- მამაჩემი, თენგიზ ჯავახიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტია, სუხიშვილებში ცეკვავდა. მას რომ ვუყურებდი სცენაზე, მინდოდა, მასავით მეცეკვა. ვეხვეწებოდი, მეც მინდა ცეკვა, შემიყვანე-მეთქი, მაგრამ არაფრით არ ქნა. ტყუილად მუხლებს დაიგლეჯ, შეიძლება, არც დაგიფასდეს, სჯობს იმღეროო, მეუბნებოდა. მალევე
- მუსიკალური განათლება გაქვს?
- 28-ე სამუსიკო სკოლა მაქვს დამთავრებული. სულ ეს არის. სხვათა შორის, თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, სამსახიობოზე, მაგრამ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო სამართალზე უნდა ჩამებარებინა. დიპლომატი შვილი უნდოდათ. თავიდან დავთანხმდი. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვე იყო დარჩენილი, როცა გადავწყვიტე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელე-ვიდეო სარეჟისორო ფაკლუტეტზე ჩამებარებინა. მიზეზი მარტივი გახლდათ - ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრალური სტუდია ''მოდი ნახე''. ვიყავი გენერალი პაულიუსი, ჟან პოლ მარატიც ვიყავი პიტერ ვაისის პიესაში. ასე რომ, ოცნება გარკვეულწილად ავიხდინე.
- მეორე ოცნება მუსიკასთან დაკავშირებით ახლახან აგიხდა, როცა ''ორ ვარსკვლავში'' მიგიწვიეს. როგორ ჩაერთე ამ პროექტში?
- მარტივად, ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა. ჯერ კიდევ ცეკვებში მთხოვდა მონაწილეობას, მაგრამ ჩემი ცეკვა ძალიან სასაცილო იქნებოდა.
- რატომ, ბავშვობაში ხომ გინდოდა, მოცეკვავე გამხდარიყავი?
- ქართული ქორეოგრაფია სხვა არის. ''ფარიკაობას'' ან ''მთიულურს'' სხვა ჯიგარი სჭირდება. მაპატიეთ, მაგრამ არ მიყვარს ეს სამეჯლისო ცეკვები და რა გავაკეთო? სასაცილო ვიქნებოდი, ვერავის დავაცინინებდი თავს. სიმღერა სხვაა, იმიტომ კი არა, რომ მაგარი ტიპი ვარ, უბრალოდ შემიძლია.
- თუმცა პირველ ტურში ძალიან ნერვიულობდი...
- ნამდვილად. თან მე და ნინი პირველები ვიყავით. ხელები ისე მიკანკალებდა, მიკროფონი ორი ხელით მეჭირა, ერთით ვერ გავრისკე, მეგონა, გამივარდებოდა. არ მინდოდა, იმედი გამეცრუებინა პირველ რიგში ნინისთვის, ჩემი შვილებისთვის და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის. მგონი, შევძელი და რაღაც მომენტში გადავლახე ნერვიულობა. ნინიზე არ მაქვს ლაპარაკი. გენიოსია მუსიკალურად და ისედაც არაჩვეულებრივი ადამიანია, გოგო ანათებს, როცა მღერის.
- შვილები ახსენე, რა ასაკისანი არიან?
- ელენე 15 წლის არის და უკვე ტანკით დავდივარ (იღიმება).
- რატომ, თაყვანისმცემლებს უგერიებ?
- მამისთვის ცოტა რთულია... თან, მე არ ვარ ევროპული, დასავლური აზროვნების ტიპაჟი. ვარ ლიბერალი და იმავდროულად, იბერიულ-კავკასიური მენტალიტეტი მაქვს.
- შვილებს უკრძალავ რამეს?
- არა, აკრძალვით ვერაფერს გახდები. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. რაც აუკრძალავთ, საპირისპირო გამიკეთებია. მე და ელენე, პირველ რიგში, მეგობრები ვართ. ერთადერთი მოთხოვნა მაქვს. ღამის 10 საათზე შინ უნდა იყოს.
