- სანი ჩემი მესამე შვილია. იდეალური ორსულობა მქონდა. ახალგაზრდა მშობიარედ არ ვითვლებოდი, რადგან 39 წლის ვიყავი, როცა სანი გაავაჩინე. მოგეხსენებათ, 28 წლის შემდეგ ქალი ხანდაზმულად ითვლება მშობიარობისთვის. საკეისრო ყოველგვარი გართულების გარშე წარიმართა, იყო პლაცენტის აშრევების საშიშროება, არ გავრისკეთ და საკეისრო 38-ე კვირაზე გამიკეთეს.
- ბავშვი რა წონის დაიბადა?
- 2,600, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო, რადგან ექოსკოპიაზე ბევრად დიდ წონას მეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ჩემი პირველი შვილი დაიბადა 4,200 კგ, მეორე - 3,800 (იღიმის). თანამედროვე გაიდლაინებით 2,600 ნორმად ითვლება, 2,400-ის ქვემოთ უკვე მცირეწონიანია. სამწუხაროდ, არც ერთ შვილზე არ ვიყავი უხვრძიანი დედა და სანის შემთხვევაშიც სამშობიაროშივე მოგვიწია დამატების მიცემა. ვიცი,
რომ ბუნებრივი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. 2 თვე ბავშვს სტანდარტების მიხედვით ვკვებავდით და არანაირ პრობლემას არ შევუწუხებივართ, ჰქონდა კარგი კი არა, ზედმეტი მატებაც კი. ღამე კარგად ეძინა და მე თუ არ გავაღვიძებდი, რომ ეჭამა, თვითონ არ იღვიძებდა. 2 თვის შემდეგ უკლო ჭამას, 90 გრამის ნაცვლად - 60 გრამს ჭამდა, მივიყვანე ექიმთან და აღმოჩნდა, რომ თუ აქამდე დღეში 40 გრამს იმატებდა, ახლა მატება მხოლოდ 15 გრამი იყო. მიზეზი საკვების სიმცირე გახლდათ, არ ჭამდა მისთვის განკუთვნილ ულუფას. ნევროლოგიურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. დავიწყეთ კვლევა. პირველი იყო ახალშობილთა სკრინინგი მეტაბოლურ დარღვევაზე, ანალიზები გერმანიაში გავგზავნეთ, შემდეგ გამოვიკვლიეთ კალიუმი, მაგნიუმი და ზოგადად, ყველაფერი, რაც შეიძლება მიზეზი გამხდარიყო სანის უმადობის. პასუხები ყველაფერზე დადებითი მოგვივიდა, ანუ ყველაფერი მწყობრში იყო. ვცადეთ სხვადასხვა კალორიული კვება, არც ერთის გემო არ მოსწონდა, არ ჭამდა, ამიტომ სადიაგნოსტიკოდ დავწექით საავადმყოფოში, რომ ზონდით მიგვეცა მაღალკალორიული, სპეციალური კვება, რომლის 1 გრამში 1 კალორიაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ დაგვედგინა, მეტი კალორიის მიღება იქონიებდა თუ არა გავლენას ბავშვის წონაზე. საბოლოოდ გამოირკვა, რომ მაღალი კალორაჟის საკვების მიღებისას, მატება ჰქონდა, ანუ პრობლემა კალორაჟის ნაკლებობა იყო. 5 თვის რომ გახდა, დავუწყე ზოგადი მასაჟი, მშობლები რომ ვუკეთებთ შვილებს ზოგადი განვითარებისთვის, ამ მასაჟს ვგულისხმობ, რის შემდეგაც ბავშვი წავიდა კლებაში. აქამდე თუ ცოტას იმატებდა, მერე კლებაში წავიდა. მინუს კილოგრამებზე რომ წავედით, უკვე ძალიან შემეშინდა.
- როცა დამატებითი კვება ჩაერთო ფაფები, ხილი, ბოსტნეული არ შეიცვალა სიტუაცია, არ მოუმატა სანიმ ჭამას?
- იმის გამო, რომ კოვზით უფრო მარტივია ბავშვს აჭამო საკვები შენთვის სასურველი რაოდენობით, დამატებითი კვება 4 თვიდან დავიწყეთ. ჯერ ფაფები მივეცი, რადგან უფრო კალორიულია, ვიდრე ბოსტნეული, შემდეგ - ბოსტნეული, ხილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმატებდა ხან ცოტას, ხან ოდნავ მეტს, მაგრამ ეს არ იყო ნორმა. ზოგადად, ჭამის პროცესი არ მოსწონდა. პირველად მქონდა ასეთ შემთხვევასთან საქმე და ახლა ვხვდები, რა რთულია უჭმელი ბავშვი მშობლისთვის. არც პირველ და არც მეორე შვილთან მსგავსი პრობლემები არ მქონია. ემოციურად ეს ძალიან რთულია, რამდენჯერ მიტირია იმის გამო, რომ საჭმელს არ ჭამდა. მყავდა ნევროლოგთან, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, თავის ზომა, სიმაღლე თუ სხვა მაჩვენებლები, ასევე განვითარებითაც ასაკის შესაბამისი იყო, მეტიც, უსწრებდა ხოლმე. ერთადერთი კუნთების მასა აკლდა და ჰქონდა ტონუსის პრობლემა, ეს კი წონის სიმცირისგან გამომდინარეობდა.
- რამდენად აქტიური იყო და აქტივობებს თუ ასრულებდა ასაკის შესაბამისად, ეს იქნება ჯდომა, სიარული თუ სხვა.
- ძალიან აქტიური იყო, მაგრამ როცა წონა საკმარისი არ არის, მაშინ ხდება შეფერხება. თუ ბავშვი უნდა დაჯდეს 6-7 თვის ასაკში, იმის გამო, რომ კუნთის მასა განვითარებული არ აქვს, შეიძლება, ეს 1-2 თვის დაგვიანებით მოხდეს. ვიყავით ლაშა ძიძიგურთან და მანაც გვითხრა, რომ წონა აკლია და ამის გამო შეიძლება გვიან დაჯდეს, თორე სხვა პრობლემა არ აქვსო. ძალიან ვნერვიულობდი. ვინც კი ნევროლოგი, პედიატრი გაგვიგია, ყველამ იცის სანის შესახებ და ყველა ჩართული იყო ამ ამბებში. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და შემდეგ ნევროლოგმაც მითხრა, რომ შესაძლოა იყოს მეტაბოლური დაავადება, რომელიც ჩვეულებრივი სკრინინგით არ ჩანს, ამიტომ მივედით იქამდე, რომ გადაგვეღო კატე. არც ეს იყო ადვილი, მაგრამ ნარკოზით გავუკეთეთ კომპიუტერული ტომოგრამა. იქ იყო პატარა ცვლილება, მაგრამ ექიმების კონსილიუმის, განსჯის შედეგად ეს ცვლილება აიხსნა იმით, რომ ბავშვს არ ჰქონდა შესაბამისი კალორაჟი და მისი მონაცემები არ ითვლებოდა დარღვევად. მიუხედავად ამისა, დავუკავშირდი ამერიკაში, გერმანიაში, ავსტრიაში ბავშვთა ნევროლოგებს, ყველას გადავუგზავნე ეს კატე და ყველამ დამამშვიდა, რომ არაფერია საგანგაშო, უბრალოდ 2 წლი-ნახევრის ასაკში უნდა გადამოწმდეს, მანამდე კი ეს მაჩვენებლები და ეს მდგომარეობა ნორმად ითვლებაო. მიუხედავად ამისა, ჩვენი პრობლემა პრობლემად რჩებოდა და იყო ნერვიულობის საგანი ოჯახში. თუმცა, ვახო სულ ამბობდა, ამ ბავშვს არაფერი სჭირს, ყველაფერს "უგონებთო". მთავარია, ნორმალურად ვითარდება და რამდენსაც უნდა, იმდენს ჭამსო. მართალია ექიმებისგან დამამშვიდებელი პასუხები მქონდა, მაგრამ მაინც გავაგზავნეთ გენეტიკური ანალიზი საზღვარგარეთ, 2 თვე ველოდეთ პასუხს და აქაც პასუხი დამაკმაყოფილებელი მოვიდა, ყველაფერი რიგზე გაქვთო.
იხილეთ სრულად