06 მარტი, 2014
''ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას არ მივესალმები''
ცოტა დიდები რომ ვყოფილიყავით, ერთმანეთს ცხოვრებას არ დავუკავშირებდით, რადგან განსხვავებული ადამიანები ვართ ახმეტელის თეატრი გვთავაზობს ახალ სპექტაკლს თამამი სახელწოდებით - ''ტრუსები''. ჩვენ ტრუსების შემგროვებელი მთავარი გმირი სოფია სებისკვერაძე პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ, სპექტაკლს ერთი ინტრიგა უკავშირდება, მასზე 16 წლამდე ასაკის მაყურებელი არ დაიშვება. ეს ეროტიკული სცენების ''დამსახურებაა'' თუ სხვა ფაქტორების, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ. ინტერვიუ კი, სპექტაკლის გარდა, ჩვენში გავრცელებულ სტერეოტიპებსაც ეხება.

- პაველ პრიაჟკოს პიესა ''ტრუსები'' ბელორუსიაში აიკრძალა და როგორც ვიცი, თავად ავტორიც
აღარ ცხოვრობს იქ. აკრძალვის მიზეზი ალბათ იყო ის, რომ პიესა მოიცავს გლობალურ და პრობლემურ თემებს, სათაური კი ძალიან სიმბოლურია. ესტონელი რეჟისორი კალევ კუდუ, რომელიც დგამს ამ პიესას ახმეტელის თეატრში, განსხვავებული ხერხით მუშაობს ჩვენთან, ეს უცხოა როგორც ქართველი მაყურებლისთვის, ასევე მსახიობებისთვის, ანუ ძირითადი დატვირთვა გადატანილი აქვს ტექსტზე, ამ სპექტაკლში ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტი, მაყურებელმა კარგად უნდა უსმინოს თითოეულ სიტყვას. როგორც რეჟისორმა თქვა, სპექტაკლის ნახვის შემდეგ ხალხს პასუხებზე მეტი კითხვა უნდა გაუჩნდეს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ადამიანმა თავისებურად აღიქვას სპექტაკლი და მთავარი გმირი ნინა, რომელსაც განსხვავებული და თავისუფალი აზროვნებისა თუ ცხოვრების წესის გამო აკრიტიკებენ, თუმცა ნინა ცუდს არაფერს სჩადის. სოფელი, სადაც ხდება მოქმედება, ძალიან ჰგავს ჩვენს რეალობას, იქ ქალები უყურებენ სერიალს, კაცები არიან დაუსაქმებლები და მთელ დღეებს საუბარსა და თამაშში ატარებენ. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ჩემს გმირს, ობოლ ნინას სოფელი ვერ უგებს და ყოველთვის განიკითხავს, მით უმეტეს, რომ ის გატაცებულია ტრუსების შეგროვებით.
რაც შეეხება ეროტიკას და იმას, რომ 18 წლამდე ახალგაზრდები სპექტაკლზე არ დაიშვებიან, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს ''ტრუსები'' ჰქვია, ეროტიკულ სცენებს მაყურებელი საერთოდ ვერ ნახავს, უბრალოდ, ტექსტში არის უცენზურო სიტყვები, რომელიც სასურველია, ბავშვებმა არ მოისმინონ.
ძალიან კონტრასტული სპექტაკლია, რომელსაც კარგად უნდა უსმინოთ. ეს პიესა ებრძვის ნებისმიერ რამეს, რაც შტამპავს ადამიანის განვითარებას და ჩარჩოებში აქცევს მის გონებას.
- ჩვენი თემა სტერეოტიპების შესახებ გარკვეულწილად ეხმიანება ''ტრუსებს'', ამიტომ გვითხარი, ქართული რეალობიდან რომელი სტერეოტიპი გაღიზიანებს?
- ზოგადად, სტერეოტიპი მაღიზიანებს, მაგრამ განსაკუთრებულად გენდერული უთანასწორობა, რაც გამოიხატება ბევრ ასპექტში, თუნდაც იმაში, რომ ქალი მაინცდამიანც სამზარეულოში უნდა იჯდეს და აკეთებდეს საჭმელს, ასევე არ მომწონს, რომ კაცების საკუთარ თავებს ქალებზე უფრო ძლიერ არსებებად მიიჩნევენ, არადა, ბევრ მართლა ძლიერ ქალს ვიცნობ. გენდერული უთანასწორობის საკითხში შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ოჯახის უფროსად მიჩნეულია კაცი და დანარჩენი წევრები მის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ, რაც ასევე მიუღებელია ჩემთვის, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი რქებით უნდა გაიტანო. ასეთ საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გამოსავლის პოვნა, დათმობა აუცილებელია ურთიერთობაში, ოღონდ ეს მხოლოდ ერთი მხარის პრეროგატივა არაა.
- სოფია, არსებობს სტერეოტიპი ქერა ქალებთან დაკავშირებით, რომ ისინი შედარებით სულელებად არიან მიჩნეულნი.
- გამიგია, ჩემზე უთქვამთ - ნამდვილი ქერააო, ეს სტერეოტიპი ჩემთვის ყველანაირად მიუღებელია. არა მგონია, თმის ფერი ადამიანის ბუნებისა და გონების განმსაზღრელი იყოს, ეს უბრალო ნათქვამია, თორემ რეალობას არ შეესაბამება. მე ბუნებრივად ქერა არ ვარ, შეღებილი მაქვს თმა, ამიტომაც ამ საკითხზე რეაქცია არ მაქვს.
- ბოლო წლებია, წამოვიდა თავისუფალი ურთიერთობების ტენდენცია, რას ფიქრობ ამაზე?