- თუ საქეიფოდ არიან მეგობრები?
- 15 წლის ბავშვები ბარში ან რესტორანში ჩემთვის ცოტა მიუღებელია, მით უმეტეს - გოგო. ამ ასაკის გოგონები პირველ რიგში განათლებაზე უნდა ზრუნავდნენ და თაყვანისმცემლებს არ უნდა ითვლიდნენ.
- სიყვარულმა რომ ასაკი არ იცის?
- არ იცის, მაგრამ მალვა ხომ უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა (იცინის).
- არ მითხრა ახლა, რომ ის უფრო გესიამოვნება, შეყვარებული ჰყავდეს და დაგიმალოს.
- არა, გავუბრაზდები, თუ არ მეტყვის. ელენეს რომ ჰკითხოთ, მკაცრია თუ არა მამა, უარყოფით პასუხს მიიღებთ. არც სანდროსთან ვარ მკაცრი, რომელიც 13 წლისაა.
- კიდევ რაში გამოიხატება შენი აზიატობა?
- კიდევ? არ მომწონს დახეული ჯინსი. ამ დროს ვგიჟდები როკმუსიკაზე. კიდევ არ მომწონს მოქეიფე ქალები, სადღეგრძელოებს განსხვავებულებით რომ სვამენ. სახლში რაც უნდათ, ის უქნიათ, მე ნუ გამაღიზიანებენ. მომწონს ქალები, რომლებიც საჭეს უსხედან, არც სიგარეტიანი ქალი მაღიზიანებს.
- გსიამოვნებს, როცა შენს საყვარელ ადამიანს შენი თანდასწრებით მამაკაცი ქათინაურს ეუბნება?
- მამაკაცსაც გააჩნია და ქათინაურსაც. თუ ვინმე ზღვარს გადავა, ეშვები ჩამომივა და მერე მტრისას. ზოგადად ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ წყობიდან გამოსვლაც ვიცი. საშინელი ვარ ამ დროს. ვისაც ჩემი გაბრაზება უნახავს, პირი ღია დარჩენია.
- რას გამოჰყავხარ წყობიდან?
- ტყუილს, ზედმეტ ეჭვიანობასა და უზრდელობას.
- თავად არ ხარ ეჭვიანი?
- ვარ. ეჭვიანობა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშია და ყველა ადამიანს გარკვეული დოზით აქვს. მთავარია, ავადმყოფობაში არ გადაგივიდეს. მაგალითად, არ უნდა უთხრა საყვარელ ადამიანს, რატომ გაიღიმეო (იღიმება).
- საყვარელი ადამიანის მობილურ ტელეფონში ''ჩამძვრალხარ''?
- კი, ვაღიარებ. ბევრი სხვა რამეც გამიკეთებია ეჭვიანობის ნიადაგზე, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიტყვი.
- ლევან, მაყურებლისა და ჟიურის ფავორიტი ხარ. მეორე ტურში განსაკუთრებით ემოციური ნომერი გქონდათ. გამარჯვების ამბიცია გაქვს?
- დიდი მადლობა ჟიურის და განსაკუთრებით მაყურებელს. ჩვენი სიმღერის მერე მართლა მთელი დარბაზი გაერთიანდა, აპლოდისმენტები მხოლოდ ერთი მხრიდან არ ისმოდა. ახლა ლათინურ ტურზე რომც გამოვვარდე, ვიტყვი, რომ ეს პროექტი ზუსტად იმ ტურისთვს ღირდა. ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით. გამარჯვების ამბიციას რაც შეეხება, წინ ისეთი ორი ტურია, როკმუსიკა და ფოლკლორი, ფინალში მინდა მოვხვდე. ფოლკლორის ტურში ჩემი ძმა მინდა გვერდით დავიყენო. ის ისე მღერის, უნდა მოისმინოთ. ამიტომ რუსას მინდა ვთხოვო, ეს იდეა განახორციელოს. ფოლკლორის ტურამდე რომ ვერ მივაღწიო, ძალიან მეწყინება.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''