მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაუჩინარების შემდეგ ძირითადად თეატრის სცენაზე თამაშობს და მონატრებულ მაყურებელს მისი ნახვა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში შეუძლია. კონკრეტულად კი, მცირე ხნის წინ ''ჰაჯი მურატის'' პრემიერა შედგა, სადაც ნინოს ჰაჯი მურატის ცოლის როლი ხვდა წილად.
ნინოსთან მოგზაურობის რუბრიკის ჩასაწერად მივედით, თუმცა ამ თემის გარდა ვისაუბრეთ ზემოხსენებულ პრემიერაზე და სერიალზე, რომელშიც კატოს როლს აღარ
და პრემიერა
- სწორედ დღეს არის გიზო ჟორდანიას სპექტაკლის ერთ-ერთი საპრემიერო ჩვენება. ლევ ტოლსტოის ''ჰაჯი მურატი'' დადგა. დიდი ხანია, ბატონ გიზოსთან არ მიმუშავია და შვიდი წლის პაუზის შემდეგ მოხარული ვარ, რომ მასთან მუშაობამ მომიწია ამ ძალიან საინტერესო მასალაზე. მე ვთამაშობ ჰაჯი მურატის ცოლს, რომელიც მას ორივე მოქმედებაში მოგონებად მოევლინება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი სპექტაკლია და ორსაათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს, ვფიქრობ, საინტერესო სანახავია. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის პრემიერა დიდი ხანია არ ყოფილა მარჯანიშვილის თეატრში, ამიტომ ღირს ამ სპექტაკლის ნახვა.
რეპეტიციები იანვრის ბოლოს დავიწყეთ. დაახლოებით ოთხი თვე მიდიოდა რეპეტიცია, თუმცა ბატონი გიზო სცენების მიხედვით გვიბარებდა. ჩემს როლს დიდი აზრობრივი დატვირთვა აქვს და რაც მთავარია, ჩემი ეკრანული სახისგან, რითაც ფართო მაყურებელმა ბოლო პერიოდში გამიცნო, რადიკალურად განსხვავდება. ამიტომაც ვისურვებდი ბევრი მაყურებლის მოსვლას, რადგან ზოგს ჰგონია, რომ კატოს გარდა სხვა როლების თამაში არ შემიძლია.
- ასეთი შეგრძნება გქონდა, როდესაც კატოს თამაშობდი, რომ მასთან გაიგივებდნენ?
- მე კი არ მქონდა შეგრძნება, ინფორმაცია მომდიოდა და დღემდე მესმის ვიღაცებისგან. როცა ვიღაცას არ უნდა სიმართლის დაჯერება, ყოველთვის ამახინჯებს რეალობას და საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს - იმიტომ არის ესა თუ ის მსახიობი როლში კარგი, რომ საკუთარ თავს ასახიერებსო. ვიზუალურად კატოსნაირი ვარ, ხმის ტემბრიც ასეთივე მაქვს, მაგრამ არც კატოსნაირი ხასიათი მაქვს, არც მანერები და არც მენტალიტეტი, საერთოდ განვსხვავდები კატოსგან. თუკი ვინმეს უნდა განსხვავებული ნინოს ნახვა, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე უნდა მოვიდეს.
- სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე თუ მოსულა თეატრში მაყურებელი?
- მე მაინც ვფიქრობ, რომ თეატრს თავისი მაყურებელი ჰყავს, რომელიც მუდმივად ინტერესდება სიახლეებით და თვალს ადევნებს აფიშებს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი სერიალიდან გამოყოლილმა ინტერესმა მოიყვანოს თეატრში, ასეთი შემთხვევაც ხშირად ყოფილა.
- ახლა, როცა დრო გავიდა, ''ჩემი ცოლის დაქალებს'' რომ უყურებ, არ ნანობ, რომ იქ აღარ ხარ?
- არ ვნანობ (იღიმის).
- მაყურებლის ნაწილს რომ უნდა ამ როლში კვლავ შენი ხილვა?
- დღესაც მომდის წერილები ''ფეისბუქზე'' , რატომ სხვა პროექტში მაინც არ ჩანხარო. ამავე არხზე სხვა პროექტში ხომ შეიძლება იყოო. ასეთი შემთხვევა ხშირად ყოფილა, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხს სხვის მაგივრად ვერ გავცემ. მე შემიძლია დავიხარჯო იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სამუშაოს შემომთავაზებენ. მიწევს ახსნა-განმარტებების მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალურ ქსელში მწერენ. რაც შეეხება სინანულს სერიალთან დაკავშირებით, ნამდვილად არ მაქვს. მე ჩემი ფუნქცია იქ ამოვწურე. შინაარსობრივად და ჟანრობრივად სერიალი იმდენად შეცვლილია, რომ მრჩება შეგრძნება, თითქოს სულ სხვა სერიალს ვუყურებ. ის ორი სეზონი იყო ფეიერვერკი და ფინალიც ასეთივე გახლდათ. ახლა კი თითქოს სერიალი ძალიან სოციალური გახდა და გასცდა კომიკურობას, წავიდა დრამისკენ, რაც, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ მომწონს. როგორ უნდა მქონდეს სინანული, როცა ხალხის სიყვარული და ინტერესი არ განელებულა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ''ფორმულა კრეატივს'' და ''რუსთავი 2'' -ს, ხალხმა მათი დახმარებით გამიცნო.
- ამბობდნენ, რომ კოტე თოლორდავა აპირებდა წასვლას სერიალიდან, რადგან ახალ პარტნიორს ვერ შეეწყო.
- ეს ჭორი არ გამიგია. რანაირად ვერ შეეწყობოდა, როდესაც ლელასთან ერთად მოზარდ მაყურებელთა თეატრში ''კუკარაჩაში'' თამაშობს?!. უბრალოდ, ალბათ, კოტეს ერჩივნა, იმ პარტნიორთან გაეგრძელებინა მუშაობა, ვისთანაც თავიდანვე დაიწყო. ძნელია, როცა დუბლი შემოდის 71 სერიის შემდეგ. მაყურებელსა და კოტეს ალბათ ერთნაირი რამ დაემართა, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეგუება. თანაც, დაუსრულებელი ხომ არ არის არაფერი? ერთ მშვენიერ დღეს ეს სერიალიც დასრულდება და რაღაც ახალი დაიწყება (იღიმის).
მოგზაურობა
... ჩემთვის მოგზაურობაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვიცვლი გარემოს, გავდივარ საქართველოს საზღვრებს გარეთ და შევდივარ ახალ სამყაროში. ყველგან, სადაც ჩავედი, თითო-თითოჯერ ვარ ნამყოფი - მოსკოვში, ლონდონში, რომსა და ტრაპიზონში. შარშან ეგვიპტესაც ვსტუმრობდით სერიალიდან გადაღებებზე, შარმ-ელ-შეიხს.
ის ქვეყნები, სადაც ვყოფილვარ, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დავიწყებ რომით - ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რაც მივიღე. ამოუწურავი ქალაქია, რამდენჯერაც უნდა წახვიდე, აღფრთოვანება არ გაგინელდება. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ყველა გზა რომში მიდის და მეც ასეთივე სურვილი ჩავიფიქრე, რომელსაც აუცილებლად გაგიმხელთ. ტრევის შადრევანში მონეტა ჩავაგდე... ჩემი ახლო მეგობარი თამარ სულავა რომში, საქართველოს საელჩოში მუშაობს. ყოველ წელს მეპატიჟება და წინა წელს ჩემს დასთან, თაკოსთან ერთად ჩავედი. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონმაც დამშოკა და ზღაპრული ქალაქის შთაბეჭდილება დამიტოვა, რომში სასწაული ატმოსფეროა. 20-30-პუნქტიანი სია მქონდა იმ ღირსშესანიშნაობებისა, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში უნდა მენახა. თაკოს კონცერტი ჰქონდა ბათუმში და ერთი კვირის დაგვიანებით შემომიერთდა. ტრევის ემოციების შადრევანი დავარქვი, იმდენად გამაოცა, ასევე წმიდა პეტრეს ტაძარმა და შთაბეჭდილებების პიკი იყო სიქსტეს კაპელა. ზევით რომ ავიხედე, წარმოუდგენლად მომეჩვენა, როგორ შეიძლებოდა, ეს მშვენიერება ადამიანის ხელს შეექმნა, თითქოს ღმერთმა დაახატვინა თითოეული ხაზი და კონტური. მსგავსი საოცრება ფერწერაში, მგონია, რომ არ შექმნილა.
