი, არეული ტანსაცმლის დალაგება მევალებოდა. რას ვიზამთ, ეს არის კაპიტალიზმი. იქ სულის მოთქმას არავინ გაცდიდა, გაჩერებული არავის უნდა ენახე. მენეჯერს ვთხოვდი, საქმე არ მაქვს და შეიძლება დავდგე-მეთქი, არა, თვითონ აურიე ტანსაცმელი და მერე ისევ დაალაგეო, მეუნებოდა. შემდეგ დუქანში ვიმუშავე მთავარი მღებავის თანაშემწედ. მისი მეპატრონე ქართველი, საოცრად კარგი ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დაიღუპა... კარგია, რომ დიდი გამოცდილება მივიღე. ეს წვალება რომ არა, ისეთი ადამიანი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. ეს როგორც მწერალს, გამომადგა. გაჭირვება თავად თუ არ ნახე, გაჭირვებულ ადამიანს ვერ გაუგებ. ცუდი არ იქნებოდა, იგივე გზა ჩემს შვილსაც გაევლო. ასე უფრო ახლოს ხარ ადამიანებთან და ბოლომდე ადამიანად რჩები...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''