- ჩემი აზრით, საქართველოში თავისუფალი ურთიერთობების ტენდენცია ჯერ კიდევ არაა წინ წამოსული, რადგან ჯერ კიდევ იქმნება ოჯახები სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილე ბლად, რაც ძალიან ცუდია და რასაც ხშირ შემთხვევაში ოჯახების ნგრევა მოჰყვება. ქალებში დევს ის კოდი, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ ერთი ადამიანის ერთგულები უნდა იყვნენ, მაგრამ კაცებს ეს უჭირთ, მით უმეტეს, პატარა ასაკში. 19 წლის ბიჭი რომ ცოლს მოიყვანს, ის მთელი ცხოვრება შეძლებს ერთგულებას? ალბათ ვერა, რადგან კაცებში ეს საკითხი ცოტა სხვაგვარადაა, ამიტომაც, უმჯობესია, ოჯახები 30 წლის ასაკში, ან უფრო გვიან, გააზრებულად შეიქმნას.
- შენც ხომ პატარამ შექმენი ოჯახი, დანგრევის მიზეზი ასაკი იყო?
- ალბათ, პატარები ვიყავით და ვერ გავაცნობიერეთ ბევრი რამ, ცოტა დიდები რომ ვყოფილიყავით, ერთმანეთს ცხოვრებას არ დავუკავშირებდით, რადგან განსხვავებული ადამიანები ვართ.
- რა რეაქცია ექნება სოფიას, როგორც დედას, თავისი შვილის თავისუფალი სექსუალური ცხოვრების თაობაზე?
- ნაადრევად სქესობრივი ცხოვრების დაწყებას ნამდვილად არ მივესალმები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდება, მის ცხოვრებაში არ ჩავერევი. რასაკვირველია, გავუზიარებ გამოცდილებას, დავინტერესდები მისი ცხოვრებით, მივცემ რჩევებს, მაგრამ ჩარევით ნამდვილად არ ჩავერევი, მგონია, რომ სხვის პირად ურთიერთობაში ჩარევა, თუ ამას თავად არ გთხოვს, დიდი უზრდელობაა.
- რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან დამოკიდებულებას, ზოგს აგრესია უჩნდება მათ მიმართ, შენ როგორ ხარ?
- გადასარევი დამოკიდებულება მაქვს, არანაირი აგრესია არ გამაჩნია, თუ თავად არ გაუჩნდებათ ასეთი დამოკიდებულება, მე არაფერს ვერჩი მათ. თუმცა, იმასაც არ ვამბობ, რომ თუ ადამიანი გეი ან ვარდისფერია, ყველაფერი ეპატიება, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ, მე უარყოფითად ნუ შემეხება და მისი პირადი ურთიერთობები და სექსუალური ცხოვრება მე არ მეხება. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც არ არის ნატურალი, მაგრამ ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ნიჭიერები არიან. ვისურვებდი, საქართველოში მსგავსი საკითხები აღარ განიხილებოდეს, ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა უზრდელობაა, ყველამ უნდა იცხოვროს ისე, რომ არც საკუთარ თავს ავნოს და არც სხვას, ამას თუ მივაღწევთ, ძალიან კარგი იქნება.
- დასასრულ, გაიხსენე ტრადიცია, რომელიც მოგწონს.
- დასავლეთ საქართველოში იყო კულტურა იმისა, რომ სტუმარს ყოველთვის კარგად, ღიმილით უნდა შეხვედროდნენ, სიმოვნებდათ თუ არა მისი იმ დროს მისვლა. უმჯობესია, ქართველმა ეს ''სტუმართმოყვარეობა'' ხასიათში გადაიტანოს და ხშირად, ოღონდ გულით გაიღიმოს, არ არის სავალდებულო, რომ კარის გაღების შემდეგ გავხდეთ პოზიტიურები, შეიძლება ისედაც ქუჩაში, მაღაზიაში გავიღიმოთ და დადებითი ენერგია გავცეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ მომწონს ეს პოზიტივი ამ ტრადიციიდან და ვისურვებდი, რომ ყოველდღიურობაში გადმოგვეტანა. ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, რომ ქართველები ცუდები, უჯიშოები ვართ, ერთმანეთის გვშურს და ა.შ. თითქოს მოდური გახდა ქართველების ლანძღვა, რაც, მართალი გითხრათ, მაღიზიანებს. რადიკალიზმი ძალიან ცუდია. სწორი ნათქვამია, ''არასოდეს თქვა არასოდეს'', რადგან ხვალ რომ გაიღვიძებ, არ იცი, როგორი შეხედულება გექნება ამა თუ იმ საკითხზე, რას მოიმოქმედებ და ა.შ. არ ვართ ჩვენ არც ძალიან კარგები და არც ძალიან ცუდები, თუმცა შეგვიძლია, ვიყოთ ძალიან კარგები, რადგან ამის მონაცემები გვაქვს. თუ ვართ ნაგავში, იმის ძახილს, რომ ვლპებით და სუნი აგვდის, სჯობს, რაღაც მოვიმოქმედოთ, ამოვიდეთ ამ ნაგვიდან და ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თეონა
ამ ბოლო დღეებში ძვლივს არ წავიკითხე ნორმალური ინტერვიუ ახალგაზრდა და ცნობილ ადამიანთან?ნეტა სოფოს რატო არ ეზიზღება ყველაფერი ქართული და არ ლაპარაკობს როგორი სექსი აქვს?ადამიანი შეგნებული უნდა იყო,თორე განათლება არაფერს გიშველის,როგორც ეს თინიკო მახარაძეს და მისნაირებს გონიათ
00:17 / 09-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარა
სოფო ულამაზესი ხარ, არავის არ გავხარ და ძალიან მიყვარხარ
03:05 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ეხ
დიდი სიამოვნებით...... ჩემო სოფო
15:50 / 06-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS