28 თებერვალი, 2014
ვისზე აეჭვიანებდა თეა ადეიშვილი ქმარს
ნიტას ჯერ ბავშვებსა და ქმართან ერთად ვერ ''ვხედავ''. მინდა, ისეთ სამსახურში მუშაობდეს, სადაც 10 საათზე მივა და მაქსიმუმ 7-ზე მორჩება თეა ადეიშვილის ქალიშვილი ნიტა არდიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. დედა-შვილს შორის სხვაობა 17 წელია. მიუხედავად იმისა, რომ თეა ბუნებით კონსერვატორია და ნიტას ამა თუ იმ საკითხზე მისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ მაინც ბევრი საერთო ინტერესი გააჩნიათ. მათთან ურთიერთობისას პირველივე წუთებიდან თვალში საცემია დედა-შვილს შორის არსებული დიდი სიყვარული...

- ნიტა, დედის მსგავსად ჟურნალისტობაზე
არ გიფიქრია?
- არა. თეას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. შინ თითქმის არ არის. მხოლოდ ორშაბათსა და სამშაბათს ისვენებს. ეს რთული პროფესიაა. ვაფასებ და ძალიან მომწონს, რომ აქტიური ჟურნალისტია, მაგრამ თავად ამ პროფესიის არჩევაზე არასოდეს მიფიქრია. თან, კარგად უნდა წერდე, მე კი ეს არ შემიძლია.
თეა:
- მე კი ვფიქრობ, რომ ნიტა კარგად წერს. საერთოდ, მას აქვს ეს თვისება, საკუთარი თავის ფასი არ იცის, აქვს არაობიექტური პრეტენზია თავის გარეგნობასთან დაკავშირებითაც. ისეთ რაღაცებს იტყვის ხოლმე, გაოცებული ვრჩები, ეს ალბათ ცუდია, თუმცა მომწონს, რომ ის არ არის ამპარტავანი.
- ნიტა ძალიან ლამაზია, მაგრამ ასეთი თვითშეფასება ასაკობრივია...
- პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ ალბათ უფრო თინეიჯერობის ასაკში გიჩნდება და შემდეგ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან. წესით, ახლა ნიტას ნელ-ნელა უნდა შეეცვალოს შეხედულებები და ვაკვირდები.
- თქვენც გქონდათ ამგვარი თვითკრიტიკა?
- მე დღემდე თვითკრიტიკული ვარ და არ მინდა, ნიტა ამაში დამემსგავსოს. არც მე მომწონს ჩემი თავი (იღიმის).
ნიტა:
- დე, რატომ ამბობ ასეთ რაღაცებს?
თეა:
- აი, მეც ასევე მემართება, როცა ნიტა ამავეს ამბობს თავის თავზე. მგონია, რომ ჩემნაირი შვილი არავის ჰყავს და ამ დროს ის ლანძღავს ჩემ მიერ შექმნილ არსებას (იღიმის).
- ნიტა, დედას ''კურიერი პ.ს''-სათვის მომზადებული სიუჟეტებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს? მასთან ერთად საზღვარგარეთ მივლინებებში თუ ყოფილხარ?
- ახლა უცებ ამომიტივტივდა გონებაში სიუჟეტი მონაკოდან, საერთოდ, გადაცემას თუ ვერ ვნახავ, მერე გადავახვევ და ისე ვუყურებ. მასთან ერთად მივლინებაში არ დავდივარ, მაგრამ ისე ბევრჯერ გვიმოგზაურია ერთად.
- საერთო ინტერესები ჩამოთვალეთ...
- ალბათ, ძალიან ბევრი. მოდაც კი, მომწონს თეას რჩევები... არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს თბილისში არაფერი მიყიდია და აქ საშოპინგოდ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა თეა მივლინებაში მიდის, ყოველთვის ჩამოაქვს ჩემთვის საჩუქრები და ჩვენი გემოვნება ერთმანეთისას ყოველთვის ემთხვევა.
