- თუ სწორად მახსოვს, თავიდან კატოს როლზე განიხილებოდი.
- მაშინვე მითხრეს, რომ გვირჩევნია, შენი სახით სხვა პერსონაჟი შემოვიდესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამირეკეს და ნატაშკას როლზე დამამტკიცეს.
- ფიქრობდი, რომ მისი როლი ასე გამოიკვეთებოდა?
- სიმართლე
- პრინციპში, ნატაშას ამბავი ძალიან აქტუალურია...
- როდესაც ამ როლის განსახიერება დავიწყე, ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეული გახდა, დავიწყე კითხვების დასმა და აღმოვაჩინე, რომ ბევრი ქალი მისნაირად და მასზე უარესადაც კი ცხოვრობს, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს ეს. რამდენჯერმე ''ფეისბუქზე'' მომწერეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამას ძალიან განიცდიან. გავიცანი ქალბატონი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე მუშაობს და მისგან შევიტყვე, რომ ეს პრობლემა სერიოზულად დგას საქართველოში. თბილისში შედარებით ნაკლებად, მაგრამ რეგიონში ისეთი ამბები ხდება, ვერც წარმოიდგენ, თუკი 21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის ასეთი ურთიერთობები არსებობს. მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ ხდება, ძირითადად, ფსიქოლოგიური ძალადობაა, როდესაც ქალი უპირობოდ ემორჩილება მამაკაცს, იმიტომ, რომ ის მამაკაცია.
- როგორ ახერხებ, რომ ასე ბუნებრივად განასახიერო ეს პერსონაჟი?
- დიდი მადლობა (იღიმის). მართლა ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი რთული იმავ-დროულად საინტერესო გამოცდილებაა მსახიობისთვის და ზოგადად, ეს პროფესია არც არის ადვილი. არ მქონია შესაძლებლობა, აქამდე მსგავსი რაღაცები მომესინჯა. როცა ასეთი რთული ეპიზოდებია, სულ მგონია, რომ ვერ ვითამაშებ კარგად. თანაც, პიროვნულად ძალიან განვიცდი ნატაშკას ისტორიას. შინაგანად მესმის, რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს, უფრო სწორად, ვცდილობ, ვიპოვო საკუთარ თავში ეს განწყობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად, საბედნიეროდ, ასეთი რამ არასდროს განმიცდია. დაახლოებით მსგავსი სიტუაციების მომსწრე ვყოფილვარ და მომისმენია მათგან, ვისაც თავად შემთხვევია ასეთი ამბები. ხშირად მიყვებიან თავიანთი ტკივილისა და დამოკიდებულებების შესახებ. ალბათ, ჰგონიათ, რომ მეც იმავეს განვიცდი.
გარდა იმისა, რომ ნატაშკა ''გასაკეთებლად'' რთულია, ჩემზე ძალიან მოქმედებს ეს გადაღებები. წინა სეზონშიც იყო რაღაც სცენები, მაშინ ბევრად უფრო რთულად გადავიტანე. თითქოს იმ მომენტში არაფერი მიგრძნია, მაგრამ შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც ადამიანს დიდი სტრესის გადატანის მერე აქვს, გამოცარიელებული და დათრგუნვილი რომ არის.
მე გადაღებიდან შინ ვბრუნდები, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გარემო მხვდება, მე და ჩემს მეუღლეს თანასწორი ურთიერთობები გვაქვს, ასე ვთქვათ, თანამშრომლური, ერთმანეთს ყველაფერში ვუწევთ ანგარიშს.
დღეს ბევრად უფრო მძაფრი სცენების თამაშისას ნაკლებად სტრესულად გადამაქვს გადაღებები და ალბათ, ის ქალებიც ასე ეჩვევიან და იმუნიტეტს გამოიმუშავებენ, რომლებიც ასეთ გარემოში ცხოვრობენ. ალბათ, ფიქრობენ, მე რომ ავდგე და ხმამაღლა ვთქვა, რაც მაწუხებს, ასე ვთქვათ - არ მოსულა. ვალდებული ვარ, კაცს დავემორჩილოო, მაგრამ იმაზე აღარ ფიქრობს, ვინ დაადგინა ეს ნორმა, რომ ქალი კაცს უნდა ემორჩილებოდეს! სამწუხაროდ, ასეთ გარემოში გავიზარდეთ, ეს ნორმები ჩვენმა მშობლებმა და მათმა მშობლებმა დაადგინეს.
- გადაღებების სირთულეზე საუბრობდი...
- ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მორჩება მძიმე სცენა, რომ სული მოვითქვა. თუმცა, მქონია შემთხვევა, როცა ტუალეტში შევსულვარ და ძალიან დიდხანს მიტირია. ეს ემოციაა, რომელსაც მერე ვეღარ აჩერებ. რეალურად, ეს იმის ბრალიცაა, რომ საამისოდ მსახიობებს კარგი სკოლა არ გვაქვს გავლილი, ყველაფერს სწავლა უნდა და ესეც ისწავლება. რასაკვირველია, მსახიობმა გარკვეულწილად უნდა განიცადოს როლი, მაგრამ უამრავი ხერხი იქნება, რომ შინაგანად არ დაინგრე... მეორე მხრივ, გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს. რაც მეტი ასეთი სცენაა, ვხვდები, რომ უკვე ნაკლებად მიჭირს და ადვილად გამოვდივარ მდგომარეობიდან.
