- გასულ კვირას „კომედი ჯგუფის“ ფილმის „მისტერ ძიძას“ სატელევიზიო პრემიერა გაიმართა, რომელმაც, როგორც ვიცი, ოცნების ასრულების საშუალება მოგცა, ფილმისთვის მუსიკის შექმნას ვგულისხმობ.
- ფილმში მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა არ ჟღერს, გამოვიყენე ცნობილი სიმღერები, კლასიკური ნაწარმოებები, თუმცა საუნდტრეკი მე დავწერე და ლევან მასპინძელაშვილმა შეასრულა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მუსიკალურ მხარეზე ვიზრუნე, შევფუთე ამ მხრივ. მართლაც ჩემი ოცნება იყო, შემექმნა მუსიკა ფილმისთვის, მოხარული ვიქნებოდი, რომ თავიდან ბოლომდე მე დამეწერა მუსიკა „მისტერ ძიძასთვის“, მაგრამ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო, თუნდაც ფინან“სური და ტექნიკური საკითხების გამო.
- საუნდტრეკი ფილმის პრემიერამდე გამოჩნდა ინტერნეტში?
- კი, ასე იყო. კლიპი გავაკეთეთ, რომელიც ფილმის კადრებითა და ლევანის სტუდიური ჩანაწერით აეწყო და პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში განვათავსეთ.
- რაც შეეხება ფილმში მონაწილეობას?
- ფრაგმენტული როლი ვითამაშე, ჩემს შვილებთან ერთად ვიდექი ძიძობის მსურველთა რიგში, ცოტა უცნაური პერსონაჟი ვიყავი, ეს იყო და ეს.
- თან, როგორც ვიცი, ფილმზე მუშაობის პროცესში ორსულად იყავი.
- კი, 23 ნოემბერს დავასრულე მუშაობა და 25-ში დაიბადა ელენე.
- რადგან თავისთავად მივედით ელენემდე, მოდი გვითხარი, როგორი გოგოა?
- მესამე შვილი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, საფიქრალი, სანერ“ვიულო და იმავდროულად ძალიან დიდი სიხარულია. მას შემდეგ, რაც სამი შვილის დედა გავხდი, თვითშეფასების შეგრძნება და უნარი მაქვს ამაღლებული. რაც შეეხება ელენეს, ნინისა და ნიკოლოზისგან განსხვავებულია, იმათ ღამე კარგად ეძინათ, ჭამისთვისაც კი არ იღვიძებდნენ, მესამე შვილი წინა ორთან შედარებით ამ მხრივ ცოტა პრეტენზიული აღმოჩნდა, თორემ ესეც კარგი გოგოა.
- ღამეგატეხილს მეორე დღეს მუშაობა არ გიჭირს?
- დედა მეხმარება ძალიან, შეიძლება ითქვას, რომ ღამის ცვლაში ის მუშაობს, დღის ცვლაში კი ძიძა, ასე რომ, მათი დახმარების წყალობით, არ მიჭირს მუშაობა.
- ნინი და ნიკოლოზი როგორ შეხვდნენ დაიკოს, ხომ არ იეჭვიანეს?
- ნიკოლოზი 2-წლინახევრისაა და სიმართლე გითხრა, ელენეს ჯერჯერობით კონკურენტად ვერ აღიქვამს, ნინი კი ზოგადად არ არის ეგოისტი, ორივე გრძნობს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ, ამიტომ არ ეჭვიანობენ, პირიქით. ეფერებიან და ძალიან თბილად ეპყრობიან ბავშვს, აგრესიას არ გამოხატავენ.
- მართალია, დამხმარეები გყოლია, მაგრამ პატარა შვილები, სამსახური, ოჯახი – ამ ყველაფერზე ყურადღების სწორად გადანაწილება ძნელი არაა?
- არ ვიცი, როგორ, მაგრამ დამხმარეების ხარჯზე ვახერხებ, ყურადღება ყველას დავუთმო, სამსახურის შემდეგ მთელ დროს ბავშვებთან ვატარებ, მათი დაძინების შემდეგ კი ხანდახან გასართობადაც გავდივარ, ვცდილობ, ესეც მოვასწრო. რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, ჯერჯერობით ეს პასუხისმგებლობა დედაჩემს აქვს აღებული, სანამ ჩემთანაა, სადილები მე არ მეხება, მაგრამ როცა თავის სახლში გადავა, მერე ესეც ჩემი გასაკეთებელი იქნება, პრინციპში აქამდეც ვამზადებდი კერძებს და შემდეგ დავუბრუნდები ისევ ამ საქმეს და რეჟიმს.
- რაც შეეხება მეუღლესთან ურთიერთობას, შეგაქვთ სიახლეები, სიურპრიზები ურთიერთობაში?
- კი, რა თქმა უნდა. ჩემს მეუღლეს, გიგის, თავისი ბარი აქვს და ხშირად ვხვდებით იქ ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, რომ ცოლქმრობის 6 წლის შემდეგაც კი ერთმანეთს პაემანზე ბარში ვხვდებით. საჩუქრებიც არ გვავიწყდება, ოღონდ სიურპრიზები არ გვიყვარს, ერთმანეთს ვუთანხმდებით და შეიძლება ითქვას, საჩუქრებს ერთმანეთს „ვუკვეთთ“. ისეთი რაღაცის ჩუქებას, რომელსაც ვერასდროს გამოიყენებ, ჯობია, წინასწარ შეუთანხმდე ადამიანს და ისეთი რამ უსახსოვრო, რაც მისთვის პრაქტიკულია.
- თამუნა, როგორც ვიცი, შენი მეუღლეც მუსიკოსია და ნიკა მემანიშვილის ორკესტრში უკრავდა.
- კი, მუსიკოსია და სხვათა შორის, ძალიან მეხმარებოდა ფილმზე მუშაობის პროცესში. რაც შეეხება მის მოღვაწეობას, ალტისტია, რამდენიმე წლის წინ ნიკასთან უკრავდა ორკესტრში, მანამდე კავკასიის კამერულ ორკესტრში გახლდათ კონცერტმაისტერი, უფრო ადრე კი ლიანა ისაკაძის კამერულ ორკესტრში უკრავდა. შემიძლია ვთქვა, რომ მართლა კარგი მუსიკოსია. საკუთარ ბარში კი ივენთებს, მუსიკალურ საკითხებს და ზოგადად, შემოქმედებით მხარეს თავად უზრუნველყოფს.
- როგორ აფასებს მეუღლე შენს როლებს?
- ჩემი გმირების მიმართ რადიკალური დამოკიდებულება არ ჰქონია, თორემ გამახსენდებოდა, ყველაზე მეტად ჩემი მუსიკალური გმირები მოსწონს. ახლა ფოლკლორული ჯგუფი შევქმენით „კომედი შოუში“ , რომელსაც „ფხალიაური“ ჰქვია.
- გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს იყო კონკრეტული ქართული ფოლკლორული ჯგუფის პაროდია...
- არა, ეს გახლავთ მსგავსი ჯგუფების ზოგადი პაროდია, კონკრეტულად არავის პაროდიას არ ვაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სიმღერები პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას მოსწონს.
- გარდა მუსიკალური გმირებისა, ოჯახი როგორ ხვდება, მაგალითად, შენ მიერ შესრულებულ მეძავის როლს?
- განსაკუთრებული რეაქცია არავის აქვს, მაგრამ როდესაც უფროს ადამიანებთან ერთად ვზივარ ტელევიზორთან და ისეთი სკეტჩი გადის, სადაც მეძავის როლს ვთამაშობ, ცოტა მეუხერხულება და ეკრანს თვალს ვარიდებ, ჩემი უხერხულობაა ეს, ჩემთვის არავის არაფერი უგრძნობინებია.
- „ვანოს შოუში“, გარდა ბენდის ხელმძღვანელობისა, გაქვს სხვა მოვალეობა?
- არა, გარდა ბენდის ხელმძღვანელობისა, რეპერტუარის შერჩევისა და რეპე-ტიციების დაგეგმვისა, არაფერი მეხება, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი „სამოქალაქო სექტორი“ და მიშა ცინცაძესთან ერთად მუსიკალურად მასაც ვხელმძღვანელობ.
- უკვე დიდი ხანია, ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ, ეს მოსაბეზრებელი არ არის?
- არა, თუმცა როგორც ყველა ადა“მიანს, მეც და ჩემს ჯგუფსაც გვაქვს ხოლმე შემოქმედებითი პაუზა, რის შემდეგაც ისევ ახალი ძალითა და ენერგიით ვიწყებთ მუშაობას. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გაკეთებული საქმე ყოველთვის კარგი გამოდის, ადამიანები ვართ, ხან კარ“გი იქნება, ხან შედარებით ცუდი, მთავარია, ერთ ადგილას არ გავჩერდეთ, თორემ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი.
- გახსოვს მწვავე კრიტიკა რომე“ლიმე შენი გმირის მიმართ?
- კი, ძალიან მწვავე კრიტიკა მოჰყვა გადაცემა „პოზიციის“ პაროდიას, სადაც მე ნინო შუბლაძის როლს ვთამაშობდი და სტუმრად მოწვეული მყავდა ბიძინა ივანიშვილის პაროდისტი. ამ გმირზე ისეთი ამბავი ატყდა, რომ ვერ გეტყვი, „ფეისბუქზე“ მწერდნენ და იყო დიდი გარჩევა, პოლიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ ამ ყველაფერს და შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ამ ყველაფერს მშვიდად შევხვდი, როლი იყო ასეთი და რა მექნა..
- თვითონ ნინო შუბლაძე თუ გამო“გეხმაურა, როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- არა, არ შემხმიანებია და რა რეაქცია ჰქონდა, ისიც არ ვიცი, თუმცა ბევრს მოეწონა ჩემ მიერ განსახიერებული ნინო შუბლაძე.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“