თეა:
- ნიტასთვის ცოტა დიდ სამოსს ვყიდულობ, რომ შემდეგ ის მეც ჩავიცვა. თავადაც ასეა, ის ცოტა ხანს ოქსფორდში სწავლობდა და რაც იყიდა, ყველაფერი დიდი იყო, რომ მეც გამომეყენებინა. ეს ყველაზე პრიმიტიულია, რაც ვთქვით, თორემ ბევრი საერთო გვაქვს. მოგვწონს ერთნაირი მუსიკა, ლიტერატურა, ადამიანები, ერთნაირი გემოვნება გვაქვს ბიჭების შეფასების დროსაც (იღიმის).
ნიტა:
- არა, არ მოგვწონს ერთნაირი ბიჭები. თეას გამოწკეპილი ბიჭები მოსწონს, მე კი ისეთები, შედარებით თავისუფლად რომ აცვიათ. ზოგჯერ მეც მომწონს გამოწკეპილები, მაგრამ ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ადამიანი ყოველდღიურად ბანკის თანამშრომლის ''ვიდზე'' იყოს.
თეა:
- ამ ეტაპზე ორივე ირაკლი ჩარკვიანის ტალღაზე ვართ. ხან როკს ვუსმენთ, ხან - ჯაზს. მუსიკაში ნიტას გემოვნებას ძალიან ვენდობი. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსულ პაპსასაც კი მასმენინებს, ვთქვათ ''მუმი ტროლს''. ზემფირას არ მივიჩნევთ პაპსად, მისი აქტიური მსმენელები ვართ. ახლა მანქანაში ახალი დისკი მინდა და ნიტას ვთხოვე, ჩამიწეროს, ვენდობი... რაც შეეხება კინოს, ნიტას ვეკითხები ხოლმე, რა ფილმს ვუყურო. ის კარგად იცნობს თანამედროვე ჰოლივუდის პროდუქციას. თუმცა გული მწყდება, რომ ნიტას არ აქვს ნანახი ძველი კლასიკა, ანუ ის, რაზეც მე გავიზარდე და რაზეც დგას კინემატოგრაფი. ვთქვათ, ჩაპლინი. თომას მანის ''სიკვდილი ვენეციაში'' წაიკითხა, მაგრამ შეიძლება, ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი აღარ ნახოს, არადა, ეს ფილმი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მეტ-ნაკლებად იცნობს ქართულ კინოსაც. ამას წინათ ვთხოვდი, ენახა ''დემეტრე თავდადებული''. მე ძალიან მიყვარს ეს გმირი კინოში. ოთარ იოსელიანის რეტროსპექტივა მინდა ვნახოთ ერთად.…
- ნიტა, დედას მეგობრებთან თუ მეგობრობ?
- დიახ. ხშირად მირეკავენ და ერთად მივდივართ სადმე. ზაფხულში თეას მეგობრებთან ერთად ბათუმში დავისვენე და კარგად გავერთე. დიდი ხანია, ასეთი ზაფხული არ მქონია.
თეა:
- მე მარტო დავისვენე. საერთოდ, დასასვენებლად მარტო არასოდეს ვყოფილვარ და შარშან საირმეში ჩავედი, სადაც გარემონტებული საბჭოთა კავშირი დამხვდა (იღიმის). იქ ჯერ მე, ჩემი მეუღლე და ნიტა ჩავედით, მაგრამ ისინი სამ დღეში წამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ჩემზე 14 წლით უფროსია, ძალიან ახალგაზრდულია. მან ვერაფრით ვერ გაუძლო საირმის რეჟიმს. ათი დღით ვიყავით წასული და აქედან ერთი კვირა მარტო დავისვენე. დავდიოდი ფეხით, დიეტურ საჭმელებს ვჭამდი, ვსვამდი წყალს, ვსტუმრობდი მასაჟებზე მასაჟისტ გელას. მერე ჩემს ქმარს ვურეკავდი და ვაეჭვიანებდი, გელა ისეთ კარგ მასაჟებს მიკეთებს-მეთქი (იღიმის). ერთი სული მაქვს, როდის მოვა აგვისტო, რომ წელსაც საირმეში წავიდე. პანსიონატში ნომრები უკვე დაჯავშნილი მაქვს. თუ ნიტა და ჩემი მეუღლე არ წამომყვებიან, მარტო წავალ.
- ნიტა, შენი და დედას თაობიდან, რა არის ის განსხვავება, რომელიც ყველაზე მეტად გხვდება თვალში?
- არ ვიცი, ახლა მიჭირს პასუხის გაცემა... ალბათ, დედა სხვაგვარად ფიქრობს ბევრ თემაზე, 17 წელი მაინც არ არის ცოტა დრო.
თეა:
- ნიტა ამბობს, შენ დროს ყალბი რომანტიკა იყოო. მე პირიქით მგონია, თუმცა ყალბი ხარ თუ ნამდვილი, ეს ინდივიდუალურია და დრო არაფერ შუაშია. ტექნიკური პროგრესი მაინც თავისას შვრება და გცვლის ადამიანს. ჩემს ბავშვობაში იყო ხაზის ტელეფონი. არ არსებობდა სოციალური ქსელები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ადამიანის ნახვის გარეშე შეუძლებელი იყო. ნიტას თაობა არ უწოდებს იმას სიყვარულს, რასაც ჩვენ. როცა ადამიანს ვერ ხედავ ერთი კვირა, ან ერთი თვე, ვერ ხვდებიან, ასე როგორ უნდა გაძლო.
ნიტა:
- მაშინ არ იყო ამის საშუალება და ახლა არის, სხვა დროა. ან ის ჩამოვა შენთან, ან შენც რაღაცას მოახერხებ და ერთმანეთს ნახავთ (იღიმის).
თეა:
- მეც მაგას ვამბობ. უბრალოდ, ჩვენ სხვა თმენითი ვალდებულებები და ღირებულებები გვქონდა. სხვა რამეს ითხოვდა ჩვენგან საზოგადოებაც და უფრო მეტად დამოკიდებული ვიყავით ხალხის აზრზე. ხანდახან გვქონდა იძულებითი მიჯაჭვულობა წიგნთან, ტელევიზორთან, პერიოდიკასთან. ახლა მე ძალიან დიდი ხანია, გაზეთი არ მიყიდია და ყველაფერს ინტერნეტში ვეცნობი. ვიცი, რომ წიგნის წაკითხვაც თუ მომინდება, შემიძლია, ინტერნეტში წავიკითხო. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. წიგნს სხვა დატვირთვა აქვს, ფურცლები მაინც თავის ინტიმს ქმნის, მაგრამ ინტერნეტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია დღევანდელი სამყარო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნიტას დროს ყველაფერი ხელშესახები გახდა, ჩვენ დროს სამყარო უფრო დიდი იყო, ჩემი შვილის პერიოდში კი დედამიწა დაპატარავდა.
- საზოგადოების აზრს უწინ უფრო მეტ ანგარიშს უწევდნენ, დღეს ეს ნაკლებად ხდება. თქვენ ეს იმ დროიდან მაინც გამოყოლილი გაქვთ და ფიქრობთ, ''რას იტყვის ხალხი''?!
- ეს იმ საზოგადოების დამსახურებაცაა, სადაც ცხოვრობ. მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. პატარა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ადამიანები ცხოვრობენ ერთმანეთის, უფრო სწორად, სხვისი ცხოვრებით. ეს აქაც ასეა, მაგრამ თბილისი იმდენად ეკლექტური ქალაქია, რომ სხვა უბანში თავს უფლებას აძლევ, უხეშად რომ ვთქვათ, რაღაცები იმაიმუნო. ქუთაისში მხოლოდ ''ერთი'' უბანია და ამიტომ ჩემი ცხოვრება ''მიბმული'' იყო სხვისი აზრის გათვალისწინებაზე. როცა მომიტაცეს, XI კლასში ვიყავი და შინ იმიტომ არ დავბრუნდი, რომ ვფიქრობდი, ხალხი რას იტყოდა. არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ცუდია, მაგრამ ვიცოდი, ამას რა მოჰყვებოდა. შეიძლებოდა, ხალხის აზრსა და ჭორაობას თვითმკვლელობამდე მივეყვანე. ამას არც ვნანობ, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ქორწინებიდან ნიტა მყავს (იღიმის).