- დათო ხახიძე, ზვიადის როლის შემსრულებელიც, ძალიან კარგად ასრულებს როლს. როგორი პარტნიორია?
- არაჩვეულებრივი.
- მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის ცემა-ტყეპაში ხართ.
- (იცინის) ასეთი სცენების შემდეგ მეხუტება ხოლმე, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან განიცდის, პიროვნულად იღებს და ნერვები ეშლება ამ ყველაფერზე. რაც ჩემთვის საინტერესო იყო, სერიალს რომ ვუყურებდი, რაღაცნაირად, ტექსტების მიღმა, იყო ეს გრძნობები თუ აგრესია, სულ ჩანდა ნატაშკასა და ზვიადის ურთიერთობა.
- ყველაზე რთული რომელი ეპიზოდი იყო?
- ბავშვების ეპიზოდზე ვიტირე, ძალიან გამიჭირდა და განვიცადე. მანამდე ბევრი სცენა გადავიღეთ, დაღლილი ვიყავი, თავიდან ვიწვალე და არ გამომივიდა და რამდენიმე დუბლის შემდეგ მივხვდი, როცა ზვიადს ბავშვები მიჰყავს, ძალიან დავითრგუნე... თავადაც მყავს შვილი. ბევრი მსახიობი მუშაობს ასე, რომ საკუთარ ოჯახზე წარმოიდგენს ხოლმე გმირის ამბავს, მე ასე არ ვმუშაობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალაუნებურად მეფიქრებოდა. ზოგადად, დედის განცდა, ვიღაც შვილს რომ გართმევს, საშინელებაა. ამიტომაც რეალურად ვტიროდი და ვერ გავჩერდი.
- სანდრო კაკულიას სანდრექსაზე მინდა გკითხო - ამას წინათ ამბობდნენ, ისე რეალურად ასრულებენ ალერსის სცენებს, რომ შეუძლებელია, მათი მეუღლეები არ ეჭვიანობდნენო.
- (იღიმის) არა, რა სისულელეა. ერთი წუთითაც კი, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა მსგავსი რამ. გიორგიმ ერთხელ ისიც კი მითხრა, ძალიან მშრალი გამოვიდაო. მძაფრი სი-ყვარულის ამბავი ასე ხანგრძლივად არ მითამაშია.
არც გიორგის უეჭვიანია და დარწმუნებული ვარ, არც სანდროს მეუღლეს, ნუცას. გიორგი და სანდრო დიდი ხნით ადრე იცნობდნენ ერთმანეთს, სანამ მე გავიცნობდი სანდროს. მეც არასდროს მიეჭვიანია გიორგის სასიყვარულო სცენებზე. როცა მსახიობი ხარ და თამაშობ, პერსონაჟს თავისი ცხოვრება აქვს, ვიღაცასთან კონფლიქტიც აქვს, ვიღაც უყვარს, სექსიც აქვს და ამით ყველა ჯანმრთელი ადამიანია დაკავებული. შესაძლოა, კაცისთვის უფრო მეტად იყოს რეაქციის მიზეზი, მე არასდროს მქონია. გიორგისაც უთქვამს, არ არის სასიამოვნოო, მაგრამ ეს ადრე იყო. რეალურად კი დისკომფორტი არ შემიმჩნევია მისთვის. პირიქით, თავიდან სულ მეუბნებოდა, უფრო თავისუფლად ითამაშეო. ლოგინის სცენა უხერხული საყურებელი ხდება მაშინ, როცა მსახიობი დაძაბულია. რაც უფრო თავისუფლად აკეთებ, თუნდაც კოცნი, უფრო ბუნებრივად ჩანს ეკრანზე. ასეთ შემთხვევაში გამაღიზიანებელი არ იქნება არც მეუღლისთვის, არც დედისთვის და არც მაყურებლისთვის.
- ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' ერთი კარგი რამ, რაც დავინახეთ, ის არის, რომ თურმე ქართველ მსახიობებს როლის ბუნებრივად განსახიერება შესძლებიათ.
- ერთი წელია, რაც ამ სერიალში ვთამაშობ და სულ ვამბობ, ალბათ, იქამდე რა გამოცდილებაც დამიგროვებია, ერთი იმდენი ვისწავლე ''ჩემი ცოლის დაქალებში''. თუმცა ბუნებრიობა არის ერთი კომპონენტი, კიდევ უამრავი დეტალია მსახიობობაში. ამას წინათ ჩავრთე პირველი სერიები და ძალიან დიდი განსხვავება დავინახე. არ ვიცი, ამას მაყურებელი ამჩნევს თუ არა. ძალიან კარგი რეჟისორები მუშაობენ და სცენარია არაჩვეულებრივი. ამბავი არის ძალიან რეალისტური და მსახიობს ეს ძალიან ეხმარება.
