თავად
- შენი აზრით, რატომ მოსწონთ შენი პერსონაჟი?
- (იღიმის) ჩემი აზრი ასეთია - ჩვენ ყველანი ვგიჟდებოდით ფილმის ''ერთხელ ამერიკაში'' გმირებზე, რომლებიც სულაც არ იყვნენ კარგი ადამიანები, მაფიოზები და ძალიან ცუდი პერსონაჟები გახლდნენ. ალბათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ ჩემი პერსონაჟი, არ ჰქონიათ შეხება 90-იანი წლების ამგვარ ტიპაჟებთან და გარკვეულ რომანტიზმს იწვევს. ხომ არიან მამაკაცები, რომლებიც არ ბლატაობენ და ფული აქვთ?!. ეტყობა, ქალებს მაინც ის მოსწონთ, რომ კაცი მთასავით ედგეთ. ფულთან ერთად ისეთი ტიპიც უნდათ, რომელიც მათ დაიცავს. ვერსკისნაირი ტიპები არ მომწონს, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი პერსონაჟი მოსწონთ. რეალურად დიტოს საძმაკაცოს მოსაწონი არაფერი აქვს.
- გქონია ამგვარ ადამიანებთან შეხება, ალბათ...
- რა თქმა უნდა. ბევრი ასეთი ადამიანი დავკარგეთ. ბევრი ასეთი მეგობარი მყავდა, რომელიც ცოცხალი აღარ არის ამ ტიპის ცხოვრების გამო. ზოგი წამლით გაიპარა, ზოგი ავარიაში დაიღუპა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი ტიპი. ჩემ დროს მოდაში იყო ეს ყველაფერი, ან ასეთი უნდა ყოფილიყავი, ან - სათვალიანი და ''სკრიპკაზე'' დაგეკრა. მეც ვცდილობდი, ჩემს ძმაკაცებთან ერთად, მოძველბიჭო, მოჩხუბარი ტიპები ვყოფილიყავი, რადგან გოგონებს ასეთები მოსწონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე მოვეგე გონს. ოჯახმა გადამარჩინა, გამიშვეს კვიპროსზე, რომ რაიმე შარში არ აღმოვჩენილიყავი. კვიპროსიდან დავბრუნდი საყურით და ჩემი ძველბიჭობა აღარ გამოდიოდა. რაღაც პერიოდი გამიჭირდა, მაგრამ მერე თანდათან შეეგუვნენ, რომ მომწონდა ბერეტი თავზე და საყურე. ყველას რომ ''501'' ''ლევისები'' ეცვა, მე სხვანაირ ჯინსს ვიცვამდი. სულ იყო ჩხუბი, ბევრჯერ მიჩხუბია ჩემი საყურის და სხვა რაღაცების გამოც.
- რით არ მოგწონს კონკრეტულად ვერსკი?
- პერსონაჟი მომწონს, უბრალოდ, მისი მსოფლმხედველობა არ მომწონს. დიტოს პერსონაჟს რომ ეუბნება, ყველა ქალი ჩემთვის ნაშაა, ჩემი ძმაკაცის დების, ცოლებისა და დედების გარდაო, ეს სასაცილოა. ვერსკი თავხედიცაა, თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ მთავარია, საკუთარ თავზე შეყვარებული ''ბალვანი'' არ იყო, ვერსკი კი ცოტა ''ბალვანია''. თან პიჟონია, ჩახსნილი პერანგები აცვია, სათვალე უკეთია, მაგრამ თან პედანტია, მკაცრად აკონტროლებს ფერთა გამას.
- ეს სათვალე ძალიან გიხდება. ეს იმიჯი თავად მოიფიქრე?
- მადლობა, სერიალის მხატვართან ერთად მოვიფიქრე. დიტოს პერსონაჟს ასეთი ძმაკაცი უნდა ჰყოლოდა. ნელ-ნელა ჩამოვაყალიბეთ ასეთი ტიპი თავისი ჩაცმულობით.
- შენი ოჯახის წევრები როგორ აღიქვამენ შენს როლს?
- ყველა უყურებს, ჩემი მშობლების გარდა (იცინის), რადგან არ გვაქვს გადასახვევი საშუალება, ისინი კი მაინცდამაინც იმ დროს ვერ ხვდებიან ტელევიზორთან. ზურას საერთოდ არ უყვარს სერიალები, ჩემ გამო ''ჩემი ცოლის დაქალების'' რამდენიმე სერიას უყურა მხოლოდ. ჩემი და ინტერნეტით სულ უყურებს.
- მამას რაიმე შენიშვნა ხომ არ ჰქონდა ამ როლზე?
- ამ როლთან დაკავშირებით არა, ისე, სულ მაძლევს შენიშვნებს, თუ რაიმე არ მოეწონება. სერიალს არ უყურებს, რომ შენიშვნები მომცეს, მაგრამ ფილმი ნახა - ''ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი'', და კმაყოფილი დარჩა.