ნიტა:
- მე სხვაგვარად ვფიქრობ. იმავე დროში რომ მეცხოვრა, მე მაინც წამოვიდოდი. ასეთ რამეებს ვერ ვეგუები და იმდენად მაღიზიანებს, რომ საოცარი პროტესტის განცდა მიჩნდება.
- რამდენად გახსნილი ხარ დედასთან პირად საკითხებზე?
- შეკითხვებს რომ მისვამს, ყველაზე ვპასუხობ. ჩვენ შორის დამალული არაფერია. უბრალოდ, თავად არ მიყვარს პირად საკითხებზე ლაპარაკი, არც მეგობრებთან. თუ რამეს მკითხავენ, ვუპასუხებ, მაგრამ საკუთარი ინიციატივით არაფერს ვყვები.
- როგორ წამოგიდგენია შენი მომავალი ხუთი, ათი წლის შემდეგ, რა გეგმები გაქვს?
- ძალიან რთული კითხვაა, საერთოდ, აქ ცხოვრება არ მინდა. ბოლო ერთი თვეა, ამაზე ვფიქრობ და ეს არ მითქვამს შენთვის (თეას მიმართავს, - ავტ).
თეა:
- ახალი ამბავი ყოფილა (იღიმის).
ნიტა:
- მინდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლა სხვა ქვეყანაში გავაგრძელო. მსურს, საქართველოში შობა-ახალ წელს ჩამოვიდე. შენც მოახერხებ და ივლი ჩვენთან.
- მეუღლე უცხოელი უნდა იყოს?
- არა.
თეა:
- ანუ ნიტას თავისი ქართველი ქმარი მიჰყავს და მიდის. საახალწლოდ რომ მე, პირიქით, საქართველოდან გასვლა მინდა?! მაშინ შენ აღდგომას ჩამოდი ხოლმე (იცინის).
- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ შვილის მომავალი?
თეა:

- ნიტას ჯერ ბავშვებსა და ქმართან ერთად ვერ ''ვხედავ''. მინდა, ისეთ სამსახურში მუშაობდეს, სადაც 10 საათზე მივა და მაქსიმუმ 7-ზე მორჩება. არ მინდა, ჩემსავით დღე და ღამე არეულმა იმუშაოს, მინდა, ნორმალური ცხოვრებისთვისაც დარჩეს დრო და ჩემსავით მოჯაჯულმა არ იაროს. დღეს რომ ვუყურებ ახალი თაობის ჟურნალისტებს, რომლებიც ქუსლებზე დადიან, სულ მიკვირს. მე ამას ვერ ვახერხებ. ჰოდა, ამიტომ მსურს, ნიტას ''ქუსლებიანი სამსახური'' ჰქონდეს, სადმე სერიოზულ კომპანიაში მუშაობდეს, ან ადამიანთა უფლებათა დაცვის კუთხით მოხსენებები წეროს, ხან სტრასბურგში წავიდეს და ხან ბრიუსელში. მინდა, ბევრი იმოგზაუროს, მაგრამ ყოველთვის თბილისში დაბრუნდეს, ჩემთან. ასე ''ვხედავ'' ხუთი წლის მერე, აი, ათი წლის შემდეგ ქმარ-შვილი უკვე შეიძლება (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გაბოროტებულ Nანას-
ნანა რამ გაგაბოროტა? მშვენიერი ქალია, გემრიელი და ჭკვიანი, მაგის ნაცისტობა სად დაინახე? უბრალოდ გშურს, კომენტარშიც გეტუობა :))) ოჰ, რა ხართ ეს ქალებიიი!
15:20 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გაბოროტებულ Nანას-
თეა ადეიშვილს პირადად ვიცნობ და არც გასიებულია არც ნაცისტი, ახლა კი თქვენ გისმენთ, რომელი სიუჟეტიდან დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?
15:14 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
Nანა-ს
ნუ იქნებით ასეთი ბოღMიანი და ღვარძლიანი! იქნებ მერე მაინც მიაღწიოთ რამეს! რასაც გავცემთ ის Gვიბრუნდება უკან! კეთილგანწყობას გისურვებთ და ღიმილს :)
13:44 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
Nანა
გასიებული დედაკაცი, თეა.რას ეღირსა რაა.ნაცისტი და ნაგავი.
10:54 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS