ჩვენ ქალბატონ მზია მაჩალიკაშვილს
- მამა ქისტი მყავს, ბებია - ჩეჩენი. ამის მიუხედავად, პანკისში ფაქტობრივად არ მიცხოვრია. მეტი წილი ჩემი ცხოვრებისა ახმეტის რაიონში გავატარე. ქისტური კარგადაც არ ვიცი, მაგრამ მეამაყება, რომ ქისტი ვარ. მეკითხებიან თუ არა, ყველგან ვამბობ, რომ ქისტი ვარ. დედაჩემი იმერელი გახლდათ. მამაჩემი 30 წელი რძის ქარხნის დირექტორი იყო. დიდ პატივს სცემდნენ ქართველებიც და ქისტებიც. განათლებული, ნიჭიერი კაცი გახლდათ. მარიში მისი და ჩემი დედამთილის ნიჭს ვხედავ. შაშიაშვილების გვარი ძალიან ცნობილია ახმეტაში. დედამთილი შაშიაშვილი იყო.
- ქისტებს საკმაოდ მკაცრი ტრადიციები აქვთ...
- ასეა. ამ მკაცრ ტრადიციებში დიდი სიბრძნეა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი მკაცრად იცავდა ამ ტრადიციებს, თანამედროვეობასაც არ ჩამორჩებოდა. მამაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მარის პროექტში ჩართვას გაგებით მოეკიდებოდა, ჩემი ბიჭისგან განსხვავებით. მარი ძალიან რისკიანი გოგოა, აჯობა ძმას. ვერც გავამტყუნე. მეც ძალიან მიყვარს ცეკვა, გული მწყდება, რომ ვერ ვიარე ცეკვაზე...
მოკლედ, მამაჩემი გაუგებდა მარის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი იყო. მის ყოველ შემოსვლაზე შვილები ფეხზე ვდგებოდით. ტრადიციაა ასეთი, დღეში ათჯერ რომ შემოსულიყო მამა ოთახში, ათჯერვე ფეხზე ვდგებოდი და სანამ ნებართვას არ მომცემდა, სკამზე არ ვჯდებოდი. ჩვენთან უფროსების სუფრასთან არც ბავშვი ჯდება და არც ქალი, თუმცა გამონაკლისებიც არის, გარკვეული დამსახურების მიხედვით შეიძლება დაჯდეს ქალი სუფრასთან.
- დღემდე ასეა?
- რა თქმა უნდა. გვარის საქმეებს გვარის თავები წყვეტენ. რომ იტყვიან, მზია დავსვათო, ვჯდები სუფრასთან... მამაჩემს თქვენობით ველაპარაკებოდი. თვალებში არ შემომხედოო, მეტყოდა და ეს კანონი იყო ჩემთვის.
- მამა არ გეფერებოდათ?
- როგორ არა, მამაჩემი სხვანაირი იყო. საერთოდ, ჩვენთან შვილებს ნაკლებად ეფერებიან მშობლები. ეს კარგია, მშობლის მეტი რიდი და პატივისცემაა.
- ჩაცმის მხრივაც იყო აკრძალვები?
- რა თქმა უნდა, მე დღემდე მაქვს ეს კომპლექსი. კომპლექსი კი არა, ეს მამაჩემისა და ჩემი ხალხის პატივისცემაა. ვცდილობ, არ გამოვაჩინო მუხლი, დეკოლტე არ ჩავიცვა, ჯვარი არ დავიკიდო გულზე, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობ, სულით ცოტა ქრისტიანიც ვარ. თუმცა არ გადამიწყვეტია, შეიძლება, მაჰმადიანადაც დავიმარხო.
- მუხლს არ ვაჩენო, მითხარით. როგორ გგონიათ, ამ კონკურსის მერე როგორ მიიღებენ თქვენს შვილს ქისტები?
- ეს ცალკე თემაა. წინა კვირას მისი შესრულებული კაბარეს მერე შოკირებული ვიყავი, დანა პირს არ მიხსნიდა. ისე დავკომპლექსდი, ახმეტაშიც კი ვერ ჩავედი. მე მაქვს პრეტენზია, როგორც დედას კი არა, როგორც ერთ-ერთ ქართველს, რა საჭიროა აქ ქისტობა, ჩვენ ყველანი კავკასიელები ვართ და ჩვენი თვითმყოფადობა უნდა შევინარჩუნოთ.
- მაგრამ ეს სამეჯლისო ცეკვებია, აქ მარი ჩიხტიკოპითა და ქართული კაბით ვერ იცეკვებდა ყველა ტურს...
- გასაგებია, მაგრამ ზღვარი უნდა დავიცვათ. არ იყო საჭირო სხეულის ასე მოშიშვლება, შპაკატში ჩაჯდომა, მაგიდაზე ცეკვა და მსგავსი ტრიუკები. იმდენად დაძაბული სიტუაცია მაქვს სახლში, ვერც კი ვახერხებდი, ტელევიზორი ჩამერთო, გადამეხვია და მომესმინა, რას ეუბნებოდა ჟიური მარის. ჩემი ვაჟი ამის უფლებას არ მაძლევდა. ეროტიკულობა, სექსუალურობა ძალიან ცუდად მხვდებოდა ჟიურისგან ეს კომენტარები მარის მისამართით. უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ჩვენ კავკასიელები ვართ. იასენიას ყველაფერი შეეფერებოდა, მარისთვის მსგავსი ცეკვების შესრულება არ უნდა დაევალდებულებინათ. მე ეს ძალიან განვიცადე.
- როცა მარი პროექტში მიდიოდა, ხომ ჰქონდა გაცნობიერებული, რას ჩააცმევდნენ, რას აცეკვებდნენ?
- ყველაფერი ისე უცბად მოხდა... მარისგან ყოველთვის მეტს მოვითხოვდი, იმიტომ, რომ მას მეტი შანსი ჰქონდა ცხოვრებაში, ჩემგან განსხვავებით. ჩემმა ცხოვრებამ შრომაში გაიარა, წიგნისგან შორს დავრჩი. მთელი დღე მიწაზე მიმუშავია, ისევ ჩემი ოჯახის პრესტიჟისთვის, ყველაფერი წესრიგში უნდა მქონოდა. მარი იქვე, ბოსტანში, პატარა სკამზე იჯდა და კითხულობდა. ჟან-ჟაკ რუსოს ვაკითხებდი, რომ მეტყველება განვითარებოდა...
ოთხი წლის იყო მარი, მამამისი ავარიით რომ დაიღუპა. სასახელო მამა ჰყავდა, ძალიან ძლიერი პიროვნება. დღესაც ახმეტაში ბავშვს რომ ჰკითხო, ვინ იყო ვაჟა კუბლაშვილი, გეტყვის. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ახმეტას ეშველებოდა. პირველი განცდა, რაც დამეუფლა, ვაჟას სიკვდილის ამბავი რომ გავიგე, იყო ის, რომ მარი გამიგიჟდებოდა. არადა, ბავშვმა ნორმალურად ვერც გაიგო, რა მოხდა, 4 წლის იყო, მაგრამ იმდენად უყვარდათ ერთმანეთი...
შორს წავედი, მოკლედ, თავიდან ვუმალავდით მარის ძმას ამ ამბავს, შესაფერის მომენტს ველოდი, რომ მეთქვა. მარის მეგობარს წამოსცდა ეს ამბავი. იმ ღამეს დიდი ომი დაიწყო ჩვენს სახლში. კარლო აფეთქდა. ცუდ დღეში აქვს ნერვები. იმ ცნობილ, მოჭიდავეების აქციაში მონაწილეობდა და მძიმე ორი წელი გაატარა ციხეში. ციხის ბუნტიც გამოიარა, ამდენად ძალიან ფეთქებადი ხასიათი გაუხდა. სანამ ღამის ოთხ საათზე არ ვუთხარი, რომ მარი არ იცეკვებდა, ვერ დავაწყნარეთ. გამოიყენებენო, ამბობდა, უნდოდა, მისი და საზოგადოებას სხვა კუთხით გაეცნო. იმ ღამეს მარი საძინებელში შეიკეტა. მეორე დღეს ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა. ცალკე გადავიდა ქირით. იქ ვეღარ დარჩებოდა.
- დღეს და-ძმას არ აქვს ურთიერთობა?
- არა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში მარი ამბობდა, რომ თქვენც წინააღმდეგი იყავით მისი ამ პროექტში მონაწილეობის...
- როცა ბიჭი აფექტურ მდგომარეობაშია, რატომ გავამწვავებდი სიტუაციას. იმ მომენტში ასე იყო საჭირო. ახლა კარლო ნელ-ნელა დაწყნარდა, მაგრამ როცა რამე არ მოსწონს, მსხვერპლი მე ვარ, ჩემზე გადმოაქვს გაბრაზება, მე მთხოვს პასუხს. იმ ღამეს, მარიმ კაბარე რომ იცეკვა, სახლში არ მივედი, ჩემს დასთან დავრჩი. თუმცა ეს ნომერი თვითონაც ისე განვიცადე, გავუ-გებდი კიდეც კარლოს გაბრაზებას.
- კონკურსში მთავარი ბრძოლა ფინალამდე მარიამსა და იასენიას შორის იყო...
- მიყვარს გულწრფელობა, ვერ ვითამაშებ. ძალიან მეწყინა, იასენია ფინალში რომ ვერ გადა-ვიდა, იმდენად, რომ ჩემი შვილის სიხარული არ გამიგია. სიამოვნებით ვნახავდი მარიამსა და იასენიას, ამ ორ მშვენიერ არსებას ფინალში და ამ შემთხვევაში არანაირი პრეტენზია პირველობისა არ მექნებოდა. მე არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ როგორც დედას, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ მარი იჩაგრებოდა.
- ჟიურის მხრიდან?
- ჰო, მარი თითქოს პოლიტიკური თემის მსხვერპლი იყო, მაგრამ იმდენად ვგულშემატკივრობდი იასენიას, თუნდაც მას რუსის სისხლი ერიოს... სწორად გამიგეთ, რა დააშავა რუსმა ერმა, მაგრამ ის, რომ მას რუსი დედა ჰყავს, გულს მიღრღნიდა. მე ქისტი ვარ და ძალიან მტკივნეულია ის, რაც რუსეთმა ჩეჩნეთში ჩაიდინა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც გოგონას და არც მის დედას არაფერი დაუშავებია...
ბევრისგან მესმის, რომ მარი ინტერვიუებში ხალხს თავს აცოდებს. თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ მან სიმართლე თქვა. ხალხისთვის თავის შეცოდება წინასწარ განზრახული არ ჰქონია. ეს ჩვენი ცხოვრებაა, ახალს ვერ მოიგონებდა. ის, რომ ჩემი მეუღლის ძმამ თბილისში, ჭავჭავაძეზე ბინა წაგვართვა, სიმართლეა. მერე ის არ იკმარა, ახმეტის ბინაზეც მედავებოდა.
- ახლა რას საქმიანობთ?
- ოჯახს ვმართავ. ეს არის ჩემი მთავარი საქმიანობა თექვსმეტი წლიდან დღემდე. 16 წლის გავთხოვდი. ჩემი ქმარი 30 წლის იყო მაშინ. იმდენად მოხერხებული გოგო ვიყავი, მიუხედავად ასე ადრეულ ასაკში გათხოვებისა, მამას ქორწილით გავასტუმრებინე თავი. ამ ასაკში გათხოვება დიდი შეცდომა იყო, ფაქტობრივად, ვერაფერი შევქმენი. მამაჩემს უნდოდა, ქირურგი ვყო-ფილიყავი, მე იურისტობა მინდოდა, მაგრამ გათხოვებამ შემიშალა ხელი. თბილისში ვეღარ წავიდოდი, ჩემს ქმარს ბიზნესი ახმეტაში ჰქონდა. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. 6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სკოლაში რუსულის პედაგოგად. ეს ყველაზე ბედნიერი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ისეთი იყო კარლო... ცოტა უცნაური, აგრესიული, მეტი ყურადღება სჭირდებოდა. როცა მე ეთიკის გაკვეთილებს ვასწავლიდი სკოლაში, ჩემი ბიჭი არაეთიკურად იქცეოდა გარეთ. მივხვდი, რომ სკოლაში ჩემი ადგილი აღარ იყო და წამოვედი.
მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე, მაგრამ არასდროს დავმარცხებულვარ. ჩემი ბიჭი რომ დაიჭირეს, მძიმე დღეები დამიდგა. მანამდე ხალხის დასანახავად ფიზიკურად არ ვიმუშავებდი, ეზოში დილიდან საღამომდე თაკარა მზეზე მიმუშავია, მაგრამ ამას სხვას არ დავანახვებდი. კარლო რომ დაიჭირეს, ვიკადრე და გამოვედი გარეთ. მჭირდებოდა ფული, რომ ჩემი შვილი ციხეში შემენახა. მარიამი ახალი გათხოვილი იყო, მე თავზარდაცემული ვიყავი. ასეთ პირობებშიც გამოვძებნე გზა ხსნისკენ, მეცხრე საავადმყოფოში ოთახი მქონდა, სადაც ვცხოვრობდი, ქირურგიულ განყოფილებაში დამლაგებლად ვმუშაობდი. შრომა არ მეზარება.
- მარიამის ოჯახური თანაცხოვრება რატომ დამთავრდა ასე მალე?
- სიძე მეგრელი მყავს, ნადარაიაა გვარად. ერთი შვილი ეყოლა მარის, თვითონ გიორგის ეძახიან, მე არბის ვეძახი. ჩემი თხოვნა იყო, ჩეჩნური სახელი დაგვერქმია ბავშვისთვის და ორივე სახელი უწერია დაბადების მოწმობაში. ახლა 9 წლისაა. მამასთან მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა აქვს. დათო მოჭიდავე იყო, ამერიკაში წავიდა და დარჩა. უკრაინელ გოგონასთან გააბა რომანი. მარიამმა ძალიან განიცადა ეს, ისეთი სტრესი გადაიტანა, ღმერთს ვევედრებოდი, გადამირჩინე-მეთქი.
- მზია, ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' დამთავრდა, დაბრუნდება მარი თქვენთან?
- როგორ შეიძლება, არ დაბრუნდეს?! მანამდე ვერ დაბრუნდებოდა, რადგან ძმის მართლა ეშინოდა.
პ.ს. მასალაში გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტოები.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''