- შენს მეუღლეს, ანი ჩიკვილაძეს თუ მოსწონს ეს როლი?
- მოსწონს, მაგრამ ეჭვიანობს ცოტას (იღიმება). თინეიჯერებმა ხმამაღალი მესიჯების გამოგზავნა იციან. ვიღაცას გაუკეთებია ''ფეისბუქზე'' ვერსკის გვერდი. ძალიან მერიდება, ვიღაცას არ ეგონოს, რომ მე გავაკეთე, თანაც, ისეთი გრამატიკული შეცდომებია - მაგალითად, წერია, ''ეს ვერსკის ბაშია'', ბავშვის მაგივრად. მერე ქვევით კომენტარი იყო დატოვებული, ბავშვი უნდა ეწეროსო. ძალიან შემრცხვა, იმედია, არავის ჰგონია, რომ მე გავაკეთე.
- და ანი რატომ ეჭვიანობს?
- პატარა გოგონები მწერენ ''ფეისბუქზე''. ანი მეუბნება, ახლა წესიერადო! ჩემი ცოლიც ასე ხშირად რომ იყოს ტელეეკრანებზე, მეც მომეღიტინებოდა მუცელში (იცინის).
- ქუჩაში რა ხდება?
- ზოოპარკში რომ ირემი დგას და ყველა ფოტოს იღებს, იმ ირმის როლში ვარ. ბევრს უნდა ფოტოს გადაღება (იღიმება). ეს ძალიან სასიამოვნოა. ამას წინათ ბატონი რეზო თავართქილაძის ვარსკვლავის გახსნაზე ვიყავი თეატრში და იქაც ერთი ამბავი იყო, ბავშვებს ძალიან მოსწონთ ჩვენი გმირები, თუმცა მე, გიორგი ყიფშიძეს, მირჩევნია, ასეთი ამბავი თეატრში ნათამაშევი როლის გამო იყოს.
- თეატრში არის რაიმე სიახლეები?
- გოგა პიპინაშვილი და ზურა გეწაძე დგამენ სპექტაკლებს და ვმონაწილეობ. მალე იქნება პრემიერები. თეატრში დუღს ყველაფერი, მაგრამ ამაზე განსაკუთრებული რეზონანსი არ არის. ტელევიზიას სხვა ძალა აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება, თეატრსაც იგივე ძალა ჰქონდეს, ტელევიზიის დახმარებით?!.
- ისევ ვერსკის დავუბრუნდეთ. შენი და მაკა ძაგანიას პერსონაჟების სასიყვარულო ამბის განვითარებას ითხოვს მაყურებელი.
- ითხოვს, ითხოვს (იცინის)... ვერსკი და თინა იმდენად განსხვავებულები არიან, რომ ან თინას უნდა აღმოაჩნდეს ფარული პათოლოგია, რომ ვერსკისთან მოუნდეს, ან ვერსკი უნდა გადაკეთდეს, რაშიც ეჭვი მეპარება, ძალიან თავდაჯერებული ადამიანია, არც თინასნაირი განათლება აქვს და არც ლექსიკა, მაგრამ ეს არ ბოჭავს, პირიქით, თამამია. არ ვიცი, რას გადაწყვეტს სცენარისტი და რამდენად დაგვაჯახებს მე და მაკას (იცინის). ბოლო სერია წავიკითხე და სანამ შემდეგ ორ სერიას არ გამომიგზავნიან, მანამდე მეც არ მეცოდინება, რა მოხდება.
- თინას მსგავს ინტელექტუალ ქალებზე რას ფიქრობ?
- ქალი ჭკვიანი უნდა იყოს, მაგრამ თინა ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული და ფამილარულია, ადამიანის უფლებებზე ფიქრმა პათოლოგიაში გადაიყვანა, რაც აუტანელია. ქალის ხიბლი ისაა, რომ შეუძლია, პლასტელინივით მოქნილი იყოს და მამაკაცს ისე მოერგოს, კაცი ვერ მიხვდეს, რომ ქალი თავის ჭკუაზე ატარებს. ეს არის ქალის გენიალურობა. ქალმა თუ მიმტკიცა რაღაცები, კონსენსუსამდე ვერ მივალთ.
- ანუ კოაბიტაცია არ შედგება...
- ვეღარ ვიტან მაგ სიტყვას და ძალიან გთხოვთ, აღარ გამოიყენოთ (იცინის). ამომივიდა ყელში. კონსენსუსი ვთქვათ.
- მოკლედ, ამ სასიყვარულო ამბის განვითარებას არ ელი.
- თუ თინამ შეიძინა ელასტიკურობა, მგონი შედგება. აბა, სად უნდა წავიდეს? სადღაც ხომ უნდა დაემართოს ამ ქალს რაღაცები? ფაქტია, რომ ჩვეულებრივ ტიპებზე არაფერი ემართება. ხომ უნდა აღიგზნოს ვინმეზე? თუ რა ჰქვია ამას, არ ვიცი. მინახავს ასეთი წყვილები, ერთმანეთთან არაფერი რომ არ აკავშირებთ, მაგრამ კარგად გრძნობენ თავს.
- შეხვედრიხარ ასეთ ქალს?
- ასეთი ცოლი და საყვარელი არ მყოლია, ერთმანეთს ვერ გავუგებდით, მაგრამ მეგობრები მყავს და კარგად ვურთიერთობ. სახელებსა და გვარებს ვერ გეტყვით, შეიძლება იცოდეთ, რეჟისორი გოგონები არიან. ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. ზოგადად ფილოსოფიას ვიგებ, რაღაცებს ვეთანხმები, რაღაცებს - არა, მაგრამ ასეთ ქალთან ვერ ვიცხოვრებდი.
- გადასაღებ მოედანზე რა ხდება ხოლმე?
- სერიალის გადაღების პრინციპი ის არის, რომ ყოველ შაბათ-კვირას პრემიერა გვაქვს. თუ რაიმე ვერ მოესწრო, პარასკევს ხდება სიგიჟეები. როგორც ქარხანაშია, ისეთი კონვეიერის პრინციპია. როგორ ახერხებენ, არ ვიცი, მაგრამ გადამღებ ჯგუფს იმდენად ესმის ერთმანეთის, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში შემოქმედებითობას არ კარგავენ, მხატვრულ ელფერს მაინც უნარჩუნებენ. არ ვიყავი ასეთ პირობებს მიჩვეული და პირველ ეტაპზე სულ ვნერვიულობდი. ვანიკო თარხნიშვილია ჩემი ფსიქოთერაპევტი, სერიალებში მაგრად არის გათქვეფილი, იცის, როგორ მოერგოს ფსიქოლოგიურად, არ ინერვიულოს... ის მამშვიდებს ხოლმე. ახლა მეც ვისწავლე, ვანიჩკამ დამაწყნარა, ახლა იქით ვამშვიდებ ყველაფერს. მოკლედ, ეს განწყობა გადამდებია და აქ მუშაობა ''ასწორებს''. ერთი-ორი დღე რომ მქონდეს, შეიძლება, რაღაც უკეთესად გავაკეთო, მაგრამ დათმობაზე მივდივარ. მსახიობებიც კარგად ვიქცევით, არ ვაგვიანებთ გადაღებებზე. სერიალი ისეთი რამეა, ხუთ წამში გაქცევს პოპულარულად და ხუთ წამში დაგივიწყებენ, ამიტომ უნდა გახსოვდეს, რომ შეუცვლელი არავინაა.
- დღეს ძალიან მოტივირებული მეჩვენები.
- საქმე რომ მაქვს, მიხარია. ტელევიზიიდანაც მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, არ დაგვიწყია მუშაობა, თეატრში და სერიალში ვარ დაკავებული და ეს ძალიან სასიამოვნოა.
- სერიალი ფინანსურად მომგებიანია?
- რა თქმა უნდა - არა. ვინმემ რომ გაიგოს, საქართველოში მსახიობებს როგორი ანაზღაურება აქვთ, სირცხვილი იქნება. ერთს გეტყვი, რომ შიმშილით არ მოვკვდები, მაგრამ როცა ოჯახი და ორი შვილი მყავს, იქ უკვე სხვანაირი სიტუაციაა. მამაჩემს გვერდით ვერ ვუდგავარ, რომ ვთქვათ, გადასახადების გადახდაში მივეხმარო. მე რომ მამაჩემს ჩემი ხელფასის ერთი მესამედი მივცე, ჩემი თანადგომა რომ იგრძნოს, მაშინ თვიდან თვემდე ვალი უნდა ავიღო. ერთადერთი, სადაც მსახიობმა შეიძლება ფული გააკეთოს, ტელევიზიაა, როცა გადაცემის წამყვანია. სერიალი კი მზესუმზირას ჭამას ჰგავს.
- გიორგი, შვილები ახსენე და ალექსანდრე რა ხნისაა?
- მან თავისი დაბადებით დიდი სტიმული მომცა. თან, ტიპი ქერაა, ოჯახში თითქმის ყველა მუქი ვართ. ნატალია დედამისთან ერთად ეგვიპტეშია, ისვენებს, ბედნიერია და მეც მიხარია, რადგან ცოტა მეც დავეხმარე, რომ წასულიყო.
- მოკლედ, პირადშიც კარგი პერიოდი გაქვს და კარიერაშიც.
- მართალია. ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.
- კინოში არის რაიმე როლები?
- რუსები იღებენ ფილმს, რომელშიც შეიძლება ბერიას ახალგაზრდობა ვითამაშო. თავს თუ გადაიპარსავო, მკითხეს და ვუპასუხე, ოღონდ დამამტკიცეთ და როგორ არ გადავიპარსავ-მეთქი. ძალიან საინტერესო იქნება ბერიას თამაში.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''