- მიშო, ქართველი მაჩოს იმიჯი გაქვს ''X
- მაღიზიანებს, იმიტომ, რომ მაყურებელი ჩემში მარტო ამას ხედავს. სინამდვილეში ამ იმიჯზე ვღადაობ, არტისტულად ვუდგები. როცა მარტო ამას ხედავენ და ნამღერს და სიმღერას ფეხზე იკიდებენ, გული მწყდება.
- ეს იმიჯი შენ თვითონვე შექმენი პირველ ტურზე. გოგონების გულთამპყრობელის სახელიც ჟიურიმ თავად მოგარგო, მგონი, მაყურებელს ტყუილად საყვედურობ…
- გასაგებია, მაგრამ მსგავს ხასიათს პირველ ტურზე სიმღერა მოითხოვდა. რადგან მაჩოს განსახიერება კარგად გამომდის, იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს შემიძლია. სინამდვილეში საერთოდ არ ვარ მაჩო, თავდაჯერებული და თავში ავარდნილი ბიჭი, ყველა გოგოს ''შებმა'' რომ ეხერხება. გულწრფელი და კეთილი ბიჭუნა ვარ (იღიმება). უბრალოდ, მიყვარს სხვადასხვა როლის მორგება, გამომდის კიდეც.
- მსახიობობა შენი პროფესიაც ხომ არ არის?
- არა. ჯაზის ფაკულტეტზე ვსწავლობ. თავიდან მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეორე კურსიდან კონკრეტული მიმართულება ავირჩიე. გავრისკე და არ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მერე სამსახური არ მექნება, გადავწყვიტე, თავი მუსიკას მივუძღვნა.
- ეს რომ შემოსავლიანი არ არის ჩვენთან?
- გავხდი შემოსავლიანს, იმედია (იღიმება).
- შენ ერთმა გინდა ააყვავო ქართული შოუბიზნესი და თან ამბობ, რომ ამბიციური ტიპი არ ხარ?
- მხოლოდ მე ვერ მოვახერხებ, მაგრამ ბევრნი ვართ. ყველაზე უკეთ ეს გამომდის. ბავშვობაში, როცა არ ვიცოდი რა იყო ქიმია, ქიმიკოსობა მინდოდა. მომწონდა, ფილმებში რომ ვუყურებდი, კოლბებში რაღაცებს რომ ასხამდნენ. მეგონა, კოლბებში მოთავსებული სითხე გემრიელი უნდა ყოფილიყო.
- აქამდე არც ერთ პროექტში არ მიგიღია მონაწილეობა?
- არა, აქამდე ბენდი მყავდა, სოლოკარიერაზე არც მიფიქრია. პატარა ვიყავი, არ მიმაჩნდა, რომ კარგად ვმღეროდი. ღრმა ბავშვობაში ნორმალურად ვმღეროდი, გარდატეხის ასაკში ვყრო-ყინებდი, საერთოდ არ მქონდა ხმა, მერე ვიყავი ტენორი და 13-14 წლის ასაკში დამიბოხდა ხმა.
- ჟიური შენით პირველივე ტურიდან მოიხიბლა და დღემდე გგულშემატკივრობს, როგორ გგონია, რა არის ამის საფუძველი, სამსახიობო მონაცემები თუ ვოკალიც?
- იმედი მაქვს, ვოკალიც. ამ პროექტის ხიბლი ის არის, რომ დამწყებ მომღერლებს ეძლევათ საშუალება, მეტი ცოდნა შეიძინონ, გაიზარდონ. ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც პროექტში მოვედი, სწორედ მუსიკალური გაზრდაა.
- პროექტს გარეთაც არსებობენ ვოკალის პედაგოგები...
- არსებობენ, მაგრამ მანდ უკვე სიზარმაცე მძლევდა ხოლმე. აქ ვალდებულება გაქვს. ყოველკვირა სცენაზე დგები და შენს გულშემატკივარს იმედი არ უნდა გაუცრუო.
- მიშო, გაბუნიამ შენ გამო გიორგი ბერიძეს დაატოვებინა პროექტი. შემდეგ მენტორი ბერიძის გულშემატკივრებისგან გიცავდა, რომლებიც შენ მიმართ თურმე აგრესიას გამოხატავენ. ეს რაში გამოიხატება?
- ჯერ ერთი, ჩემ გამო არავის დაუტოვებია პროექტი. თუ ვინმე პროექტს ტოვებს, ეს იმ მაყურებლის ბრალია, რომელიც ფიქრობს, რომ ეს კარგი ტიპია, ყველას მოსწონს და ისედაც გადავაო.… აგრესიას რაც შეეხება, ეს ძირითადად სოციალური ქსელებიდან წამოვიდა, სიმღერა დამიწუნეს, წერდნენ, რადგან სიმპათიური ვარ, იმიტომ ვარ პროექტში (იცინის). ასე არ ხდება, სიმპათიურობის გამო პროექტში არავის ტოვებენ,… დამერწმუნეთ, გიორგის გავარდნაც და ნიკა კიკნაძის წასვლაც ყველაზე მძიმე ჩვენთვის იყო, გუნდის წევრებისა და მენტორისთვის. ყოველდღე ერთად ვართ, ერთი ოჯახი ვართ, დავმეგობრდით და გავუგეთ ერთმანეთს, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს.
- თავად როგორ აფასებ შენს შესაძლებლობებს? მიიჩნევ, რომ მათზე უკეთესი ხარ, ვინც პროექტი დატოვა?
- ასე რადიკალურად ვერ ვიტყვი, რომ მათზე უკეთესი ვარ და ამიტომაც დავრჩი. არის მიზეზები, რის გამოც მე უფრო კარგი ვიყავი პროექტისთვის. გიორგიც და ნიკაც ჩემთან შედარებით ტექნიკურად 10-ჯერ ძლიერი, უკვე ჩამოყალიბებული მომღერლები არიან. მაგრამ, მეორეა, რა სჭირდება პროექტს.
- რა გამოდის, იმის გამო წავიდა ორივე, რომ სცენაზე ვერ მოძრაობდნენ, ვერ ცეკვავდნენ?
- არა, ვერც მე ვცეკვავ, ბრტყელტერფიანი ვარ (იცინის). პირველად ვიცეკვე წინა ტურზე და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს მიკროფონის სადგამის გარეშე. გავრისკე და გამოვიდა.…
- ვინ არის შენი მთავარი კრიტიკოსი?
- მშობლები და ბებია. კონსერვატორიის პროფესორები არიან, მართალია, სხვა განხრით, მაგრამ მუსიკა კარგად ესმით, ტექნიკურ შენიშვნებს მაძლევენ. მაგრამ… ბავშვობაშიც არ ვმეცადინეობდი მათი თანდასწრებით, ვინაიდან ოჯახში დილიდან საღამომდე საოპერო მუსიკა მესმოდა, ამიტომ გავყევი სხვა გზას. ფორტეპიანოზე დავდიოდი და 4 წლის მერე დავანებე თავი. ახლა გიტარაზე ვუკრავ.
- შეყვარებული ხარ, ვიცი...…
- ჰო, მე და ინო ლეკვეიშვილი კურსელები ვართ, წელიწად-ნახევარია, ერთად ვართ. ზოგადად სტერეოტიპები არ მაქვს, როგორი გოგო უნდა მომეწონოს.
- რას ეტყვი შენს გულშემატკივარს?
- ნუ იქნებიან პასიურები, მონაწილეების ახლოს გაცნობით, ფეისბუქ-მეგობრობით ან ფოტოს გადაღებით ნუ დაკმაყოფილდებიან, დაგვირეკონ, დაგვტოვონ პროექტში, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება.
ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო მჭედლიშვილი