''ჩემი ცისანას'' გარდა, კლიპში უამრავი მომღერალი მონაწილეობდა: აჩიკო მეფარიძე, თამუნა ამონაშვილი, ნინო სურგულაძე, სოსო პავლიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, დათო გომართელი, ირმა
მართალია, ამ სიმღერით საქართველომ ვერ გაიხარა, მაგრამ ''მოქალაქეთა კავშირმა'' არჩევნებში გაიმარჯვა და წლების შემდეგაც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ''გიხაროდენ'' გამარჯვებაში ერთ-ერთი კატალიზატორი გახლდათ.
2003 წლის ნოემბერში, როდესაც ''მოქალაქეთა კავშირმა'' კიდევ ერთხელ ''გაიმარჯვა'', მომღერალთა მთელი გუნდი ისევ მათ უმაგრებდა ზურგს და მათი წარმატება სიმღერ-სიმღერით აღნიშნეს სტადიონზე. თუმცა რამდენიმე დღეში ''ვარდების რევოლუცია'' დაიწყო და მათი დიდი ნაწილი ყურადღებით აკვირდებოდა ახალი ხელისუფლების მოსვლას. როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას ტრიომ შევარდნაძე რევოლუციით გააცილა შინ, რამდენიმე დღეში ახალი ჰიმნი გამოცხვა, ''ახალი დღე''.
ამჯერად ბომონდი სტეფანე მღებრიშვილმა და ია ფარულავამ შეკრიბეს.
მათ შორის იყვნენ ვერიკო ტურაშვილი, მარიკა თხელიძე, ქრისტინე იმედაძე, თიკა ჯამბურია და უამრავი ახალი სახე, რომლებიც ''გიხაროდენ''-ის ცნობილ კლიპში არ მონაწილეობდნენ. მათ ახალი პარტიის დაბადება ძველ ''გახარებულ'' სახეებთან ერთად აღნიშნეს. ''ვარდოსნებს'' სიამოვნებით უმღერეს თამუნა ამონაშვილმა, ლელა წურწუმიამ, დათო გომართელმა, ''ქუჩის ბიჭებმა'', თემურ თათარაშვილმა. მათთვის კი, ვისაც კითხვა გაუჩნდა, ადრე რატომ უმღეროდნენ შევარდნაძეს, პასუხი ასეთი იყო, რომ ქვეყანა ერთ ადგილას გაიყინა და ცვლილებები საჭირო გახდა.
საქართველოს სათავეში ''ნაციონალური მოძრაობის'' მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მომღერლებს შეექმნათ, რადგან მთავრობის მხრიდან გადარჩეული მუსიკოსების ნაწილი დიდ პატივში აღმოჩნდა, მაგრამ მეორე ნაწილი ''ჩააჩოჩეს''. წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ მაია ჯაბუას, ეკა კვალიაშვილს, ''ფორტეს'', ლიზა ბაგრატიონს, ნატო მეტონიძესა და სხვა უამრავ მომღერალს ნაციონალები ბლოკავდნენ და სხვადასხვა კონცერტსა თუ საღამოებზე არ იწვევდნენ.
მუსიკოსების ნაწილმა კი, რომლებსაც საქართველოში არაფერი გამოუვიდათ, მოსკოვს მიაშურა. ზოგმა მეტ-ნაკლებად კარგი კარიერა აიწყო, ზოგიც დღემდე რესტორანში მღერის. სამაგიეროდ, როგორც მათ შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი უწოდებდა, ''ნაციონალების კარის მომღერლები'' ხელისუფლების ფავორიტები გახდნენ.
ლელა წურწუმია, კახაბერ ცისკარიძე, სტეფანე მღებრიშვილი, ნინი ბადურაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ნინო ჩხეიძე, სოფია ნიჟარაძე და კიდევ უამრავი სხვა. გზადაგზა პარტიამ ბევრი მომღერალი ჩამოიცილა, რომლებიც ''ღალატში'' გამოიჭირეს. მათ შორის თიკა ჯამბურია, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. მართალია, თიკამ მოგვიანებით თქვა, რომ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა. გარიყულთა შორის აღმოჩნდა ზაზა ხუციშვილიც, რომელიც ოპოზიციას გულშემატკივრობდა.
გაჩნდა ცნობილი ტერმინი ''შავი სიები''. ამბობდნენ, რომ ეს იდუმალი სია ნაციონალურ ტელევიზიებში საპატიო ადგილს იკავებდა.
''ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობის პერიოდში პრესასა თუ ტელევიზიაში მომღერლები საკუთარ შემოქმედებაზე მეტად პოლიტიკაზე ლაპარაკობდნენ, უცნაურია და, ბევრი მათგანი საკუთარი ანალიზით ხშირად პოლიტიკურ ექსპერტებსაც კი ჯობნიდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენს ექსპერტებს ალბათ ნებისმიერი აჯობებს.
ნაციონალების მხარდამჭერი მომღერლები სიამოვნებით დადიოდნენ სხვადასხვა პარტიულ შეხვედრაზე. გაგახსენებთ გიგი უგულავას მერად არჩევის გამარჯვების ზეიმს, რომელსაც დუტა სხირტლაძე, თამთა ჭელიძე, კახა ცისკარიძე, იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი და სხვები ესწრებოდნენ და ბატონ გიგის მერად არჩევას ულოცავდნენ.
იმ დროს მთავრობისგან განწირული მომღერლების მეორე გუნდი მხოლოდ ოპოზიციის აქციებზე დადიოდა და ხშირად იმალებოდნენ კიდეც, რომ ხელისუფლება ზედმეტად არ გაეღიზიანებინათ.
''ნაციონალურ მოძრაობას'' ნამდვილად სერიოზული გუნდი ჰყავდა მუსიკოსების სახით. მართალია, მათი დიდი ნაწილი მოსახლეობის აგრესიასაც იწვევდა, მაგრამ მაინც გმირულად ედგნენ მხარში პარტიას.
მკითხველს კარგად ახსოვს, ერთ-ერთ ოპოზიციურ აქციაზე როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ''გრეჩიხისტი'' ქალბატონები ნინა წკრიალაშვილს; ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ ფილარმონიის სცენაზე ცოცხების შეყრა და ჩაშლილი ''ვერის უბნის მელოდიები'', ნინი ბადურაშვილის საყოველთაო ლანძღვა 26 მაისის აქციის დარბევის დილას რუსთაველზე შესრულებული საქართველოს ჰიმნისთვის...
ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა და ამ დროს მისი ერთ-ერთი დასაყრდენი სწორედ ის ინტელიგენცია და მომღერლები გახდნენ, რომლებიც თავის დროზე ნაციონალებმა არ გაიკარეს. უამრავი მომღერალი დაუდგა მხარში ''ქართულ ოცნებას'' და წინასაარჩევნო კონცერტებზე მღეროდნენ ეკა კვალიაშვილი, ნატო მეტონიძე, ირმა სოხაძე...
''ოცნება'' ამბობდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შავი სიები აღარ იარსებებდა, ისინი ხელოვანებს, ნაციონალების მსგავსად, ორად არ დაყოფდნენ, მაგრამ ხალხის ნაწილი ასე სულაც არ ფიქრობდა და ნაციონალურ რეჟიმთან ერთად ლამის მათ გასამართლებასაც ითხოვდა.
მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, წინასაარჩევნოდ ერთი ჰიმნი ''ქართულ ოცნებას'' ჯემალ სეფიაშვილმა დაუწერა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ სტეფანე ახალი ჰიმნით მათ რიგებში არ გადასულა. ''ნაციონალური მოძრაობა'' დამარცხდა და მხარდამჭერებთან ერთად პოპულარული სახეებიც შემოეფანტნენ.
მაგალითად, ხატია შამუგიამ, რომელსაც 2012 წელს ''ნაციონალური მოძრაობის'' წინასაარჩევნო კონცერტები მიჰყავდა, მერის არჩევნებზე ''ქართული ოცნების'' ვაკის მაჟორიტარის მხარდამჭერი საღამოს წაყვანა აიღო საკუთარ თავზე. სოციალურ ქსელში ამ მოვლენის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა. გამოაქვეყნა ირაკლი ალასანიასთან ერთად გადაღებული ფოტოც, რომლის ქვეშ ნინა წკრიალაშვილმა დაუწერა, ანტონიო ბანდერასთან გადაღებული ფოტო ჯობიაო.
თუმცა ნაციონალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ კიდევ შემორჩათ ერთგული მომღერლები ნინას, სტეფანეს, კახუჩელას, სოფია ნიჟარაძისა და ნინო ჩხეიძის სახით... რა თქმა უნდა, ეს ხელოვანების მცირე ჩამონათვალია, მათ რიგებში სხვებიც არიან.
წლევანდელ არჩევნებზე ბევრმა მომღერალმა მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ სიმღერები შესწირა. მათ კონცერტებზე ისე გამოვიდნენ, რომ ანაზღაურება არ აუღიათ. ასეთები არიან: კახა კუხიანიძე, კაბუ, მაია ჯაბუა, მარიამ ხანჩალიანი და წინა მთავრობისგან გარიყული დათო ხუჯაძე, რომელმაც ''ოცნებას'' ფოთში ოცი სიმღერა აჩუქა.
მომღერლები ხშირად ამბობენ, რომ სიმღერა მათი საქმეა, ამაში ანაზღაურებას იღებენ და ზოგჯერ ისე მიდიან პარტიის კონცერტებზე სამღერლად, რომ რეალურად სულაც არ არიან ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, მაგრამ, ალბათ, საქართველოს მსგავს ქვეყანაში ამ მხრივ სიფრთხილეა საჭირო. როცა პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერ კონცერტზე გამოდიხარ, ბუნებრივია, რომ შეკითხვები ჩნდება პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით და ამ კითხვებისთვის გვერდის ავლა ცნობილ ადამიანებს არასდროს გამოსდით.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''