20 ივნისი, 2014
სოსო კაციტაძესა და მიხეილ სააკაშვილს ერთნაირი ქალბატონები მოსწონთ
სიყვარული უფრო დიდ სტიმულს მაძლევს საქმეში სოსო კაციტაძე რამდენიმე წელია, რადიოდან ტელეჟურნალისტიკაში აღმოჩნდა. თავიდან ''იმედზე'' დილის გადაცემები მიჰყავდა, შემდეგ იყო ''მეცხრე არხი'' და ისევ ''იმედი'', ოღონდ ამჯერად - საინფორმაციო გადაცემა. ახლა ამავე არხზე კვირის ''პანორამა'' მიჰყავს. გატაცებულია მოგზაურობით, არქიტექტურით, როდესაც შეყვარებულია, ემოციებს საკუთარ ბლოგზე წერს. რამდენიმე თვის წინ მარსზე გასაფრენადაც დაიწყო მზადება, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა.
სოსოს ინტერვიუ პრესაში არასოდეს დაბეჭდილა. არ უყვარს საკუთარ თავზე ჟურნალისტებთან საუბარი, თუმცა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და საინტერესო ბავშვობასა და
გატაცებებზე ვრცლად გვესაუბრა.

- აფხაზეთში დავიბადე. გუდაუთასთან პატარა, ლამაზ სოფელ ორჯონიკიძეში ვცხოვრობდი. ზღვასთან ახლოს, ძალიან ლამაზი მწვანე სახლი გვედგა. ომი რომ დაიწყო, პატარა ვიყავი, 6 წლის გავხდი და ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს, 22 აგვისტოს, მე, დედა და და ჩუმად გამოვიპარეთ ბომბორას აეროპორტამდე. დედას არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, რომ მოვდიოდით, შესაძლოა, გზად დაგვხვედროდნენ. ბუჩქებში ვიმალებოდით და მახსოვს, პირზე ხელს მაფარებდა, რომ ხმა არ ამომეღო. გზაზე იარაღიანი ხალხი პატრულირებდა და შესაძლოა, ვინმეს დავენახეთ და ესროლათ. მამა იქ დარჩა, რადგან მამიდა და ბებია დიდი ხნის გან-მავლობაში კიდევ იქ ცხოვრობდნენ. ჩვენ იმერეთში ბებიასთან დავსახლდით. ერთი წლის შემდეგ თბილისში ჩამოვედით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ.
- ჟურნალისტიკამდე როგორ მიხვედი?
- ვხატავდი და ყოველთვის მინდოდა, არქიტექტორი გავმხდარიყავი. შემდეგ გადავიფიქრე, მომეწონა, როდესაც ვუყურებდი, ტელევიზიით ჟურნალისტები ახალ ამბებს გვიყვებოდნენ, ამიტომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თავიდან კინოდოკუმენტალისტიკისკენ ვიხრებოდი. ბოლო კურსზე რადიოში დავიწყე მუშაობა და ბევრი წლის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვიყავი. შემდეგ იყო ''იმედის დილა'', სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემი მეგობარი ერთ-ერთ პროდიუსერად მიიწვიეს, მან დამიბარა და პირდაპირ კასტინგზე შემიყვანა. არანაირი მოლოდინი არ მქონია და ზაფხულში დასვენება დავგეგმე. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ვერ გავიარე კასტინგი. გამგზავრების წინ ისევ დამირეკეს და მთხოვეს, კიდევ ერთხელ მივსულიყავი. ასე დავიწყეთ ''დილა''...
შემდეგ იყო კიდევ ერთი დილის გადაცემა ''იმედზე'', მე, ნუკი კოშკელიშვილი და სხვა წყვილები ვიცვლებოდით. მთავარი იყო, კარგ ხასიათზე მოგვეყვანა მაყურებელი. ამ დროს შე-მომთავაზეს ''მეცხრე არხზე'' გადასვლა. ეს ჩემთვის უფრო მომხიბვლელი წინადადება იყო, ერთგვარი გამოცდა, რაზეც უარი არ უნდა მეთქვა. ''იმედში'' ჩემს ნაცნობებს რომ ვუთხარი, ზოგიერთი მეუბნებოდა, რომ ამით ჩემს პროფესიაზე უარს ვამბობდი, რადგან არჩევნების შემდეგ, როდესაც ''მეცხრე არხი'' აღარ იარსებებდა, მე არავინ მიმიღებდა ტელევიზიაში.
- თუმცა ''მეცხრე არხიდან'' დახურვამდე წამოხვედი...
- დაახლოებით ექვსი თვე ვმუშაობდი. ლუბა ელიაშვილის მოსვლის შემდეგ წამოსვლას ვაპირებდი და გამიმართლა, მეორე დღეს ''იმედიდან'' დამირეკეს. ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი (იღიმის). თავიდან ნუცა კოპალიანთან ერთად რვასაათიანი ''ქრონიკა'' მიმყავდა. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ საკვირაო ჟურნალი გაკეთებულიყო ''პანორამის'' სახით, რამდენიმე წამყვანს განიხილავდნენ და ერთ-ერთი ვიყავი მე. თავიდან გავიარე კასტინგი.
- ''პანორამაში'' თავადაც ამზადებ სიუჟეტებს, განსაკუთრებულად რომელი გახსენდება?
- ეს ნამდვილი გამოწვევა იყო. ჯერ კიდევ არ ვარ ჩემი ნამუშევრებით კმაყოფილი. ექსკლუზივების გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დიდი ამბავი იყო ატეხილი, რომ 2030 წლიდან მარსზე ადამიანების გაშვება იგეგმება. ამ თემაზე მოვამზადე სიუჟეტი და ორი მეცნიერი ჩავწერე, რომლებიც ჰყვებოდნენ, რა სირთულეები შეიძლება შეხვდეთ მარსზე მცხოვრებ ადამიანებს.
- მახსოვს, სიუჟეტში ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდი მარსზე ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ეს შენი საყვარელი თემაა?
- ასტრონომია ძალიან მაინტერესებს. არსებობს ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალურ აპარატზე მუშაობენ, რომლის საშუალებითაც ადამიანები მარსზე ჩააღწევენ. ცოტა ხნის წინ კასტინგი გამოაცხადეს დედამიწელებისთვის, რომლებსაც მარსზე გამგზავრების ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ. 38 დოლარი გადავიხადე რეგისტრაციისთვის, მაგრამ მე არ ამირჩიეს. ეს ადამიანები 2024 წლამდე მეგობრებს, ახლობლებს ვერ ნახავენ, რადგან გაფრენისთვის სპეციალურ ტრენინგებს გადიან.
- რომ მოხვედრილიყავი ამ ჯგუფში, გარისკავდი მარსზე წასვლას?
- რა თქმა უნდა, მარსი ცარიელი ფურცელია და ისტორიას თავიდან წერ, ყველაფერს ახალს ქმნი.
- ინტერვიუს დასაწყისში არქიტექტურის სიყვარული ახსენე და როგორც ვიცი, საკუთარი სახლი თავად მოაწყვე.
- სპეციალური განათლება არ მაქვს მიღებული, გარდა იმისა, რომ კარგად ვხაზავ და გემოვნება მაქვს, მაგრამ პროფესიონალური თავდაჯერებულობა მაკლია. ახლა ვემზადები მაგისტრატურაში ჩასაბარებლად, ინტერიერის დიზაინს შევისწავლი. სახლი ჩემი გემოვნებით მო-ვაწყვე, შეკვეთები მქონია, ძირითადად, სახლის ინტერიერზე.
- მოგზაურობა გიყვარს...
- ძალიან მიყვარს ევროპა, მაგრამ ქალაქებიდან სტამბოლს გამოვარჩევდი. ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ეს არის კონტრასტების ქალაქი. მიყვარს მარტო მოგზაურობა, ბევრი ადამიანი ბევრ პრობლემას ქმნის. საქართველოშიც ვმოგზაურობ, მაგრამ ძალიან მინდა თუშეთის ნახვა, ვიცი, რომ განსაკუთრებულად ლამაზია.
- პირად ცხოვრებაზე გკითხავ...
- ძალიან რომანტიკული ვარ, იდეები მაწუხებს, მინდა, ჩემი დილის განწყობა გადმოვცე და საკუთარ ბლოგზე ვწერ იმ წუთის ემოციას. საერთოდ, ადვილად არ მიყვარდება, განვლილ ცხოვრებაში იმედგაცრუებებიც მქონია.
- რომელი ქვეყნის ქალბატონებმა მოახდინეს შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- ჰოლანდიელებს აქვთ რაღაც... შეუძლიათ, ერთდროულად იყვნენ ლამაზები, საქმიანები, გემოვნებიანები და თან მართავდნენ ველოსიპედს. მახსოვს, გასულ ზაფხულს ამსტერდამში რომ ვიყავი, ვხედავდი, საღამოს კაბაში ჩაცმული ქალბატონები ველოსიპედით დღესასწაულზე როგორ მიდიოდნენ.
- შენი და ყოფილი პრეზიდენტის გემოვნება ემთხვევა, სანდრა რულოვსი გამახსენდა...
- კარგი პარალელია (იღიმის).
- ახლა თუ ხარ შეყვარებული?
- ამ კითხვას ღიად დავტოვებ. სიყვარული უფრო დიდ სტიმულს მაძლევს საქმეში...
- დასასრულს გკითხავ, რომ არა აფხაზეთის ომი, დღეს ვინ იქნებოდი?
- ძალიან რთული კითხვაა, ისიც არ ვიცი, ჩამოვიდოდი თუ არა თბილისში სასწავლებლად. ალბათ ბოტანიკოსი ვიქნებოდი, რადგან ფანტასტიკური ფლორაა აფხაზეთში. ან - ლანდშაფტის არქიტექტორი. მცენარეებისგან რაღაცებს გავაკეთებდი. ბავშვობის შემდეგ აფხაზეთში არ ვყოფილვარ, ძალიან მინდა წასვლა. ჩვენს სახლში ახლა აფხაზი ცხოვრობს, მამიდამ ხე-ლწერილი ჩამოართვა, რომ რაც დაუტოვა, დაბრუნების შემთხვევაში ისევ იმას დაახვედრებს (იცინის). მახსოვს, ძალიან ბედნიერი ჩამოვიდა, რადგან რამდენიმე ფურცელი ჩამოიტანა ნივთების ჩამონათვალით. მე მგონი, დღემდე ინახავს...

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS