19 მაისი, 2014
ლიზა ყენია: ''მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს''...
სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, შეიძლება, პოპულარობა არ მომნდომებოდა
ლიზა ყენია ცნობილი ოჯახის შვილია. მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილს ჯერ ჩოგბურთელობა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ფეხზე პრობლემები გაუჩნდა და იძულებული გახდა, სპორტისთვის თავი დაენებებინა. სხვა შემთხვევაში ჩოგბურთს არაფერზე გაცვლიდა, მაგრამ ახლა მოტივირებულია, რომ მომღერალი გახდეს. ამ კუთხით სერიოზული გეგმები აქვს და კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ემზადება. უნდა, კლასიკურ ვოკალს გაჰყვეს და უკვე დაწყებული აქვს მეცადინეობა, თუმცა მანამდე ესტრადასთან დაკავშირებითაც აქვს გეგმები.
ლიზა ''ფეისბუქზე'' აქტიურობით გამოირჩევა და საკმაოდ თამამი ჩაცმულობით
აქვეყნებს ფოტოებს, რასაც შემდეგ გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე, ლიზას მისი გარეგნობით მოხიბლული არაერთი ადამიანი სწერს. ამას წინათ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველების ერთ თვისებას ეხებოდა, დანარჩენზე თვითონ გიამბობთ.

- ერთ-ერთმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ წამოიწყო პროექტი, ადამიანებს, რომლებიც მღერიან, ალბომის ჩაწერაში ეხმარებიან. დამეკონტაქტა თიელი, ლევან ჩიჩუა. მას კარგად არ ვიცნობდი. მივედი კასტინგზე, გასაუბრებაზე, რომელიც წარმატებით გავიარე და გადაწყვიტეს, რომ ჩემთვისაც გამოეწვდინათ დახმარების ხელი. ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემს ალბომში ძირითადად თიელის ნამუშევრები შევა. მიწევს ქართული ტექსტით სიმღერა ისეთ ჟანრებში, როგორებიცაა არ ენ ბი, დაბ სთეპი, თრეფი, რაც აქამდე მგონი, არავის შეუსრულებია. ტექსტების დაწერას თავად ვცდილობ თიელთან ერთად. რამდენჯერმე მომიხდა ტექსტის გადაკეთება, რადგან სამღერლად ცოტა რთული ენაა, მით უმეტეს, არაქართული ჟანრის მელოდიაზე.
- რაზე უნდა იმღეროს დღეს თინეიჯერმა გოგონამ საქართველოში? რა არის შენთვის საინტერესო თემები?
- ჩემი პირველი სიმღერა, რომელზეც კლიპის გადაღებას ვაპირებ, იქნება შავისა და თეთრის შესახებ, ანუ სიკეთესა და ბოროტებაზე. ჩემს ტექსტებში არ იქნება ტირილი, განცდები და გატეხილი გული. შესაძლოა, ერთი სიმღერა იყოს სიყვარულზე, ისე, როგორც ჩემი ასაკის ბავშვი შეიგრძნობს ამას, მოკლედ, ზომიერად (იღიმის). ჯერ არ ვიცი, როდის იქნება მზად ალბომი, რადგან თიელი დაკავებულია ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' და ძალიან ვგულშემატკივრობთ. თუმცა ისიც არ გვინდა, რომ პროცესი ძალიან გაგვეწელოს.
- დედა რამდენად ერევა შენს ამ საქმიანობაში?
- გამზადებულ მასალას კი არა, ყოველთვის შავ მასალას ვაჩვენებ. ზოგჯერ მირჩევს ხოლმე, ესა და ეს სიტყვა კარგად არ იმღერება და შევცვალოთო, სხვა რჩევებსაც მაძლევს და ვითვალისწინებ. რაც შეეხება ვოკალს, არასდროს ვუმეცადინებივარ, მეუბნება, რომ მაქვს ინდივიდუალური ხმა. არ ერიდება იმის თქმას, რაც არ მოსწონს. მაგალითად, შემისწოროს რაიმე ბგერა, რომელიც მე შესაძლოა, კარგად მეჩვენებოდეს, მაგრამ რეალურად ცუდად ისმინება. რასაკვირველია, ეს ძალიან მეხმარება. ისიც რეალისტია და მეც, არ მიყვარს ილუზიებით ცხოვრება (იღიმის). კრიტიკას კარგად ვიღებ. სულ ველოდები, როდის გამაკრიტიკებს. ველოდები მითხრას, რა არ მოსწონს, რომ შევცვალო, მაგრამ აუცილებლად ჩემებურად...
- ახლა სკოლაში სწავლობ. რა პროფესიაზე ფიქრობ?
- კლასიკური ვოკალის განხრით კონსერვატორიაში ჩაბარებას ვფიქრობ. ბავშვობიდან მიწევს კლასიკის მოსმენა, ასეთ გარემოში ყოფნა. ვერ ვიტყვი, რომ კლასიკური განხრით განსაკუთრებული განათლება მაქვს, მაგრამ შვიდი წელი ბალეტზე დავდიოდი და ამან კარგი საფუძველი შემიქმნა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა მსიამოვნებდეს. დედაჩემმა მთხოვა, რომ ფორტეპიანოზე მევლო. ვერ ვიტანდი და ძალით დავყავდი, ნოტები უნდა იცოდეო. დღემდე ვერ ვეკარები პიანინოს, სულ რომ ბეთჰოვენი ვიყო, მაინც ვერ მივეკარები. ვიღაცას სცენის შიში აქვს, მე კი - ამ ინსტრუმენტზე დაკვრის. გამომადგა იმ მხრივ, რომ ნოტები ვიცი. ახლა, როცა ვოკალში ვემზადები და ნაწარმოებს მაძლევენ სასწავლად, ნოტებიდან ვსწავლობ. დაახლოებით ორი წელია, ვემზადები ქალბატონ დოდო დიასამიძესთან, მანამდე ერთი წელი გულიკო კარიაულთან დავდიოდი. გრაფიკის გამო გადავინაცვლე სხვა პედაგოგთან. ქალბატონი დოდო მეხმარება იმაშიც, რომ ესტრადაზეც სწორად ვიმღერო და, რასაკვირველია, კლასიკურ ვოკალსაც დავეუფლო. დედას ერთი თხოვნა, პიანინოზე დაკვრა მესწავლა, ვერ შევუსრულე, სამაგიეროდ, მეორეს - კლასიკურ ვოკალს გავყოლოდი, აუცილებლად შევუსრულებ (იღიმის).
- ესტრადისთვის სხვა ვოკალია საჭირო, კლასიკური განათლება კი აუცილებლად თავისკენ ''გადაგქაჩავს''.
- ზოგადად, ესტრადისთვის მზადება ბავშვობიდან გიწევს, კლასიკაში მომზადება კი შეგიძლია 19-20 წლიდანაც დაიწყო. შეგიძლია, იქ ჩამოყალიბებული ხმით მიხვიდე. მე, მაგალითად, გამოდის, რომ ადრე მივედი, 14 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, იმ დატვირთვით არ დავდივარ, რომ პირის აპარატი შემეცვალოს, ასე რომ, ესტრადაზე რომ ვერ ვიმღერო, ჯერ ასე არ მოხდება.
- გასუქების არ გეშინია? ამ პროფესიის ქალბატონები ხშირად სუქდებიან.
- არა, ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ზუსტად დედაჩემისნაირი ყელი მაქვს, დედას არასდროს კვერცხი არ ჩაუყლაპავს, მაგრამ ამას მის ხმაზე არ უმოქმედია.
ზოგადად კი წონის მომატების ძალიან მეშინია. ახლაც ვიბრძოლე, რომ დამეკლო. სულ პანიკაში ვარ, რომ არ მოვიმატო. სხვათა შორის, ძალიან ძნელად ვიმატებ და ასევე რთულად ვიკლებ. უბრალოდ, რაც ჩოგბურთს თავი დავანებე, სამი წლის განმავლობაში მოვიმატე, 60 კილო გახლდით. ახლა დიეტის შედეგად ხუთი კილო დავიკელი. კიდევ მინდა, დავიკლო. არ მინდა, 16 წლისა წონაზე ვფიქრობდე. მირჩევნია, სხვა რამეებზე ვიფიქრო.
- დედასაც ჰგავხარ, მაგრამ ზოგადად, ძალიან განსხვავებული გარეგნობა გაქვს.
- დედასაც ვგავარ და მამასაც. ბევრს უთქვამს, ქართველს არ ჰგავხარო. როგორც ჩანს, ამ ნაზავმა არაქართულ ტიპაჟად შემქმნა. ბოლო ხანებია, დედაჩემს ისე დავემსგავსე, რომ ზოგჯერ მეშინია ხოლმე, მაგრამ მამაჩემი რომ ნახოთ, ვერ გადაწყვეტთ, ვის უფრო ვგავარ.
- პოპულარობას როგორ აღიქვამ?
- ჩემგან ხმამაღალი ნათქვამია, არა მგონია, რომ ძალიან პოპულარული ვიყო, მაგრამ მესმის მათი, ვინც ამაზე ძალიან არის დამოკიდებული. ერთხელ თუ ჩაგითრია, შემდეგ ძნელია ჩრდილში ყოფნა. ხომ არის ეტაპი, როცა ჩავარდნა გაქვს და არავის აინტერესებ. ეს იმდენად გაგიჟებს, როცა ჩათრეული ხარ, რომ შესაძლოა, ბევრი რამ გააკეთო პოპულარობის დასაბრუნებლად. თუმცა მე ყველაფერს ვერ გავაკეთებ. სხვათა შორის, ყოველთვის ჩვეულებრივი ვარ და იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება მივიქციო, არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ რაც უნდა გავაკეთო, რატომღაც ჩემგან მაინც გამომწვევად ჩანს. არ ვიცი, რატომ ხდება ასე (იღიმის).
სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, შეიძლება, პოპულარობა არ მომნდომებოდა, მაგრამ დედაჩემის გამო სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი. მომღერლობას საერთოდ არ ვაპირებდი, სულ ჩოგბურთელობა მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა, მუხლის პრობლემების გამო, აღარ მომეცა. დღეს რომ მქონდეს საშუალება, ჩოგბურთელი ვიქნებოდი. ამ სფეროშიც საკმაო წარმატებები მქონდა.
დედამ მომცა იმის სტიმული, რომ მინდოდეს, ჩემი სახელი და გვარი ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ამის მიუხედავად, არ მიყვარს იმის თქმა, რომ მაიას შვილი ვარ. მერე მეჩხუბებიან ხოლმე, რატომ არ გვითხარი, მაია ჯაბუას შვილი რომ ხარო. თუკი რაიმე წარმატება მაქვს, ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. სულ იმაზე ვფიქრობ, რამე არ შემეშალოს, რომ ხალხმა არასწორად არ გაიგოს.
- თაყვანისმცემლები თუ გაწუხებენ?
- შეწუხებით ნაკლებად. ესეც ძალიან ინდივიდუალურია. თუკი გაქვს ჩარჩოები, ღობე, რომ იმის იქით გადმოსვლა არ გააბედინო, რაც მე მაქვს, არავინ შეგაწუხებს. ვაძლევ იმის უფლებას, რომ მომესალმოს და თუ აქვს სურვილი, მომიკითხოს, ცოცხალი ვარ თუ არა, მაგრამ არ მივცემ იმის უფლებას, რომ სულელურ საუბრებზე დრო დამაკარგვინოს. გაუნათლებელ ადამიანებზე დროს ვერ დავხარჯავ.
- როგორი ადამიანი დაგაინტერესებს?
- მაინტერესებს მშრომელი და ნიჭიერი ადამიანები. შესაძლოა, იყოს ფეხბურთელი და კარგად უკრავდეს რომელიმე ინსტრუმენტზე. ასეთ ადამიანებს ვაფასებ და მინდა, მათგან ბევრი რამ ვისწავლო, მათთან საუბარი მიზიდავს.
- დედა თუ გეკითხება პირადულ ამბებს?
- რასაკვირველია, აინტერესებს, მაგრამ თუკი რაიმე ხდება, არ ველოდები, როდის მკითხავს. თუ რაიმე მოსაყოლი მაქვს და ვინმეზე სასაუბრო, თავად ველაპარაკები. დედა ძალიან მენდობა. პატარა ასაკიდან დამოუკიდებელი ვარ. მიყვარს დამოუკიდებლად ცხოვრება და არ მომწონს ათქვეფა, თუნდაც ოჯახის წევრებთან.
- სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ ფოტოს აქვეყნებ, რომლებმაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საკმაოდ თამამი ფოტოებია, მაგალითად, შორტსა და მაისურში.
- ჩემი მეგობარი, ელენე ჯანიაშვილი, 15 წლისაა და ძალიან ნიჭიერია, ისეთ ფოტოებს იღებს, რომლებიც უფრო დიდი ასაკის ადამიანებსაც არ გადაუღიათ. ის მიღებს ხშირად, ''სელფშოტებსაც'' არ ვერიდები. არასდროს ვიღებ არაესთეტიკურ ფოტოებს. ჩემი სამოსი ისეთია, როგორიც აცვია ნებისმიერ ჩვენგანს. შესაძლოა, ძალიან ლამაზია მოდელი საცურაო კოსტიუმში ან მარტო ტრუსში, მაგრამ მე, მაგალითად, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები არ მომწონს. თუკი ასეთს გადავიღებ, მინდა, ესთეტიკის ფარგლებში იყოს.
- თავად ახსენე, რომ ხალხი ცოტა გამომწვევად იღებს შენს ნაბიჯებს და მინდა გკითხო, რა იგულისხმე?
- მე არ მიწევს, სკანდალურად ჩავიცვა ან ასე მოვიქცე, რაც ბევრ ადამიანში ძალიან პოპულარულია. ვფიქრობ, რომ არ მახასიათებს გამაღიზიანებელი ქცევა, მაგრამ სულ რომ სერიოზული სახით ვიჯდე, ამასაც განიხილავენ. ჰგონიათ, რომ ჩემს ასაკთან შედარებით ზედმეტად სერიოზული ვარ. ასეთი სახელი მაქვს, ''სწერვააო'', ალბათ იმიტომ, რომ არ დავხტი და ყველას არ ვუღიმი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. აქამდე კომენტარებს, კრიტიკას ძალიან უარყოფითად ვხვდებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ არ მინდა, ყველას მოვწონდე და ყველამ დადებითი წეროს. ყველა კომპლიმენტში შესაძლოა, იყოს რაღაც სიყალბე. მირჩევნია, ცუდიც წერონ. აქედან შემიძლია, ბევრი დასკვნა გამოვიტანო. მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს. მირჩევნია, ვეგონო ''სწერვა'', ბევრად საინტერესოა, როგორი ვარ სინამდვილეში, ამის გაგება ბევრს მოუნდება. მერე, რომ გამიცნობენ, მიხვდებიან, როგორი ადამიანი ვარ.
- შენს სტატუსზე მინდა გკითხო, რომელიც ქართველებს ეხებოდა...
- არ მიყვარს ქართველი ხალხის კრიტიკა და იმის ძახილი, ეს სად დავიბადეო. თითოეული ადამიანია დამნაშავე, თუკი საქართველოში რაიმე კარგად არ მიდის. სტატუსი ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც სხვას უმიზეზოდ ლანძღავენ. ამას ძალიან განვიცდი. რატომ უნდა ლანძღო ყველა, მაგალითად, ბიჭი, რომელსაც ფერადი შარვალი აცვია. ადრე არ იყო ასეთი ფერადი შარვლები, ახლა არის და რა ვქნათ? გარეგნულად ვვითარდებით თითქოს, მაგრამ გონებრივად არა. მესმის იმ ხალხის, ვისაც არ უნდა, ევროპას დავემსგავსოთ იმაში, რომ ორი მამაკაცი ხალხის დასანახავად ცუდად იქცეოდეს ქუჩაში, მაგრამ გეები ადრეც არსებობდნენ და სულ იარსებებენ. არ არის გამოსავალი, რომ ასეთ ადამიანებს ჯოხებით სცემო. ამ სტატუსით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველამ თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს და ლანძღვით თავისი აურა არ დაიბინძუროს. ხალხის უმრავლესობას მოსწონს საზიზღრობების წერა, ეს თითქოს მოდაშია. ამ სტატუსით მინდოდა, მცირე პოზიტივი მაინც შემომეტანა და ზოგიერთს თავისი თავი ამოეცნო. მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ ყველა მიყვარს და მოვუწოდო, გვიყვარდეს ერთმანეთი.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
უცნობი :)
ლიზა, ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ მგონი თავის თავზე ცოტა გადამეტებული წარმოდგენა აქვს. მე 15 წლის ვარ და ცხოვრებისეული გამოცდილება არ მაქვს რომ რჩევები მივცე, მაგრამ მგონია რომ ასეთი თვისებები მას არ გამოადგებაა... მე პირადად ასეთ თავის თავზე შეყვარებულ და თავმომწონე ადამიანებს ვერ ვიტანნნნნ:@
22:26 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაქა
რა გჭირთ,Xვეულებრივი გოგონაა და თავი თუ მოსწონს რაა ცუდი ამაში?
15:03 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ჯერ მიწას არ აცილებია............
22:43 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზი-ს
ძალიან საყვარელი გოგო ხარ და უფრო კარგი იქნები ცოტა მოკრძალებული იყო (ამას ნამდვილად გულწრფელად გეუბნები) შენ ძალიან კარგი დედიკოს შვილი ხარ, - მაია ჯაბუას შვილი და არანაირად არ შეიძლება ,,ცუდი გოგო" იყო, წინსვლა წარმატებები არ მოგკლებოდეს საყვარელო გოგონავ!
20:36 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
ხატია,შენნაირებია ზუსტად ქარტველების მუცუკი .
18:41 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატიას
ხატია, არ სეგფერის პატარა ბავშვს მუწუკი უწოდო!სირცხვილი სენ! ალბატ დედა არ ხარ და სენს შვილს რომ ეგრე უწოდონ ზალინა გამწარდები! მართალია ზოგჯერ ბევრის უფლებას აძლევს ტავს და ბევრს სისულელესაც ამბობს ისევე როგორც ყველა ბავშვი! ის 16 წლ არ დაგავიწღდეტ, სენ რა იყავი მაგ დროს? ახლა უკეტ ლაპარაკობს, მომწონს! კრიტიკა აუღია ამ ბავშვს! ისე კი ამ ბავშვის ნეგაიტურ ყურადღების ცენტრში მოხვედრა ამ ვაი ჯურნალისტების ბრალია, პატარაა, ან იმას იტყვის ან ამას, როგორ შიძლება ბავსვის ნატქვამს ამდენი ყურადღება მიაქციოტ და მტელი ქალქაის განსაჯელი გახდეს აქ! ტქვენ არ ყოფილხარტ ბავშვები? ტუ პროფესორებად დაიბადეტ! რა ქნას გატამამებული ბავშვია. დაღვინდება ლიზა, კარგია, სურატების დადებას სჯობს საქმეს მიხედო და მიაღწიო წარმატეტებს გისურვებ
15:56 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
კი ნამდვილად არ გავს ქარტველს! ტიპური ინდოელია გავს, ინდონეზიელიც! ლამაზია
15:45 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ana
ერთი ჩვეულებრივი ცარიელი და მასის ვაზელინი გოგო ხარ. შენ ისეთი მონაცემები გაქვს უკვე დედაშენსაც გაასწრებ 3 ქმრის გამოცვლაში და სხვებზე ქმრების ახევაში. კვიცი გვარზე ხტის! ისე თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გექნება, სხვებზე ბევრად დაბალი დონის ხარ და იმიტომ. ჰოდა, ამ ფოტოების გაზიარებით მიღებული 'პოპულარობა' ნუ გაგიტაცებს, ბევრმა გაიარა ეგ იოლი გზა და ახლა კი იცი რა დღეში იქნებიან :პპპ
15:41 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!!!!!!!
კარგი გოგო ხარ ვიზუალით,მაგ აზრს ვიზიარებ ,მაგრამ ახლა რას აკეთებ ხო არ იცი?:))
15:16 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
რატომ გონია ამ ადამიანს ტავი ყოვლის მცოდნე ვერ წარმომიდგენია . ადრე სხვა . იმიჯს იქმნიდა . ახლა დასაჯა როგორც ჩანს დედიკომ და ცკვიან გოგოსავიტ ლაპარაკობს. შენნაირებია ზუსტად ქარტველების მუცუკი .
13:02 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS