დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს ექიმი გრიგოლ პოლიპენკო წერს: „პირველადი დახმარებით,
- ბატონო გია, ალბათ, თქვენი შვილის საქციელით ამაყობთ.
- საქციელი თავისთავად კარგია, მაგრამ მას გმირად არანაირად არ შევრაცხავ. ადამიანს რომ დაეხმარები, თქვენ ამას გმირობად მიიჩნევთ?!. ასი ადამიანიდან დაახლოებით ოთხმოცდაათი მისნაირად მოიქცეოდა. მით უფრო, როცა იცი, როგორ უნდა მოიქცე. თავად ჯაბაც არ მიიჩნევს თავს გმირად.
- კიევის „დინამოს“ მოთამაშე რომ გადაარჩინა, ჩანდა, რომ თითები ეტკინა. ახლა როგორ გრძნობს თავს?
- ნორმალურად არის.
- ალბათ ნახეთ კიევის „დინამოს“ გუნდის ექიმის განცხადება. ამბობს, ჯაბას პირველი დახმარება რომ არ გაეწია, გუსევის დახმარებას ჩვენ მაინც მოვახერხებდითო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გამონათქვამი უმადურობის ნიშანია?
- არავითარ შემთხვევაში. ექიმები უფრო კომპეტენტურები არიან და იციან, რას ამბობენ. მე მედიცინისგან ძალიან შორს ვარ. რასაც თქვენ ამბობთ, მსგავსი რამ არ წამიკითხავს. პირიქით, ამბობენ, რომ გუსევი მდგომარეობიდან ჯაბას გუნდელების დახმარებით გამოიყვანეს. ჯაბამ მოსაწონი საქციელი ჩაიდინა. შეეცადა, დახმარებოდა კაცს. ეს უზომოდ მსიამოვნებს და მოხარული ვარ, ასე რომ მოიქცა.
- აღინიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში ჯაბა უკვე ყოფილა და იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მას სამედიცინო განათლება აქვს?
- არანაირი სამედიცინო განათლება არ აქვს. ერთხელ ნაკრებში თამაშისას ხიზანიშვილი ლორიას დაეჯახა და მჭედლიძემ, როგორც ამბობენ, ლორია გადაარჩინა. ჯაბა უყურებდა იმ ყველაფერს. მეორე შემთხვევა დნეპროპეტროვსკში მოხდა, შეკრებაზე იყვნენ და მათ ბრაზილიელ მოთამაშეს, ჯულიანოს დაემართა მსგავსი რამ. მაშინაც ჯაბა პირველი არ მისულა, მაგრამ ახლოს იყო და მიხვდა, მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო. ფეხბურთში ხშირია ტრავმა. ჯაბაც ტრავმის გამო ორი წელი ვერ თამაშობდა და მაშინ არც ერთ ჟურნალისტს არ გახსენებია. ამის გამო ჯაბა ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია.
- ეს როდის მოხდა?
- ორი წლის წინ დაიწყო ვარჯიში, მანამდე ორი წელი გაუცდა.
- ტრავმა უკრაინაში მიიღო?
- დიახ, ვარჯიშზე ტერფი მოიტეხა, ოპერაცია კი არასწორად ჩაუტარდა. მეორედ ეს ოპერაცია გერმანიაში გაკეთდა და ამის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ახლა, ღვთის წყალობით, კარგადაა.
- ვეცდებით, მისი ამბებით უფრო ხშირად დავინტერესდეთ.
- თვრამეტი წლის რომ იყო, გაზეთებში წერდნენ, ჯაბა ამომავალი ვარსკვლავი და ქართული ფეხბურთის იმედიაო. ამის გამო ძალიან მეშინოდა. თვრამეტი წლის ბავშვზე არ შეიძლება ასეთი რაღაცების წერა. ვიფიქრე, გამიფუჭებენ-მეთქი. ღვთის წყალობით, ჯაბამ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქცია. ამ შეფასებების ფონზე უკვე ტრავმირებული ჯაბა არავის გაახსენდა და არც ერთმა ჟურნალისტმა არ მოიკითხა. ამის გამო გული სტკივა და გაბრაზებულია, მე მასზე ათჯერ უფრო მწყინს ეს ამბავი. მშობელი ვარ და ალბათ ხვდებით, რომ ეს ბუნებრივია.
- ჯაბა ბავშვობიდან იჩენდა ხოლმე ყურადღებას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა?
- ჩვეულებრივი ბავშვი იყო. მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ შრომისმოყვარე გახლდათ. ჯაბაზე ერთი წლით უფროსი ბიჭი მყავს, ლევანი. ერთ გუნდში იყვნენ და ისიც ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ ჯაბას უფრო უყვარდა საკუთარ თავზე მუშაობა და მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ლევანმა.
- თქვენმა შვილებმა ფეხბურთი თქვენი სურვილით აირჩიეს?
- ორივე ბიჭი ფეხბურთზე იმიტომ მივიყვანე, რომ ქუჩისთვის წამერთმია. სპორტში მეგობრობასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობენ. პრაქტიკულად მიზანს მივაღწიე და ორივე ქუჩას ავაცილე. რა თქმა უნდა, ჯაბას წარმატება დედამისის დიდი დამსახურებაა.
- თავადაც ხომ არ იყავით სპორტით დაკავებული?
- მთელ ოჯახს ფანატიკურად გვიყვარს ფეხბურთი, მაგრამ მე მხოლოდ მოყვარული გახლდით.
- ჯაბას პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ. შეყვარებულია?
- არ არის შეყვარებული, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს.
- რომ იყოს, გეცოდინებოდათ? ვინმე რომ მოსწონს, გიმხელთ ხოლმე?
- შეყვარებული რომ იყოს, არ დამიმალავდა, ძალიან მინდა, ცოლი მოიყვანოს და დაოჯახდეს. ასაკი ემატება და არ მინდა, ცოლი გვიან შეირთოს. საქართველოში წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვით ჩამოდის. თითო ჯერზე მხოლოდ სამ-სამი დღით უწევს ნაკრებთან დაკავშირებით ჩამოსვლა და არაქართველის ცოლად მომყვანი არ გახლავთ. ტიპაჟია ასეთი.
- თუ უკრაინელი გოგონა მოეწონა და ცოლად მოიყვანა, თქვენი რეაქცია როგორი იქნება?
- რასაკვირველია, არ ვიქნები წინააღმდეგი. თვითონ ვისთანაც ბედნიერი იქნება, ის გოგონა ჩემთვისაც მისაღები იქნება.
- კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ ჯაბაზე?
- ჩვეულებრივი, მორწმუნე ადამიანია. გამორჩეულად მასზე ვერაფერს ვიტყვი. ჩემი შვილია და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კარგი ადამიანია. მეც, პირველ რიგში, მისი ადამიანობით ვამაყობ და შემდეგ ფეხბურთში მიღწეული წარმატებებით.
- იმ შემთხვევისთვის, თუ ფეხბურთიდან წამოსვლას გადაწყვეტს, რითი დაგავდება?
- მგონი, ჯერ თვითონაც არ ფიქრობს ამაზე.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“