ამ სერიალმა ბევრი რამის საშუალება მომცა. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა და მადლობელი ვარ (იღიმის). მივხვდი, რომ თურმე შემიძლია მსგავსი რაღაცების კეთება. დღემდე მაქვს დისკომფორტი, როცა სერიალს ვუყურებ. სულ რაღაც არ მომწონს. გიორგი და მე ამ მხრივ ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს, ის მამშვიდებს ხოლმე.
- ნატაშკასგან გამოწვეული პოპულარობა როგორ მოგწონს?
- დადებითი ისაა, რომ კარგი და საინტერესო სამუშაო გაქვს. გრძნობ, რომ უცხო ადამიანებს შენ მიმართ ძალიან დადებითი ემოციები აქვთ, განიცდიან შენს ამბავს, მართალია, ეს შენ არ ხარ, მაგრამ პერსონაჟი შენია. არის მეორე კატეგორია, საკმაოდ დიდი, რომელიც ნატაშკას მიმართ აგრესიას გამოხატავს, ამტყუნებს მას და ამბობს, რომ ღირსია, რაც დაემართა, რადგან ქმარს უღალატა. თუმცა მე ასე არ მივიჩნევ.
რაც უფრო ვითარდება ეს ამბავი, მით მეტად ხარ ყურადღების ცენტრში. ზოგჯერ ეს არასასიამოვნოა. ზოგჯერ არ ხარ იმის ხასიათზე, რომ ბედნიერი სახით ფოტო გადაიღო, მაგრამ ესეც ჩემი პროფესიის ნაწილია და უნდა შევძლო. ბევრჯერ მიფიქრია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ალბათ, ჰოლივუდელი მსახიობებისთვის რა რთული იქნება ეს ყველაფერი და მათთან შედარებით რაც აქ ხდება, სასაცილოა, ამიტომაც ხმა ნამდვილად არ გვაქვს ამოსაღები (იღიმის). უხეშად რომ ვთქვა, საზოგადოების მოხმარების ნივთი ხდები. ამ ბოლო დროს ეს შეგრძნება ცოტათი გამიჩნდა. გინდა შენი პირადი დრო და ეს ნამდვილად მაქვს. თუმცა იმდენ დადებით ემოციას ვგრძნობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია.
- შენი თამაშის გარდა კიდევ ერთი აღფრთოვანების საგანია შენი გრძელი თმა.
- არ ვიმსახურებ, ისეთი თმა მქონდეს, რომელიც ხალხს ასე მოსწონს. თმას ფაქტობრივად არ ვუვლი. იშვიათად ვივარცხნი, იმიტომ, რომ არის ძალიან გრძელი და დამღლელია მისი ყოველდღიურად ვარცხნა. ვივარცხნი კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ მთელი ცხოვრება ყოველდღე ვიბან თავს. მეუბნებიან, არ შეიძლებაო, მაგრამ დედაჩემიც ასეა და მეც მიჩვეული ვარ. სადაც უნდა წახვიდე, მტვერი ყველგანაა და არა მგონია, შამპუნი და წყალი მტვერზე უარესი იყოს (იცინის).
- შენს იმიჯზე კოსტიუმების ავტორი ზრუნავს ალბათ.
- თამუნა ხიზანიშვილი. ნატაშკას ჩაცმულობა ზუსტად შეესაბამება მის ხასიათს. მისი სამოსი თანდათან შეიცვალა პერსონაჟის განვითარების შესაბამისად. ჩემი და ნატაშკას ჩაცმულობა ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე არ მაცვია. არასდროს მცმია ასე და ვერც ჩავიცვამ. გრძელი ქვედაბოლოების შეჩვევა თავიდან გამიჭირდა. სანდრექსასთან რომანის შემდეგ ამ გოგომ გაპრანჭვა დაიწყო. ეს არის ქალი, რომელიც თავს ყურადღებას ნაკლებად აქცევს. რეალურ ცხოვრებაში გაპრანჭვა მიყვარს. როცა გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაშინ ვერ ვახერხებ და მეზარება. მირჩევნია, მაქსიმალურად კომფორტულად ვიყო და სახეზეც არაფერი მესვას.
- დაბოლოს, შენ და გიორგი თუ ახერხებთ განმარტოებას.
- ძალიან იშვიათად, სამწუხაროდ (იღიმის). ადრე სულ დავდიოდით ხოლმე შაბათ-კვირას ქალაქგარეთ. ახლა ვეღარ ვახერხებთ. გიორგიც მუშაობს და მეც. თეატრში კი დაიხურა სეზონი, მაგრამ დახურვამდე გვქონდა აქტიური რეპეტიციები და ერთმანეთის ნახვასაც ვერ ვახერხებდით. ამასაც აქვს თავისი პლუსები. როცა ვნახულობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ვერ წარმომიდგენია, არამსახიობი ქმარი რომ მყავდეს - ან ჩემი მსახიობობა არ გამოვიდოდა, ან ურთიერთობა, ალბათ, უფრო ურთიერთობა (იცინის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''