28 ივნისი, 2014
რა გაასინჯა ნინო შუბლაძემ ნინო თოლორდავას ბრიუსელში
წითელი მოედანი და მსგავსი ტურისტული ზონები დიდად არ მხიბლავს. ჩემთვის მოსკოვი არის დიდი თეატრი ტელეჟურნალისტ ნინო თოლორდავასთვის მოგზაურობა და დასვენება ერთმანეთთან ასოცირდება. სხვადასხვა ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა საოცნებო პარიზი ჯერ არ უნახავს და გეგმავს, საფრანგეთში უახლოეს მომავალში ჩავიდეს. გათხოვების შემდეგ 6 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გააცნობიერა, რომ ყველაზე კომფორტულად თავს საქართველოში გრძნობს. როგორია ნინო მოგზაურობისას, თავად მოგვიყვება.

- მოგზაურობა აზარტივითაა. პირველად როდის გაემგზავრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ?
- პირველად სად წავედი, აღარ მახსოვს. რასაკვირველია,
სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ადათი, წეს-ჩვეულება იმდენად საინტერესოა, რომ მოგზაურობაც მიყვარს, მაგრამ ეს ჩემთვის პანაცეა არ არის. მე უფრო მეტად მოგზაურობასა და დასვენებას ვაიგივებ. როცა საინფორმაციო სამსახურში მუშაობ და ბევრ უარყოფით ინფორმაციას იგებ, ერთი სული გაქვს, როდის მოვა აგვისტო, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად წახვიდე. თვეში ერთხელ საზღვრებს გარეთ წასვლა არ მინდება. არ მიყვარს, თუნდაც ორი-სამი დღით სადმე წავიდე იმ მიზეზით, რომ საზღვრებს გავცდე. მიყვარს ამ ყველაფრის კარგად დაგეგმვა.
ჩემი ცხოვრების რვა წელი მოსკოვში გავატარე, გათხოვების შემდეგ იქ გავემგზავრე, ჩემი მეუღლე იქ ცხოვრობდა და საქმიანობდა, შვილიც იქ შეგვეძინა. 18 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში გადავედი, იქ დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის განხრით, მუშაობაც მოვასწარი და შემდეგ თბილისში დავბრუნდით.
არ ვარ კოსმოპოლიტი, რომელიც ყველა ქალაქს მოერგება. მოსკოვი ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ რომ ვიყავი, თბილისში მინდოდა, აქ რომ ვარ, მოსკოვში სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ - არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მეგაპოლისი თუ პატარა ბელგიური ქალაქი ბრიუგე. ვერ მოვშორდები ჩემს სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
- როგორც მოსკოვში მცხოვრები, ცნობილი სანახაობების გარდა, რის დათვალიერებას ურჩევდი იქ ჩასულთ?
- წითელი მოედანი და მსგავსი ტურისტული ზონები დიდად არ მხიბლავს. ჩემთვის მოსკოვი არის დიდი თეატრი. იქ რომ შეხვალ, სანამ სპექტაკლი დაიწყება, უკვე ბედნიერი ხარ და ასე დამემართა პირველად შესულს. პეტერბურგის ხსენებისას ერმიტაჟი, ნევის პროსპექტი მახსენდება, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მხოლოდ ეს, რადგან როგორც კი ამ ქუჩას გასცდები, სხვა ქუჩებს ცივილიზაციის ნიშანწყალი არ ეტყობა, გარეუბნებს ვგულისხმობ. ასეთივე მდგომარეობაა მოსკოვშიც, მაგრამ იქ უფრო ნაკლებად, ვიდრე პეტერბურგში, თუმცა ცენტრი არაჩვეულებრივია, სადაც თავი ზღაპარში მეგონა. დანარჩენი ქუჩები ახლოსაც ვერ მოვა თბილისის ქუჩებთან...
- სხვა ქალაქებზე რას იტყვი, რუსეთის გარდა, სადაც ნამყოფი ხარ?
- საქმიანი ვიზიტით გახლდით ბრიუსელში და ეს ქალაქი ძალიან მომეწონა. ზოგადად, დასვენება და მოგზაურობა უფრო მეტად მიყვარს ცხელ ადგილებში, სადაც არის აუზი, სიცხე, მზე, წყალი, ბრიუსელში კი ნატოს შტაბ-ბინაში ვიყავი სხვა ჟურნალისტებთან ერთად, თან ნოემბერში, როდესაც საკმაოდ ციოდა. არაჩვეულებრივი ქალაქი დამხვდა, ვიყავი სულ ხუთი დღე, მაგრამ უდიდესი ემოციებით დავბრუნდი საქართველოში. ნატოს შტაბბინა ძალიან მასშტაბურია და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად ქალაქის ცენტრი, პატარა თუ დიდი ქუჩები, ძალიან ევროპულია. სასტუმროდან დაღლილი გავდიოდი ხოლმე ხან კოლეგებთან ერთად, ხან - მარტოც ღამე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. არ მეყო ის დღეები და ვფიქრობდი, უკან როდის დავბრუნდები-მეთქი.
- როდისმე თუ დაკარგულხარ უცნობ ქალაქში?
- ბარსელონაში დავიკარგე. შემთხვევით ამხელა ქალაქში ქართველი შემხვდა, ალბათ, ღმერთმა გამომიგზავნა, ერთი საათის განმავლობაში ვერ ვიპოვე ინგლისურის მცოდნე, რომელიც მიმასწავლიდა, როგორ უნდა მოვხვედრილიყავი ჩემს სასტუმროსთან. მეგობრებთან ერთად ვიყავი ბარსელონაში, მაგრამ მაღაზიებში ბოდიალი მარტო მიყვარს და ერთ-ერთი ასეთი ბოდიალისას მეგობრები ვეღარ ვიპოვე.
ბარსელონა ძალიან მომეწონა, მაგრამ ისე არ აღვფრთოვანდი, როგორც ბრიუსელზე. ეს უკანასკნელი უფრო მეტად ევროპულია, ვიდრე ბარსელონა. ძალიან მოვიხიბლე შვედეთით, მალმოში გახლდით, ეს არის საუნივერსიტეტო ქალაქი, ვიყავი აგრეთვე კოპენჰაგენშიც. მალმოში ტრენინგებზე გახლდით, რომელიც ჟურნალისტებისთვის იმართებოდა. ჯერ კოპენჰაგენში ჩავფრინდით და იქიდან მალმოში გადავედით. სემინარების შემდეგ დანიაში, კოპენჰაგენის დასათვალიერებლად მივდიოდით, როგორც კი დრო გამოგვიჩნდებოდა, რადგან ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის.
- ნინო, რამდენადაც ვიცი, დანია-შვედეთი ძალიან ძვირია სამოგზაუროდ.
- განსაკუთრებით კვებაა ძვირი. მართალია, მე სასწავლებლად ვიყავი და ამაში ჭამაც შედიოდა, მაგრამ საღამოს, თუ სადმე გასვლა გვინდოდა, ეს საკმაო თანხები ჯდებოდა. ამიტომაც ვერ გავთვალე თანხა, რაც წაღებული მქონდა და შემდეგ მეუღლემ ჩამირიცხა დამატებით.
- ევროპული ქალაქებიდან კიდევ სად ხარ ნამყოფი?
- მეტი არსად. პარიზში რატომღაც არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა, უახლოეს მომავალში წავიდე. მეუბნებიან, რომ ეს ჩემი ქალაქია და ძალიან მომეწონება. ასევე მინდა ვესტუმრო ლონდონსაც.
- აზიაში თუ ყოფილხარ?
- არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, აბუ-დაბის ვგულისხმობ, მეგონა, ზღაპრის გმირი ვიყავი. ვცხოვრობდი სასტუმროში, რომელიც მდებარეობდა ზღვის სანაპიროსთან. თვითონ ქალაქი სურათივით არის, გაჩერებულია, მე რომ ვიყავი, ქარს არასდროს დაუბერავს და ძირს ერთი ფოთოლიც კი არ ეგდო, `ფერარი~ `ფერარიზე~ დადიოდა - წითელი, ყვითელი, მწვანე, ჰაი-კლასის მანქანებს შეხვდებოდით, ქალებს ეცვათ სპეციალური სამოსი, ბრილიანტის ღილით შეკრული, ტანსაცმლის ქვემოდან კი მოუჩანდათ მინი-ქვედაბოლოები... საოცარი ეგზოტიკა იყო. ულამაზესი ქალები შემხვდნენ. აქლემებით ვისეირნეთ, უდაბნოში `ლენდ კრუიზერის~ თეთრი ჯიპებით, რომელთა საჭესთან თეთრ სამოსში გამოწყობილი მძღოლები ისხდნენ. სხვათა შორის, აბუ-დაბიში სამსახურიდან ვიყავი, 2006 წელს, მაშინ, სანამ მის შესახებ ასე ფართოდ გაიგებდნენ. არ დამავიწყდება, აბუ-დაბიში ისეთი დღეები გვქონდა. არაბეთისა და ომანის საზღვარზე აღმოვჩნდით ყვავილების ქალაქში, რომელიც აბუ-დაბის შემდეგ მდებარეობს, ალ-აინში. ულამაზესი ბუნებაა და იქ ისეთი ყვავილები ვნახეთ, ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობდა. ომანში ვეღარ გადავედით, შორიდან ვნახეთ, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება იყო არაბეთსა და ომანს შორის. ვერ წარმომედგინა, ას მეტრში ასეთი დისონანსი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ორ ქალაქს შორის, ალ-აინში 21-ე საუკუნე იყო, ომანში - ალბათ, მე-18.
ასევე ძალიან მიყვარს თურქეთი, იქ და ეგვიპტეში ყველაზე კარგად ვისვენებ. ზღვაზე რომ ვარ, სანაპიროზე დილის ექვსზე გავდივარ, რადგან მზის ცხელ გულზე წოლა არ მიყვარს. 11-ის ნახევარი არის მაქსიმუმი, როცა სანაპიროზე ვჩერდები, ამიტომაც არ ვარ ხოლმე გამორჩეულად შავი. მსიამოვნებს მზის და ზღვის აბაზანები, ვცურავ ბევრს, 700-800 მეტრს. როცა ვისვენებ, მინდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მივდიო.
- საინტერესო ადამიანები თუ გაგიცნია მოგზაურობისას?
- ბევრი კარგი ადამიანი გაგვიცნია მე და ჩემს მეუღლეს და საკურორტო მეგობრობაც გვქონია მათთან, მაგრამ მერე ეს კავშირები ვეღარ ნარჩუნდება ხოლმე. მახსოვს, კვიპროსზე გახლდით 1999 წელს, გავთხოვდი და ზაფხულში დასასვენებლად კვიპროსზე გავემგზავრეთ. აღმოვჩნდით დისკოთეკაზე, რომელიც ტრანსსექსუალს მიჰყავდა. ისე მოხდა, რომ ამ წამყვანს მე და ჩემი მეუღლე ძალიან მოვეწონეთ, დაგვიმეგობრდა, სურათები გადავიღეთ. ჩემთვის ეს იყო ძალიან უცხო გარემო, მაშინ ეს საკითხი საქართველოში არ იყო აქტუალური, პირი გავაღე და ვეღარ დავხურე, თვალს ვერ ვწყვეტდი (იღიმის).
- თვითმფრინავის გეშინია?
- არა. ერთხელ შემეშინდა, როდესაც თბილისიდან მოსკოვში მარტო მივფრინავდი და ტურბულენტურ ზონაში აღმოვჩნდით. ძალიან ცუდად გავხდი, მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვს ველოდებოდი და ეტყობა, ამიტომაც ვიყავი ისეთი ემოციური, რომ მთელი თვითმფრინავი გარს მეხვია (იღიმის). ძალიან მწარედ მახსოვს ეს ამბავი. მას მერე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მარტო თუ ვარ, მაშინ ცოტა მეშინია და პირჯვარს ვიწერ ხოლმე მთელი გზა.
- შოპინგი და მოგზაურობა...
- ალბათ, ეს ყველა ქალს უყვარს და ასევე მეც. ვსტუმრობ `აუთლეთებსაც~, ჩვეულებრივ მაღაზიებსაც. ვერ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ ვთქვათ, `მაქსმარა~ `აუთლეთის~ გარეთ ვიყიდო, ამიტომაც ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ბრენდის შესაძენად. ჯერ კიდევ მოსკოვში ცხოვრებისას ვსტუმრობდი `აუთლეთებს~, სადაც ყველა ბრენდი იყრიდა თავს.
- ახალ კერძებს აგემოვნებ ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში?
- რასაკვირველია, ყველაზე მეტად ბაქოს სამზარეულო მომეწონა. რაც ჩავედი, ჭამა რომ დავიწყე, წამოსვლისასაც მივირთმევდი (იცინის). იქაც სამსახურიდან ვიყავი, ერთ-ერთი ფიჭური კავშირ-გაბმულობის კომპანიაში. როდესაც ადგილობრივი გხვდება, საუკეთესო ადგილას მიჰყავხარ. მე რომ ტურისტულ ზონაში აღმოვჩენილიყავი, შეიძლება, კერძები ასე არ მომწონებოდა. გავსინჯე არა ცხვრის, არამედ ჩვეულებრივი ქაბაბი, ასევე ბულგარული წიწაკა, ხორცი, ბადრიჯანი, პომიდორი, რომელიც შამფურზე იყო აცმული და მათი ფლოვი ხომ საყოველთაოდ ცნობილია. ასევე მომეწონა ბრიუსელის სამზარეულო, ძალიან გემრიელი ხორცეული გავსინჯე, თუმცა ყველაზე მეტად მომეწონა, როცა ნინო შუბლაძემ წაგვიყვანა კარტოფილის გასასინჯად და გვითხრა, ეს აჯობებს იმას, რაც აქაურ რესტორნებში გიჭამიათო. არის ჯიხურები, რომლის ერთ ნაწილში ამზადებენ კარტოფილს, რომელსაც ასხამენ კეტჩუპსა და მაიონეზს, ასეთი გემრიელი ალბათ არასდროს გიჭამიათ და მეორე მხარეს იყიდება ვაფლი შოკოლადით, მარწყვითა და კარამელით. ამის გასინჯვის შემდეგ არაფრის ჭამა აღარ გვინდოდა.
- ამ ზაფხულს სად აპირებ გამგზავრებას?
- წელს კრუიზში მინდა წასვლა. ჩემი მეგობრები გეგმავენ საბერძნეთის კუნძულების მონახულებას, მათ სიამოვნებით შევუერთდები მეუღლესა და შვილთან ერთად. ამიკო 13 წლისაა და ყოველთვის ჩვენ-თან ერთად დადის ყველგან. ამიკო ბევრს სწავლობს და ბევრს ვარჯიშობს, კალათბურთელია (იღიმის). მოკლედ, კრუიზს კი ვგეგმავთ, მაგრამ მაქვს ალტერნატივაც, შესაძლოა, ისეთი დაღლილი ვარ, რომ წავიდე და თურქეთის სანაპიროზე წამოვწვე. წლის გეგმაშია პარიზიც, მაგრამ უფრო ჩემი დაბადების დღისთვის, 9 ნოემბრისთვის.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მართა
ყველაზე ლამაზი ჟურნალისტი ქალბატონი! ზომიერი ხასიათით, საინტერესო და სასიამოვნო პიროვნება, რაც მთავარია სრულყოფილი შემდგარი ქალი! ვისურვებდი...ნეტა ბევრი იყოს ასეთი პოზიტიური სახე ქართულ ტელესივრცეში?! ვუსურვებ საუკეთესოს მას და მის ოჯახს!
11:09 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკრანულია და ტელეწამყვანადაც უქნია ღმერთს.
კარგი, ეშხიანი და თან არავულგარული გოგოა
13:05 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS