- თუკი რამე შეიძლებოდა მყოლოდა სახლში, ყველაფერი მყავდა: თევზები, ზაზუნები, კუ, ხოჭო, ობობა, გველი. ბანჩი მეორე ძაღლია, მანამდე გვყავდა პუდელი - ჯუპი, რომელზეც მთელი ოჯახი არანაკლებ ვგიჟდებოდით. სამწუხაროდ, მოგვიკვდა. დაბერდა, დიაბეტი დაემართა და...
- რატომ?
- იქ უფრო დიდი ტერიტორია იყო. თან, მაშინ ბებიაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი და აქ ძაღლის მოვლის პირობები არ იყო. ასე გვერჩივნა ორივეს. ცხრა თვემდე ბანჩი ძნელაძეებში იზრდებოდა, მერე გადმოვიყვანე აქეთ.
- და დედაც შეეგუა?
- შეეგუა კი არა, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს.
- ძაღლები ხომ თვითონ ირჩევენ, ვინ არის ოჯახში მისი პატრონი...
- ჰო, ბანჩიმ დედაჩემი აირჩია. ჯერ ერთი, დედას მეტი დრო აქვს, მეტ მზრუნველობას იჩენს, უვლის და თან ათამამებს, ზედმეტადაც კი. სულ ვეუბნები, ბევრს ნუ აჭმევ, მსუქანია-მეთქი, მაგრამ ეცოდება. დედაჩემს თვალებში რომ უყურებს, ჰგონია, რომ მშიერი კვდება და აჭმევს. ოღონდ თავის ადგილზე ზის, მაგიდასთან არ მოდის და ასე შორიდან მათხოვრობს. პურზე აფრენს, ისე უყვარს და მაგიდის ალაგების დროს ბოლო ლუკმას ყოველთვის დედა აჭმევს. მე მათხოვრობას ვერ მიბედავს, იცის, არ გაუვა. დღემდე დედაჩემის საწოლის ქვეშ სძინავს. არც ვიცი, როგორ ეტევა. აი, ამ სიცხეში, ძვრება და იძინებს. მერე გადაკოტრიალება უჭირს, ხან ფეხი ეჭედება, ხან - თავი. იცის, რომ დედა ყველაზე საყვარელია.
- ძაღლი კორპუსში საკმაოდ რთული მოსავლელია, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე მეტი მოვლა სჭირდება...
- გეთანხმები. ბავშვი ოდესღაც იზრდება, ლაპარაკს იწყებს და გეუბნება, რა აწუხებს, რა სტკივა, რა უნდა. ძაღლი ვერაფერს გეუბნება. ცხვირის სიმშრალით, ტემპერატურის მომატებით და უხასიათობით თუ მიხვდები, რომ რაღაც აწუხებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს კორპუსში. ასეთ იზოლირებულ ბინაში ძაღლის ყოლას არავის ვურჩევ, საცოდაობაა.
- დაღრღნა ყველაფერი სახლში?
- პატარა ასაკში ოთახის ჩუსტები და დედაჩემის სათვალე გააფუჭა, მაგრამ რასაც ჩემი მეგობრები ჰყვებიან და ჩივიან თავიანთ ძაღლებზე, ბანჩი მათთან შედარებით ანგელოზია. ძალიან მკაცრად ვზრ-დიდი. თან ყოველთვის ჰქონდა სათამაშო, რაზეც გადაჰქონდა ყურადღება და მაგიდისა და სკამის ფეხებს აღარ აფუჭებდა.
- მარტო როცა რჩება, რას აფუჭებს?
- საწოლს ეტყობა ხოლმე არეულობა, მაგას ვერ გადავაჩვიეთ. მიხვდება თუ არა, რომ მარტო დარჩა, ადის და ურევს. სახლში რომ შემოვდივარ, სახეზე აწერია, აურია თუ არა იმ დღეს ლოგინი. თუ კარის გაღებისას გამეთამაშა და დიდი ოთახისკენ რომ წამოვალ, დაიმალა, ე.ი. საწოლი არეულია.
- თავიდან ყველას უხარია ძაღლის სახლში მოყვანა, მერე ოჯახის რომელიმე წევრი აწყდება უამრავ პრობლემას და ფიქრობს, ვის აჩუქოს ძაღლი...
- არასდროს გვიფიქრია ბანჩის გაჩუქება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რამხელა გაიზრდებოდა და რა პრობლემებს შეგვიქმნიდა. ერთი თვეც საკმარისია ძაღლის შესაყვარებლად. მერე, თუ ადამიანი ხარ, იმას ვეღარ გააჩუქებ, წარმოუდგენელია.
- ძირითადად რა პრობლემებს ქმნის სახლში ძაღლი?
- უნდა შეეგუო იმას, რომ კომფორტის ნაწილს თმობ. ის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხდება. უნდა გაზარდო ისე, რომ მერე არ შეგარცხვინოს. განსაკუთრებით რთულია ძაღლის გაწვრთნა ერთ წლამდე, როცა უნდა ასწავლო, რა შეიძლება და რა - არა. რომ სკამი არის ადამიანის დასაჯდომი საშუალება და არა ძაღლის სათამაშო, რომ ჩუსტი არ უნდა შეჭამოს.
- ეზოში რამდენჯერ გაგყავს?
- სამჯერ. გამიმართლა იმაშიც, რომ დიდი ეზო გვაქვს, მაგრამ ბანჩიმ არ იცის, რა არის საყელური. თოკის გარეშე გამყავს. ბავშვებმაც იციან, ბანჩი რომ გამყავს, უნდა მოერიდონ, თორემ დიდი წივილ-კივილი დგას ეზოში... რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა გრცხვენოდეს შენი ძაღლის მოსაქმებულის აღება და ურნაში გადაგდება. ბევრჯერ მინახავს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გამოჰყავთ ჯიშიანი, სამიათასევროიანი ძაღლები, ცხვირწინ მოისაქმებენ და აგრძელებენ გზას, ვითომ არაფერი. დიდ უკულტურობად მიმაჩნია, ძვირიანი ძაღლების გამოყვანა რომ ეპრესტიჟებათ და ამ ძაღლის მოსაქმებულის აღება ცუდ ტონად მიაჩნიათ.
- დიდი პრობლემაა, წლამდე ძაღლს ასწავლო, სად უნდა მოისაქმოს. შენ როგორ მოაგვარე ეს პრობლემა?
- ეს მართლაც რთული ეტაპია. სამ თვემდე, სანამ აცრები დამთავრდება, სახლში უნდა აიტანო. სამი თვის მერე, ყოველი ჭამის ან წყლის დალევის მერე უნდა ჩაიყვანო და ასე მიხვდები, რა სიხშირით სჭირდება გარეთ გაყვანა. როცა ეზოში მოისაქმებს, ძალიან უნდა მოეფერო. როცა - სახლში, არ გაუ-ბრაზდე, მაგრამ არც მოეფერო, არ ეთამაშო. უნდა მიხვდეს, რომ რაღაც დააშავა. მერე ნელ-ნელა გააცნობიერებს, რაც დააშავა. სხვა მეთოდებზე ვერაფერს გეტყვით.
- ბეწვის ცვენის პრობლემას როგორ შეეგუეთ?
- ყველა ძაღლს სცვივა ბეწვი, სეზონურად ან როცა საკვებს უცვლი. ამას უნდა შეეგუონ ოჯახის წევრები. ერთადერთი ჯიშია პუდელი, რომელსაც ბეწვი არ სცვივა. როცა გიყვარს, ყველაფერს ეგუები. სამწუხაროდ, დიდი დრო არ მაქვს, მასთან ერთად რომ გავატარო, მაგრამ როგორც კი გამოვნახავ დროს, ერთი სული მაქვს, როდის ჩავბურჯღნი. აი, ამხელა ტახს ზოგჯერ ბაჭიას ვეძახი. აღარ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია. ისიც აღებს პირს და ჩემს მკლავს იქცევს პირში. ოღონდ ზუსტად იცის, რა დონეზე უნდა მოუჭიროს კბილები, რომ არ მეტკინოს. ადამიანები ხელით გრძნობენ ერთმანეთს, საგნებს, ძაღლისთვის ეს არის პირი და ენა. შესაბამისად, ის, რომ ბანჩი ჩემს ხელს იდებს პირში, სიყვარულის გამოხატულებაა და მეტი არაფერი.
კიდევ ერთი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ძაღლს ხელი არასდროს არ უნდა მოსცხო. ხელი უნდა იყოს ძაღლისთვის ბრძანების ან მოფერების ნიშანი. თავის დროზე შეცდომები მეც დავუშვი. ბევრი რამ მეც არ ვიცოდი, მერე ვისწავლე. ჯობს, დახვეული გაზეთი მოსცხო ან საერთოდ, ყურადღება არ მიაქციო. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი სტრესია ძაღლისთვის. მე მიჯერებს ყველა-ფერს, იცის, თუ არ დამიჯერებს, დაისჯება.
- როგორ სჯი?
- ვუბრძანებ, რომ თავის ადგილზე დაჯდეს და ჯდება.
- რამდენ ხანს ჩერდება?
- ცოტა ხანს, დიდხანს დასჯა არ შემიძლია. თვითონაც ხვდება, რა დროს უნდა გამოვიდეს, რომ არ გავუბრაზდე.
- რას აჭმევ?
- მიუხედავად იმისა, რომ ლაბრადორები მიდრეკილი არიან მუდმივი ჭამისკენ, ეს ძალიან პრეტენზიული მჭამელია. ერთადერთი, რასაც მივაჩვიე, ოღონდ არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე, ახლა შეგიჭამ-მეთქი, რომ ვეტყვი და მისი ჯამისკენ მივდივარ, იწყებს ჭამას. სხვა შემთხვევაში არ ჭამს.
- აბა, რამ გაასუქა?
- პური უყვარს და დედაჩემიც აჭმევს.
- პური რეკომენდებულია?
- არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ნატეხი რამეს ავნებს. ჯობს, პური რამდენიმე დღის გამომშრალი იყოს... ასევე გვაქვს მშრალი შამპუნი, რომლითაც გაცილებით ხშირად შეიძლება დაბანა. თუმცა ამას დაბანას ვერ დავარქმევ, ვასუფთავებ. ისე კი, ძაღლი თვეში მხოლოდ ერთხელ უნდა აბანაო.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''