- მას მერე რომში კიდევ იყო რაიმე, რამაც მოახდინა შთაბეჭდილება?
- პანთეონმა, სადაც რაფაელია დაკრძალული. აღარაფერს ვამბობ მოედნებზე.
- როგორი ხალხია?
- ჰგვანან ქართველებს, ქალებთან ერთად მამაკაცებიც პრანჭიები არიან და ოფიციანტებიც კი წამდაუწუმ სარკეში იყურებიან (იღიმის). ზევით ოცნებაზე ვსაუბრობდი და ახლა გაგიმხელთ, რომ რომში დაბრუნებაზე ერთი ქუჩის გამო ვოცნებობდი - მარგუტას 51. იქ, როგორც გახსოვთ, ''რომაული არდადეგების'' ერთ-ერთი პერსონაჟი ცხოვრობდა, გრეგორი პეკის გმირი. როდესაც იქ მივედით, სამწუხაროდ, სახლის ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. ჩამოვიღე ზარი, მაგრამ კაციშვილმა არ გამოიხედა. სავარაუდოდ, კერძო საკუთრებაა, რადგან რემონტი მიმდინარეობდა. ჩავიფიქრე, ოდესმე, თუკი ბევრ ფულს ვიშოვი, ეს სახლი რომში მე უნდა ვიყიდო. ეს არის ჩემი უდიდესი სურვილი (იღიმება).
- ლონდონზე რას გვეტყვი?
- მარჯანიშვილის თეატრიდან გახლდით გასტროლებზე, სპექტაკლი ლევან წულაძემ დადგა და მას ''ფერხული'' ჰქვია. არკოლას თეატრმა მიგვიწვია 2009 წლის იანვარში. სულ სამი სპექტაკლი ვითამაშეთ და დარბაზი მუდმივად გავსებული იყო, ინტერესი საკმაოდ დიდი გახლდათ. ლონდონის დათვალიერების საშუალება ნაკლებად გვქონდა, მხოლოდ ორი დღე გამოვნახეთ ამისთვის. მე პირველივე დღეს დავიკარგე. ვცდილობდი, ჩემს ფოტოაპარატზე ყველა საინტერესო კადრი აღმებეჭდა და რომ მოვბრუნდი, შუა ლონდონში ჩემი ჯგუფის ვერც ერთი წევრი ვეღარ დავინახე. ლენჩივით ვიდექი ლონდონის ცენტრში. თურმე პანიკაში ჩავარდნილან. სასტუმრომდე რომ ვერ მიმეღწია, ჩავარდებოდა სპექტაკლი. კიდევ კარგი, რომ ენა ვიცი და პირველივე გამვლელს ვთხოვე, ეჩვენებინა, სად იყო მეტროს უახლოესი სადგური. მახსოვდა, რომელი მეტროს გვერდით მდებარეობდა ჩვენი სასტუმრო. ახლა სიცილით ვიხსენებ, მაგრამ მაშინ ძალიან მეშინოდა. თანაც, ლონდონში ბევრი შავკანიანი და მუსლიმანი დადის. მეტროშიც რომ ჩავედი, აქეთ-იქიდან სულ უცხო ეროვნების ადამიანები იყვნენ. ვინმეს რასისტი არ ვეგონო, უბრალოდ, უცხო ქალაქში ყველას შეეშინდებოდა. როცა ბოლოს და ბოლოს სახლამდე მივაღწიე, ჩემი გამოჩენით ძალიან ბედნიერები იყვნენ (იცინის).
ენა რომ არ მცოდნოდა, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებოდი. აზიურ ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ასე არ გამიადვილდებოდა.
- ტრაპიზონშიც გასტროლებზე იყავი?
- ოთხი დღით ჩავედით საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. სამწუხაროდ, არავინ წამომყვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ძირითადად, ცენტრში დავდიოდით და შოპინგის საშუალება მოგვეცა. საერთოდ, მოგზაურობის დროს შოპინგი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და ამისთვის ბოლო დღეს ვიტოვებ ხოლმე. ძირითადად, მაინტერესებს მუზეუმების, საინტერესო ადგილების დათვალიერება.
- მოსკოვში, როგორც ვიცი, ადრეულ ასაკში იყავი.
- 17 წლის ვიყავი, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, 1997 წელი იყო და მთელი ოჯახით მოსკოვში გავემგზავრეთ. მამაჩემის ნახევარძმა მამის მხრიდან, გურამი, მოსკოვში ცხოვრობს. სწორედ მას ვსტუმრობდით. იქ ათი დღე გავატარეთ. ეს დღეები კარგად დამამახსოვრდა, მაგრამ თაკოს უფრო უყვარს ეს ქალაქი, რადგან იქ მეგობრები ჰყავს და ხშირად ჩადის ხოლმე. მოსკოვი ძალიან მასშტაბური ქალაქია. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მაშინ ძველმა არბატმა მოახდინა. იქ სიძველის აურა ტრიალებს და ეს მომწონს. სიამოვნებით ჩავიდოდი კიდევ, მაგრამ საცხოვრებლად იქ არ დავრჩებოდი. ძალიან მცივანა ვარ და თბილ ქვეყნებში უფრო ვიცხოვრებდი. სამწუხაროდ, არ ვარ ნამყოფი პეტერბურგში, ერმიტაჟის ნახვა ჩემი ოცნებაა, ისევე, როგორც ლუვრისა - საფრანგეთში. არ ვიცი, როდის მომიწევს პეტერბურგში წასვლა, თუმცა ახლახან თბილისში იმყოფებოდა პეტერბურგელი რეჟისორი, დიმა პავლოვი, რომელიც დოვლატოვის მოთხრობა ''ნაკრძალის'' მიხედვით სპექტაკლის დადგმას გეგმავს. სექტემბერში გავაგრძელებთ რეპეტიციებს. თუკი სპექტაკლი კარგი გამოვა და დავიმსახურებთ, რომ ის საზღვრებს გარეთ წაიღონ, შესაძლოა, პეტერბურგშიც აღმოვჩნდეთ (იღიმის). პეტერბურგი რუსი მწერლების ნაწარმოებებიდან შემიყვარდა... მგონია, რომ ნამდვილი რუსეთი უფრო მეტად პეტერბურგია. მოსკოვი უფრო ევროპული ქალაქი გახდა, პეტერბურგი კი სიძველეს ინარჩუნებს.
- საოცნებო ეგზოტიკური ადგილი რომელია?
- კენია. დედა და მამა აფრიკაში ორი თვის განმავლობაში იყვნენ. მაშინ ორივე ანსამბლ ''რეროში'' მუშაობდა, ამ ანსამბლს მამა ხელმძღვანელობდა, დედა კი სოლისტი გახლდათ. ორი თვის განმავლობაში აფრიკაში გასტროლებზე წავიდნენ. ვიცი, რომ კენიაში ყველაზე დიდი ზოოპარკია და ესეც მაინტერესებს. თუკი ევროპულ ქალაქებზე ვილაპარაკებთ, პრაღა, ბერლინი, ვენა და პარიზი მაინტერესებს.
- პარიზში საყვარელ ადამიანთან ერთად უფრო საინტერესოა მოგზაურობაო...
- ეს მოსაზრება არსებობს და სასურველია, რომ პარიზში, როცა მეწყვილე მეყოლება, მაშინ ჩავიდე, ისე, ალბათ, ცოტა მოსაწყენი იქნება (იღიმის).
- რომ არ უყვარდეს მოგზაურობა?
- არ არსებობს. თუ არ ეყვარება, მე შევაყვარებ (იღიმება).
- თუ აგემოვნებ სხვადასხვა ქვეყნის კერძებს?
- რომში სიამოვნებით მივირთვი პიცა, რომელიც საკმაოდ დიდი იყო და მთლიანად მე შევჭამე. ქეთევან ბაგრატიონთან საელჩოში შეხვედრაზე გახლდით და იქიდან საკმაოდ მშივრები გამოვედით. არ მახსოვს, რომელ რესტორანში წამიყვანა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ საუკეთესო პიცა დავაგემოვნე.
ბაყაყს და უხსენებელს ვერ გავსინჯავ, ზღვის პროდუქტებს, მაგალითად, ლოკოკინას, სიამოვნებით. გამისინჯავს დათვის, კურდღლის ხორცი. ათი წლის წინ რაჭაში ლაშქრობაში მოძრაობის თეატრთან ერთად წავედი. რაჭველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, მსახიობებს დათვის ხორცის კატლეტებით გაგვიმასპინძლდნენ, მოტკბო გემო ჰქონდა და, სხვათა შორის, მომეწონა.
- მოგზაურობისას ხიფათს თუ გადაყრიხარ?
- რაჭის ტყეში დავიკარგე მორიგი ლაშქრობის დროს. შაორის ტბაზე ვიყავით დაბანაკებული, მაგარი დრო გავატარეთ, ასეთი მაგარი ლაშქრობა მას მერე აღარ მქონია... იქამდე ერთი გზით მივედით და უკან დაბრუნება მეორე გზით გადავწყვიტეთ, რომელიც ტყეზე გადიოდა. მიმართულება არ ვიცოდით, გზაში დაგვიბნელდა და ძალიან შეგვეშინდა. თანაც, იმ ტყეში დათვები არიან. არ იყო გამორიცხული, იქვე ახლოს დათვი ყოფილიყო. შიშისგან ვკანკალებდით. ბოლოს ჩვენიანების ხმა გავიგონეთ და ხმას გავყევით, რაღაცნაირად გამოვედით.
- მინდა გკითხო, თვითმფრინავის თუ გეშინია?
- მირჩევნია დავიძინო, ან წავიკითხო, ან რაიმეს მოვუსმინო. სულ მეზარება რეგისტრაციის გავლა, რიგში დგომა. როდესაც თვითმფრინავში ვარ, ვცდილობ, არ გავიხსენო ის ფილმები, რაც ავიაკატასტროფებზე მინახავს. ტურბულენტურ ზონაში არც ერთხელ არ მოვყოლოლვარ (ხეზე სამჯერ აკაკუნებს - ავტ.).
- უცხოეთში თაყვანისმცემლები თუ შეგიძენია? ყველაზე თამამი მამაკაცები სად ნახე, იტალიაში?
- მოგზაურობის დროს თაყვანისმცემლები არ შემიძენია. რაც შეეხება იტალიელ მამაკაცებს, ისინი ძალიან კომუნიკაბელურები, სიმპათიურები და ამბობენ, რომ ცოტა აფერისტებიც არიან (იცინის). ერთ ძალიან მაგარ ნახევრად ქართველ, ნახევრად იტალიელ ბიჭს კი ვიცნობ, რომელიც სულით ხორცამდე პრინცია. ქეთევან ბაგრატიონის შვილზე მაქვს საუბარი, ლელიო ორსინიზე, ასეთები თუ არიან იტალიელი მამაკაცები, საუკეთესოები ყოფილან. როცა იტალიელზე ჩამოვარდება ლაპარაკი, პირველ რიგში, ლელიო მახსენდება. ის ჩემთვის სუპერმამაკაცია. ზოგადად თუ ვისაუბრებთ თაყვანისმცემლებზე, რატომღაც ჩემ გვერდით ქართველის გარდა ვერავინ წარმომიდგენია. შესაბამისად, არ მაქვს იმის ინტერესი, რომ უცხოელს გავეპრანჭო.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''