ინტერვიუ ჯანეტ ქერდიყოშვილთან 2011 წელს არის ჩაწერილი.
ჯანეტი:
- 1991 წელს, პეტერბურგში დავიბადე. ბაბუაჩემი წარმოშობით
- საქართველოში როდის ჩამოხვედი?
- მამას ძალიან უნდოდა, მისი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და სასკოლო ასაკის გავხდი თუ არა, აქ ჩამოვედით. სკოლაში რომ მივედი, ქართული არ ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე. მამა ხან საქართველოში მუშაობდა, ხანაც - მოსკოვში და მთელი ოჯახი მას დავყვებოდით - ანუ ხან იქ ვცხოვრობდით, ხან აქ. ბოლო ერთი წელი რუსეთში, ქართულ სკოლაში ვისწავლე, იქვე ჩავაბარე უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები და მერე საბუთები ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გადმოვიტანე.
- ამბობდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღე...
- ეს სიცრუეა! საქართველოში პირველად 1993 წელს ჩამოვედი, მოქალაქეობა მივიღე და ქართული პასპორტიც მქონდა, 2010 წელს კი კანონმდებლობა შეიცვალა, ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად პრეზიდენტის ნებართვა გამხდარა საჭირო, მე კი ეს არ ვიცოდი; უფრო მეტიც, ვიდრე ჟურნალისტებმა ერთი ამბავი არ ატეხეს, ისიც არ ვიცოდი, რომ ჩემი ქართული პასპორტი გაუქმებული იყო. მაშინ თითქოს, ყველამ ჩემ წინააღმდეგ შეკრა პირი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მე და ია კიწმარიშვილს გვინდოდა, "მის მსოფლიოზე" საქართველოს წარმომადგენელიც წასულიყო.
- რა პროფესიას ეუფლები?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მესამე კურსზე ვარ, მოდელობა კი ჩემი ჰობია. სამომავლოდ ტელეწამყვანობას ვაპირებ. ყველა ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ მაინც არ მინდოდა, რუსეთის რომელიმე უნივერსიტეტში მესწავლა. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- კონკურსში - "მის საქართველო" მონაწილეობის სურვილი რატომ გაგიჩნდა?
- საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი. პეტერბურგში ცხოვრებისას მე და ჩემი ძმა ვმღეროდით კიდეც. ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა... 2010 წელს "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში ვმონაწილეობდი, მეორე ადგილზე გავედი და სურვილი გამიჩნდა, ბედი "მის საქართველოზეც" მეცადა. გამარჯვებას არც ველოდი. ვფიქრობდი, - ხუთეულში თუ მოვხვდები, კარგი იქნება-მეთქი.
- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც "მის საქართველო" გახდი?
- მახსოვს, როგორც კი გავიმარჯვე, ვთქვი, - დღეიდან ჩემი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება-მეთქი. ხალხისგან დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი.
- დიდ ბედნიერებასთან ერთად, შენს ოჯახს ტრაგედიაც დაატყდა თავს...
- კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...
დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ, ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა. განაგრძეთ კითხვა: